"დილის რვის ნახევარზე ჩემმა შვილმა გამაღვიძა, გამიხარდა მისი გაღიმებული სახის დანახვა, საწოლიდან ავდექით და გამახსენდა მუცელში პეპლებს ვგრძნობდი, ოღონდ არა რომანტიკული ფორმით. გამახსენდა, რომ ხელები უნდა დაიბანო... რომ გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება... მომავლის შესახებ ჩემი ფიქრები ბუნდოვანი და ქაოსური გახდა". - ასე იწყება ფოტოგრაფ დარო სულაკაურის პანდემიის დღიური, სახელად "სიზმარს ვხედავდი...", რომელშიც ავტორმა კორონავირუსის პანდემიის პირველი სამი თვე ასახა, მაშინ როცა ყველაფერი ჯერ კიდევ ახალი, უჩვეულო და ძალიან უცნაური გვეჩვენებოდა. ადამიანებისგან დაცლილი ქუჩები და ნიღბებით დაფარული სახეები, საიდანაც მხოლოდ თვალები მოჩანს, მანამდე არასდროს გვინახავს, ყველაფერმა, რასაც ცხოვრებას ვეძახდით, ფორმა იცვალა და საბოლოოდ ოთხ კედელში მოექცა, ისეთმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმაც კი როგორებიც ადამიანის დაბადება ან გარდაცვალებაა, ძალიან ვიწრო წრეებში გადაინაცვლა. დარო სულაკაურის პანდემიის დღიური სწორედ ამ ყოფით ამბებს მოგვითხრობს, რაზე საუბარიც სხვა დროს და სხვა ვითარებაში ალბათ ზედმეტად ბანალურად და ჩვეულებრივად მოგვეჩვენებოდა, თუმცა როგორც ყველაფერი დანარჩენი, პანდემიურმა გარემომ ჯერ ამ ყველაფრის მნიშვნელობა შეცვალა, შემდეგ კი ნელ-ნელა ახალი რეალობა კვლავ ჩვეულებად მიგვაღებინა, იმდენად რომ, დღეს როცა ამ დღიურს კითხულობ, ხვდები რამდენად ბუნებრივი და ორგანული გახდა ის, რაც დასაწყისში ძალიან ჰგავდა სიზმარს. 

პანდემიის დროს გადაღებული ეს ნამუშევრები თავდაპირველად ჯერ უწყვეტი ფორმით დაროს პირად ვებგვერდზე განთავსდა, შემდეგ ხელნაკეთი წიგნის ფორმაც მიიღო და საბოლოოდ მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეშიც გადაინაცვლა. ნამუშევრებისა და არტობიექტად ქცეული დღიურის ხილვა დამთვალიერებელს მარჯანიშვილის 7-ში 17 ივნისამდე შეეძლება, მანამდე კი თავად ავტორი მის შესახებ უფრო ვრცლად და დაწვრილებით ინტერვიუში მოგვიყვება.




დარო სანამ მიმდინარე გამოფენაზე ვისაუბრებდეთ, მოგვიყევი, პირველად როდის და როგორ გაგიჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ?

თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა ფოტოგრაფობა დავიწყე, თუმცა მაშინ ეს ძალიან გაუცნობიერებელი გადაწყვეტილება იყო. საქართველოდან ამერიკაში ცხრა წლის ასაკში წავედი, რომ დავბრუნდი, ქართული საკმაოდ დავიწყებული მქონდა, მაშინ აქ ყველა ჯერ კიდევ რუსულად საუბრობდა და ინგლისური თითქმის არავინ იცოდა. მე რადგან არც რუსული ვიცოდი, ჩემს ინგლისურსაც ვერავის ვაგებინებდი და ქართულადაც საშინლად ვმეტყველებდი, საუბრისა და ემოციების გადმოცემის ერთადერთ საშუალებად ფოტოგრაფია მრჩებოდა. თოთხმეტი წლისამ  დავიწყე გადაღება, ვიღებდი ყველაფერს - მეგობრებს, ოჯახის წევრებს... კამერა თითქოს ჩემი განუყოფელი ინსტრუმენტი გახდა, რომლის გარეშეც სახლიდან გასვლაც კი ვერ წარმომედგინა, თავიდან ალბათ ენობრივმა ბარიერმა განაპირობა ჩემი ფოტოგრაფიისადმი ინტერესი, შემდეგ ნელ-ნელა ეს ყველაფერი კიდევ უფრო განვითარდა და საბოლოოდ მივხვდი, რომ ფოტოგრაფია ჩემი პროფესიაც შეიძლებოდა გამხდარიყო.



გახსოვს პირველი ფოტოპროექტი?

პირველი ფოტოპროექტი, სახელად Terror Incognita -  პანკისში მცხოვრები ჩეჩნების შესახებ გავაკეთე, რომელმაც ფოტოგრაფიისადმი ჩემი ხედვა ცოტა შეცვალა და მიმახვედრა, სინამდვილეში რამხელა ძალა აქვს მას. ჩემი დიდი ბებია ეროვნებით ჩეჩენი იყო, პანკისში იმ დროს, 2007-2008 წლებში, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ვინმეზე თუ გაიგებდი, რომ ჩეჩენია, ის ადამიანი აუცილებლად ტერორისტთან ასოცირდებოდა. მინდოდა, რომ ეს სტერეოტიპი დამერღვია, ამ ისტორიის გადაღება რომ დავასრულე, ბევრმა მომწერა, რომ ეს ადამიანები სულ სხვა კუთხით დაინახეს, ზუსტად მაშინ მივხვდი, რამხელა ძალა აქვს ფოტოგრაფიას და რამდენი რამის შეცვლა შეუძლია, შეიძლება მთლად ასი პროცენტით ვერ შეცვალო ყველაფერი, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, რომ ადამიანებში ცნობიერება ცოტათი მაინც აამაღლო და სულ სხვანაირად დააწყებინო ფიქრი.




ნიუ-იორკში ფოტოჟურნალისტიკის სკოლაში სწავლობდი, მოგვიყევი, როგორ შეცვალა ამ გამოცდილებამ  შენი ფოტოგრაფიული ხედვა?

სინამდვილეში ყველაზე მეტი გამოცდილება მაინც საქართველოში მივიღე. ჩემი მშობლებიც ხელოვანები არიან და მათაც ბევრი რამ მომცეს, ამერიკაში უფრო კონტაქტები დავაგროვე, უფრო მეტად გავერკვიე ფოტოჟურნალისტიკაში და ვისწავლე, როგორ მომეყოლა ესა თუ ის ამბავი, მაგრამ საფუძველი და რასაც ჰქვია სიღრმისეული ცოდნა, მაინც საქართველოში მივიღე.




არსებობდა გადაწყვეტილების მიღების მომენტი, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით წახვიდოდი თუ ეს თავისთავად მოხდა?

არჩევანის მომენტი საერთოდ არ მქონია, დღემდე არ ვაკონკრეტებ, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფი ვარ. ჩემს თავს ფოტოჟურნალისტს ვუწოდებ. იმის გამო, რომ ფოტოში ბევრ რამეს არ ვცვლი, ვფიქრობ, ფოტოჟურნალისტიკასთან უფრო ახლოს ვარ, თორემ ექსპერიმენტები ძალიან მიყვარს და მგონია, რომ ფოტოგრაფიისთვის ყველაზე საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ახლა უკვე შეგიძლია ბევრი ელემენტი ჩართო და ფოტოგრაფიას ბევრი სხვადასხვა მედიუმი დაუკავშირო. სხვამ შეიძლება დოკუმენტალისტის კატეგორიაში მომაქციოს, მაგრამ მე პირადად არ მიყვარს კატეგორიებში მოქცევა, სულ ვფიქრობ, რომ ყოველთვის შეიძლება ჟანრობრივად განსხვავებული პროექტის გაკეთება.



ზოგადად, როგორ დაახასიათებდი  იმას, რაც აქამდე შეგიქმნია, როგორ ფიქრობ, რა არის შენი ფოტოგრაფიის კონცეპტი?

პანდემიის დროს ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა საკუთარ თავთან. ძალიან შეიცვალა ეს სფერო, თუ ადრე ქუჩაში გავიდოდი და ბავშვს გადავიღებდი, ისე რომ მის ვინაობას არც დავაკონკრეტებდი, ახლა ასე ალბათ აღარ მოვიქცევი, ახლა უკვე ცოტა არაეთიკურად მიმაჩნია. ბევრი ასეთი კითხვა გამიჩნდა, მათ შორის იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რა არის ფოტოგრაფია. ვფიქრობ, სულ ვითარდება ეს პროცესი, რაც უფრო ერკვევი საკუთარ თავში, ფოტოგრაფიის არსსაც უკეთ იგებ და ამ მხრივ, მგონია, რომ ძალიან განვვითარდი. ალბათ ვერც საკუთარი სახასიათო სტილის შესახებ   ვისაუბრებ,  ის კონკრეტული მომენტი და წამიერი გადაწყვეტილება, როცა ფოტოგრაფი ღილაკზე თითს აჭერს, მთლიანად განვლილი ცხოვრებიდან მოდის, ეს  ყველაფერი კი რაღაც მომენტში ერთიანად იკვრება, ერთსა და იმავე სიტუაციაში ყველა ადამიანის გადაღებული კადრი შეიძლება სხვადასხვა იყოს, საკუთარ ხელწერაზე ამიტომაც მიჭირს საუბარი, უბრალოდ ვიღებ ისე, როგორც ვიღებ.



შთაგონებას სად პოულობ?

თუ კონკრეტულ სოციალურ თემას ვიღებ, პირველ რიგში კვლევას ვაკეთებ - ყოველთვის ვცდილობ, ძალიან კარგად გავერკვიო იმ საკითხებში, რაზეც ვმუშაობ. როცა უკვე ადგილზე ჩავდივარ, ყველაფერი სიტუაციიდან გამომდინარეობს, მომხდარა ისეც, რომ სულ სხვა თემაზე ჩავედი და სრულიად სხვა ისტორია გადავიღე, იმიტომ რომ ადგილზე კიდევ უფრო მეტი რამ დამხვედრია. ძირითადად ყველაფერი მაინც შენზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია კარგად გაარკვიო ადამიანი, თუ რაში აღებინებ მონაწილეობას, წეღანაც  ვთქვი, რომ ადრე შეიძლება მივსულიყავი და უბრალოდ გადამეღო, ამ მხრივ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. მე პირადად არასდროს მქონია უცხო გარემოში ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა, პირიქით, სადაც კი დამიკაკუნებია, ყველას გაშლილი ხელებით მივუღივარ და ზუსტად ამ ადამიანებისგან ვისწავლე ცხოვრებაში ბევრი რამ, ამიტომ ძალიან ვუკვირდები, რომ ყოველთვის კარგად იყვნენ გარკვეულები, რაში  მონაწილეობენ.



მოგვიყევი მიმდინარე გამოფენის და პროექტ "როცა სიზმარს ვხედავდი..." შესახებ.   მასში გაერთიანებული ნამუშევრები ერთგვარი დღიურის ფორმას ატარებს, ფოტოებს თან პირადი ჩანაწერები და პანდემიის დროს გადამხდარი სუბიექტური შეგრძნებები ახლავს, რატომ აირჩიე თხრობის ეს ფორმა, ეს ერთგვარი თერაპია იყო იმ რთულ პერიოდში თუ ამბის მოყოლის ამ ფორმას შენთვის რაიმე კონცეპტუალური მნიშვნელობა ჰქონდა?

პანდემია რომ დაიწყო, როგორც ყველა, მეც გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, სამსახურიც შეწყდა, სამომავლო გეგმებიც გადაიდო და თავში ძალიან დიდი ქაოსი და შფოთვა გაჩნდა. იმ მომენტში საკუთარ თავს მივეცი დავალება, რომ გადამეღო დღეში ერთი ფოტო და ფურცელზე გადამეტანა ჩემი ყოველდღიური ფიქრები და ემოციები, შემდეგ ამ ყველაფერს ვიღებდი, ვასკანერებდი და ჩემს ვებგვერდზე ვტვირთავდი, სამი თვის განმავლობაში არ შევჩერებულვარ, ეს ყველაფერი  მართლა დამეხმარა იმ რთული პერიოდის გადასაგორებლად, თითქოს გაუცნობიერებელი თერაპია იყო, თუმცა სამი თვის თავზე მივხვდი, რომ ახალს აღარაფერს მაძლევდა, ვერც სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი და გადავწყვიტე შემეწყვიტა.



ნამუშევრები შენს პირად ვებგვერდზე ჩანაწერებთან ერთად ატვირთეთ, ახლა საგამოფენო სივრცეშიც წარმოადგინეთ, თუმცა ნამუშევრებს ხელნაკეთი წიგნის ფორმაც მიეცით, რომელიც 11-მეტრიან ექსპოზიციად ტრანსფორმირდება, რა მნიშვნელობას ატარებს თქვენთვის ამ ნამუშევრების ფიზიკურ ობიექტად ქცევა?

ვებგვერდზე ატვირთულ ფოტოებსა და ჩანაწერებს უწყვეტი სქროლვის ფორმა მიეცა, ძალიან მომწონდა ეს ფორმა და მინდოდა, რომ ფიზიკურადაც ეარსება. ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა გამეკეთებინა და ბოლოს გადავწყვიტე, ქაღალდზე დამებეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ წერის დროს ბევრი გრამატიკული შეცდომა დავუშვი, მაინც არაფერი შემიცვლია, ყველაფერი ისე დავტოვე, როგორც იყო, პატარა მაკეტი გავაკეთე, რომელსაც ცოტა უცნაური, უსწორმასწორო ფორმა ჰქონდა და მომეწონა, იმიტომ რომ ვფიქრობ, პანდემიაც ზუსტად ასეთივე უცნაური იყო ჩემთვის. ეს არ მინდოდა ყოფილიყო ისეთი წიგნი, რომელიც კომერციულად გაიყიდებოდა, ამიტომ მხოლოდ ათი შევქმენი. წინასწარ არ მქონდა გადაწყვეტილი, როგორი გამოვიდოდა, გზადაგზა ვფიქრობდი, მოვიფიქრე, რომ სიმყარისთვის ჩემი შვილის სათამაშო კუბიკები გამომეყენებინა, მთავარი გმირიც სწორედ ის არის, ერთ-ერთი ფოტო, რომელშიც ჩემი შვილი კარის ღრიჭოში იყურება, მგონია, რომ ყველაზე უკეთ აღწერს ჩვენს მდგომარეობას, თითქოს კარიდან ვაკვირდებოდით ახალ სამყაროს, რომელიც სრულიად გაუგებარი იყო ჩვენთვის. გარდა ამისა, არ მინდოდა, რომ წიგნიც მხოლოდ წიგნად დარჩენილიყო, მინდოდა, არტობიექტის ფორმა მიეღო, რომელიც საბოლოოდ 11-მეტრიან ექსპოზიციაში ტრანსფორმირდა, შეგიძლია ყდიდან ამოიღო, ოთახში ნებისმიერ ადგილას დადო და სხვა ფუნქციაც მისცე. ზოგადად მივხვდი, რომ მხოლოდ წიგნის ფორმა და კედლებზე დაკიდებული ფოტოები აღარ მყოფნის ხოლმე - მინდა, რომ საგამოფენო სივრცეში შემოსულ ადამიანს უფრო მეტი რამ დახვდეს და  უფრო სიღრმისეული განცდა მიიღოს.




პროექტს "როცა სიზმარს ვხედავდი..." ჰქვია, როგორ უკავშირდება გამოფენის სახელწოდება თქვენ მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების შინაარსს?

მე და, არა მხოლოდ მე, ბევრ ადამიანს მაშინ ეგონა, რომ ეს პერიოდი სიზმარს ჰგავდა. სულ ვამბობდით, რომ თავი სიზმარში გვგონია და სადაცაა უნდა გავიღვიძოთ. ახლა, როცა ჩემს მაშინდელ ჩანაწერებს ვკითხულობ, ხანდახან ვერ ვცნობ საკუთარ თავს, ახლა თითქოს შევეჩვიეთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისევ ვფრთხილობ, თუმცა მაშინ ეს უფრო ექსტრემალური, ხანდახან ცოტა სასაცილო ფორმით ხდებოდა.



ამ მდგომარეობამ პირადად შენთვის ბევრი რამ შეცვალა?

ძალიან ბევრი რამ, და არამხოლოდ ფოტოგრაფიის მიმართ. მე და ჩემი ქმარი სულ ჩვენ შვილთან ერთად ვიყავით, თითქოს სხვანაირად დავუახლოვდით ერთმანეთს. ზოგადად, მომწონს ის, რომ ამ დღიურში აღწერილი განცდები არა მხოლოდ ჩემი, არამედ რეალურად ძალიან ბევრი ადამიანის განცდებია, რომლებიც ერთმანეთს ემთხვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დისტანციურად იყო, ის ურთიერთობები, რაც ბავშვობაში გვქონდა, თითქოს სხვანაირად დაგვიბრუნდა. მახსოვს, პირველი ლოქდაუნის დროს ძალიან ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა, დაცარიელებულ სასაფლაოზე რომ მოვხვდი, ძალიან უცნაური განცდა დამეუფლა, მაგრამ ახლა ასე აღარ მეჩვენება, თითქოს უკვე ყველაფერს შევეგუეთ და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ბევრი უარყოფითი ემოცია მოგვიტანა, ფაქტია, რომ ამავე დროს ბევრ რამეზეც დაგვაფიქრა.



მოგვიყევი  ერთ-ერთ ფოტოზე ასახული, გაბმულ თოკზე ჩამოკიდებული კალათის ამბავი...

ფოტოზე ჩემი ბავშვობის მეგობარია გამოსახული, რომელიც ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ ერთმანეთს, ბავშვობაში ჩვენს სახლებს შორის თოკი გვქონდა გაბმული, რომელზეც პატარა ყუთი ეკიდა, ამ ყუთით ვუგზავნიდით ხოლმე ერთმანეთს წერილებს. პროფესიით ექიმია და პანდემიის დროს ხშირად მაინც ვერ ვხედავდით ერთმანეთს, ამიტომ ჩვენი თოკი გავიხსენეთ და კალათა ჩამოვკიდეთ, რომლითაც რაღაცებს ვუგზავნიდით ერთმანეთს.  ეს ფოტო რომ გადავიღე, ზუსტად აღდგომის ღამე იყო და ამ კალათით პასქას და სააღდგომო კვერცხებს ვუგზავნიდი, ის კალათა ახლაც ჰკიდია იმ თოკზე, ჯერ არ ჩამოგვიხსნია...



ერთია, რომ გარედან აკვირდები მთელ ამ მოვლენებს, ხოლო  მეორეა,  რომ თავადვე ხარ პროცესის მონაწილე, მოგვიყევით სერიაში შესული ავტოპორტრეტების შესახებ, როგორ დაინახეთ საკუთარი თავი მთელ ამ ამბავში?

ავტოპორტრეტი პროექტის დავალება იყო. ზოგადად, ჩემს თავს ხშირად არ ვიღებ ხოლმე, ვფიქრობდი, როგორ გადამეღო ისე, რომ მთლად სტანდარტული პორტრეტი არ გამოსულიყო, გადავწყვიტე გადამეღო ისეთი ფოტო, რომელშიც სახე არ გამოჩნდებოდა. ერთი ფოტოსთვის სარკე გამოვიყენე, რომელშიც ანარეკლი არ ჩანს, ჩემ ზემოთ მამაჩემის ნახატი ჰკიდია, რომელიც სულ მაჯადოებდა და ხანდახან მაშინებდა კიდეც, მეორე ფოტოზე გამოყენებული თვალებიც მამაჩემის დახატულია, ბევრი რამ ხდება ამ კადრში - თითქოს ეზო, და ეს გაბმული თოკები ქაოსის განცდას გიტოვებს, მინდოდა, რომ ამ კადრით ზუსტად  ის ქაოსური მდგომარეობა გადმომეცა, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობდა.



დღიური სამ თვეს აღწერს და ბევრ სხვადასხვა კადრსა თუ ემოციას იტევს, საბოლოოდ როგორ სრულდება  ეს ამბავი?

როცა მივხვდი, რომ უკვე ვეღარ ვიღებდი იმ განცდით, როგორც ადრე, გადავწყვიტე შემეწყვიტა. ე.წ. Flash-ით ვიღებდი და ფაქტობრივად თავიდან აღმოვაჩინე. ვფიქრობდი, რომ პანდემიის მდგომარეობას ძალიან მოუხდა, ფორმის თვალსაზრისით თითქოს უფრო მკვეთრად დამანახვა რეალობა. სამი თვის თავზე ჩემი შვილი - ეკე -  სოფელში  წავიყვანეთ, აგარაკზე,  აქაურობას ცოტახნით რომ მოვწყვეტილიყავით. ფაქტობრივად ეს მისი ბუნებასთან პირველი შეხება იყო. ბოლო კადრიც მის მიერ ნაჩუქარი ყვავილის ფოტოა, რომელიც დღიურში დევს, თითქოს ეს დღიურიც და ბუნებაში ჩვენი გასვლაც იმედიანად მთავრდება, რომ უკან დაბრუნებულებს უკეთესი მდგომარეობა დაგვხვდება.