ცოტა ხნის წინ, საქართველოს დროით 21:00 საათზე, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, Dalood-ის 2021-22 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. უახლესი კოლექცია მეორე ტალღის ფემინიზმს ეხმაურება: ბრენდის კრეატიული დირექტორი მაკა კვიციანი ვარდისფერს არა როგორც პატარა გოგონებისთვის განკუთვნილ ფერს, არამედ სიძლიერისა და ფემინურობის სიმბოლოდ იყენებს. იგი გვერდს უვლის ტრადიციულ, მეინსტრიმულ კულტურაში დამკვიდრებულ ტრენდს სექსუალურობის შესახებ და მის ნაცვლად, მოდის მოყვარულ ქალებს უმანკოებასა და ბავშვურობაზე კონცენტრირებულ სამოსს სთავაზობს. ბუფებიანი სახელო, მაღალწელიანი ქამარი, 80-იანებით შთაგონებული პიჯაკი, მონოქრომული, ნათელი ფერის ტაფტის მიდიკაბები… ყველა ეს დეტალი ქალებს ათავისუფლებს საზოგადოების მიერ დაწესებული მოლოდინისგან, რომლიც ხან სექსუალობას ეხება, ხან კი - ფემინურობას. კოლექცია ქალებს უბიძგებს, რომ აღმოაჩინონ საკუთარ თავში შინაგანი ბავშვი. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია ისიც, რომ Dalood საკუთარ ესთეტიკას არ ღალატობს - ზრდასრული, მკაცრი, მასკულინური ფორმები კაბებში განსაკუთრებით შეიმჩნევა, რაზეც განიერი მხრები, წვრილი წელი და შერეული ქსოვილებით შექმნილი პიჯაკები მეტყველებს.
დაწერე კომენტარი