იტალიელი ხელოვანის, პაოლო ვენტურას შემოქმედება ფოტოგრაფიის საზღვრებს სცდება და სრულიად სხვა სიმაღლეს იპყრობს, ფანტაზიასა და მეხსიერებას შორის მოქცეული მისი სურათები ხშირად მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ეხმიანება. იგი თავისი ნამუშევრებით მოგვითხრობს ადამიანებზე, მათ უბრალოებაზე, რითაც მეოცე საუკუნის 40-50-იანი წლების იტალიური ნეორეალიზმის ფილმების ასოციაციას იწვევს მნახველში.





პაოლო ვენტურა 1968 წელს დაიბადა მილანში. მამა, პიერო ვენტურა, საბავშვო წიგნების ავტორი იყო, რამაც ფოტოგრაფის შემოქმედებაზეც იქონია გავლენა. მამამისის მიერ მოთხრობილი ამბები პაოლოს შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. ვენტურამ სწავლა სახვითი ხელოვნების აკადემიაში გააგრძელა და დაიწყო იტალიის ისტორიისა და იტალიელი მხატვრების ვიზუალური ენის შესწავლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ფრესკულ მხატვრობაშიც დახელოვნდა.






ვენტურას კარიერა მოდის ფოტოგრაფიით იწყება. 90-იან წლებში იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა მოდის ჟურნალთან, მათ შორის - Vogue-თანაც. ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მისი სახელოვნებო ინტერესები შეიცვალა. ბებიის მიერ მოყოლილმა მეორე მსოფლიო ომის ისტორიებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფოტოგრაფზე. მან თავის სამხატვრო სტუდიაში დაიწყო დიორამების შექმნა, რომლებიც სწორედ ამ ამბებით იყო შთაგონებული. პაოლო ვენტურას ნამუშევრები გეოგრაფიულ საზღვრებში იყო მოქცეული და ასახავდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს იტალიაში. 2006 წელს გამოქვეყნდა ვენტურას ნამუშევართა კრებული, სახელწოდებით, “ომის სუვენირები”. 2010 წელს პაოლო ვენტურა დაბრუნდა იტალიაში და თავის ძველ სტუდიაში დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე “მოკლე ისტორიები”. იტალიელმა ხელოვანმა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები ფოტოგრაფიულ სუბიექტებად აქცია და ასე შექმნა ნამუშევრები, რომლებიც 2016 წელს გამოქვეყნდა.





პაულო ვენტურას თავდაპირველ ნამუშევართა სერია, რომელიც ბრუკლინის სტუდიაში შეიქმნა, ძირითადად მარიონეტებისა და მცირე ზომის დიორამებისგან შედგებოდა. გარკვეული დროის შემდეგ იტალიელმა ხელოვანმა კარიკატურული ავტოპორტრეტების შექმნა დაიწყო, რომლებიც მის პროექტ “მოკლე ისტორიებში” გაერთიანდა.





მოღვაწეობის დასაწყისში პაოლო ვენტურა საკუთარ თავს გამოსახავდა გამოგონილი ისტორიების გასაცოცხლებლად. მის შემდგომ ნამუშევრებში კი ჭარბობს ქალაქთა ისტორიები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვენტურას შემოქმედებაში. 2016 წლის დებიუტმა, რომელიც ხელოვანის ქაღალდის სკულპტურებს მოიცავდა, წარმოაჩინა პაოლო ვენტურას ექსპანსიური და უნიკალური ხასიათი, რამაც მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.






იტალიელი ხელოვანის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სიკვდილის თემატიკა. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელი თვალშისაცემი მელანქოლია განსხვავებულია ფოტოგრაფიისგან, რომლის საშუალებითაც რეალობის აღბეჭდვა ხდება. ის საგნები და ფიგურები კი, რომლებიც ვენტურას ნამუშევრებში გვხვდება, ერთგვარად აცოცხლებს სურათს და იტალიის საოცნებო ატმოსფეროს ქმნის. მისი შემოქმედების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იტალიელი ხელოვანი ციფრული მოწყობილობების გარეშე, საკუთარი ხელით ხატავს და აფორმებს ნამუშევრებს.





ვენტურა პირადი ისტორიებითა და მხატვრული ტექნიკის წყალობით შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის. მისი შემოქმედება სცდება იტალიის საზღვრებს და მსოფლიოს მრავალ პრესტიჟულ გალერეასა თუ მუზეუმს იპყრობს. პაოლოს ნამუშევრები გამოფენილია ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და სხვა ცნობილ გალერეებში. 2011 წელს იტალიელ ფოტოგრაფს დაევალა ვენის 54-ე  ბიენალეზე იტალიური პავილიონის ახალი სერიის შექმნა. წინა წელს კი, იტალიური ვოგის გარეკანის მომზადებაც მას მიანდეს.





პაოლო ვენტურას შემოქმედება არა მარტო ესთეტიკურად ტკბობის საშუალებას აძლევს მნახველს, არამედ ღრმა შინაარსის მქონეცაა. იტალია, მეორე მსოფლიო ომი, სიკვდილი და მასთან დაკავშირებული სევდა ის ძირითადი ნიშნებია, რითაც იტალიელი ხელოვანის შემოქმედება გამოირჩევა. რაც შეეხება მის სტილსა და მხატვრულ ტექნიკას, ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ განსხვავებულ შტრიხს, რაც მის ნამუშევრებს უნიკალურად წარმოაჩენს.

ფოტო:
1. Paoloventura.com