კრეატივის სფეროში არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონკურსი, ვიდრე კანის ლომების ფესტივალია, რომელსაც წარსულში კანის რეკლამის ფესტივალად მოიხსენიებდნენ, დღეს კი, თავისი შემოქმედებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე,  ყველაზე ხშირად კანის კრეატივის ფესტივალს უწოდებენ. 1953 წელს ღონისძიება კანის კინოფესტივალს გამოეყო და უკვე 68-ე წელია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო სფეროში შექმნილ საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს დამოუკიდებლად ავლენს. კანის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ახალგაზრდა ლომების კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე მონაწილე ქვეყნებში შიდა შესარჩევი კონკურსი იმართება, მასში მონაწილეობის საშუალება 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს აქვთ, კონკურსის მეორე ეტაპზე გამარჯვებულები კანში, საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრებიან და საკუთარი ქვეყნის სახელით გამარჯვებისთვის იბრძვიან. უკვე 6 წელია, რაც სარეკლამო სფეროს ამ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოც შეუერთდა,  ახალგაზრდა ლომების კონკურსი საქართველოში პირველად 2015 წელს აკო ახალაიას და ლევან ლეფსვერიძის ორგანიზებით გაიმართა და ამ წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით სხვადასხვა კატეგორიაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ათეულობით პრიზიორი გამოავლინა. 


სულ რამდენიმე დღის წინ Young Lions Georgia-ს 2021 წლის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, რომლებიც ივნისში ციფრულ ფორმატში გასამართ კონკურსზე საქართველოს სამ კატეგორიაში წარადგენენ. თუმცა, სანამ ეს მოხდება, ქართული სარეკლამო ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლების საერთაშორისო წარმატების მოლოდინში თიბისისთან ერთად 2015 წლიდან დღემდე კონკურსის ფარგლებში შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და მათ ავტორებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.


2015 




საქართველოში ახალგაზრდა ლომების კონკურსი პირველად 2015 წელს დიზაინის კატეგორიაში გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც Windfor's-ის წარმომადგენლები ზაქარია მეტრეველი და დიმიტრი ვაჩნაძე გახდნენ.


2016





მომდევნო წელს ახალგაზრდა ლომების კონკურსს კიდევ სამი ახალი კატეგორია: პრინტი, ახალგაზრდა მარკეტერი და Cyber დაემატა.  2016 წელს პრინტის კატეგორიაში კომპანია ABK-მ და მისმა წარმომადგენლებმა - ლევან მელიქიშვილმა და ირაკლი ასათიანმა გაიმარჯვეს, დიზაინის კატეგორიის გამარჯვებულები ამავე კომპანიიდან მიხეილ თოდუა და სანდრო ლალიაშვილი გახდნენ, Cyber-ის ნომინაციის პრიზიორები Leavingstone-ის სახელით გიორგი ავალიანი და ანანო მიმინოშვილი იყვნენ, ხოლო ახალგაზრდა მარკეტერის კატეგორიაში გამარჯვებულები საქართველოს ბანკის წარმომადგენლები - ანა მარკოზაშვილი და ნინო უნგიაძე გახდნენ, რომლებმაც კანის ლომების საერთაშორისო კონკურსზე იმ წელს ახალგაზრდა მარკეტერის კატეგორიაში საქართველოს გამარჯვება მოუტანეს.


2017






2017 წელს Young Lions Georgia-ს კიდევ ერთი კატეგორია - Film დაემატა, რომელშიც გამარჯვება საკომუნიკაციო სააგენტო Windfor's-ის წარმომადგენლებმა - ბექა მეფარიშვილმა და სანდრო ნაკაშიძემ მოიპოვეს, კვლავ Windfor's, ამჯერად ნიკა მონასელიძის და ინგა სვანიძის წარდგენით, გახდა გამარჯვებული დიზაინის კატეგორიაშიც. რაც შეეხება 2017 წლის ბეჭდური რეკლამის გამარჯვებულს - ამ წელს საუკეთესო Mccan Erickson - დავით მჭედლიშვილი და ხატია არველაძე გახდნენ,  Cyber-ის ნომინაციაში გამარჯვება Leavingstone-ის წარმდგენებმა - პავლე გაბრიჭიძემ და ანუკი კონიაშვილმა მოიპოვეს,  ახალგაზრდა მარკეტერები კი, წინა წლის მსგავსად, ისევ ანა მარკოზაშვილი და  ნინო უნგიაძე გახდნენ.

2018






2018 წელს საქართველოს კანის ლომების ახალგაზრდული კონკურსი ხუთ კატეგორიაში გაიმართა, ამ წელს კონკურსს კატეგორია Digital დაემატა, რომელშიც Windfor's-ის სახელით ცოტნე მაზმანიშვილმა და თეო შელიამ გაიმარჯვეს. დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვეს  ანუკი კონიაშვილმა და გიორგი ბრეგვაძემ - ანუ კომპანია Leavingstone-მ,  საუკეთესო ახალგაზრდა მარკეტერის სტატუსი Giovanni Morra-ს წარმომადგენლებმა - პავლე გაბრიჭიძემ და ნათია სვანიძემ მიიღეს, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სანდრო ციცქიშვილმა და მაშო თევდორაძემ JWT Metro-ს წარდგენით გაიმარჯვეს, ხოლო საუკეთესო პრინტნამუშევარი იმ წელს Watergunz-ს და მის წარმომადგენლებს - ანნა გუგუტიშვილსა და ვანო ყუფარაძეს ეკუთვნოდათ. 


2019





2019 წელს დიზაინის კატეგორიაში JWT Metro-მ - ლადო მალაზონიამ და სანდრო ლალიაშვილმა გაიმარჯვეს, Digital კატეგორიის გამარჯვებულები Leavingtone-ის სახელით ემილი ქორიძე და მურთაზ ფურცხვანიძე გახდნენ, ფილმის კატეგორიაში საუკეთესოები Followfox - ანუ გურამ ასათიანი და ლუკა გაგლოშვილი აღმოჩნდნენ, 2019 წელს საუკეთესო პრინტი Mr.Wolf-ის წარმომადგენლებმა ნიკა ხუნდაძემ და მარი გვახარიამ შექმნეს, საუკეთესო მარკეტერები კი  გიორგი გვენეტაძე და ცოტნე ჭანკოტაძე Adjarabet.com-ის სახელით გახდნენ.

 

2021





2020 წელს კანის ლომების საერთაშორისო კონკურსი პანდემიის გამო ჩაიშალა, წელს კი კონკურსი 21-25 ივნისს მთლიანად ციფრულ ფორმატში გაიმართება. ციფრულ ფორმატში გაიმართა შესარჩევი ეტაპი საქართველოშიც, რომლის გამარჯვებულები ამჯერად საუკეთესო პრინტის, დიზაინისა და ფილმის კატეგორიებში გამოვლინდნენ. პრინტის კატეგორიაში წელს საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე Mozaika - ივანე ყუფარაძე და ქეთი მარღანია წარადგენენ, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მინდია არაბულისა და ირაკლი მაჭარაშვილის Leavingstone-ისთვის შექმნილმა ნამუშევარმა გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო დიზაინის კატეგორიაში გამარჯვებული Kraken და მისი წარმომადგენლები თინა მაყაშვილი და ანა მამულაშვილი გახდნენ.