“ხელოვნება ჩემთვის ცხოვრების განმავლობაში განცდილი მრავალი ემოციისა და აზრის გაერთიანების შესაძლებლობაა”. - ამბობს ხელოვანი George Tyebcho, რომელიც საინტერესო და გამორჩეულ ციფრულ ნამუშევრებს არქიტექტურისა და სიურრეალისტურად აღქმული სივრცეებისა თუ საგნების გავლენით ქმნის. თვითნასწავლი არტისტის გამომსახველობითი ენა მრავალი ექსპერიმენტის, კინემატოგრაფიული ფონისა და დიდი შინაგანი ენერგიის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ხელოვანი მიიჩნევს, რომ ფერები, გარემო და ფორმები, რომლებსაც “მისეულ ესთეტიკურ ხედვაზე” დაყრდნობით ქმნის,  საკმარისია იმ უცხო შეგრძნებების მისაღებად, რასაც ყველა ნამუშევარი უნდა ჩანდეს - მისი ციფრული შემოქმედება სიურრეალისტური და მატერიალური სამყაროს შერწყმაა. 



გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება ხელოვნებას?

ხელოვნება ჩემთვის ცხოვრების განმავლობაში განცდილი მრავალ ემოციისა თუ აზრის გაერთიანების შესაძლებლობაა. ყველაზე მეტად მუშაობის პროცესი მიყვარს, რადგან როგორც ცხოვრებაში, ასევე ხელოვნებაშიც გიწევს გადაწყვეტილებების მიღება. საბოლოოდ ეს გადაწყვეტილებები აყალიბებს შენს იდენტობას და ქმნის თვითონ ხელოვნებასაც, რაც ერთგვარი მოგზაურობაა, თავგადასავალია საკუთარ თავთან. ჩემი ციფრული ნამუშევრები სიურრეალისტური და მატერიალური სამყაროს შერწყმაა.

ჩემი ცხოვრება ხელოვნებასთან  ყოველთვის იყო კავშირში, უბრალოდ სხვა მიმართულებით -  პროფესიით ვიდეოგრაფერი ვარ. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს სტუდია  - „კოლაბა“ , რომელიც სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება.



მოგვიყევით ციფრულ ხელოვნებასთან თქვენი პირველი კავშირისა და ამის შემდგომი განვითარების შესახებ.

ამ პროცესს ძალიან ბევრი ექსპერიმენტი უძღოდა წინ  -   პირველი შეხება ციფრულ ხელოვნებასთან 3D გამოსახულების ვიდეოში ინტეგრაციის მცდელობა იყო,  რაც  ჩემი ამ სფეროთი დაინტერესების მიზეზი გახდა. რაც შეეხება ჩემს პირველ ნაბიჯებს ზოგადად ხელოვნებაში, ეს სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - არქიტექტურა, სიურრეალისტურად აღქმული სივრცეები და საგნები.



თქვენ მიერ არჩეული გამომსახველობითი ენა უცხო და სახასიათოა, რა განსაზღვრავს მის სპეციფიკას და როგორ მოხდა მისი ჩამოყალიბება?

ხელწერა და კომპოზიციის შეგრძნება კინომატოგრაფიულმა ფონმა გაამდიდრა, რამაც ჩემი წარმოსახვის, რომელსაც ჩემს ესთეტიკურ ხედვას ვუწოდებ,  სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასაც შეუწყო ხელი. ის, როგორც უკვე ვახსენე, ბევრი ექსპერიმენტისა და დიდი შინაგანი ენერგიის საფუძველზე ჩამოყალიბდა - სურვილის საფუძველზე, რომ შემექმნა ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს პროცესია. მომწონს, რომ თვითნასწავლი ვარ, მსგავსი თავისუფლება გეხმარება,  უფრო ინდივიდუალური იყო -  გქონდეს შენეული სტილი და ხედვა.



გვიამბეთ იმ ინტერესის სფეროების შესახებ, რომელიც შთაგონებად იქცევა ხოლმე თქვენთვის მუშაობის პროცესში.

ჩემი შთაგონება არქიტექტურაა, ბევრი ცნობილი არქიტექტორის ნამუშევარი მომწონს, მაგალითად, Luis Barragàn-ის, Ricardo Boffill-ისა  და Xavier Corberó-სი. ჩემი შთაგონების წყარო ასევე არიან მხატვრები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებში არქიტექტურას იყენებენ:  George de Cherico, John Register და სხვები. მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინიც და ზოგადად ყველაფერი, რასაც სიტყვა დიზაინი მოიცავს. მუშაობის პროცესში ვაკეთებ გამოკვლევას სტილისტიკაზე, ფერებზე და ვცდილობ, გარემო  ჩემს ხედვასა და შთაგონებაზე დაყრდნობით შევქმნა.

ნამუშევარზე იქამდე ვმუშაობ, სანამ ის შეგრძნება არ გამიჩნდება,  რომ ეს ის არის, რისი შექმნაც მინდოდა. ხანდახან ნამუშევარი რაიმე კონკრეტული ისტორიის მატარებელი არ არის, ჩემთვის ფერები, გარემო და ფორმები  საკმარისია იმ უცხო შეგრძნებების მისაღებად, რასაც ყველა ნამუშევარი უნდა ატარებდეს. მუსიკა ერთ-ერთი მთავარია დეტალია, რაც შექმნის პროცესში მეხმარება, ხშირად სწორედ მუსიკაზეა ხოლმე დამოკიდებული ის, თუ როგორი იქნება შედეგი.



როგორ ფიქრობთ, როგორც ხელოვანს, რამდენად გიწყობთ გარემო ხელს იმაში, რომ მუდმივად პროდუქტიული იყოთ და მუდმივად არსებობდეს ინსპირაცია?

ჩემი აზრით, ხელოვანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა გარემო, არამედ გონებაა - მისი სიჯანსაღე და სისუფთავე. რა თქმა უნდა,  მეც მაქვს პერიოდები, როცა არაფერს ვქმნი, გარე ფაქტორების ან უბრალოდ სულიერი მდგომარეობის გამო.



თქვენ მიერ შექმნილმა ნამუშევრებმა მერსედესის ამერიკულ გვერდი დაამშვენა - გვიამბეთ ამ წარმატების შესახებ.

ჩემი შემოქმედების მიმართ ამდენად დიდი გამოხმაურება სოცმედიაში  მოულოდნელი იყო, Saatchi Gallery - ამ და უამრავმა ცნობილმა არტგალერეამ თუ ჟურნალმა გააზიარა ჩემი ნამუშევრები. Mercedes Benz-ამდეც ამ ჯაჭვური რგოლით მივედი, მომწერეს და ნებართვა მთხოვეს, რომ  ჩემი ნამუშევარი დაეპოსტათ. ამის პარალელურად მომწერეს ისეთმა არტისტებმაც, რომელთა ნამუშევრებსაც ძალიან ვაფასებდი და მათგან შთაგონებას ვიღებდი, გაჩნდა ბევრი კოლაბორაციის შემოთავაზებაც. მიყვარს მუსიკოსების ალბომების ქავერებზე მუშაობა, ძალიან საინტერესო იყო Apparat-ის ვინილ ბოქსის ქავერზე მუშაობა - მიმართულებად ძველი, 90-იანების 3D სიურრეალისტური სტილი ავირჩიე.



ყველაზე მეტად რა გხიბლავთ იმ მედიუმში, რომელშიც მუშაობთ - რა გახდა ციფრული ხელოვნებით დაინტერესების მიზეზი?

ძირითადად 3D პროგრამაში ვმუშაობ: ვაკეთებ ფაილს, სადაც სრული სიცარიელეა და ჩანს ჰორიზონტი, მე კიდევ შემიძლია შევქმნა ის, რაც მომწონს, მაფიქრებს და ჩემი შინაგანი ესთეტიკის ვიზუალიზაციასაც სწორედ ამ ფორმით ვახდენ.



თქვენს ნამუშევრებში ხშირად ჩნდება ავტომობილები ყვავილებთან ერთად - რა იდეური დატვირთვა აქვთ თქვენთვის მათ შერწყმას?

მანქანებსაც, როგორც ხელოვნების ნიმუშებს, ისე ვუყურებ - მათ აღვიქვამ როგორც ინტერიერში ან რაიმე სხვა გარემოში არსებულ ნივთს, რომელიც გარკვეულ ჰარმონიას ქმნის. ყვავილების საშუალებით კი ჩემს შემოქმედებაში ფერები შემომაქვს, რაც ყველა ჩემს ნამუშევარში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ ხასიათსა და მუხტს სწორედ რომ ფერები ანიჭებს.



და ბოლოს, ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამჟამად ჩვენი სტუდია ერთ-ერთი ცნობილი მანქანის ბრენდის ამსახველი ნამუშევრების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც მალე გამოქვეყნდება. ასევე გეგმაში ბევრი პერსონალური პროექტია, მაგალითად, 3D მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა.