მონრეალში დაფუძნებული ფოტოხელოვანის, დიმიტრი გედესის შემოქმედება, რომელიც სადღაც რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზეა, მოდისა და კონცეპტუალური ფოტოგრაფიის სტილისტურ პოტენციალს იკვლევს. მისი ნამუშევრები ეჭვქვეშ აყენებს სამყაროს ჩვენეული ხედვისა და რეპრეზენტაციის თავისებურებებს, რაც ფოტოგრაფის არატრადიციული, ექსპერიმენტული ხედვის ნაწილია.


”მხიბლავს  ისეთი ვიზუალური სამყაროს შექმნა, რომელიც არასტანდარტული ატმოსფეროთია მოცული”,  - განმარტავს ფოტოგრაფი. ტაიტიზე დაბადებული გედესის შემოქმედებას - როგორც კონცეპტუალური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით - მეოცნებე ხასიათი განსაზღვრავს, რომელიც ბუნებრივად არის მიდრეკილი ფანტასტიკური სამყაროსკენ. მისი სიურეალისტური კადრები კი რეალობის ჩვენეული აღქმის დეკონსტრუქციას და რღვევას იწვევს. “ჩემი მიზანი ისეთი პოეტური ვიზუალის შექმნაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამ კავშირის მიღწევის გზას კი ალტერნატიული რეალობის ფორმირებაში ვხედავ”. 





მისი გამორჩეული კომპოზიციებისა და სინათლის უჩვეულო თამაშის მეშვეობით გედესი ურთიერთობას მის სუბიექტთან განსაკუთრებით ემოციური და სპონტანური ხერხებით ამყარებს, რაც მის ცოცხალ, ექსპერიმენტულ და მეოცნებე შემოქმედებაში გამოიხატება.