რა არის ხელოვანის დანიშნულება? როგორ იყენებს იგი ხელოვნებას საკუთარი თავის, ყოველდღიური ცხოვრების, საზოგადოების განცდის, ისტორიული წარსულიდან შემორჩენილი თავისებურებების გამოსახატავად?




გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ნამუშევრებით გამორჩეული ხელოვანი ბრიუს ნაუმანი ხელოვნების მრავალ განხრაში ატარებს ექსპერიმენტებს. ხშირად მისი ქანდაკებები, ინსტალაციები, სურათები, ვიდეოები და ნეონის გიგანტური წარწერები შეიძლება, უცნაური შესახედავი იყოს მაყურებლისთვის. ნამდვილად, როდესაც One Hundred Live and Die-ს, ნაუმანის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ნამუშევარს, ვუყურებთ, გვიჭირს მისი კონცეფციის ერთიანად აღქმა. მაყურებლის ეს გაურკვევლობა შესაძლოა, ლეგიტიმურიცაა, როცა მის თვალწინ უზარმაზარი კედელია ოთხ სვეტად ჩამოწერილი ასი წინადადებით, რომლებიც ფერადი ნეონის შუქითაა გაფორმებული. სათაური ამ ნიმუშის პირდაპირი აღწერილობაა, შესაბამისად თითქოს ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის მის შესახებ, თუმცა მისი რამდენიმე ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. მაგალითად, Tate Gallery-ის აღწერით: “ეს ნამუშევარი ასახავს ახალი ამბების ჰედლაინებს, რომლებშიც ცალკეული ინდივიდები სტატისტიკად არიან ქცეული და მათი რიცხვი ასეულამდეა დამრგვალებული”. აქედან გამომდინარე, ნაუმანი სოციუმში ინდივიდუალიზმის დაკარგვას ეხმაურება.




24 წლის ასაკში, ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრებისთანავე, ნაუმანი საცხოვრებლად სან-ფრანცისიკოში გადავიდა. იქ ყოფნისას მას ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, როდესაც ის თავის, როგორც ხელოვანის, დანიშნულებას ეძებდა. სწორედ მაშინ  აღმოაჩინა, რომ ყველაფერს, რასაც კი ყოველდღიურობაში აკეთებდა, ხელოვნების ნიმუშად ქცევის პოტენციალი ჰქონდა. მან გადაწყვიტა, თავისი ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებისა და ნებისმიერი სხეულებრივი განცდისგან შეექმნა ხელოვნება. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსი მხატვრობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, მის გარეშეც საკმაოდ მრავალ სფეროში გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები. 





“ნიუ-იორკ თაიმსი” წერს: “როდესაც ბრიუს ნაუმანის გონება შეგიტყუებს, იქიდან ვეღარ გამოაღწევ”. ნაუმანმა დიდი დრო დაუთმო იმის გარკვევას, თუ რა არის ხელოვნება, რას მოიცავს იგი და როგორ შეიძლება  საკუთარი თავი  ნამუშევრების მეშვეობით გამოხატო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცალსახა პასუხამდე არ მისულა, მან  ძალისხმევა არ დაიშურა,  რათა თავის ნამუშევრებში  მკაფიოდ გადმოეცა ყოველდღიურობის  აღქმა და  განცდები.




იმის გამო, რომ ნაუმანის ხელოვნება ერთი კონკრეტული განხრით არ შემოიფარგლება მასზე ხშირად წერენ, რომ “მისი დამახასიათებელი ხელწერა (ის, რაც ყველა წარმატებულ არტისტს უნდა ჰქონდეს), სწორედ ამ ხელწერის ნაკლებობაა”. 





ნაუმანზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ მისი პრინტები, რომლებზეც, ერთი შეხედვით, უბრალო და კომიკური ნაწერებია გამოსახული. როდესაც მან
ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში ჩააბარა, ნაუმანმა მხოლოდ კალიგრაფიის კურსი გაიარა. ეს გახდა მომავალში მისი წაწერილი ნამუშევრების საფუძველი. აშკარაა, რომ მას ესმოდა ის ასოციაცია, რაც  ემოციისა და ტექსტის შრიფტის კავშირზეა დაფუძნებული. 





ნაუმანის პირველი ნეონის ნამუშევარი 1965 წელს შეიქმნა. მთავარი, რაზეც ის ნეონზე მუშაობისას ყურადღებას ამახვილებს, სწორედ ტექსტია. მისი გამორჩეული ნამუშევარია True Artist, რომელიც ერთი გრძელი წინადადებით “ნამდვილი არტისტის” მნიშვნელობას ხსნის. ეს ინტერპრეტაცია შესაძლოა ირონიულადაც მივიჩნიოთ, ვინაიდან სწორედ ამ შეკითხვას - რა არის ნამდვილი ხელოვნება - ნაუმანი ამდენი ხანია ცდილობს პასუხი გასცეს. True Artist არის სპირალის ფორმის ნეონური წარწერა, რომელიც ამბობს: The True Artist Helps the World by Revealing Mystic Truths (“ნამდვილი ხელოვანი სამყაროს იმით ეხმარება, რომ იდუმალ ჭეშმარიტებას ამხელს”). მის პრინტებზე ხანდახან თითქოს აბსურდული შინაარსის წარწერებია, როგორც, მაგალითად, I Learned Helplessness from Rats (“უმწეობა ვირთხებისგან ვისწავლე”). 





ნაუმანის ინსტალაციებიდან ძალიან საინტერესოა მისი 1984 წლის ნამუშევარი - White Anger, Red Danger, Yellow Peril, Black Death. ჭერზე კიდია უზარმაზარი რკინის არმატურა, რომელზეც სამი სხვადასხვაფრის სკამია მიმაგრებული, მეოთხე, თეთრი სკამი კი ცალკე კიდია მისგან ოდნავ მოშორებით. ამ უნიკალური ნამუშევრის განსხვავებული ინტერპრეტაციაც არსებობს. MoMa-ს აღწერით, ფერები გამოხატავს მღელვარებასა და საზარელ შემთხვევებს, რომლებიც 80-იან წლებში დატრიალდა. “ეს ყველაფერი გამოიწვია ეპიდემიამ და ანტიკომუნისტურმა პარანოიამ… მთლიანი ნამუშევარი კი ძალადობის ხანგრძლივი ისტორიის შემახსენებელია… თუ სკამები ნამდვილად დაზარალებული და დანაწევრებული ხალხის მეტაფორაა, ინსტალაცია გვიჩვენებს ადამიანების ცხოვრებასა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას”.




როგორც ხედავთ, ნაუმანის მრავალფეროვანი ნამუშევრები შესაძლოა, ნებისმიერ თემატიკას ერგებოდეს. თუ მისი მიზანი ხელოვნების დანიშნულების გაგება იყო, რაღაც მხრივ, მან ეს მოახერხა. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისმა ინტერპრეტაციამ (“ნამდვილი ხელოვანი სამყაროს იმით ეხმარება, რომ იდუმალ ჭეშმარიტებას ამხელს”), გამოავლინა მისივე, როგორც ხელოვანის, როლი მე-20 საუკუნის ავანგარდული არტისტებისა და საზოგადოების სამყაროში. 



ფოტო:

1. artsy.net