„ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს. ადამიანებთან ურთიერთობისას შეიძლება ბოლომდე გახსნილი არ ვიყო, თუმცა ნამუშევრებთან ყოველთვის ნამდვილი და გულწრფელი ვარ“, - ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი გიორგი კონტრიძე, რომლის ნამუშევრებიც მრავალფეროვანი სტილით და ექსპერიმენტული ხასიათით გამოირჩევა. მხატვრისთვის შთაგონების წყაროს წარსული მოგონებები და ხელოვნების სხვადასხვა ქვეჟანრი წარმოადგენს. მისთვის მნიშვნელოვანია ხატვის პროცესით სიამოვნების მიღება და სამომავლო სურვილებიც ამ უკანასკნელის გახანგრძლივებას უკავშირდება.




გიორგი, რამ გადაგაწყვეტინა, რომ საკუთარი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა?

 

პატარაობიდან ვხატავდი,  ორი წლიდან. 12 წლისას მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი. ნელ-ნელა დავიწყე სხვადასხვა სახის ექსპერიმენტი, რასაც ახლაც არ ვწყვეტ.  ბავშვობაში მინდოდა, რომ რეალისტური ნამუშევრები შემექმნა, თუმცა შემდგომში სხვა სახის ინტერესები გამიჩნდა. დავრჩი ისევ სახვით ხელოვნებაში, თუმცა ერთ კონკრეტულ სტილში არ ვქმნი  ნამუშევრებს.




შენი ნამუშევრები ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არის თუ არა კონკრეტული სტილი თუ თემა, რომელზე მუშაობისასაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ.

 

ჩემი ნამუშევრები იმიტომაა სტილურად განსხვავებული, რომ მუდმივად სხვადასხვა რამის მცდელობაში ვარ. ყოველ ჩემს ნამუშევარს შემიძლია ექსპერიმენტი ვუწოდო, ამიტომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუ ნამშევრებში რაღაც საერთო აღმოჩნდა, გამოდის, რომ ამ კონკრეტულ მოცემულობაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მაგალითად, ერთნაირი წარწერები შეიძლება ჰქონდეს ორ ნამუშევარს, თუმცა, ეს, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ექსპერიმენტების სიმრავლე ჩემს შემოქმედებაში იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ სტილს ვეძებ. ჩემი სურვილია უფრო და უფრო ვისიამოვნო ხატვის პროცესით. 




რა გიყვარს ყველაზე მეტად შენს საქმიანობაში?

 

ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ხატვის პროცესი მიყვარს. ადამიანებთან ურთიერთობისას შეიძლება გახსნილი არ ვიყო, თუმცა ნამუშევრებთან ყოველთვის ნამდვილი და გულწრფელი ვარ.


 

გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვს შენს შემოქმედებაში და რა ემოცია გაკავშირებს მასთან.

 

კონკრეტულად ერთ ნამუშევარს ვერ გამოვარჩევ. ცხადია, ზოგიერთ ნამუშევართან უფრო მძაფრი ემოცია მაკავშირებს, თუმცა დროის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ნამუშევრებია ჩემთვის განსაკუთრებული.

 


რა არის  შენი შთაგონების წყარო ნამუშევრების შექმნისას?

 

ხან რა, ხან რა - მაგალითად, მუსიკა და მუსიკოსები, კინო და მსახიობები, ხან თვითონ ნამუშევრები და არტისტები. ნებისმიერმა რამემ ან ვინმემ შეიძლება მოახდინოს ჩემზე შთაბეჭდილება და ნამუშევრის შექმნა მომანდომოს. ეს შეიძლება იყოს წარსულის მოგონება, რაც დამამახსოვრდა, ან,  რასაც  მუშაობის პროცესის დაწყების წინ  ვგრძნობ,  ზოგჯერ შეიძლება, ხასიათის გამო გადავწყვიტო ხატვა და არა კონკრეტული გავლენის მიხედვით.

Jim Morrison მომწონს, Daft Punk და Pink Floyd-ც. ხშირად გამხდარა  მათი მუსიკა ჩემი შთაგონების წყარო. მხატვრებიდან - Jean-Michel Basquiat და Philip Guston შემოქმედება.




არსებობს თუ არა კონკრეტული მესიჯი, რომლის გადმოცემაც საკუთარი ნამუშევრებით გსურს?

 

არა. შეიძლება ისეთ ხასიათზე ვიყო, რომ ნამუშევარს ჰქონდეს კონკრეტული გზავნილი, თუმცა ეს ჩემი თვითმიზანი  არ არის.  მირჩევნია ის ვაკეთო, რაც მინდა და მნახველის ფანტაზიას და წარმოდგენის უნარს მივანდო დანარჩენი.




როგორია  მუშაობის პროცესი პანდემიის პირობებში,   იყო  თუ არა გასული ერთი წელი  რთული  შენთვის, როგორც  შემოქმედისათვის?

 

არა, პირიქით, ძალიან კარგი იყო. დიდი დრო მქონდა, თანაც კომფორტულად ვიყავი. ხატვის დაწყება თუ მომინდებოდა, იქვე მქონდა ყველაფერი, არ მიწევდა ამისთვის უნივერსიტეტის სახელოსნოში წასვლა. პროდუქტიულიც იყო ეს დრო - ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე. უნივერსიტეტში ღამღამობით ვერ ვრჩებოდი ხოლმე. სახლში კი ამ დროსაც შემეძლო მუშაობა. მე, მაგალითად, ხშირად მქონია ასეთი მომენტი, რომ ღამით ჩავსულვარ და  დამიხატავს. ყველაზე ხშრად ამ დროს ვხატავ ხოლმე.




მიამბე შენი ბოლოდროინდელი გამოფენის შესახებ. რა ნამუშევრები გქონდა წარმოდგენილი, რა პრინციპით შეარჩიე ისინი?

 

ნამუშევრებს თემატურად  თითქმის არაფერი აქვს  საერთო. ზოგიერთი წარსულის მოგონებას უკავშირდება, პიროვნებებს, ზოგიერთი კი აწმყოსა და ჩემს გრძნობებს გამოხატავს. საერთო ისაა, რომ გასული წლის განმავლობაში ვქმნიდი ამ ნამუშევრებს და ყოველი მათგანი ზეთის საღებავებითაა შესრულებული ქაღალდზე და შპალერზე.




როგორია ფერებთან შენი დამოკიდებულება, კონკრეტული დატვირთვა აქვს  თუ...

 

კონკრეტულ დატვირთვას არ ვანიჭებ, თუმცა ამ ბოლო დროს ცისფერს ვიყენებ ხშირად. ადრე ყვითელზეც ასე ვიყავი და შესაძლოა შეიცვალოს კიდეც. არ ვარ ჩამოყალიბებული. ცისფერი ჭარბობს ამჟამად ჩემს ნამუშევრებში.



მომიყევი, როგორია შენი სამომავლო გეგმები, რა მიზნები და სურვილები გაქვს.

 

ასე კონკრეტული მიზანი ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ მუდამ მსიამოვნებდეს ხატვის პროცესი. თუ ასე არ იქნება, სხვა დანარჩენს აღარ ექნება მნიშვნელობა.