რიჩარდ ჰამილტონზე ამბობენ, რომ ის იყო არტისტი, რომელიც „მთელი არსებით ეხმიანებოდა თავის ეპოქას“ და მიმდინარე მოვლენებს ლამის ეპიკურ ხასიათს სძენდა. ჰამილტონი სოციალური ცვლილებებით იყო დაინტერესებული, რომლის მოწმეც თავად ხდებოდა, საკუთარ შემოქმედებაში კი სამომხმარებლო კულტურის ზრდას და პოლიტიკურ მოვლენებს ასახავდა. ეს იყო ნახატებით, კოლაჟებით, პორტრეტებით, ინტერიერითა და პეიზაჟებით გადმოცემული მანიფესტები, რომლებსაც სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია ჰქონდა. მისი ნამუშევრები ეკლექტიკურ შოკს იწვევდა, გადმოსცემდა თანამედროვე პროცესებსა და დამოკიდებულებებს, თანამედროვე საცხოვრებლის, ტექნოლოგიისა და ტექნიკის მიმართ გიჟურ, სამომხმარებლო სწრაფვას.
კოლაჟი „ინტერიერი“ ნამუშევართა იმ სერიას განეკუთვნება, რომელიც 1948 წელს გადაღებული ფილმის კადრის მიხედვით არის შექმნილი. ჰამილტონმა ეს კადრი შემთხვევით აღმოაჩინა, როცა ნიუკასლის უნივერსიტეტში ხელოვნებაზე ლექციებს კითხულობდა და რეჟისორ დუგლას სირკის ფილმის, „შოკგამძლეს“ ერთ-ერთი კადრის ფოტოსურათი აუდიტორიაში იატაკზე დაგდებული შენიშნა. ჰამილტონი კადრში ფრთხილად დალაგებული კომპოზიციით მოიხიბლა. ფოტოში ყველაფერი ახალგაზრდა ქალის ირგვლივაა თავმოყრილი, რომელიც კამერისკენ არის მობრუნებული. კადრში ავისმომასწავებელი ატმოსფერო იგრძნობოდა, რაც ერთი მხრივ, კადრის დამრეცი პერსპექტივით იყო განპირობებული. ჰამილტონმა კადრის შთაგონებით სამი კოლაჟის ესკიზი და ორი ნახატი შექმნა, რომელიც ორიგინალ კადრზე არანაკლებ შიშისმომგვრელი, პროვოკაციული და ორაზროვანია.
„ინტერიერის“ ესკიზები ჟურნალიდან ამოჭრილი ფრაგმენტებითაა გაკეთებული. ჰამილტონმა მარცხნივ, იატაკზე დაშვებული ფარდა თანამედროვე ჟურნალიდან ამოჭრა. მსახიობ პატრიცია ნაითის გამოსახულება უცნობი ქალის სურათით შეცვალა, რომელიც 1960-იანი წლების მოდაზეა ჩაცმული. ქალი თურქულ ხალიჩაზე დგას, სასადილო ოთახისკენ გამავალი კარის ზღურბლთან. მის უკან, ჩუქურთმებიან სარკეში ჩარჩოში ჩასმული სურათის ანარეკლი ჩანს. წიგნების თაროს, ყვავილებიან ლარნაკსა და მიხურულ, ორმაგ კარს მოლბერტისმაგვარი, მოზრდილი კვადრატი ნახევრად ფარავს. ამ კვადრატულ „ტილოზე“ ტელევიზორის ფოტოა ჩასმული, რომელზეც რამდენიმე ფიგურაა გამოსახული. ყვითელ ოთხკუთხედ ფრაგმენტს, რომელიც თითქოს ხის პარკეტიდან არის ამოზრდილი, შუაზე ყოფს მუქი წითელი ოთხკუთხა ფრაგმენტი, რომელიც ხალიჩას წააგავს და ორიგინალი ფილმის კადრის მსგავსად მოკლული ადამიანის სხეულის ასოციაციას ტოვებს.
თავდაპირველად, ჰამილტონი კოლაჟებს ჟურნალებიდან და ღია ბარათებიდან ამოჭრილი სურათებით აკეთებდა, ნელ-ნელა კი თვითონაც დაიწყო ფოტოების გადაღება, რომლებზეც სხვადასხვანაირი ინტერიერის ფრაგმენტები იყო გამოსახული. მოგვიანებით ფოტოებს უკვე სპეციალურად თავისი ნახატებისა და ციფრული კოლაჟებისთვის იღებდა.
„ინტერიერი მონოქრომებით“ ასევე კოლაჟია, რომელიც დანაწევრებულ ინტერიერს გვიჩვენებს. თეთრ ფურცელზე ჰამილტონმა სამი ცალი შავ-თეთრი ფოტო დაიტანა, რომლებზეც სხვადასხვა ფოტოებიდან ამოჭრილი ოთახებია გამოსახული. კოლაჟში ჰამილტონმა ავეჯის ცნობილი დიზაინერის, გეირტ რიტველდის „წითელი/ლურჯი სკამის“ ფერადი ფოტო ჩაამატა, რომელიც ღია ბარათიდან ამოჭრა. ეს სკამი ჰამილტონის სხვა ნამუშევარშიც ჩნდება, სახელწოდებით „მომენტალური ნახატი“. ყავის მაგიდაზე წითელი სკამის უკან ჯინისა და ტონიკის თუნუქის ორი ქილა აწყვია, რომელიც ჰამილტონის საყვარელი სასმელი იყო. სამუშაოს წარმატებით დამთავრების შემდეგ, მას ჩვევად ჰქონდა რიტუალი: ჯინსა და ტონიკს ერთმანეთში ურევდა, სიგარას უკიდებდა და ასე ცერემონიულად ამტკიცებდა მათ დასაბეჭდად. დივნის უკან, კედელზე, ჟოსეფ ბოის ნახატი ჰკიდია. ეს არის ვერტიკალურად ჩამწკრივებული სამი შავი დისკო, რომელთა ზომაც ქვევით და ქვევით სულ უფრო მცირდება. ნაცრისფერი კედლის მეოთხე ფოტო მეორე და მესამე ფოტოს ქვეშ არის მოქცეული და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მეორე ფოტოზე გამოსახული მოჭრილი კარის ქვედა ნაწილი იყოს. ლურჯი კვადრატი არტისტ ივ კლაინს გვახსენებს. კოლაჟზე მეორე ასეთივე კვადრატიცაა, ოღონდ ნარინჯისფერი და გვერდულად მობრუნებული, რაც კომპოზიციას აბალანსებს.
ჰამილტონს სურდა თავის შემოქმედებაში ყოველდღიურობა მოექცია. მის ყველაზე ცნობილ კოლაჟში, სახელწოდებით „რა არის ის, რაც დღევანდელ სახლებს ქმნის ასე განსხვავებულს, ასე მიმზიდველს?“ საცხოვრებელი სივრცეა წარმოდგენილი, რომელიც სავსეა იმ ეპოქისთვის სასურველი და ტრენდული ნივთებით, როგორიცაა: ტელევიზორი, მტვერსასრუტი, ლორის კონსერვი, მაგნიტოფონი, ბოდიბილდერის კუნთები, ნახევრად შიშველი დიასახლისის სექსუალური ფიგურა კონუსისებური ქუდით თავზე და სხვა. ჰამილტონი ამით ერთგვარ სამომხმარებლო კატალოგს ქმნიდა, რომელიც საკმაოდ ზუსტი და თან კომიკურიც იყო. თუმცა, ამავდროულად, საშინლად ქაოსურიც. ალბათ სხვა არტისტის არცერთი ნამუშევარი ისე ზედმიწევნით არ გამოხატავს 1950-იანი წლების პერიოდის უცნაურ, ორაზროვან სულს, როგორც რიჩარდ ჰამილტონის შემოქმედება, ომის შემდგომი „უზრუნველი ცხოვრების“, ამერიკული სტილის სიმბოლოებით. მამაკაცს ხელში წვრილ ჯოხზე წამოცმული უზარმაზარი კანფეტი უჭირავს, წარწერით Pop, რომელიც მნახველს პირდაპირ თვალში ხვდება. თუ ჭერს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მასზე ღრუბლებით გარშემორტყმული დედამიწის ზედაპირია გამოსახული, რომელიც აშკარა მინიშნებაა ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის გამართულ კოსმოსურ შეჯიბრზე; ასევე მიანიშნებს იმაზე, თუ რა ამაო და უაზრო ჩანს ეს ყველაფერი სამყაროს უფრო დიდი მასშტაბებიდან. ჰამილტონი თავის ნამუშევრებზე ამბობდა: „ისე ჩანს, თითქოს ნახატი ჩვენს საზოგადოებაზე დამცინავი კომენტარია, მაგრამ ვფიქრობ ჩემი მიზანი იყო მეძებნა ის, რაც ყოველდღიური საგნებისა და მიდგომებისთვის იყო დამახასიათებელი“. ცხადია, რომ ეს ერთგვარი სატირაცაა. ჰამილტონის ამ კოლაჟს ხშირად პოპარტის პირველ ნამუშევრადაც მიიჩნევენ.
ჰამილტონმა 1956 წელს გაკეთებული კოლაჟი, მოგვიანებით „განაახლა“ და 1990-იანი წლების ტრენდებს მოარგო. მოტივის ძიებაში იგი თავის ძველ კოლაჟს მიუბრუნდა, რომელიც 90-იან წლებში უკვე მოძველებული ჩანდა, თუმცა არტისტს საშუალება მისცა ის განსხვავება დაენახა, რაც ამ დროის მანძილზე მოხდა. მან თავისი 1992 წელს განახლებული კოლაჟისთვის ისევ იგივე მოტივები შეარჩია: ქალი, მამაკაცი, კაცობრიობა, ისტორია, საკვები, კინო, ტელევიზია, ტელეფონი, კომიქსები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კოსმოსი და სხვა. ნამუშევრის სტრუქტურულ ბაზისად ღია ბარათზე გამოსახული ესპანური სასტუმროს ოთახი გამოიყენა, რომელიც დაასკანერა, ზომა გაადიდა და მასზე კოლაჟის აწყობა დაიწყო. კედლის შპალერი ელექტროპლატის გამოსახულებით ჩაანაცვლა, რითაც ხაზი გაუსვა ციფრული პერიოდის მზარდ აქტუალობას. ოთახის ფანჯრებში ომის სცენები ჩანს - მტვრის კორიანტელში გახვეული ტანკი, რომელიც 1991 წელს სპარსეთის ყურის ომზე მიანიშნებს და ეთიოპელი ლტოლვილების ჯგუფი თავისი გაუბედურებული, მოშიმშილე ხალხით, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ. ფანჯარასთან მდგარი პატარა ბიუსტი მარგარეტ ტეტჩერის კარიკატურაა. სწორედ ტეტჩერმა დაუჭირა მხარი ერაყის წინააღმდეგ ჯარის გამოყენებას მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 1990 წელს ქუვეითი დაიპყრო. ოთახის ცენტრში თეთრი მიკროტალღური ღუმელი დგას, გვერდით კი თევზის ნახევარფაბრიკატი უწყვია. უკან, ტელევიზორში 1992 წელს გადაღებული ფილმ „ბალახის მთიბავია“ ნაჩვენები, რომლის სიუჟეტიც ვირტუალურ რეალობაზეა. ჭაღის ადგილზე პლანეტა იუპიტერი ჰკიდია (ძველ კოლაჟში დედამიწა იყო) და 1992 წელს, პლანეტაზე კოსმოსური ხომალდის, „ულისეს“ ვიზიტზე მიუთითებს. თაროებზე ვიდეოკასეტები და აუდიო ტექნიკაა შემოწყობილი. ირონიულად არის წარმოჩენილი გენდერული როლების ცვლილებაც, სადაც ბოდიბილდერი მამაკაცის ნაცვლად ჰამილტონმა დაკუნთული ქალის ფიგურა ჩასვა და ძველი კოლაჟის სექსუალურ და გამომწვევ ქალსაც სხვა იმიჯი მოარგო. ქალს ჯოხზე წამოცმული კანფეტის ნაცვლად ხელში აბრა უჭირავს, წარწერით „გაჩერდით - ბავშვები“ (STOP – CHILDREN). ბოდიბილდერი მამაკაცი კი ფინანსისტით შეცვალა, რომელსაც თავად არტისტმა გადაუღო ფოტო. ფინანსისტს ადამი ჰქვია, ზურგით მნახველისკენ შებრუნებული მონიტორებისა და ტელეფონების გარემოცვაშია, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბირჟებს უკავშირდება და ფულს ასე შოულობს.
ფოტო:
1. theguardian.com
2. artsy.net
დაწერე კომენტარი