თაფლის მოყვარულ ადამიანებს უკვე აქვთ საშუალება თაფლისა და წყლისგან დამზადებული ნატურალური პროდუქტების კაფე-მაღაზია “ზზიპის” ეწვიონ, რომლის ინტერიერის დიზაინზეც  დიმიტრი შაფაქიძემ და ირაკლი აბაშიძემ, ანუ  არქიტექტურის ლაბორატორია #3-მა იმუშავა. ეს კაფე-მაღაზია, რომელიც ფხოვის 2 ნომერში მდებარეობს,  გარდა იმისა, რომ მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის თაფლით გაუმასპინძლდება, ვიზუალურადაც გამოირჩევა - 60 კვადრატული მეტრის სივრცეში სტუმრებს საკმაოდ დიდი, მზის მსგავსი, წრიული ობიექტი დახვდებათ, რომელზეც სხვადასხვა სახეობის თაფლი პატარა ქილებით იქნება განთავსებული.



როგორც კაფე-მაღაზიის დიზაინის თანაავტორი დიმიტრი შაფაქიძე ამბობს, ამ პროექტზე მუშაობა არქიტექტურის ლაბორატორია #3-სათვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, ვინაიდან ეს პირველი კაფე-მაღაზიაა  კომპანია ზზიპისთვის. მათ უნდა შეექმნათ გარემო, რომლითაც მკაფიოდ შეძლებდნენ ბრენდის მთავარი ღირებულებების - ბუნებასთან სიახლოვისა და თაფლის, როგორც სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტის მნიშვნელობის რეპრეზენტაციას. არქიტექტორებმა სწორედ ამ მიზნით აირჩიეს დიდი, ყვითელი, წრიული ფორმის სტრუქტურა, რომელიც პატარა სივრცეში შესულ სტუმრებზე ვიზუალურ შთაბეჭდილებას მოახდენდა.


„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა კომპანია „ზზიპის” არქიტექტურის ლაბორატორია #3-სათვის დიდი ნდობის გამოცხადებისა და მაქსიმალური თავისუფლების მონიჭებისათვის. ვინაიდან ეს  კომპანიის მიერ გახსნილი პირველი კაფე-მაღაზიაა, საჭირო იყო მომხმარებლებისათვის  პროდუქტის გამორჩეულ და მეტყველ გარემოში  შეთავაზება და სწორედ ამის გამო ჩვენი არქიტექტურული ამოცანა  ისეთი ობიექტის შექმნა გახდა, რომელიც სტუმარს მდიდარი ფაქტურითა და ფერის  შეეგებებოდა.


რადგან სივრცე საკმაოდ პატარაა, გადავწყვიტეთ, რომ  მნახველისათვის მთლიანად გაგვექრო პატარა ოთახის შთაბეჭდილება - სარკეებით მოპირკეთებული ზედაპირებით ოთახის მკაფიო საზღვრები წავშალეთ და შიგნით ჩავდგით ისეთი  ობიექტი, რომელიც უცხოა და მნახველში პატარა სივრცეში ყოფნით გამოწვეულ განცდას აქრობს. ინტერიერში ნათელი ობიექტის დამატება აქტიურ და მრავალგვარ ასოციაციას ბადებს, კარგად წარმოაჩენს თაფლის, როგორც სასარგებლო პროდუქტის მნიშვნელობას“.  - ამბობს დიმიტრი.


არქიტექტურის ლაბორატორია #3-ის დიზაინით შექმნილი მზის მსგავსი ელემენტით იქმნება ერთგვარი მუზეუმის ეფექტი, ვინაიდან ობიექტზე განთავსებული სხვადასხვა სახეობის თაფლის პატარა ქილების გასწვრივ მნახველი მცირე ზომის ეკრანებსა და ტექსტებსაც შეხვდება. არქიტექტორებისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კაფე-მაღაზიის სტუმარს ფოკუსი ობიექტზე მოთავსებულ ერთ კონკრეტულ პატარა ქილაზე ისე გადაეტანა, რომ მას ერთიანობაში აღქმის  შთაბეჭდილება გამოეწვია.


არქიტექტურის ლაბორატორია #3-ისა და კომპანია “ზზიპის” მიზანი წარმატებით განხორციელდა: საინტერესო და უცხო დიზაინის მქონე სივრცეში დღის განმავლობაში შეჭრილი სინათლე სარკეებით მოპირკეთებულ ზედაპირზე ირეკლება - როგორც ღია, ასევე მუქი ფერის თაფლით სავსე, განათებული პატარა ქილები ერთად ქარვის ტონალობებს ქმნის, რის შედეგადაც კაფე-მაღაზიის ატმოსფერო ნათელი, მშვიდი და ჰარმონიულია, მისი სტუმრის გონება კი წრის სტრუქტურის მქონე, სხვადასხვა სახეობის თაფლით სავსე მზის მსგავს ობიექტზეა კონცენტირებული.

 

ფოტო: nakanimamasakhlisi