შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯაფარიძის მიმდინარე გამოფენის ხილვა გალერეა Project Artbeat-ში 8 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლიათ.
გალერეა Project Artbeat-ში ამჟამად ხელოვან მამუკა ჯაფარიძის გამოფენა “ნამუშევრები არქივიდან” მიმდინარეობს. ხელოვანმა, რომელიც 80-იან წლებში მხატვართა ჯგუფ “მეათე სართულის” წევრი იყო, მიმდინარე ექსპოზიციაზე საკუთარი არქივიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები გააერთიანა. აქ წარმოდგენილია როგორც მითოლოგიური თემატიკა, ისე ლინგვისტური თამაშის პრინციპზე შექმნილი ის ნამუშევრები, რომლებიც ყველაზე უკეთ ასახავს 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს იმდროინდელ ვითარებას.
მხატვართა დაჯგუფება “მეათე სართულის” წევრი იყავით. როგორ დაიწყო ამ ჯგუფის ისტორია?
80-იანი წლებია, ის პერიოდია, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლება. ჩვენი თაობისთვის უკვე ჩამოყალიბებულია საბჭოთა ხელოვნება, უკვე ეწყობა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები, ყველაფერი თითქოს კარგადაა, თუმცა რღვევა, რომელიც მიმდინარეობს, უკვე მხატვრობას და ხელოვნებასაც ეხება. ამ დროს აშკარად დაბნეული და გაღიზიანებულია არტისტი, თუმცა მარტო ჩვენთან არ ხდებოდა ეს, მთელ მსოფლიოში ასეა, განსაკუთრებით კი გერმანიაში. მთავარი მოტივი დაბნეული ადამიანია, რომელმაც არ იცის ხვალ რა მოხდება. “მეათე სართულს” მაგ კონტექსტში უფრო ვხედავ - გერმანული ექსპრესიონიზმის გავლენები ძალიან ძლიერია, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია იმითაც, რომ ჩვენთან ერთად კარლო კაჭარავაა, რომელიც ძლიერი გერმანოფილია. 90-იანი წლების ბოლოს ჯგუფი დაიშალა, რადგან ჩვენ შორის სხვადასხვა შეხედულებები გაჩნდა. მე კი, როგორც დამოუკიდებელი და თანმიმდევრული მხატვარი, ათვლას 1990-91 წლებიდან ვიწყებ. მანამდე რასაც ვაკეთებდი, ეს უბრალოდ ჩემი მხრიდან არსებულ სიტუაციაზე რეაქცია უფრო იყო, ვიდრე გააზრებული მოქმედება.
ახდენდა არსებული მძიმე და დეპრესიული გარემო თქვენზე გავლენას?
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდით ცალკე ვმდგარიყავით, გარემო, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენდა. ძალიან მტკივნეული და არაჯანმრთელი სიტუაცია შეიქმნა, რა დროსაც საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხელოვანი ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებებისაც კი იყო, ვცდილობდით, მესამე პოზიცია გვენახა და ერთმანეთის მიმართ გამოხატული ტოლერანტობა გვქონოდა. რთული იყო, მაგრამ რაღაცნაირად ავიტანეთ ერთმანეთი, ვიმუშავეთ და ალბათ სწორედ ეგ აკლდა საზოგადოებას – განსხვავებულის მიმღებლობა. თუკი ამ ჯგუფში ინდივიდუალიზმი ჩამოყალიბდა, მხოლოდ იმ ჟინით, რომ ერთნაირები არ ვყოფილიყავით და რამენაირად გამოგვეტანა აზრი, რომელიც მთლიან სიტუაციას შეცვლიდა.
საიდან გაჩნდა გალერია “რამზესმზერა”-ს იდეა და საერთოდ, რას ნიშნავს ეს ფრაზა?
1991 წელია, მარჯანიშვილიდან მოვდივარ, სახელოსნოში ვმუშაობ, სიმართლე გითხრა, ამ დროს მედიუმიც შეიცვალა, ქაღალდზე უფრო მეტი მუშაობა დავიწყე. “რამზესმზერა” კონცეპტუალური გალერიის იდეა იყო, თუმცა არ იყო მხოლოდ გალერეა, დამოუკიდებელი ნამუშევარიც შეიქმნა. კონცეპტუალური ფრაზაა, რომელიც მრავალ შინაარსთან ვიბრირებს და მრავალ იდეას მოიცავს. მისი მთავარი არსი იყო, კითხვები დაესვა და ხელოვნება ამ კითხვების კონტექსტში ეჩვენებინა. “რამზესმზერა” შეიძლება კითხვაც იყოს და პასუხიც. ბევრი გამოფენა მქონდა მის ფარგლებში. წინ წამოვწიე პოსტერის და მოსაწვევი ბარათის იდეა და კონცეფციას ამ ფორმით წარმოვსახავდი. და მასში დასმული კითხვის პასუხიც ჩანდა.
მე რომ ლექსი დავწერე...
1993 წელია, დეპრესიული პერიოდი, წარმოიდგინეთ, ის დროა, როცა ბაზარი შემოვიდა. აქ ნახავთ 1991 წლის დეკემბრის გამოფენის აფიშას, ბზარია ნამუშევარზე და შავი ბაზარია თუ შავი ბზარი, ეგ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გამოფენა 24 დეკემბერს გავხსენით, ორი დღით ადრე პარლამენტთან სროლა დაიწყო... წარმოიდგინეთ, როგორი გარემოა და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ჩვენთვის. ძალიან მძიმე წლებია, ძალიან დეპრესიული, გაურკვეველი, ყველაფერი ინგრევა, პლუს შეცდომები, შეცდომები, შეცდომები და დაუსრულებელი დეპრესია.
მახსოვს, ჩემი თაობის არტისტები ხშირად ვიკრიბებოდით, საერთო სივრცე გვჭირდებოდა და სულ ვბჭობდით - მოდი, რამე დავიწყოთ, რამე ახალი ვქნათ. ნამუშევარს ჩემთვის პერსონალური ისტორიაც აქვს: იმ პერიოდში კითხვებს ვუსვამდი საკუთარ თავს - რა იყო ხელოვნება? ხელოვნება თავისთავად იყო თუ ჩვენ ვაკეთებთ მოქმედების სუბლიმაციას და ამას ვეძახით ხელოვნებას? ამ თემაზე ბევრი ნამუშევრის გაკეთება მომიწია. იყო პერფორმანსებიც, სადაც ზოგჯერ შიშველი სხეულებით ვმონაწილეობდით, რაც ბევრმა უჩვეულო მოქმედებად აღიქვა, საბჭოთა კავშირში ხელოვნება უფრო მეტად ბაზართან იყო მიბმული და ვერ წარმოედგინათ, რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მხატვარს გარდა იმისა, რომ ნახატი გაეყიდა.
ერთ დღესაც ჩემი ძველი მეგობარი მოვიდა, რომელიც მეუბნებოდა, რად გინდა ეს ყველაფერი, უბრალოდ დახატე, ჩარჩოებში ჩავსვათ და მოგეხმარები, რომ გაყიდოო. მეუბნებოდა, ოქროს ჩარჩოები მაქვსო. თავიდან გამეცინა, მეთქი, რა ოქროს ჩარჩოები. შემდეგ მაჩვენა, რომ მართლა ჰქონდა ავტოფარეხში, თანაც ძალიან ბევრი. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიფიქრე, რადგან ადამიანები ხელოვნებას ჩარჩოებს უკავშირებენ, ესე იგი ამაში მართლა არის რაღაც ხელოვნების... ისიც საინტერესო იყო, რომ საზოგადოება თითქოს რაღაცას თხოულობდა ჩემგან, თუნდაც იმას, რომ ისეთი ხელოვნება მეკეთებინა, როგორიც თავად წარმოედგინათ. ალბათ იმიტომ, რომ ხელოვნების, რომანტიზმის და მშვენიერების დეფიციტი არსებობდა, რაღაცის - რაც იყო და აღარ არის. ამ ნოტალგიაზე დავიწყე ფიქრი და მომეჩვენა, რომ თუ ამაზე ვიმუშავებდი, მოულოდნელად ჩემთვის რაღაც შეიცვლებოდა.
სახელოსნო მქონდა, ძალიან მინიმალისტური თეთრი ოთახი, საერთოდ არაფერი არ შემქონდა და წარმოიდგინეთ, უცებ ასეთ გარემოში რამდენიმე ათეული ოქროს ჩარჩო აწყვია, კინაღამ დავიხუთე, ალერგია დამემართა. ტილო მჭირდებოდა, ფული არ მქონდა, რომ ახალი მეყიდა და გამახსენდა ეზოში სცენის ძველი უკანა ფონი მეგდო, გავშალე და დავინახე, რომ უკვე ლპობა დაეწყო, მთელი მიკროფლორა გაჩენილიყო, არ დავარღვიე, უბრალოდ დავჭერი და ჩავსვი ამ ოქროს ჩარჩოში. ისეთი შთამბეჭდავი იყო, თითქოს სინამდვილეს ვუყურებდი. ვიფიქრე, რომ რაღაც ჩემი მეც უნდა მეთქვა მასთან დიალოგში. ღამით მესიზმრებოდა, ვითომ ლექსი დავწერე, რომელიც ყველაფერს ზუსტად ამბობდა, მაგრამ რომ გავიღვიძე, დამავიწყდა. ვიხსენებ, თან ყავას ვსვამ და ვიმეორებ: მე რომ ლექსი დავწერე, მე რომ ლექსი დავწერე, მე რომ ლექსი დავწერე... შემდეგ ამაზე ავაწყვე ყველაფერი. მომეჩვენა, რომ ეს ფრაზა დავიწყებულ ხელოვნებას ჰგავდა, რომელიც სულ გვინდა, რომ გავიხსენოთ, მაგრამ დაგვავიწყდა. სამაგიეროდ დაგვრჩა საათი Rolex, მექანიკა, მოძრაობა, განსაკუთრებულობა, პრესტიჟულობა. გამოვიტანე Rolex-ის ლოგო და დავადე ტილოს, თან მეცინება ამაზე, თან მივყვები სიტუაციას და კიდევ ბევრჯერ გადავუარე ტილოს ქართულად : მე რომ ლექსი დავწერე, მე რომ ლექსი დავწერე... და უცებ მივხვდი, რომ თავდაპირველი შთამბეჭდავი სურათი დაიკარგა, მივხვდი, რომ ის, რაც უფრო კარგი იყო, გავაფუჭე, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა გამეგრძელებინა და გადავწყვიტე გადამეწერა, რამდენადაც შევძლებდი. მეთქი, მე გადავწერე, მე გადავწერე... და გავიაზრე, რომ ეს გადაწერაც ძალიან ბევრი იყო და გავაგრძელე: ო, მე გადავწერე, ო, მე გადავწერე, ომეგა...
აი აქ უკვე მივხვდი, რომ უნდა დამემთავრებინა ეს ნამუშევარი. ძალიან საინტერესო გააზრება მქონდა მაშინდელი მდგომარეობის, თან სამი თვე ეკიდა ქარვასლაში და ვინც მოდიოდა სულ დროსა და სივრცეზე ვექაქანებოდი. ჩვენ გვგონია, რომ დრო სწორი ხაზივითაა, ისე, თითქოს რაღაც დაიწყო და დამთავრდა. სინამდვილეში - დრო ჰორიზონტალური კი არა, ვერტიკალურია. ყველაზე კარგად ეს არქეოლოგებმა იციან. იციან, რომ დრო სინამდვილეში ფენა-ფენაა ერთმანეთზე დადებული, ჩვენ ვერ ვხვდებით ამას, ვერ ვხვდებით, რომ დროს სინამდვილეში სხვადასხვა პირობითობა, სხვადასხვანაირი განცდა და სიჩქარე აქვს - ასეთი კითხვები მიტრიალებდა მაშინ თავში და სწორედ ამან მიმიყვანა პოეტურ-ალქიმიურ მდგომარეობასთან, სადაც პატარ-პატარა მოძრაობები ახალ-ახალ კომბინაციებს ქმნიდნენ.
ერთ კედელზე მხოლოდ ხელები, ხელებზე კი ხეებია გამოსახული. ამ ნამუშევრის უკან რა ისტორიაა?
იმ დროს უკვე ვამბობდი, რომ თვითონ ნამუშევარი იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც გარემო და მასზე დაკვირვება, ნამუშევარმა დაკარგა ფეტიშის მნიშვნელობა, მხატვრის ჩართულობის მთელი არსი კი მხოლოდ ის გახდა, რომ შეცვლილი სინამდვილე სხვანაირად დაენახა. კონტექსტზე ვფიქრობდი. ერთხელაც ხელზე დავხატე ნახატი და მივხვდი, რომ ჩემთვის სწორედ ეს იყო კონტექსტი, ისევე, როგორც კედელი. და ამან შინაგან ადამიანურ კომპლექსებზე დამაფიქრა - რას ვუყურებ მაშინ როცა ჩემს თავს ვუყურებ, როცა ჩემს ხელს ვუყურებ და რამდენად შეიძლება ჩემი თავი ჩემსავე სხეულზე დაკვირვებით შევიცნო. იმ დროს გაჩნდა ეს სამი სიტყვა: სახე, ხელი და სა-ხე-ლი, სადაც ხე შუაში მოექცა და სწორედ ამან მიკარნახა ხელზე ადამიანის თავი დამეხატა, რომელსაც თითქოს თმის მაგივრად ტოტები ეზრდება. თუ წარმოვიდგენთ, რომ ხელი ჩვენი სამყაროსთან კონტაქტის მთავარი ნაწილია და აქვს რაღაც ლინგვისტური ფორმულა, ნამუშევარი სწორედ მაგ ფორმით შეიქმნა, თუმცა ბოლომდე რას გამოხატავს, არც მახსოვს.
ბევრ ხელოვანს გამოუყენებია და ხშირად გვინახავს სიტყვა, როგორც თავისთავად თვითმყოფადი ხელოვნების ნიმუში, თქვენ სიტყვის ძალას მაინცდამაინც ქართულ ენაში პოულობთ თუ ეს სხვა ენებშიც ასეა?
90-იანებში, მაშინ როცა ჩვენთვის კედლები გაიხსნა, ხელოვნების ტერიტორია მთლიანად მეოცე საუკუნის დასავლეთ ევროპას ჰქონდა დაკავებული, რომელიც თავის ენაზე მეტყველებდა. ქართულ ენაში კი ასეთი რამ მანამდეც არსებობდა, თუ გავიხსენებთ დადაისტებს, ფუტურისტებს, H2SO4-ს ან ზდანევიჩს, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც სიტყვის ხატვას იწყებს, ან თუნდაც მაიაკოვსკის, რომელიც ქუთაისში სწავლის დროს ტექსტის ფორმას და გეომეტრიას ცვლის, ვნახავთ, რომ მათ ქართულ ენას ახალი მოდერნისტულ-ფუტურისტული შინაარსი შესძინეს, თუმცა შემდეგ, ძალიან მალე ბნელი პერიოდები იწყება და მათთან ყოველგვარი კავშირი თითქმის მთლიანად გაწყვეტილი გვაქვს.
ჩემს შემთხვევას რაც შეეხება, მივხვდი, რომ ასე პლაგიატისგან დაზღვეული ვიყავი, ქართული ენა ერთგვარი ფარივით იყო, ვმეტყველებ იმ ენაზე, რომელზეც ჯერ კვლევა არ ყოფილა, ეს იდეა არ არის საიდანღაც მოტანილი, მთლიანად ჩემი გენერირებულია. სამწუხაროდ, თვითგენერაცია დაჩლუნგებულია ჩვენს კულტურაში, რუსულმა კულტურამ ამ მხრივ ძალიან იმოქმედა და შინაგანი მოტივები თითქმის მთლიანად გააქრო. მე მაინტერესებდა იმის ქართული პრინციპები მეპოვა, რაზეც დღევანდელი მსოფლიო ლაპარაკობს. თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი, ქართული ძალიან ძველი და საინტერესო ენაა, ხშირად ასოციაციურად ერთი სიტყვა ძალიან ჰგავს მეორეს, რაც შემთხვევითი არ არის და როცა სიტყვები შინაარსობრივად ასე ასოცირდება ერთმანეთთან, უკვე პოეტური ველი იქმნება. ჩვენი ენის სიძველის გამო ეს სიმდიდრე ნამდვილად გაგვაჩნია - ძალიან ბევრი მოკლე სიტყვა გვაქვს: ხე, ცა, ქვა, მზე... საბაზო სიტყვები, რაც არ შეცვლილა, მოკლეა და კონკრეტული, იმიტომ რომ ამ დროს ენა ჯერ კიდევ არ არის რთული, მერე ვითარდება, მაგრამ საფუძველი ეგ აქვს, რაც ძალიან საინტერესო ბაზაა ჩვენი კულტურისთვის, საიმისოდ, რომ შემოქმედების გენერირება შიგნიდან მოხდეს, თავის თავზე დაყრდნობით და არა საიდანმე კოპირებით.
თქვენი და ანთია ნიკოლსონის გამოფენის აფიშა შევამჩნიე...
ბრისტოლში ქართველ მხატვრებს გამოფენა გვქონდა, ანთია სწორედ იქ გავიცანი. შემდეგ, 1993 წელს, თვითონ და რამდენიმე მხატვარი ჩვენთან ჩამოვიდნენ. ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე რთული, მძიმე და დეპრესიული პერიოდი იყო. არ ვიცი, როგორ გარისკეს ან რამხელა ინტერესი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ჩამოვიდნენ და იმ პირობებში, როცა გვბომბავდნენ, გვკლავდნენ თუ ჩვენ თვითონვე ვლპებოდით. ეს იმხელა მხარდაჭერა იყო, გვეგონა, რომ გავიმარჯვებდით, თუნდაც იმიტომ, რომ მარტო არ ვიყავით. მას შემდეგ ცხოვრების პარტნიორი გახდა. დღემდე ასე ვცხოვრობთ. თვითონაც მხატვარია, თუმცა რამდენიმე წელია პრაქტიკა შეწყვიტა და მწერალი გახდა.
წეღან თქვით, რომ იმ პერიოდში კითხვებს ვსვამდი იმის შესახებ, სინამდვილეში რა იყო ხელოვნებაო, ახლა რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე?
მაგაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემ, ალბათ არ არსებობს ზოგადი რეცეპტი იმისა, თუ რა არის ხელოვნება. არის ასეთი მინიმალისტი ხელოვანი კარლ ანდრე, რომელსაც რამდენიმე ასეული კითხვა აქვს დასმული - რა არის ხელოვნება და რამდენიმე ასეული პასუხი აქვს ამ კითხვაზე გაცემული. თუკი რამეა თანამედროვე ხელოვნება, ეს ალბათ ფიქრის და აზროვნების, ძიების და კვლევის გზაა, სადაც ხელოვნება ვიღაცისთვის შეიძლება შეკითხვა იყოს, ვიღაცისთვის კი ისედაც ნათელი და გასაგები პასუხი. ზუსტად არ ვიცი, რა არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ავანგარდია.
დღეს კურატორების თუ გალერისტების გვერდით ხელოვანი მარტო აღარ არის, თითქოს თანამედროვე ხელოვნება, როგორც არასდროს, კოლექტიური გახდა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ პროცესში. როგორ გგონიათ ეს რაიმე წინააღმდეგობას უქმნის ხელოვანს თუ პირიქით?
რა თქმა უნდა, მხატვარს სჭირდება თავისი სოციალური ეკონომიკა და საზოგადოება, ის მარტო არასდროს არ არის, გარშემო ბევრი ადამიანია, ვინც გარემოს ქმნის. ზოგადად, ძალიან საინტერესო კითხვაა, რამდენად შეგვიძლია ვიყოთ თვითმყოფადები. ბაზრის ეკონომიკა გვეუბნება, რომ ნამუშევარი უნდა გაყიდო და არაფერია აქ გაუგებარი, მაგრამ ჩვენ ხომ პროდუქციას არ ვაწარმოებთ. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბაზართან ურთიერთობაში ზოგიერთმა არტისტმა შემოქმედებით წარმატებასაც მიაღწია. არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელიც მხატვარს საშუალებას აძლევს ბაზრის გარეშე იარსებოს, მაგალითად, სწავლების, კურატორებთან თანამშრომლობის და სხვა.
დღეს სოფელ შინდისში არაფორმალურ სამაგისტრო კურსს უძღვებით, როგორც ჩანს, ბაზრის გარეშე არსებობა ამ გზით გადაწყვიტეთ
რაც შინდისში გადავედი საცხოვრებლად, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანა გვაქვს და სულ არ არის საჭირო მაინცდამაინც ხელოვნება გაყიდო, იმისთვის რომ იცხოვრო. შეგიძლია შენი თავისუფლება შენ თვითონვე მოიპოვო, შენ თვითონ აწარმოო შენი საკვები, იმდენი, რამდენიც შეგიძლია, რაც მეტს მოიყვან, უფრო მეტი თავისუფლება გექნება. თანაც ტრადიციული საქმიანობა პირდაპირ გაკავშირებს წინაპრების გამოცდილებასთან და შთაგონებას გაძლევს. ჩემთვის ძალიან მაგარი პორტალია, იმისთვის რომ დავიწყებული იდეები ამოვკრიბო. მაგალითად, ვაკეთებ აჯიკას და ყურადღებით ვაკვირდები მთელ ამ პროცესს, ბოლოს თითქოს ალქიმიურ ლაბორატორიას ემსგავსება ცხოვრება, საიდანაც შეგიძლია ოქრო, ანუ ხელოვნების ნაწარმოები გამოიტანო.
სოფლის მეურნეობა ხელოვნებას დაკვირვებით უკავშირდება?
კი დაკვირვებით უკავშირდება, თან წარმოიდგინეთ, რა დროში ვცხოვრობთ - თუ გინდა, რომ რაიმე ორგანულად განიცადო, მის ზრდას, განვითარებას, დროის გასვლას ან სეზონების მონაცვლეობას უნდა დააკვირდე. ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა, იმისთვისაცაა, რომ ადამიანური რიტმი შევინარჩუნოთ და გარემოსთან ეთიკური ვიყოთ. სულ ვამბობ, ეს არ არის იმისთვის, რომ აქედან ხელოვნება ვაკეთოთ, უბრალოდ გვჭირდება, რომ მშვიდად ვიყოთ, ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა და გვესმოდეს, რა არის მთავარი და პრიორიტეტული. ეს არც სიძველეს უკავშირდება, ფაქტობრივად ახალი კონტრკულტურაა, რომელმაც კრიზისამდე მიგვიყვანა, მაგრამ შეიძლება რაღაცნაირად შევაჩეროთ პროცესი, რასაც გარემოს მიმართ გაუთავებელი მომხმარებლობა ჰქვია.
მიმდინარე გამოფენაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები გაქვთ გაერთიანებული, საიდან გაგიჩნდათ იდეა, რომ ასეთი გამოფენა გაგეკეთებინათ?
ეს უკვე Project Artbeat-ის ინიციატივა იყო - ჩემი არქივი ნახეს, სადაც ჩანახატები, ბლოკნოტები და ჩანაწერები აღმოაჩინეს. ვხვდები, რომ ხანდახან საჭიროა ასეთი რამ. წარმოიდგინე - ფილმი მხოლოდ ერთხელ რომ გავიდეს ეკრანზე და მეორედ აღარასდროს გამოჩნდეს, თითქოს ამას ჰგავს, ერთხელ გაკეთებულს ახლა უკვე ხელმეორედ ვიმეორებთ.
სამომავლო გეგმები...
არ ვიცი… ველოდები, რომ საზოგადოებისგან გავთავისუფლდე და მარტო დავრჩე. მზის ამოსვლას ვუყურო, დავაკვირდე, როგორ იზრდება მცენარე, ეს ყველაფერი გადავიღო და მერე ისევ თქვენ გაჩვენოთ.
დაწერე კომენტარი