"უარყოფითი რიცხვები" - ასე ჰქვია უტა ბერიას პირველ სრულმეტრაჟიან კინოსურათს. ფილმის სცენარი არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარდება და იმ რეალური გმირების ისტორიებზეა დაფუძნებული, რომლებიც რეჟისორმა რამდენიმე წლის წინ ავჭალის კოლონიაში გაიცნო. "უარყოფითი რიცხვები" ყოფილ მეათე საპყრობილეშია გადაღებული, იმ რეალურ გარემოში, რომელიც ძალიან ბევრი ბავშვის ტრაგიკულ ისტორიას და მთელი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას - კრიმინალურ მენტალიტეტს წლების განმავლობაში საკუთარ კედლებში ინახავს.
უტა, როდის გაგიჩნდა სურვილი, რომ რეჟისორი გამხდარიყავი?
ცამეტი წლიდან დავინტერესდი - ერთ დღეს ჩემი მეგობარი მოვიდა, მითხრა, სცენარი დავწერე და მოდი გადავიღოთო, მას მალევე დაავიწყდა, მაგრამ მე არ დამვიწყებია და სულ მქონდა სურვილი, რომ გადამეღო. მერე მოსამზადებელ კოლეჯში ვსწავლობდი, რის შემდეგაც უნივერსიტეტში ბიზნესის ან სამართლის ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არ მაინტერესებდა და საბოლოოდ თეატრალურში სარეჟისოროზე ჩავაბარე.
"უარყოფითი რიცხვები" შენი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის სცენარიც არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარდება. რა ისტორიაა ამ იდეის უკან, რატომ გადაწყვიტე, რომ ამ სივრცეში შესულიყავი და პრობლემა შიგნიდან დაგენახა?
2011-2012 წლებში მორაგბეები - ლექსო გუგავა და ნონო ანდღულაძე ავჭალის კოლონიაში დადიოდნენ და ბიჭებს რაგბიში ავარჯიშებდნენ. მათ მეგობარს, გიორგი დუჩიძეს გაუჩნდა იდეა, რომ იმ ისტორიებზე და შთაბეჭდილებებზე, რასაც ლექსო და ნონო ჰყვებოდნენ, ფილმი გადაეღოთ, რომ სხვებსაც სცოდნოდათ, რა ხდება შიგნით, რომ დამნაშავე მოზარდები ამავდროულად საზოგადოების გულგრილობის მსხვერპლნიც არიან. თავიდან ამ პროექტში მე ისე ჩავერთე, როგორც სცენარისტი. ძალიან დიდხანს ვმუშაობდი სცენარზე, დიდი მასალა იყო, მათ შორის ავჭალის კოლონიაში მომუშავე ფსიქოლოგების კვლევები, ბავშვების საქმეები და ისტორიები. ერთ დღეს მოვახერხეთ და ერთ-ერთ ვარჯიშზე მეც შემიყვანეს - ფილმი ვაჩვენეთ მსჯავრდებულებს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, რამდენიმე საათი მქონდა, რომ ყველაფერს შიგნიდან დავკვირვებოდი, მერე იმდენი ხანი დავუთმე სცენარს და იმდენი ენერგია დავახარჯე, რომ გადავწყვიტე, ფილმის რეჟისორი მე თვითონ ვყოფილიყავი.
რა დაგხვდა ავჭალის კოლონიაში შესულს?
დამხვდა ორასამდე პატიმარი, რომლებიდანაც ძალიან ცოტა თუ იმსახურებდა იქ ყოფნას. ახლა უკვე შეიცვალა კანონი - არასრულწლოვანს აღარ უშვებენ პატიმრობაში თუ განმეორებითი ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ ჩაიდინა. მაშინ კი იქ იყო 13 წლის ბიჭი, რომელმაც რძის შესანახი ჭურჭელი მოჰპარა ჯარის ბატალიონს და ამის გამო სახელმწიფო ქონების ხელყოფის მუხლით შვიდი წელი ჰქონდა მისჯილი. ეს დამხვდა შიგნით და კიდევ ის, რომ ციხე ქურდული მენტალიტეტით იმართებოდა, რაც ახლაც გრძელდება. ადამიანები წლობით ცხოვრობენ ამ მენტალიტეტში, შემდეგ ამ ცნობიერებით გარეთ გამოდიან და საბოლოოდ ამის გამო ისევ უკან ბრუნდებიან.
ფილმში რაგბია ის, რაც ამ მავნებლურ სისტემას უპირისპირდება?
ამ იერარქიაში და ძალადობაზე აგებულ სისტემაში რაგბი იყო ის, რაც პირდაპირ კონფლიქტში შევიდა კრიმინალურ მენტალიტეტთან. ძალას კი მოითხოვს, მაგრამ ალბათ ყველაზე ჰუმანური სპორტია, რომელიც ერთმანეთის პატივისცემაზე, მეგობრობასა და თანასწორობაზეა აგებული. ამ ორი სამყაროს კონფლიქტი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ვიცით, რომ არავის მოგვწონს ქურდული მენტალიტეტი, ყველა ცხვირს ვიბზუებთ, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება ამ პრობლემის გამოსასწორებლად, საბჭოთა კავშირში შეიქმნა ეს სისტემა და იმდენი ხანია არსებობს ჩვენში, რომ უკვე მენტალობის ნაწილია. ამიტომ საჭიროა ბრძოლა, სწორი ურთიერთობა, გააზრება და გადაფასება. ფილმის იდეა მაძლევდა საშუალებას, რომ მეკვლია ის, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი შეიცვალოს.
შეძლო სპორტმა კრიმინალური მენტალიტეტის შერყევა?
კი, შეძლო. მოახერხა ის, რომ სიხალისე შეიტანა მსჯავრდებულების ყოველდღიურობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 24 საათი რომ ერთ სისტემაში ხარ მოქცეული, სულ რომ ეწინააღმდეგებოდე, ბოლოს მაინც მისი ნაწილი და ერთ-ერთი რიგითი ჭანჭიკი ხდები. იყო შემთხვევები, როცა ამოწურეს სასჯელის ვადა, გამოვიდნენ ციხიდან და გარეთ რაგბიზე ჩვეულებრივ გააგრძელეს სიარული. მთავარი გმირის პროტოტიპიც ზუსტად ასეთი ბიჭია, ციხიდან რომ გამოვიდა და შემდეგ ისიც რაგბიზე დადიოდა.
სად გადის ზღვარი რეალურსა და მხატვრულ სამყაროს შორის, როგორც ვხვდები, ფილმი რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული.
ყველა გმირი რეალური ადამიანით არის შთაგონებული. გარდა ამისა, გარემოც და რაგბის ვარჯიშებიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ფილმი, როგორც მთლიანობა, ჩემი ნამუშევარია, მე ამ ნამდვილი ამბებისგან და ჩემი პირადი განცდებისგან ერთი მხატვრული ფილმი შევქმენი, რომელიც თავის მხრივ ანარეკლია ჩვენი რეალობის.
ფილმში თამაშობენ როგორც პროფესიონალი, ისე არაპროფესიონალი მსახიობები. როგორი იყო მათი შერჩევის პროცესი?
ფილმში მთავარი გმირებიდან თითქმის ყველა პროფესიონალი მსახიობია. კასტინგი დაახლოებით 1 წელი გრძელდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინ იქნებოდა კასტი. სამი კასტინგის რეჟისორი მყავდა: მაკა კუკულავა, მიშა აფხაზავა და ნუცა წიქარიძე და ყველამ თავისი წვლილი შეიტანა მსახიობების შერჩევაში.
დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს ასეთი კოლონიები, შეიძლება ითქვას, რომ დასჯის ფორმა შეიცვალა, მაგრამ შინაარსში იცვლება რამე? ეს პრობლემა ხომ მაინც არსებობს?
ადრე რა მიდგომაც იყო -"ყველა ციხეში", ყველას რომ იჭერდნენ და შემდეგ იქ ადამიანებს აწამებდნენ, ახლა ასეთი პოლიტიკა აღარ არის, შემსუბუქდა, მაგრამ ახლა ამ კრიმინალურმა მენტალიტეტმა ციხიდან გარეთ გადმოინაცვლა, ახლა უფრო მეტად გარეთ არსებობს ეს ცნობიერება. მე რომ სცენარს ვწერდი, მაშინ ავჭალის კოლონიაში ორასამდე არასრულწლოვანი პატიმარი იყო, გადაღება რომ დავიწყე, იმ დროს უკვე 16. ის 200 მოზარდი მაშინ იქ იმ ქურდული მენტალიტეტით რომ გაიჟღინთნენ და მერე გათავისუფლდნენ, ახლა როგორ არიან, სად ცხოვრობენ ან რას აკეთებენ? ახლა სწორედ ეგ არის გამოწვევა. საჭიროა გავიაზროთ პრობლემა, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში მოზარდი, რომელიც დანაშაულს ჩადის, თავადვეა რაღაცის მსხვერპლი და ამ ჩადენილი დანაშაულების უმეტესი ნაწილი ამ ქურდული მენტალიტეტით არის გამოწვეული, თუმცა ეს მაინც არ არის ჩაკეტილი წრე, ამ წრის გარღვევა შესაძლებელია. მე სწორედ ამის ჩვენებას შევეცადე ჩემი ფილმით.
მთავარი ამბავი რა არის შენთვის ამ ფილმში, საბოლოოდ რისთვის გააკეთე ეს ყველაფერი?
რა ხდება მაშინ როცა შენში რაღაც იცვლება, როცა აღარ ხარ სისტემის ნაწილი და იმ გარემოში, რომელშიც არსებობ, შენი ადგილი აღარ არის, მაგრამ მაინც გიწევს იქ ყოფნა, ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ ჩაკეტილი ხარ. ეს იყო ჩემთვის მთავარი შეკითხვა, რომელზეც მინდოდა არა მაინცდამაინც პასუხი გამეცა, არამედ უბრალოდ ამაზე მელაპარაკა.
ვნახავთ ფილმში ამაზე პასუხს?
მაყურებელმა ჩემთან ერთად იფიქროს ამაზე და თავად მოძებნოს პასუხი. მე შემიძლია ორი სიტყვით ვთქვა ეს პასუხი, მაგრამ საინტერესოა, რომ ვიფიქროთ და ყველამ თავისი პასუხი იპოვოს.
ძალიან საინტერესოა ფილმის მხატვრობაც. გადაიღე ციხეში, რომელიც უკვე აღარ ფუნქციონირებს, ამ გარემომ რა შესძინა ფილმის შინაარსს?
ფილმის მხატვარი იკა ავალიანია, უფლება მოვიპოვეთ, რომ ფილმი ავჭალის მეათე საპყრობილეში გადაგვეღო, რომელიც უკვე აღარ ფუნქციონირებს. ფაქტობრივად ჩვენ განვაახლეთ, გავარემონტეთ, მოედანი მოვაწყვეთ, თითქმის ყველაფერი თავიდან გავაკეთეთ, მაგრამ ხასიათი, რაც იმ გარემოს ჰქონდა, ნამდვილი და რეალური იყო, მაგალითად, ის ღობე ნამდვილია, კორპუსი ნამდვილია, ჩვენ უბრალოდ ფერი მივეცით... იკამ მოახერხა, რომ, როგორც მე ვიმუშვე რეალურ ამბებზე და შემდეგ ამ რეალური ამბებიდან მხატვრული ისტორია დავხატე, მანაც ზუსტად იგივე გზა გაიარა, ნამდვილი სივრცე გადააქცია იმ სივრცედ, რომელიც ფილმისთვის გვჭირდებოდა და შეუნარჩუნა ავთენტურობა. ჩვენ არ ვაწყობდით მხოლოდ კადრის მხატვრობას, იკამ სივრცე მთლიანად გააცოცხლა, რაც იმპროვიზაციის და თავისუფლად მოძრაობის საშუალებასაც გვაძლევდა, ვფიქრობ, ამან ბევრი დადებითი რამ მისცა ფილმს.
რატომ ჰქვია ფილმს "უარყოფითი რიცხვები"?
ძალიან მიყვარს მათემატიკა და სათაურის ისტორია მგონი აქედან იწყება, ჩემთვის მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია შთაგონებაა. ნიუტონის სამივე კანონს დაახლოებით ისე აღვიქვამ, როგორც პოეზიას. სცენარზე მუშაობის დროს კავშირი სულ მაქვს მათემატიკასთან და ფიზიკასთან, ასე იყო ამ შემთხვევაშიც. უარყოფითი რიცხვები ძალიან ჰგვანან ჩემს გმირებს. როგორც ფილმში ერთი გმირი ამბობს, ეს ის რიცხვებია, რომლებიც თან არსებობენ და თან არ არსებობენ, 0-ს ქვემოთ არიან, საზოგადოებისგან უარყოფილები და ეგ იარლიყიც პირდაპირ აქვთ მიკერებული: ისინი უარყოფითები არიან. მსჯავრდებულები საზოგადოებისთვის უბრალოდ რიცხვები არიან, რაღაც რაოდენობა და მორჩა. გარდა ამისა, ფილმის გმირები რაგბის ფორმებს რომ ჩაიცვამენ და ზურგზე რიცხვები აწერიათ, მანდ უკვე ვიზუალურად ვხედავთ სათაურს.
“უარყოფითი რიცხვები” უკვე ნახეს საერთაშორისო ფესტივალებზე. როგორი იყო მაყურებლის რეაქცია?
ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიურია და ამ ქვეყნებში შიდა პრემიერები გაიმართა, საფრანგეთის ისეთ ფესტივალზე აჩვენეს, რომელიც შიდა დისტრიბუციისთვის იყო საინტერესო, ასევე რომში, ახლა თბილისში გვექნება და კიდევ ველოდებით პასუხებს სხვა ფესტივალებიდან. გამოხმაურებას რაც შეეხება, დადებითი იყო, საფრანგეთში თინეიჯერები ესწრებოდნენ ჩვენებას და ძალიან მოეწონათ. ერთმა ბიჭმა მითხრა, ბიძაშვილი მყავს, რომელსაც ასეთივე კრიმინალური მენტალიტეტი აქვს და როცა ფილმს ვუყურებდი, ის გამახსენდაო. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არც მათთვის იყო უცხო და გაუგებარი.
პირველი ფილმი მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორ ფიქრობ, გაართვი თავი იმ ჩანაფიქრს, რაც დასაწყისში გქონდა?
მგონი გავართვი, ყოველ შემთხვევაში ფილმი ამბობს იმას, რისი თქმაც მინდოდა. ჯერჯერობით მხოლოდ გადამღები ჯგუფის ნაწილმა, მეგობრებმა და უცხოელებმა ნახეს. ქართველების აზრი ძალიან საინტერესოა, რადგან ფილმი რეალურად ქართველი ახალგაზრდებისთვის გადავიღე.
როგორ გგონია, სასიკეთოდ თუ შეცვლის რამეს, აქვს ხელოვნებას ძალა, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალოს?
თვითმიზანი - რომ ვიღაც შენი ნამუშევრით შეიცვალოს - მგონია, რომ ხელოვნებაში ძალიან სარისკოა, შეიძლება დიდაქტიკური გამოგივიდეს ან რაღაც სხვა მინუსი აღმოაჩნდეს, იმიტომ რომ ეს მხატვრული ნამუშევარია, შენი ნაფიქრი, რომლის განხორციელებაში სხვა ადამიანებიც გეხმარებიან. იმის სურვილი, რომ რაღაც ისეთი რამ გააკეთო, რაც შენს საკუთარ თავს და სხვებს სიკეთეს მოუტანს, მგონია, რომ ისედაც არსებობს ადამიანში, მაგრამ მხატვრული ფილმი, ვფიქრობ, უფრო პირადი რეაქციაა იმაზე, რაც მინდოდა, რომ მომეყოლა და რამაც ჩემში გარკვეული ემოცია გამოიწვია. თუ ჩვენი ემოციები ერთმანეთს ემთხვევა, თუ შენც იგივე რეაქცია გაქვს, რასაც მე ეს ამბავი განმაცდევინებდა, ესე იგი გამომივიდა. შეიცვლები თუ არ შეიცვლები, ეგ არ ვიცი, მთავარია რაღაც ახალი მოგცეს, იმიტომ რომ ადამიანი საკუთარი შეცდომებით და სხვისი დახმარებით სწავლობს. ჩემი გმირიც ასეა, ღირებულებების გადაფასება მასშიც ასე იწყება, სხვისი დახმარებით და საკუთარი შეცდომებით.
სამომავლო გეგმები...
ახალი იდეა მაქვს, რომლითაც საფრანგეთში გავიმარჯვე და განვითარების პრიზი ავიღე. ეს სიყვარულის ისტორიაა, რომელიც აქციაზე ხდება და მგონი, ესეც რეაქციაა იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. ერთგვარი მცდელობაა იმის ძიებისა, თუ როგორ მოვახერხოთ ამ პოლიტიკურად გაჟღენთილ გარემოში სიყვარული.
დაწერე კომენტარი