2021 წლის 2-13 ივნისის ჩათვლით ჰამბურგის mom art space- ი წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანების - ნატა სოფრომაძისა (დაბ. 1981 წ., ქ. სოხუმში) და სალომე თინიკშვილის (დაბ. 2001 წ. ქ. გორში) გამოფენას. ამჟამად ორივე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.
გამოფენას, სახელწოდებით „Lascia ch’io pianga “ მიუნხენში მცხოვრები ხელოვნებათმცოდნე თინათინ ღუღუნიშვილი უწევს კურატორობას.
კურატორი ორ ქვეყანასა და კულტურაში მცხოვრები დამკვირვებლის პერსპექტივიდან წარმოაჩენს კულტურათაშორის განსხვავებებს სამგლოვიარო წეს-ჩვეულებებსა და სიმბოლოებს შორის. საქართველოდან გადმოსვლის შემდეგ იმის გაცნობიერება, რომ გერმანიაში წარმვალობის დემონსტრირება ყოველდღიურობიდან თითქმის განდევნილია, შვება იყო მისთვის, ვკითხულობთ გამოფენის კონცეპციაში, რომლის ავტორიც ბავშვობაშივე იძულებული იყო, არაერთ სამგლოვიარო თუ დაკრძალვის რიტუალს დასწრებოდა.
თუმცა, წლების გასვლის შემდეგ, მისთვის ცხადი გახდა, რომ სიკვდილის ანონიმურობა განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების კულტურებში დაკავშირებული უნდა ყოფილიყო გარდაუვალი დასასრულის გააზრების თავიდან არიდებასთან. ეს კი კითხვებს ბადებდა.
და საქართველოში?
სოციალიზმის მარცხის შემდეგ, 1990-იან წლებში კაპიტალიზმის დამყარების (მცდელობის) ჯერი დადგა. შედეგზე ორიენტირებულმა კაპიტალისტურმა სისტემამაც ვერაფერი შეცვალა გამოთხოვებებისა და გლოვის წარმართულ-ქრისტიანულ ტრადიციებში. მიცვალებულთან გამოთხოვება და პანაშვიდები, რომლებიც დღეების განმავლობაში გრძელდება და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენებად შეიძლება იქცეს, მიცვალებულის კულტი, სასაფლაოების მოწყობა და სიკვდილთან დაკავშირებული სხვა მრავალი რიტუალი საქართველოში ყოფის მნიშვნელოვანი სოციოკულტურული ასპექტებია, სადაც ქალები, ტრადიციულად, განსაკუთრებულ, „პერფორმატორულ“ როლს ასრულებენ.
რატომ არის წარმავლობასთან დამოკიდებულება ასეთი განსხვავებული? გერმნიაში დამკვიდრებული სეკულარიზმისა და საქართველოში რელიგიის დიდი გავლენის გამო? იქნებ კაპიტალისტური ეკონომიკის ხანგრძლივი ტრადიციაა მიზეზი? თუ ევროპული პოსტმოდერნისტული ფილოსოფიური სკოლის გავლენა წარმავლობის მცნებაზე და გამიჯვნა კოლექტიური გლოვის რიტუალებისგან? სად უნდა ვეძებოთ ახსნა?
ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად და თემაზე დიალოგის დაწყების იმედით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში ეხებიან წარმავლობას, რომელიც საკუთარი კულტურის გავლენითა და გამოცდილებით გაიაზრეს.
ნატა სოფრომაძე დაიბადა 1981 წელს ქ. სოხუმში, საქართველოში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იტალიური ენის ფილოლოგის სპეციალობით. 2001-2006 წლებში სწავლობდა დოკუმენტური ფოტოგრაფიის სკოლაში თბილისში და მოსკოვის ფოტოგრაფიის აკადემიაში.
სალომე თინიკაშვილი 2001 წელს, ქალაქ გორში, საქართველოში დაიბადა.იგი სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში, სახვითი ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში.
გამოფენის სათაური უკავშირდება მუსიკის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილ სამგლოვიარო სიმღერას, რომელიც პირველად შესრულდა 1705 წელს ჰენდელის პირველი ოპერის „ალმირა, კასტილიის დედოფალი“ პრემიერისას ჰამბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ჰელგა კოტჰოფი, რიტუალური გლოვის სოციო-ლოგიკა საქართველოში, GERMANISTISCHE STUDIEN (გერმანისტიშე შტუდიენ), გერმანული ენის საზოგადოების (Verein Deutsche Sprache) გაზეთი (საქართველო), N. 10, საიუბილეო გამოცემა ლალი ქეცბა-ხუნდაძისა და ფრიდერიკე შმოეს რედაქციით, თბილისი-დორტმუნდი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2009, გვ. 83-102
გამოფენა იმართება ჰამბურგის კულტურისა და მედიის სამსახურის, გაერთანება გენგეფირტელ (ჰამბურგი), გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში (თბილისი) და TGB ART PROJECTS (მიუნხენი) ხელშეწყობით.ნხენი) ხელშეწყობით.
დაწერე კომენტარი