“ვფიქრობ, ადამიანის სხეული მთელი მსოფლიოს ისტორიას მოიცავს”
ხელოვანი კიკი სმითი ცნობილია, როგორც მხატვარი-ფემინისტი, რომლის მთავარი მიზანი ნამუშევრების შექმნისას ადამიანის სხეულის შესწავლაა. კარიერის მანძილზე მან უამრავი მრავალფეროვანი ნამუშევარი შექმნა, რომელიც მხატვრობას, ქანდაკებას, ფოტოგრაფიას, ტექსტილურ ნიმუშებსა და პრინტსაც კი მოიცავს.
კიკი სმითი 1954 წელს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში დაიბადა. მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კიკი ნიუ ჯერსიში, მამამისის ბავშვობის ქალაქში, იზრდებოდა. მშობლებს დიდი გავლენა ჰქონდათ სმითის ცხოვრებაზე. დედამისი, ჯეინ ლორენსი, მსახიობი და ოპერის მომღერალი იყო, რომელმაც ჯექსონ პოლოკის ნამუშევარისთვის - No.7 - მოდელად იმუშავა; მამამისი, ტონი სმითი - ცნობილი არქიტექტორი, რომელსაც კიკი და მისი დები საღამოობით პატარა გეომეტრიული ფიგურების მაკეტებს უკეთებდნენ. კიკის მუდამ ჰქონდა ხელოვნების სამყაროსთან ურთიერთობა, ამაში მამამისს დიდი წვლილი მიუძღვნის. როგორც თავად ჰყვება, იმდროინდელი ცნობილი ამერიკელი ხელოვანი ბარნეტ ნიუმანი ხშირად სტუმრობდა სმითების ოჯახს.
ხელოვნების სფეროში კიკის ტრადიციული გზით მიღებული განათლება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე სამხატვრო ინსტიტუტში სწავლობდა, არცერთი არ დაუმთავრებია. სამაგიეროდ, მან შემოქმედება პრაქტიკით ისწავლა, როდესაც 70-იან წლებში მრავალრიცხოვან ხელოვანთა გაერთიანებას შეუერთდა. გაერთიანება Colab იმ დროს ცნობილი იყო იმით, რომ მხატვრობისთვის არასტანდარტულ მასალებს იყენებდა. სმითის ადრეულ ნამუშევრებში ის ხშირად მუყაოს, ბაწარს, ტილოს ხელსახოცებსა და სხვა ნივთებს ხმარობდა.
კიკის ნამუშევრები ყველაზე მეტად ადამიანის სხეულის როლს უსვამს ხაზს. მას აინტერესებს, როგორია ინდივიდის მიმართება ბუნებასთან. შესაბამისად , მის ნამუშევრებში ადამიანი წარმოდგენილია არა როგორც მხოლოდ ფუნქციური საზოგადოების წევრი, არამედ როგორც ბუნების განუყოფელი ნაწილი. ის მისტიკურ, გამოგონილ სამყაროსაც უკავშირდება, რასაც ყველაზე მეტად კიკის გობელენები წარმოაჩენენ.
პირველად კიკის ნამუშევრებმა მედიის ყურადღება 80-იან წლებში მიიპყრო. ეს პერიოდი მისი კარიერის აღმავლობის საწყის წერტილად მიიჩნევა. კიკის მდგომარეობასა და მის შეხედულებებზე დიდი გავლენა იმდროინდელმა გარემოებამ იქონია, რომელიც მამამისის გარდაცვალებასა და 80-იან წლებში შიდსის ეპიდემიას მოჰყვა. ამ დაავადებას მისი დაც კი შეეწირა.
80-90-იან წლებში კიკის მიერ ადამიანის სხეულის პერცეფციის უნიკალური ხედვა გამოიკვეთა. მასში იგულისხმება სხეულის გარედან პერსპექტივისა და აგრეთვე მისი შიდა მექანიზმის წარმოჩენაც. კიკი კერამიკისგან ადამიანის ორგანოების ქანდაკებებს აგებდა. მისი ნამუშევრები, უმეტესად, ქალის სხეულზე ამახვილებდა ყურადღებას. ის ზღვარს ავლებს ხალხის მიერ დანახულსა და ქალის რეალურ გარეგნობას შორის, ყურადღებას ამახვილებს სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებსაც ხშირად საზოგადოება არც განიხილავს. ბევრ მის ნამუშევარში სხეულზე მკაფიოდაა გამოკვეთილი თმა, როგორც, მაგალითად, ცვილის ქანდაკებაზე - mary magdalene.
ერთ-ერთ ინტერვიუში კიკის უთქვამს, რომ “ხელოვნება არის შინაგანის გამოსახულება”. როგორც ჩანს, ეს ნათქვამი პირდაპირაა გაგებული მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ცვილის ფიგურა - Virgin Mary - წარმოაჩენს ქალის სხეულს კანის ქვეშ. მასზე გამოკვეთილია კუნთები, ვენები და არტერიები. ის ხაზს უსვამს იმას, რაც ქალის სხეულისთვის ბუნებრივია, თუმცა თანამედროვე საზოგადოება ამ ნაწილებს ხშირად შლის თავისი წარმოდგენიდან, ვინაიდან ესთეტიკურად არ მიაჩნია.
თავის ქანდაკებებზე, ფოტოსურათებსა და გობელენებზე კიკი, პირველ რიგში, გამოსახავს იმ სამყაროს, რომელიც მის თვალწინაა წარმოჩენილი. ბევრ კრიტიკოსს სურდა ფარული სიმბოლიკა ან პოლიტიკური მოტივი აღმოეჩინა მის ნამუშევრებში, თუმცა კიკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი შემოქმედება უბრალოდ მსოფლიოს რაღაც ნაწილების ანარეკლია. “ჩემზე გავლენას ახდენს ის, რაც ჩემ ირგვლივაა, ჩემი ნამუშევარი უბრალოდ რეაქციაა ამ ყველაფერზე”. კიკის შემოქმედებას რომ ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ უცნაურ და ოდნავ მისტიკურ სამყაროსაც კი, რომელიც ერთი შეხედვით ირაციონალურია. სინამდვილეში კი მისი ხედვა იმავე ბუნებიდან გამომდინარეობს, რომლის ნაწილები ჩვენ ვართ. ამიტომ, როდესაც სირინოზების ქანდაკებებს ვუყურებთ, ან გობელენს, რომელზეც, მისი სიტყვებით, მიწისქვეშეთია გამოსახული, გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი იმ სამყაროს ანარეკლია, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.
ფოტო:
1. Artsy.net
დაწერე კომენტარი