ხვალ, 15 მაისს გალერეა Window Project ხელოვან შოთიკო აფციაურის ახალ გამოფენას, "უწყლო ცურვა" ხსნის. როგორც გამოფენის ავტორები ამბობენ, შოთიკო აფციაურის წარმოდგენილი ნამუშევრები ცვალებად, არაპროგნოზირებად გარემოსთან ადამიანის ადაპტაციის უნარს იკვლევს, რომელიც ხელოვანმა ქვეყნის უახლესი წარსულის ტრაგიკომიკურ გამოცდილებას დაუკავშირა.
“რა ემართება ადამიანს, როდესაც მას ფუნქციონირება ისეთ გარემოში უწევს, როცა გარშემო ყველაფერი პირვანდელ სახეს და შინაარსს კარგავს? როგორ ახდენს ის ცვალებად გარემოსთან, “ლოქდაუნთან”, კარანტინთან და სხვადასხვა ცვლილებებთან ადაპტაციას? საქართველოში, ქუთაისში, ეკონომიკური სისტემის შეცვლის შემდეგ, ქალაქის ერთადერთი აუზი წყლის გარეშე დარჩა, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ აუზზე მაინც ტარდებოდა ცურვის გაკვეთილები. ცურვის გაკვეთილებზე მოსწავლეები ცურვის იმიტაციურ ვარჯიშებს აკეთებდნენ, ხოლო მწვრთნელისგან გაიგებდით ფრაზას - „წარმოიდგინეთ, რომ წყალში ხართ“. სტუდენტები კვირის გარკვეულ დღეებში სრული მონდომებით ცდილობდნენ გაეცურათ წყლის გარეშე. “უწყლო ცურვა” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უფუნქციო აუზების კვლევაზე დაფუძნებული ნამუშევარია, რომელიც წყლის გარეშე ცურვის ნოსტალგიურ, პოეტურ იმპულსებს თვითირონიული და დრამატული გზებით აცოცხლებს”.
დაწერე კომენტარი