“ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა”, High Tide და GAMMA - ნამუშევრების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ხელოვანმა ნიკოლოზ კაპანაძემ თავის შემოქმედებაში გააერთიანა. პროფესიით ინჟინერმა გერმანიაში მიღებული ტექნოლოგიური ცოდნა სახელოვნებო პრაქტიკას დაუკავშირა და ელექტრული ინჟინერიით დაწყებული კარიერა მომდევნო წლებში ციფრული მედიის მიმართულებით გააგრძელა. ამჟამად ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ მედიუმებში განხორციელებული სახელოვნებო პროექტების პარალელურად, ნიკოლოზი უეკრანო კომპიუტერის პროექტზე მუშაობს, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია გერმანიაში სწავლის პერიოდში აქტიურად იკვლევს.
თავდაპირველად ელექტრულ ინჟინერიას სწავლობდი, რა მოგცა ამ გამოცდილებამ მაშინ და როგორ გამოგადგა დღეს იმ საქმეში, რასაც აკეთებ?
18 წლის ვიყავი გერმანიაში რომ წავედი, თავიდან მეგონა, რომ უფრო პრაქტიკული იქნებოდა სწავლის პროცესი, მაგალითად, მასწავლიდნენ იმას, თუ როგორ ავაწყო რობოტები და ა.შ. თუმცა ამის ნაცვლად თეორიული პროგრამა დამხვდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ იმ ცოდნას და უნარებს, რასაც ახლა პრაქტიკაში ვიყენებ, უმეტესწილად მაინც ჩემით მივაგენი. თუმცა ელექტრული ინჟინერიის სწავლამ რეალურად ძალიან დიდი თეორიული ბაზა მომცა, რამაც მერე ბევრ ჩემთვის საინტერესო საკითხში გარკვევა ძალიან გამიადვილა. მათემატიკასაც ვსწავლობდი, ფიზიკასაც და პროგრამირებასაც, გარკვეულწილად ამანაც განაპირობა ციფრული მედიის ის მიმართულება, რაზეც ახლა ვმუშაობ.
გახსოვს პირველი ნამუშევარი?
კი მახსოვს, ბავშვობიდანვე სულ ვხატავდი და დედის პროფესიიდან გამომდინარე ოჯახშიც ხელოვნება ყოველთვის წახალისებული იყო, თუმცა პირველი ნამუშევარი, რომელიც მონახაზშივე ნამუშევარი უნდა ყოფილიყო, ბრემენის ხელოვნების უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველ კურსზე გავაკეთე, Suddenly I sea ერქვა, მინდოდა ხელშესახებ მედიუმში მემუშავა, ამიტომაც მასალად ხე და ძაფები ავირჩიე, თითქოს საქსოვ დაზგას ჰგავს და ზღვის სიმულატორს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში ყოფნა დიდად არ მიყვარს და მირჩევნია შორიდან ვუყურო, მაინც ისე გამოვიდა, რომ რამდენიმე ნამუშევარი სწორედ ამ თემის გარშემო ტრიალებს.
მათ შორის ტელევიზორის ეკრანზე გაშვებული High Tide…
ჰო, ესეც ზღვის სიმულატორი იყო, ოღონდ ამჯერად თამაშის მედიუმში შეფუთული. ტელევიზორში იმიტომ იყო გაშვებული, რომ ზღვაზე ყოფნის განცდა და ზღვის მოგონებები ჩემთვის ნოსტალგიასთან ასოცირდება. ძველი ტელევიზორი ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს, თან ნათლად ხედავ, მაგრამ თან გამოსახულება ზუსტად ვერ გამოხატავს იმ რეალურ მოგონებას. უყურებ, თითქოს ყოველ ჯერზე ახალია, მაგრამ რეალურად ერთსა და იმავეს იმეორებს...
მომიყევი შემოქმედებითი პროცესის შესახებ, სანამ კონკრეტული იდეის განხორციელებას დაიწყებ?
მიუხედავად იმისა, რომ საერთო ციფრული ხაზი ყველაფერს გასდევს, სხვადასხვა მედიუმს სხვადასხვანაირი მოსამზადებელი პროცესი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ინჟინერია ვისწავლე და ხელოვნებაში შემდეგ შემოვიპარე, ჩემთვის ყველაფერი ტექნიკური ელემენტების მოფიქრებით და ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე ფიქრით იწყება, ხშირ შემთხვევაში ნამუშევრის ფორმასაც სწორედ ეს მკარნახობს.
რომელ მედიუმში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
ორი ასეთი დივაისია – Raspberry Pi და Arduino - ორივე პატარა კომპიუტერია, რომელიც საშუალებას გაძლევს გააკეთო რაღაც ისეთი ნივთი ან თუნდაც ინსტალაცია, რომელსაც გარემოსთან ინტერაქცია შეუძლია. შეგიძლია ნებისმიერ ნივთს სენსორები მიუერთო და ისეთი ელექტრონული მოწყობილობა შექმნა, რომელიც კონკრეტული ამოცანის შესრულებაში დაგეხმარება.
ბოტანიკურ ბაღში განხორციელებულ პროექტშიც – „ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა“ – ამ მედიუმში იმუშავე?
აქაც Arduino გამოვიყენე რომელზე დაერთებული სენსორებიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხს აანალიზებდა.ჩვენს ქალაქში სავალალო ეკოლოგიური მდგომარეობაა. უბრალოდ იმის თქმა, რომ ჰაერი დაბინძურებულია, არ მინდოდა, რა თქმა უნდა, ბევრნაირად შეიძლება ამის გამოხატვა და საჭიროა, რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ მინდოდა, რომ ამ შემთხვევაში იდეის საფუძველი რეალური მონაცემები ყოფილიყო. მე და კურატორი ნინა პატარიძე ვმუშაობდით ამ პროექტზე და გადავწყვიტეთ, სენსორები ისეთ ადგილებში დაგვეყენებინა, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. საინტერესო იყო ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია ბუნების წიაღში გაგვეტანა, გაგვიმართლა, რომ ბოტანიკურ ბაღს მოეწონა ჩვენი იდეა და მოგვცა უფლება, რომ ინსტალაცია თავის ერთ-ერთ სათბურში დაგვეყენებინა. ნამუშევარი თავდაპირველად ალმოდებული ხე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე განაშენიანების და ბეტონის განსახიერება გამოვიდა, რომელიც გაანალიზებული მონაცემების მიხედვით კვამლს თავისივე შუაგულიდან უშვებდა.
რა გაძლევს ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?
არ ვიცი, ამ ფორმულირებით არასდროს მიფიქრია, თუმცა ალბათ მაინც გარემოზე დაკვირვება. მცდელობა იმისა, რომ შეეცადო და ლოგიკურად ახსნა მაგალითად, რატომ ხდება რაიმე მოვლენა, თან სულ ვცდილობ მეცნიერული სიახლეების საქმის კურსში ვიყო, ფიზიკის სამყაროც შთაგონების დიდი წყაროა, მაინტერესებს ტექნოლოგიები და პირადი მონაცემების გარშემო მიმდინარე პროცესები, ასევე სოციალური მედია... მაგრამ ზოგადად, ეს ყველაფერი ალბათ მაინც იმ გარემოში ერთიანდება, რომელშიც ყოფნა და არსებობა მიწევს.
არის რაიმე იდეა, რომელსაც მუდმივად აკვირდები ან იკვლევ?
ალბათ უფრო სამუშაო მიმართულება, რომლის გარშემოც ვცდილობ სიახლეები ვიკვლიო. მაგალითად, ჩვენ დღეს კომპიუტერებს როგორი ფორმითაც ვიცნობთ, მეტწილად 50 წლის წინანდელი საოფისე მუშაკების ჩვევებით და ცხოვრების სტილით არის ნაკარნახები, თუნდაც კომპიუტერის დესკტოპი – 50-იანი წლების ოფისის მეტაფორაა. მე მგონია, რომ დღეს აღარ არის აუცილებელი ყველა კომპიუტერს ჰქონდეს ეკრანი, ახლა ვცდილობ გავაკეთო კონსოლი, რომელსაც შეგიძლია ხმოვანი ფორმით მისცე ბრძანება, რაღაც ასპექტში ხმოვანი ასისტენტები გვაძლევენ ამის გაკეთების საშუალებას, მაგრამ ეს დავალებები ძალიანაა დაკონკრეტებული. ამ შემთხვევაში დავალება შეიძლება იყოს უფრო რთულიც, ზოგადიც და რაც მთავარია შენს გარემოზე მორგებული.
დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ მულტიმედია პროექტ GAMMA-ში მონაწილეობდი, მომიყევი, რა ფორმით იყო შენი მხარე წარმოდგენილი?
GAMMA – მე, მარიამ საშამ და დიმიტრი შუბითიძემ გავაკეთეთ, დიმიტრი ხმოვან ნაწილზე მუშაობდა, მარიამი გრაფიკულ გადაწყვეტასა და ანიმაციის დიზაინზე, მე უფრო ტექნიკურ ნაწილზე და პროექციის მეპინგზე. თუმცა იდეაზე სამივე ერთობლივად ვმუშაობდით, კიდევ ბევრი ადამიანი იყო ჩართული და თიბისის გუნდიც გვეხმარებოდა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის კაკაბაძის შემოქმედების ეს მხარე, განსაკუთრებით ბიომორფული აბსტრაქციების სერია, რომელსაც მე მაგალითად, მანამდე არ ვიცნობდი, ძალიან კარგია, თუ ამ პროექტის საშუალებით ჩემსავით კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიგო მის შესახებ.
დავით კაკაბაძის სიტყვებია თავისი პარიზის კატალოგიდან: ძველი ხელოვნების შესწავლის მიზანი უნდა იყოს, სხვათა შორის, მისი ნამდვილ ღირებულებასთან მიახლოება. ამ შემთხვევაში ეს სასარგებლოა ახალი ხელოვნებისთვის. მხოლოდ ამის შესაძლებლობა იქმნება მაშინ, როდესაც ისტორიული საკითხები გაშუქებულია იმ წყაროების მიხედვით, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება იძლევა... შენ როგორ ხედავ ამ საკითხს, რა მოაქვს ხელოვნებისთვის თანამედროვე მეცნიერებას, ეს არის მხოლოდ ახალი ფორმები თუ ფორმები, რომლებიც შინაარსს ახალ მნიშვნელობას სძენს?
გარდა იმისა, რომ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში წინსვლა თავისთავად ახალ ფორმებს ქმნის, ადამიანებს შორის ახალი კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ადამიანისა და მისი გარემოს მიმართ ახლებური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაშიც დიდ როლს თამაშობს. დღევანდელი სამყარო ტექნოლოგიების გარეშე ალბათ უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია, ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ხომ ისაა, რომ ადეკვატური პასუხი გავცეთ ჩვენს ყოფას და ზოგადად გარემოს, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს. თუ ეს გარემო მეტად და მეტად ტექნოლოგიურია, შეუძლებელია ამ ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე პასუხები გავცეთ იმ კითხვებს, რომლებიც გარემოს მიმართ გვიჩნდება, სწორედ ამაში ეხმარება ხელოვნებას მეცნიერება, ეხმარება, რომ თანამედროვეობა არ დაკარგოს და მუდმივად აქტუალური დარჩეს.
როგორ აფასებ დღეს თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესს, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელშიც შენ ხარ, არის რაიმე წინააღმდეგობა, რასაც ლოკალურ სივრცეში ხშირად აწყდები?
არ ვიცი რამდენად კვალიფიციური ვარ იმისთვის რომ ამაზე გიპასუხო, ალბათ პირველ რიგში ჯერ ინჟინერი ვარ და შემდეგ ხელოვანი. ჩემთვის საინტერესო ნამუშევრები მაინც დიდწილად ახალ მედიუმებშია შესრულებული, თუმცა ჩვენს სახელოვნებო სივრცეში ხშირად არ გვაქვს მათი ხილვის საშუალება. კარგი იქნებოდა მეტ ხელოვანს რომ აეთვისებინა ახალი ტექნოლოგიები - და პირიქით. დასანანია რომ ციფრულ ხელოვნებას მხოლოდ ეკრანებზე და დაბეჭდილს - ორ განზომილებაში ვხედავთ.
ნამუშევარი, რომელმაც შენზე, როგორც ხელოვანზე დიდი გავლენა იქონია...
გერმანელი ვიდოარტისტი ჰიტო შტაიერლი, თუმცა არა იმდენად მისმა ნამუშევრებმა, რამდენადაც მისმა კრიტიკამ და ესეისტიკამ. კიდევ კარსტენ ნიკოლაი, იგივე ალვა ნოტო, რომლის ლაზერებით და სარკეებით წარმოდგენილი ერთი ნამუშევარი ცოცხლად ვნახე და ძალიან შთამბეჭდავი იყო. კიდევ ერთი გამოფენა იყო კარლსრუეს ხელოვნებისა და მედიის ცენტრში, რომელიც პირად მონაცემებსა და ინტერნეტ უსაფრთხოებას ეხებოდა, ამ გამოფენამ ახლებურად დამანახვა, როგორ შეიძლება თვითონ ტექნოლოგიურ მედიუმში საუბარი მიდიოდეს იმავე ტექნოლოგიაზე, რომელშიც ეს ნამუშევარია შექმნილი. ჩემი შემოქმედებითი პროცესისთვის, მგონია, რომ იქ მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სამომავლო გეგმები...
რამდენიმე დღეში ბერლინში ვბრუნდები, უნივერსიტეტში შემდეგი სემესტრი იწყება და მინდა, მთელი დრო სამაგისტრო ნაშრომს დავუთმო. ზოგადად არ მინდა, რომ აკადემიურ სამყაროს ჩამოვშორდე, შეიძლება პაუზა ავიღო, მაგრამ მსურს, რომ მაინც გავაგრძელო. შეიძლება ხმამაღალი განაცხადია და წლების მერე ამ ინტერვიუს რომ დავხედავ, მივხვდე, რომ სულ სხვანაირად წარიმართა ჩემი ცხოვრება, მაგრამ მინდა, რომ დოქტორი გავხდე. უფრო ხელშესახებ სამომავლო გეგმას რაც შეეხება, უეკრანო კომპიუტერის მიმართულებით ვიმუშავებ, კონკრეტულად ყურსასმენებზე, რომელიც კომპიუტერია ოღონდ მხოლოდ ყურებისთვის, ეკრანების გარეშე.
დაწერე კომენტარი