როგორც თვითონ ამბობს, მთელი ბავშვობა სკოლის რვეულების ბოლო ფურცლებზე ფილმებში ნანახ ნიკიტას მსგავს აგენტ ქალებს ხატავდა, წლების შემდეგ დამწყები დიზაინერის სტატუსით Benext-ის კონკურსზე წარდგენილი მისი პირველი საკონკურსო კოლექციაც “მატრიცას” ინსპირაციით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ 19 წლის სტუდენტი იყო, საქართველოში ერთ-ერთმა წარმატებულმა მოდის სახლმა საკუთარი კოლექციაც ანდო. ამის შემდეგ სულ რამდენიმე წელი გავიდა, მან კი შეძლო და ისიც მოახერხა, რომ მის ასაკს, რომლის გამოც ზოგჯერ არასერიოზულად უყურებდნენ, დღეს სულ სხვა კონტექსტში, აი ასე მოიხსენიებენ: ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და უკვე Dazed-ის 100 ხელოვანს შორის მოხვდა...
ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერ აკა ფროდიაშვილთან, რომელმაც LGBTQ თემისადმი მიძღვნილი თავისი კოლექცია, სულ ცოტა ხნის წინ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინა.
აკა, როგორ აღმოჩნდი მოდაში, პირველად საიდან გაგიჩნდა ამ სფეროსადმი ინტერესი?
ბავშვობიდან ფილმებს რომ ვუყურებდი, ძალიან მომწონდა აგენტი ქალები იარაღით, მილა იოვოვიჩი იყო ჩემი ბავშვობის კუმირი, მათემატიკის რვეული იქნებოდა თუ ქართულის, ბოლო გვერდზე სულ მას ვხატავდი ხოლმე. თან ფოტოგრაფია მაინტერესებდა, თავიდან სამოყვარულო ფოტოაპარატით დავიწყე გადაღება, მე თვითონვე ვკერავდი კოსტიუმებს, ვიგონებდი ისტორიებს, მეგობრებს ვაცმევდი და ისე ვუღებდი. შემდეგ ნელ-ნელა თბილისის მოდის კვირეულზე აღმოვჩნდი. წლები ვმუშაობდი ჯიჯი რეჯინთან ასისტენტად, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მასთან მუშაობის დროს - მაკიაჟით დაწყებული, სტილის შერჩევით დამთავრებული ყველაფერს ვაკვირდებოდი. უამრავი გადაღება მქონია ცხოვრებაში და ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ თბილისის ყველა სტილმა ჩემ თვალწინ გაიარა. ამ დროს სულ ვძვრებოდი ხოლმე ტანსაცმელში, თან ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობდი, ჩემი ლექტორი ახლა ჩემი კონსტრუქტორია, რომელიც მაშინ ტანსაცმლის მოდელირებას მასწავლიდა, ასე ნელ-ნელა ბევრი რამ ვისწავლე და შეიძლება ითქვას, ჩემი თავი შევქმენი.
გახსოვს პირველი კოლექცია?
კი, პირველი კოლექცია Benext-ისთვის იყო. „მატრიცას“ ინსპირაციით 6 ლუქი წარმოვადგინე, რადგან ტანსაცმელი საკონკურსო იყო, ვცდილობდი ფორმებსა და თარგში ბევრი რამ მეჩვენებინა. დღეს აბსოლუტურად სხვა რამეს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, საკონკურსო ტანსაცმელი ყოველთვის განსხვავდება საკუთარი სამომავლო ხაზისგან, იქ უფრო ტექნიკური პროცესი და აზროვნება აინტერესებდათ. პირველად ლიკა რიგვავა გადავიღე, რომელსაც დღემდე ვიღებ, ძალიან მიყვარს მასთან მუშაობა. შემდეგ უკრაინის მოდის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონკურსი ტარდებოდა, იქაც რამდენიმელუქიანი კოლექცია წარვადგინე, სხვათა შორის ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც მაშინ ნამდვილად არ ველოდი. მერე უკვე გადავწყვიტე ჩემი კოლექცია გამეკეთებინა - ძალიან რთული იყო, მაგრამ მაინც შევძელი.
რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?
ასაკი... ჩვენი საზოგადოება ძალიან მკაცრია, არავინ არაფერს გპატიობს, ძალიან რთული იყო, როცა მესმოდა: „20 წლისაა“... ამან ისე დამაკომპლექსა, რაც უნდა გამეკეთებინა - კარგი თუ ცუდი - მნიშვნელობა არ ჰქონდა, აქცენტი მხოლოდ ასაკზე კეთდებოდა და ამის გამო ძალიან ბევრჯერ არასერიოზული დამოკიდებულების მსხვერპლიც ვიყავი. მაგრამ, საბედნიეროდ, იყვნენ ჩემს ცხოვრებაში ძვირფასი ადამიანები, რომლებსაც არასდროს გაუმახვილებიათ ჩემს ასაკზე ყურადღება. მაგალითად, ჯერ კიდევ თითქმის ბავშვი ვიყავი, როდესაც „მატერიაში“ მივედი, 19 წლისას კოლექცია მანდეს, და ამის გამო დღემდე ძალიან მადლობელი ვარ მათი.
დროთა განმავლობაში შეიცვალა ალბათ ეს დამოკიდებულება...
რა თქმა უნდა, შეიცვალა, თუნდაც იმიტომ რომ Dazed-ის 100 ხელოვანს შორის მოვხვდი, ერთ სეზონზე 6-ჯერ აღმოვჩნდი Dazed-ზე, ასევე Vogue-ში, სადაც სტატიები იწერებოდა და ინტერვიუებს იღებდნენ. მერე იყო პატარ-პატარა წარმატებები, ბოლო პერიოდში ლედი გაგამაც მოირგო ჩემი კოსტიუმი, ამ ყველაფერს თვალს ვერ აარიდებ. გარდა იმისა, რომ ამ საქმეში ოფლი და სისხლი მართლა ერთდროულად ვღვარე და დღემდეც ვღვრი, მგონია, რომ მაინც გამიმართლა, დღეს ვხედავ ხოლმე ახალგაზრდებს, აკადემიას ამთავრებენ, ნიჭიერები არიან, მაგრამ იმათაც ის საბაზისო პრობლემები აქვთ, რაც დასაწყისში მე მქონდა. ასეთ ადამიანებს ძალიან უჭირთ ცხოვრების გაგრძელება, ძალიან ბევრჯერ შეიძლება დასცინონ, არ მიიღონ, ან ყველაფერი მათი ერთი წარუმატებლობით განსაზღვრონ. მგონია, რომ არასწორია, ძალიან მკაცრები ვართ, არაფერს არ ვპატიობთ ერთმანეთს, არადა ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ...
შენ რომელმა შეცდომამ გასწავლა ყველაზე მეტი?
უნივერსიტეტში ჩაბარებამ. ვმუშაობდი იმისთვის, რომ სწავლის ფული გადამეხადა და რეალურად ლექციებზე ვერ დავდიოდი. ამან ძალიან გამირთულა ცხოვრება, ბევრი პრობლემა შემექმნა, მათ შორის ფინანსურიც, მშობლები ვერ მეხმარებოდნენ და საკუთარი თავის გატანა მე თვითონ მიწევდა. დღემდე სტრესულად განვიცდი, თუმცა მეორე მხრივ, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მათ შორის ლექტორები, რომლებმაც ბევრი რამ მომცეს. დღეს რომ კოლექციაში ამდენ ფერს ვიყენებ, ეგ სითამამე სწორედ ჩემი ფერწერის ლექტორის დამსახურებაა, მანამდე სულ შებოჭილი ვიყავი, ვყოყმანობდი – გავბედო თუ არ გავბედო? რა არ უნდა გაბედო?! ყველაფერიც უნდა გაბედო! მაგრამ ხშირად პარალელებს ვავლებ ხოლმე... მაგალითად, მოდაში ერთი სეზონი რომ გამოტოვო, მაშინვე იწყებენ საუბარს, რომ იდეები გამოგელია, სუსტი ხარ, ვერ შეძელი... არადა ზოგჯერ იმდენი პრობლემა იჩენს თავს... შენ კი რობოტი არ ხარ, რომ ყველაფერს ერთდროულად გაუმკლავდე. ასე იყო უნივერსიტეტშიც... ზოგადად, სოციუმი ძალიან მნიშვნელოვანია, თან მაშინ რაიონში ვცხოვრობდი და იქ სულ სხვა აზროვნება ჰქონდათ, სხვანაირად უყურებდნენ ყველაფერს, არ არის მარტივი ასაკოვან მშობლებს ან ბებიებს რაღაც-რაღაცები აუხსნა… მართალია, მე ისე წავიყვანე ცხოვრება, როგორც მინდოდა, მაგრამ ძალიან რთულია და ამ ყველაფერს დიდი ძალაც სჭირდება. არც მახსოვს, რამდენი წლიდან ვმუშაობ - ხან მიმტანი ვიყავი, ხან თეფშებს ვრეცხავდი, მართლა არაფერს ვთაკილობდი, და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს განვლილ გზას რომ ვუყურებ, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ეგ რესურსი არ აქვთ, ჩვენ ხომ ერთნაირი ლიმიტებით არ ვცხოვრობთ, ვიღაცებს უფრო მეტი შეუძლიათ, ვიღაცებს - ნაკლები...
დღეს რა არის შენი შთაგონების მთავარი წყარო?
ოცდაოთხი საათი მუსიკას ვუსმენ. სამწუხაროდ, მოგზაურობას ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ სულ ვმუშაობ. მუსიკა და ურთიერთობები... ურთიერთობები ჩემთვის ყველაზე წმინდაა, ძალიან ვუფრთხილდები. მყავს რამდენიმე მეგობარი, ისეთი ბრილიანტები არიან, მთელ ცხოვრებას მიბრჭყვიალებენ. ერთმანეთის გაზრდას ვუყურებთ და სულ ვეხმარებით ერთმანეთს, ასეთ რამეს რომ ხედავ, გულგრილი ვერ იქნები, რამდენადაც ბევრს იღებ, იმდენად მეტად გინდება გაცემაც, იმიტომ რომ ამდენს მხოლოდ შენ ვერ დაიტევ.
წეღან Dazed ახსენე, რას ნიშნავს Dazed-ის 100 ხელოვანს შორის მოხვედრა, როგორი ადამიანები ხვდებიან იქ?
მეკითხებოდნენ ხოლმე - ნახე რეიტინგში რომელ ადგილზე ხარ? - იმ სიაში იყვნენ ადამიანები, სამ-ოთხ დღეში ნობელის პრემიას რომ მიიღებენ. მე ისე მრცხვენოდა... მართლა ასეა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. აქტივისტები, რომლებსაც არ ეშინიათ, რომ თამამად თქვან სათქმელი და ამით გზა გაუკვალონ ბევრ მიმდევარს, ვინც მათ სფეროში მოღვაწეობს, არ აქვს მნიშვნელობა პორნოვარსკვლავობა იქნება ეს, დიზაინი, ქანდაკება, მწერლობა თუ ჟურნალისტიკა. ეს ფაქტობრივად მომავალია, მათი გავლენის ქვეშ ბევრი ადამიანი ექცევა. არ ვიცი, ვიმსახურებდი თუ არა იმ სიაში ყოფნას, მაგრამ არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემთვის მართლა არაფერი არ დამიტოვებია, აბსოლუტურად ყველაფერი გავეცი, იმისთვის რომ ჩემი სათქმელით ძალიან ბევრი ადამიანის და მათ შორის ჩემი უფლებებიც დამეცვა. სულ მეკითხებიან ხოლმე სტუდენტები, როგორ გააკეთე, როგორ მოახერხე და ვეუბნები, ჩემზე ოთხჯერ დიდები ხართ და გააკეთეთ, უბრალოდ ბევრი დახარჯეთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ფორმის შარვალი გაქვს, არ არსებობს კაბა, მასზე ათასჯერ საოცარი რომ არ შექმნილა. Dazed-ში იმიტომ არ ხვდები, რომ კარგი დიზაინერი ხარ, ან ასეთი და ასეთი კაბა გაქვს, იქ ტანსაცმლის ხარისხსა და ფორმაზე კი არ არიან ორიენტირებული, აინტერესებთ შენი აზროვნება, სითამამე და სათქმელი. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, რას აკეთებ, რატომ აკეთებ და ვისთვის აკეთებ. თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაქვს და თან ხმამაღლა თქმაც არ შეგიძლია, მაშინ უკვე პატარა სივრცეში რჩები, რომელმაც შეიძლება ძალიან მალე დაგახრჩოს.
დაახასიათე როგორია ადამიანი, რომელიც აკა ფროდიაშვილის ტანსაცმელს ატარებს...
ყურს მჭრის ხოლმე ასეთი ეპითეტები, მაგრამ ნამდვილად გაბედული, თავდაჯერებული და ინტელექტუალი. ადამიანი, რომელიც თავის უფლებებს იცავს და ყველას მიმღებია. მინდა, რომ მას ჩემი კაბა წვეულებაზე არ ეცვას, რომ გაიღვიძებს, მაშინ გადაიცვას და სახლში ასე იაროს, იმ კაბაში მოწიოს სიგარეტი, ასე ეცხოვრებოდეს... განსახილველიც კი არ არის, რომ ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს. ეს ისეთი მნიშვნელოვანია… ამ აზრის არდაფიქსირება ნიშნავს, რომ შენ ჩემთვის გამორთული მანქანა ხარ… ამნაირს არ ეკუთვნის ჩემი სამოსი. ძალიან მიხარია, რომ ორმა ასეთმა ვარსკვლავმა - ლეიდი გაგამ და არკამ - უკვე მოირგეს ჩემი ტანსაცმელი. არკა ძალიან მნიშვნელოვანი არტისტია ჩემთვის, ლედი გაგაც ყოველთვის იცავდა ლგბტ უფლებებს, გამოდიოდა და პირდაპირ ელაპარაკებოდა პრეზიდენტს, ასეთ მასშტაბებზე გასვლა ადრეულ ასაკში, თან ისე, რომ კომერციულიც არ გახდე, ურთულესია, ძალიან ნამდვილი უნდა იყო და მინდა, რომ ზუსტად ნამდვილმა ადამიანებმა ატარონ ისიც, რასაც მე შევქმნი.
მომიყევი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის შესახებ, რომლის მთავარი მესიჯი - Love is love იყო.
მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცავ LGBTQ უფლებებს, მაგრამ ძალიან არ მომწონს, როდესაც კონკრეტული პირები თავს უფლებას აძლევენ, ყველა LGBTQ-ის სახელით ისაუბრონ, ამის გამო ძალიან ბევრჯერ აქციაც დამიტოვებია. უცებ ვხვდები, რომ ვდგავარ აქციაზე, სადაც გამოდიან ადამიანები, რომლებსაც არაფერში არ ვეთანხმები. ეს ხომ უბრალო თავშეყრა არ არის, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საერთო მიზანს ემსახურება. ეს აზრობრივი აცდენა ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, პირველ რიგში ჩემ უკან მდგომი ძვირფასი ადამიანებისთვის, რომლებსაც ვერ ვუხსნი - „რატომ“? ჩემთვის თანასწორობაზე საუბარი იცი რას ნიშნავს? დაახლოებით იმას, ადამიანს ელემენტარულ საჭიროებებზე – თავის დაბანაზე ან კბილების გახეხვაზე რომ ელაპარაკო. დიდი ხანია ეგ თემა გავლილი მაქვს, არ მჭირდება ამაზე საუბარი, ისედაც ვიცი, რომ, რა თქმა უნდა, ყველანი თანასწორები ვართ. მაგრამ არსებობენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებსაც მაგ კუთხით დაჟანგული აქვთ გონება, შენ კი ასეთ დროს გინდა, რომ შენი გზით, შენი იარაღით ეს ყველაფერი ლამაზად, წივილ-კივილის და ჩხუბის გარეშე დაანახვო. არ ვამბობ შელამაზებულად, შესალამაზებელი არავის არაფერი სჭირს, უბრალოდ ლამაზად, ისე როგორც სინამდვილეშია, ჯანსაღად, ისე როგორც მე ვხედავ. თან ეს პრაიდიც ხომ ვერასდროს ვერ გვეღირსა... უცებ გადავწყვიტე, მოდი, ქაშუეთის გვერდზე მე თვითონ გავაკეთებ პრაიდს – და გავაკეთე ლესბოსელების ქორწილი. ჩვენებაზე ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ამ თემისადმი აქამდე აგრესიით იყვნენ განწყობილი, თუმცა ჩვენების ბოლოს ყველა მილოცავდა, ყველას მოსწონდა. საზოგადოებას სწორედ ეს სჭირდება და არა ტრიბუნაზე დგომა. თუ ასეთი შვილები არ უნდა თაობას, რომელმაც საბჭოთა კავშირში იცხოვრა, მე მესმის მათიც - უბრალოდ არ შეიძლება ბნელ ოთახში მჯდომ ადამიანს უცბად შუქი აუნთო და თვალები მოსჭრა. ჩემთვის არ მჭირდება პრაიდი, პრაიდი მჭირდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც მიმღებლობა აკლია, თორემ მე ხომ ისედაც ვიცი, რომ სიყვარული სიყვარულია... იქ მეგობარიც მყავს, რომელიც ძალიან მორწმუნეა და თავისი სამყარო აქვს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის... ყველა ჩემ გვერდითაა, არც არავინ არის მეტი და არც არავინ ნაკლები. ერთმანეთის გვერდით გამოვიყვანე აბსოლუტურად ყველანაირი ადამიანი, დავაყენე და ვთქვი – მეგობრებო, გაიცანით, ჩვენ ყველა ერთად ვართ.
თეატრალიზებული პერფორმანსის ფორმა რატომ აირჩიე?
ძმები გრიმების ზღაპრებიდან რომ დავიწყე უღრან ტყეებში ბოდიალი, მას მერე დღემდე ძალიან მიყვარს გოთიკა. ეს სიმძიმეც და სადომაზოხიზმიც ჩემია, დრაგ ქუინების ესთეტიკაზე ხომ საერთოდ ვგიჟდები, სადაც რა მიყვარდა და რა მელამაზებოდა, ყველაფერი იმ მიმართულებით წავიყვანე.
როგორი იყო პირველი რეაქცია, როცა დაინახე, რომ ლეიდი გაგას შენი სამოსი ეცვა?
ინსტაგრამზე ვნახე, ვიღაცამ მომნიშნა... ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, თან ძალიან რთული დღეები მქონდა, უძვირფასესი ბებია დავკარგე. მანამდე მისმა სტილისტმა მომწერა - როგორც ჩანს, მოეწონათ ჩემი ლუქები, მითხრეს, რომ უნდათ კიდევ რამდენიმე გავუგზავნო, არის საუბარი იმაზეც, რომ სპეციალურად მისთვის შევქმნა რაიმე ლუქი.
ყველაზე მეტად ვის ტანზე გაგიხარდებოდა შენი ტანსაცმლის დანახვა?
ნინა ჰაგენის, დაიამანდა გალასის – ძალიან ასაკოვანია, მაგრამ ისე მიყვარს მისი სიმღერები, არ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ ხელი შეახოს და მადლობელი ვიქნები, იზაბელ აჯანის - ჩემი საყვარელი მსახიობია და ძალიან გამიხარდება, ბიორკის და ენტონი ეგარტის. ესენი იმდენად შინაურები არიან, რომ ჩაიცვან, არ გამიკვირდება, მაგრამ ძალიან გამიხარება - თუნდაც ნურც ნურავინ ნახავს - უბრალოდ ჩაიცვან და ფოტო მქონდეს. მილიარდიანი ფოლოვერები და კარდაშიანები არ მაინტერესებს. და ჰო კიდევ – მადონა. ძალიან მიყვარს, ჩემთვის ყველაზე მაგარი ბებოა.
რას ჩააცმევდი მადონას?
ძალიან ბევრ ჟელეს წავუსმევდი თმაზე, ტალღებს გავუკეთებდი, სულ ბრილიანტებით მოვრთავდი და აუცილებლად წითელი კარდინალის ფორმას ჩავაცმევდი.
ტანსაცმელი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს...
შავი როლინგი.
რატომ?
ზოგჯერ, სადმე რომ ვარ წასასვლელი, სადაც დრესკოდია და შესაბამისი ტანსაცმელი არ მაქვს, ძალიან მარტივად გამოვძვრები ხოლმე სიტუაციიდან - შემიძლია შავი როლინგი გადავიცვა, ქვევით რაც მინდა, ის ჩავიცვა, დიდი ჩანთა დავიჭირო და ასე ვიარო.
ის, რაც გინდა, რომ არავის ეცვას...
იცი რამდენია... UGG-ები რომ იყო მოდაში, გახსოვს? და ის საშინელი ფეხსაცმელი, თან ბოტასი რომ იყო და თან პლატფორმა, მეზიზღება. როგორი რაღაცებია იცი, გადაკეთების დროს დიდი შეცდომები რომ არის დაშვებული და რაღაცნაირად მაინც რომ შემორჩა....
თავად შენ როგორ დაახასიათებ სტილს, რომელსაც ატარებ?
ელიავას მუშა. ვერაფრით განმასხვავებ, სულ რაღაცებს ვღებავ, გადაღებისთვის სულ ბექგრაუნდის გადაღებვა მინდა, სულ მტვერში ვარ ამოგანგლული. მეცინება ხოლმე, ზოგი დიზაინერი მოდელზე ადრე რომ ჯდება მაკიაჟის და თმის გასაკეთებლად. ჩვენებამდე ბოლო ოთხი დღე არ მძინებია, ტანსაცმლის გამოცვლის დროც არ მქონდა, მარტო შენს კისერზე რომაა ამხელა პასუხისმგებლობა, თან მარტო ტანსაცმლის გაკეთება ხომ არ არის, პუბლიკას უნდა ანახო, რომელსაც შენ ქვეყანაზე შეიძლება შთაბეჭდილება ძალიან მარტივად წაუხდეს ან - პირიქით. ასეთ დროს იმაზე გეფიქრებოდეს, როგორმა დაიქნიო ხელი, ძალიან არასერიოზულია, გამოსვლაც არ მინდა ხოლმე, მაგრამ აუცილებელი წესია.
დაგვიტოვე რამე რეკომენდაცია ჩაცმასთან დაკავშირებით...
აბრეშუმის ხალათი უნდა ჰქონდეს ყველას. დილით რომ ადგება, მოიცვას და ყავა ისე დალიოს, დატესტილი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ასე ძალიან ბედნიერად იწყება დღე.
სამომავლო გეგმები...
სავარაუდოდ, ერთი ორი წელი “მატერიაში” ვაპირებ მუშაობას - ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ გარემოში თავს - მერე მინდა, სასწავლებლად წავიდე - რომელ სკოლაში, ეს ჯერ არ ვიცი. კოლექციას რაც შეეხება, ახლა ვმუშაობ და ძალიან მაინტერესებს, რა გამოვა, კონცეფციაზე ჯერ ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, ალბათ ნოემბერში ისევ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარვადგენ.
დაწერე კომენტარი