სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებამ 6 ჩინელ დიზაინერს კონცეპტუალური დიზაინ პროდუქტების ისეთი სერიის შექმნისკენ უბიძგა, რომლებიც  ადამიანებს კორონავირუსისგან დაცვასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება. როგორც დიზაინერები ამბობენ, თითოეული ეს ნივთი ადამიანებს საშუალებას მისცემს საკუთარი თავი და გარშემო მყოფები  ვირუსისაგან დაიცვან. სერიის სახელის - Create Cures-ის აბრევიატურაა CC, რომელიც, ამავდროულად, კუბური სანტიმეტრის აბრევიატურას წარმოადგენს და იმ ტერმინს აღნიშნავს, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიაში იყენებენ.

"გვჯერა, რომ კორონავირუსი ძალიან მალე დასრულდება, თუმცა უახლოეს მომავალში ხელოვანებმაც ადამიანების ჯანმრთელობისთვის ბევრ შესაძლო გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ, როგორც დიზაინერებმა, ხელახლა განვსაზღვრეთ დიზაინის ფუნქცია და ის, თუ რა წვლილი შეგვიძლია ამ პროცესში შევიტანოთ. იმედი გვაქვს, შემოგვიერთდებიან სხვა დიზაინერები და ის ადამიანები, რომლებიც შემოქმედებით სფეროში მუშაობენ", - ამბობს პროექტის შემქმნელი ფრენკ ჩოუ.


ფრენკ ჩოუს სტერილიზატორი სანათი

ულტრაიისფერი სინათლის მქონე სტერილიზატორი სანათი, რომელიც საკუთარ ლანგარზეა მოთავსებული, ოთახში შესვლის დროს შესაძლოა ტელეფონის, გასაღებისა და საფულის შესანახადაც გამოვიყენოთ. იმისთვის, რომ ულტრაიისფერი სინათლე გააქტიურდეს, მომხმარებელი სანათის ზედაპირს უნდა შეეხოს, რომელიც 60 წამის შემდეგ ავტომატურად სტერილიზდება. ფრენკ ჩოუ მიზნად ისახავდა შეექმნა ე.წ. ფარული დიზაინი, რომელიც მისი იმედით ადამიანების ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდება.


Benwo Studio-ს ნივთების შესანახი უსაფრთხო კაფსულა   

Benwo Studio-ს უსაფრთხო კაფსულა, რომელიც კუბის ფორმას წარმოადგენს, ადამიანებმა შესაძლოა სამუშაო პროცესის ან კვების დროს გამოიყენონ. მასალები, რომლებიც ამ კაფსულის შესაქმნელად გამოიყენეს, შესაძლოა ნებისმიერ მაღაზიაში თავადაც შეიძინოთ. ელასტიკური თოკი, პლასმასის ჯოხები, ნეილონის სადენი თუ  ულტრაიისფერი სინათლის წყარო… ამ მასალებისგან კი საბოლოოდ ისეთი კონტეინერი შეიქმნა, რომელშიც ფილტრებისა და სტერილიზატორის საშუალებით სივრცეში სუფთა ჰაერი ცირკულირებს.


ჩენ მინის MaskerChief

ჩენ მინის მულტიფუნქციური ხელსახოცი, რომელიც ბამბის 6 შრისგან შედგება, ამგვარი ვირუსის პირობებში სასუნთქ გზებს ჩვეულებრივ ნიღაბზე უფრო უკეთ ფარავს. ჩენ მინი, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ნამუშევრის სახით საზოგადოებას "ნიღაბზე მეტს" სთავაზობს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანი სწრაფად გავრცელებადი ვირუსისგან დაიცვას. დიზაინერი იმედოვნებს, რომ ხელსახოცის ეს ალტერნატივა ნამდვილად დაეხმარება ადამიანებს  პირადი ჰიგიენის დაცვაში.


სან დეიონგის  Be a Bet Man

სან დეიონგი ამ ნამუშევრის შექმნისას ვირუსის გავრცელების პირველწყაროზე -  ღამურაზე ფიქრობდა. მისი "ბეტმენის მანქანა" კარბონის ბოჭკოსგან შექმნილი უსაფრთხო ჯავშანია, რომლის ულტრაიისფერი გამოსხივება პლასტმასის  ობიექტს უკავშირდება, ზედაპირს ათბობს და მის შიგნით არსებული ჰაერის სტერილიზაციას უზრუნველყოფს. მოწყობილობას აქვს ავტომატური გახსნის და დაკეცვის ფუნქციაც, მაშინ როცა ის საჯარო დაწესებულებებში ან ხალხმრავალ ადგილებში ხვდება.


Above Studio-ს  სახის ნიღაბი

Above Studio-ს მიერ შექმნილი ნიღაბი ჩვეულებრივი პირბადის ტექნოლოგიურად დახვეწილ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც ფილტრია მოთავსებული. ფილტრი შავ და თეთრ ფერებზე რეაგირებს. ფერი იმის მიხედვით მუქდება, რამდენად იზრდება მასში ბაქტერიებისა და მტვრის ნაწილაკების რაოდენობა. სისტემაზე შავი ფერის გამოჩენა ნიშნავს, რომ ნიღაბმა თავისი ფუნქცია შეასრულა და უკვე გამოუსადეგარია.  ფერის ეს ოთხეტაპიანი გრადაცია სავენტილაციო სისტემის ნახვრეტთანაა ჩამაგრებული, რაც მის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნათლად დაინახოს, როდის ხდება ნიღაბი უსარგებლო.


პინო ვონგისა და ფრენკ ჩოუს სადეზინფექციო გელი, რომელიც  ფერს იცვლის

პინო ვონგისა და ფრენგ ჩოუს ეს სადეზინფექციო გელი ყოველ ათ წამში იცვლის ფერს და თქვენი ხელების დაბანის პროცესს უფრო სასიამოვნოსა და სახალისოს ხდის. დიზაინერების ეს სახალისო წამოწყება კი ემსახურება იდეას, რომ ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელები და ამ პროცესმა მინიმუმ 30 წამმამდე მაინც გასტანოს.