კორონავირუსის მოულოდნელ აფეთქებასთან ერთად, მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელმა კომპანიებმა სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადეს. ბიზნესკომპანიების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თუ სკოლების უმეტესობამ, რამდენადაც მათი საქმიანობის პირობებში ეს შესაძლებელი იყო,  გამოსავალი მუშაობისა და სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლაში იპოვა, ზოგიერთმა კი საკუთარი საქმიანობა არსებულ გარემოს მოარგო. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს იმისა, თუ როგორ შეძლეს Apple-ის, Google-ისა თუ LVMH-ის მსგავსმა მსხვილმა მწარმოებლებმა თავიანთი ბიზნესისა და იმიჯის ამ კრიზისულ პერიოდში გადარჩენა და შენარჩუნება.

Apple


როგორც Apple-ის გუნდი მათ მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში  ამბობს, Covid-19-ის გავრცელება თითოეულ ჩვენგანზე უარყოფითად მოქმედებს, ამ კომპანიას კი, პირველ რიგში, ადამიანები წარმოადგენენ, რომელთაც სჯერათ, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს შესწევს უნარი თითოეული ჩვენგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. განსაკუთრებით კი ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს თანამედროვე სამყარო იმყოფება, მაშინ როცა რიგითი მასწავლებლებიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესკომპანიებით დამთავრებული, ყველა გადარჩენის ალტერნატიულ გზებს ეძებს.  სწორედ ახალ რეალობასთან ადაპტაციის პირობებში კომპანია აგრძელებს თავის ჩვეულ საქმიანობას და ამასთან, ცდილობს, მსოფლიო მასშტაბით დაეხმაროს ყველას, ვინც ამ ვირუსმა დააზარალა.


მოქალაქეებზე ზრუნვას კი საკუთარი თანამშრომლებიდან იწყებს, როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია Apple-მა თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოებისთვის მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა მაღაზია დახურა. თუმცა, სანამ მაღაზიები გაიხსნება, კვლავ  ფუნქციონირებს ონლაინმაღაზია www.apple.com, საიდანაც კომპანიის მიერ წარმოებული ნებისმიერი ნივთის შეძენაა შესაძლებელი. ხოლო მათ, ვისაც სერვისის სახით რაიმე დახმარება სჭირდება, შეუძლია Support.apple.com-ს ეწვიოს, საიდანაც Apple-ის გუნდი დისტანციურ რეჟიმში ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარება. Apple-ის ყველა ოფისი, როგორც სხვა კომპანიების უმეტესობა, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ეს  იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი თანამშრომელი, თუკი მის მიერ შესასრულებელი სამუშაო ამის შესაძლებლობას იძლევა, თავის მოვალეობას ონლაინრეჟიმში შეასრულებს, ხოლო მათ, ვისაც ოფისში უწევს ყოფნა, კომპანია მათთვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს პერსონალურ სივრცეს, ამასთანავე მკაცრად გააკონტროლებს თითოეულ ოფისში არსებულ ტემპერატურას და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.


Apple თავის განცხადებაში  არა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების, არამედ მომხმარებლების ინტერესების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებულად გრძნობს საზოგადოების წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას.

"ვიცით, რომ ჩვენი ყველა მომხმარებელი Apple-ის მიერ წარმოებულ პროდუქტებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როგორიც ახლაა. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუხმოთ კრეატივს და ისევე როგორც ყველა გამოწვევას, ამასაც სათანადოდ შევხვდეთ. ამისათვის Apple News-მა Covid 19 განყოფილება დაამატა, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსთან დაკავშირებული უახლესი და სანდო ინფორმაციის მიღება შეუძლია. გარდა ამისა, დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციას Apple ონლაინრეჟიმში ჩაატარებს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ პროფესიის ადამიანები ინოვაციური გზით შეძლებენ “თავშეყრას”.

Apple-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების დასასრულს ნათქვამია, რომ ამწუთას შეცდომების დაშვების დრო არ არის და რომ კომპანია,  პირველ რიგში, ექიმების, მედდების, მკვლევრებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე გრძნობს ვალდებულად თავს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მსოფლიოს დასახმარებლად. 


"შთაგონებული ვართ ჰუმანიზმითა და გამბედაობით, რომელსაც სამყაროს ნებისმიერ კუთხეში ვაწყდებით, როგორც პრეზიდენტი ლინკოლნი ამბობდა, განსაცდელის ჟამი ბევრი სიძნელითაა სავსე, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ამ განსაცდელიდან. როგორი უჩვეულოც ეს მდგომარეობაა, ჩვენც სწორედ ასევე ახლებურად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ", სწორედ ამ გზას ირჩევდა Apple, როცა მსგავს დიდ გამოწვევებს ხვდებოდა და სწორედ ასე ხვდება ამ ახალ გამოწვევასაც".

Apple-ის მსგავსად, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ Facebook, Google და Amazon.  თითოეულმა მათგანმა საკუთარ ათასობით თანამშრომელს რეკომენდაცია და ნებართვა მისცა, რომ თუკი მათი სამუშაო ამის საშუალებას იძლევა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სახლიდან განაგრძონ. გარდა ამისა, თითოეული ეს კომპანია ქმნის ფონდებს და ფინანსურად ეხმარება იმ თანამშრომლებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ და ამის გამო  იძულებული არიან კარანტინში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ მიზეზით, კომპანია Amazon-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკუთარი თანამშრომლების რაოდენობა 100 000-ით გაეზარდა და მოქმედი თანამშრომლების დანაკლისი საჭიროების მიხედვით დროებით ამ გზით შეევსო.

Google


გასულ კვირას Google-მა თავის ჩრდილოეთ ამერიკაში მყოფ თანამშრომლებს ნება დართო, რომ 10 აპრილის ჩათვლით სამსახურებრივი მოვალეობა დისტანციურად შეესრულებინათ. 12 მარტს Google-ის კომპანიამ ეს ნებართვა ევროპის, აფრიკისა და შუა აზიის თანამშრომლებზეც გასცა.

"მოჭარბებული სიფრხილისა და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის დაცვის გამო, ჩვენს თანამშრომლებს, თუკი თქვენი სამუშაო ამის შესაძლებლობას იძლევა, რეკომენდაციას გაძლევთ, რომ დისტანციურ რეჟიმში იმუშაოთ", - განაცხადა Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ ის საათობრივად მომუშავე თანამშრომლები, რომელთა შემოსავალზე კორონავირუსმა უარყოფითი გავლენა იქონია, კომპენსაციის სახით მიიღებენ იმ ანაზღაურებას, რომელსაც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში მიიღებდნენ. გარდა ამისა, Google-ის თქმით, მათ შექმნეს სპეციალური ფონდი, რომელიც ვირუსის გამო სამსახურიდან დროებით გათავისუფლებულ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება. ფონდის საქმიანობა კი იმ თანამშრომლების დახმარებას გულისხმობს, რომლებიც კორონავირუსის სიმპტომების გამო სამსახურში მისვლას ან სამუშაოს დისტანცურ რეჟიმში შესრულებას ვერ ახერხებენ.

Amazon


თანამშრომლებისადმი Amazon-ის რეკომენდაციაც სახლიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობას გულისხმობს, აქაც, იმ შემთხვევაში, თუკი მათი სამუშაოს შესრულება  დისტანციურადა შეიძლება. "ვაგრძელებთ საჯარო და კერძო სამედიცინო ექსპერტებთან ერთად მუშაობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ სიფრთხილისთვის მიღებული ზომები ნამდვილად სწორი და დროულია",  - განაცხადა კომპანია Amazon-ის წარმომადგენელმა CNN-თან საუბრის დროს. Amazon-იც, სხვა მსხვილი კომპანიების მსგავსად, კვლავ განაგრძობს საათობრივად მომუშავე თანმშრომლებისათვის ხელფასის გაცემას, ისეთებისთვის, როგორებიც არიან: კომპანიის კვების მომსახურების სფეროში მომუშავე 10 000 ადამიანი, დასუფთავებისა და დაცვის სამსახურში მომუშავე პერსონალი. გარდა ამისა, კომპანია დახმარების სახით დამატებით კომპენსაციას  სთავაზობს თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

LVMH


LVMH-მა თავის შვილობილ კომპანიებთან, Christian Dior-თან, Guerlain-სა და Givenchy-სთან ერთად,  ხელის ანტისეპტიკური სითხის წარმოება დაიწყო, რომლითაც საფრანგეთის საავადმყოფოებს უფასოდ მოამარაგებს. მათი განცხადებით, კომპანია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ დიდი რაოდენობის ჰირდოალკოჰოლური გელი და ხელის ანტისეპტიკური სითხე აწარმოოს.  ამ განცხადების გამოქვეყნებიდან მომდევნო ერთ კვირაში კომპანია 12 ტონა სითხის წარმოებას აანონსებდა, რომელიც პარიზის 39 საავადმყოფოს უსასყიდლოდ გადაეცემოდა. ქალაქის საავადმყოფოებში ანტისეპტიკური ხსნარის მარაგი ჯერ არ ამოწურულა, თუმცა ამის საშიშროება არსებობს, ამიტომაც, LVMH-ის მსგავსად,  ბევრი სხვა კომპანია მზად არის ამ მიმართულებით ფრანგულ საავადმყოფოებს დონაცია გაუწიოს. კორონავირუსთან დაკავშირებულმა შიშმა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში სადეზინფექციო სითხის მარაგი კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა, იმდენად, რომ აფთიაქებმა თითოეულ ადამიანზე ერთზე მეტი სადეზინფექციო სითხის გაცემაზე უარი თქვეს. ქვეყანაში ასევე დაწესდა ლიმიტი ფასზეც, რომლის მიხედვითაც, ანტისეპტიკური სითხის გასაყიდი ფასი 3 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. ამ პირობებში LVMH-ისა და მისი შვილობილი კომპანიების მიერ 12000 ტონა ანტისეპტიკური სითხის წარმოება და მისი ფრანგული საავადმყოფოებისთვის უსასყიდლოდ გადაცემა საზოგადოებისა და მედიის მხრიდან  შეფასდა, როგორც კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი.

Starbucks


გასულ კვირას Starbuck-სის კაფეების კარზე  გაჩნდა წარწერა: "დროებით ვხურავთ საჯარო სივრცეს, თუმცა ვრჩებით ღია იმისთვის, რომ მოგემსახუროთ. ნებისმიერ შემთხვევაში გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ბოდიში". საქმე ისაა, რომ  Starbucks-მა, ისევე როგორც ბევრმა სხვა კომპანიამ, Covid-19 ვირუსის გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ტერიტორიაზე თავისი ყველა ფილიალი დახურა, ასევე ზოგიერთ იმ ქვეყანაში, სადაც ვირუსის აფეთქების კერები დიდ მასშტაბზეა გავრცელებული, სამაგიეროდ შეინარჩუნა ე.წ. გატანის და სახლში მიტანის სერვისი, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ Starbucks-მა თავის კაფეებში დასაჯდომი სივრცეები დახურა, საკვებისა და სასმლის შეკვეთა მომხმარებლებს აპლიკაციის საშუალებით, გამოძახებით ან ადგილზე მისვლითა და წამოღებით შეუძლია.

ეს გადაწყვეტილება კომპანიამ Starbucks-ის ფილიალების ხალხმრავალ ადგილებში მდებარეობის გათვალისწინებითაც მიიღო, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი  იყრის თავს.


"როგორც ვიცით, Covid-19 -თან დაკავშირებული სიტუაცია ექსტრემალურად დინამიკურია, ამიტომაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების დაცვას ვცდილობთ", - ნათქვამია კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებაში.  კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დამატებით ორი კვირის ანაზღაურებით უზრუნველყოფდა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ინფიცირებული იყვნენ კორონავირუსით ან მათ, ვისაც ინფიცირებულებთან რაიმე კონტაქტის გამო ეს საფრთხე ემუქრებათ.

Adobe


იმისათვის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დისტანციურ რეჟიმში მარტივად და კომფორტულად მოახერხონ თავიანთ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ურთერთობა, კომპანია Adobe 31 მაისის ჩათვლით  თავიანთ კლიენტ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და სკოლებს Creative Cloud პროგრამის აპლიკაციებს სრულიად უფასოდ სთავაზობს. გარდა ამ პროგრამებისა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია თავის მომხმარებლებს არაერთ უფასო რეკომენდაციას და რესურსსაც სთავაზობს იმისთვის, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები ახალ დისტანციურ რეჟიმს სათანადოდ და ეფექტურად მოერგონ. Adobe უფასოდ  გვთავაზობს თავისი ვიდეოკონფერენციის აპლიკაციის საცდელ ვერსიასაც, რომელიც 1-ლ ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი. გარდა საგანმანათლებლო სფეროს წახალისებისა, კომპანია ცდილობს დაეხმაროს მათაც, ვისზეც კორონავირუსის გავრცელებამ უარყოფითი ფინანსური გავლენა იქონია, ასეთი ადამიანი კი, სამწუხაროდ, დღეს უკვე ძალიან ბევრია. სწორედ მათ, ვისაც ფინანსური პრობლემის გამო Adobe-ს პროგრამების გამოწერა დროებით შეჩერებული აქვს, კომპანია მომდევნო ორი თვის განმავლობაში Creative Cloud-ს სრულიად უფასოდ სთავაზობს.