Boadas Cocktails (1933)
მისამართი: C/Tallers, 1.
Boadas Cocktails ერთ-ერთი ყველაზე ძველი “coctelería” ბარსელონაში. მეპატრონის შთაგონების წყარო კუბაში მდებარე მისი ძმის ასეთივე დაწესებულება გახდა. იმ დროს, როდესაც Boadas Cocktails გაიხსნა, ბარსელონაში ასეთი ტიპის დაწესებულება არ არსებობდა. ინტერიერში მაღალი სკამები და ამერიკული სტილის ბარი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქალაქისთვის. თავდაპირველად ადგილობრივებს ეგონათ, რომ ბარი ძალიან განსხვავებული იყო საიმისოდ, რომ დიდხანს შეენარჩუნებინა პოპულარობა, მაგრამ მალევე Boadas Cocktails ხშირი სტუმრები გახდნენ პაბლო პიკასო, ილუსტრატორი რიკარდ ოპისო (Ricard Opisso) და სხვა ცნობილი ადამიანები.
დღეს ბარი განსაკუთრებულია პროფესიონალი ბარმენებით და მაღალი ხარისხის კოქტეილებით.
თუ აქ 15 სექტემბერს აღმოჩნდებით, ამ დღეს ბარი დამაარსებლის ქალიშვილის, მარია დოლორესის დაბადების დღეს დიდი წვეულებით აღნიშნავს.
Bar Marsella
ბარსელონას ისტორიული ბარებიდან Bar Marsella ყველაზე სახელგანთქმულია. ის 1820 წლიდან ფუნქციონირებს. ეს ბარი იმითაა ცნობილი, რომ იქ ერნესტ ჰემინგუეი აბსენტს სვამდა. აბსენტი ის სასმელია, რომლითაც ბარი დღესაც სახელგანთქმულია. მას აქ შაქრით, ჩანგლით და პატარა მინერალური წყლის გარნირით მოგართმევენ. შაქარი ჩანგალით უნდა აიღოთ, ჭიქაზე დადოთ და შემდეგ მინერალური წყალი დაასხათ. როდესაც ის აბსენტს შეერევა, სასმელი გაყვითლდება. ჰემინგუეის გარდა ბარის ხშირი სტუმრები იყვნენ გაუდი, პიკასო და დალი.
ლუდის ბარი: Fàbrica Moritz Barcelona
მისამართი: Ronda Sant Antoni, 41.
Moritz Beer ბარსელონაში 1956 წელს დაარსდა. Fàbrica Moritz Barcelona აერთიანებს მიკროლუდსახარშსს, ბარს და სამზარეულოს.
საკულტო ბარი: Dry Martini
Dry Martini ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარია არა მარტო ბარსელონაში, არამედ მსოფლიოში. როგორც სახელწოდება მიგვითითებს, ეს ბარი გამორჩეულია მარტინით. ბარმენი ბარის შუაგულში, ამაღლებულ პიედესტალზე დგას და ამზადებს მარტინის კოქტეილებს. აქვე ელექტროგამოსახულებაზე ჩანს რიცხვი, რომელიც მარტინის შეკვეთის რაოდენობას ასახავს. ათვლა ბარის გახსნიდან დაიწყო, ამიტომ ზუსტად გეცოდინებათ, მერამდენეა თქვენი შეკვეთილი კოქტეილი.
ნიშური ბარი: Old Fashioned – Gin Tonic & Cocktail Bar
ბარი საკმაოდ პატარა და რთულად შესამჩნევია. აქ მხოლოდ 30 ადამიანის ადგილია. ბარის მენიუში მათი განსაკუთრებული კოქტეილის 15 და Gin and tonic-ის 30 ვარიანტია.
საზღვაო ბარი: Caribbean Club
ბარი 1974 წელს გაიხსნა მათთვის, ვისაც რომის დალევა სურდა. ბარსელონა ცნობილია მისი საზღვაო კულტურით და ეს ბარიც სწორედ ამ კულტურის ნაწილია. ბარის ინტერიერიც საზღვაო თემას აგრძელებს. ბარის მფლობელია ლეგენდარული ბარმენი Juanjo Gonzalez Rubiera. აქ შესაძლოა ცნობილი სახეებიც ნახოთ.
თანამედროვე ბარი: Marmalade
ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბარია ბარსელონაში. მიუხედავად დიდი ტერიტორიისა, ბარი ოთხი სივრცითაა დაყოფილი და ინარჩუნებს სიმყუდროვის შეგრძნებას. ბარი ახლოსაა ცენტრალურ ქუჩა la rambla-სთან და საინტერესო მენიუს გვთავაზობს.
დაწერე კომენტარი