სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მთელი მსოფლიო ცხოვრების სწრაფ, ქაოსურ ტემპში ცხოვრობდა, რომლისთვისაც სიმშვიდის, ჰარმონიისა და დროის დანაკლისი ჩვეულებრივი თანმდევი დამახასიათებელი მოვლენა იყო. დღეს კი გლობალური პანდემიის პირობებში უამრავი ადამიანი საკუთარ სახლშია იზოლირებული, სოციალურ დისტანციას იცავს და ახალ ალტერნატიულ რეალობას ერგება, რაც აქამდე არსებულ გარემოს საგრძნობლად ცვლის, თუმცა ჩვეული რიტმის გაგრძელებას ყველა იმავე შემართებითა და მოტივაციით ცდილობს. თუკი ის იდეა, რომ სახლში ყოფნა დიდხანს მოგიწევთ, თქვენში აღელვებას იწვევს, ჟურნალი Hammock გთავაზობთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც სახლის, მასთან ასოცირებლი ესთეტიკითა და ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრებით არის შთაგონებული.  

პიერ ბონაარდი 



ფრანგი მხატვრისა და ილუსტრატორის, პიერ ბონაარდის შემოქმედება, რომელიც პოსტიმპრესიონისტული მოძრაობის, Les Nabis-ის წევრი გახლდათ, გამორჩეულია მისი სტილისტური, დეკორატიული ხელწერით. მის ნამუშევრებში ხშირად ჩნდებოდა ისეთი ინტიმური სცენები, როგორსაც სწორედ მხატვრის 1925 წლის ნამუშევარი “Nude in the Bath” ასახავს. პიერის მუზის, მართას მსგავსად, თუკი თქვენც მეტი სიწყნარისა და სიმშვიდისკენ ისწრაფვით, ცხელ აბაზანის მიღება ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

მარჩ ავერი





ამერიკელი მხატვარი მარჩ ავერი, რომელიც ისეთი ცნობილი მხატვრების გვერდით გაიზარდა, როგორებიც მარკ როთკო და ბარნეტ ნიუმანი არიან, ყოველდღიური ცხოვრების ესთეტიკას და მის თავისებურებებს იკვლევს. მის შემოქმედებაში ხშირად ასიმეტრიული კომპოზიციები ინტენსიური ფერთა პალიტრითა და გრაფიკული მგრძნობელობით არის წარმოდგენილი. მინიმალისტური სტილით გადმოცემული მშვიდი ცხოვრება, სახლის სცენები და ლანდაშაფტები მარჩ ავერისთვის დამახასიათებელი ფერისა და ფორმის მეშვეობით დინამიკურ ინტერაქციას ემსგავსება. 

დევიდ ჰოკნი


დევიდ ჰოკნი პირველი ბრიტანელი არტისტია, რომლის შემოქმედებაც პოპ-კულტურისთვისა და გრაფიტი არტისთვის დამახასიათებელ ელემენტებს მოიცავს. 

მხატვარი იმ ხელოვანთა რიცხვშია, რომელთა შესახებაც მათივე სიცოცხლეში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ პოპ-არტის ლეგენდამ თავი საცურაო აუზების თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებით გაგვაცნო, ჰოკნის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრებისადმი ინტერესი  ხშირად იგრძნობა. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი სწორედ მის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ნამუშევარს - “My Parents” ქმნის, რომელიც მხატვრის სავიზიტო ბარათად იქცა. ჭარბი სინათლისა და ლურჯი ფერის დომინაციით შექმნილ ნამუშევარში ჰოკნის მშობლები ჩვეულებრივი საქმიანობის ფონზე არიან ასახულნი.  “ჩემი ნამუშევრები მხოლოდ დროის და სივრცის უწყვეტ დამოკიდებულებას აღწერს. მე მომწონს დღევანდელობაში ცხოვრება, რადგან დღევანდელობაა სწორედ ის, რაც რეალურად არსებობს”, - განმარტავს არტისტი. 

ენდი უორჰოლი 


პოპ-არტის მეორე ლეგენდის, ამერიკელი არტისტის, რეჟისორისა და პროდიუსერის, ენდი უორჰოლის სახელის გაგონებისთანავე ყველას ალბათ სხვადასხვა ცნობილი ადამიანების პორტრეტები, კემპბელისა და კოკა-კოლას ქილები ახსენდება. ფერწერა, ფოტოგრაფია, ფილმი, ქანდაკება, რეკლამა, ილუსტრაციები - ამერიკული პოპულარული კულტურის სხვადასხვა ელემენტები უორჰოლის ნამუშევრებში ამ მრავალფეროვანი მედიის მეშვეობით გამოიხატება, თუმცა მის შემოქმედებაში ადრეულ წლებში სახლის ყოველდღიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევარი “Living Room”-იც მოიძებნება. “Living Room” არტისტმა Carnegie Institute of Technology-ში სწავლის პერიოდში შექმნა, რომელიც მისი ბავშვობის სახლსა და მის ინტერიერს ასახავს.

ედვარდ ჰოპერი 




“ცარიელი სივრცის პოეტი” - დღეს ამერიკელ მხატვარ ედვარდ ჰოპერს ასე მოიხსენიებენ, რომელიც საკუთარ რეალობას “ილუზიების გარეშე” წარმოგვიდგენს. მარტოსულობა, რომელიც მხატვრის მთავარი თემაა, თანამედროვე ცხოვრების თანმდევი ფენომენია, რაც ტექნოლოგიური პროგრესის ერაში განსაკუთრებით შესამჩნევია. ჰოპერს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა აესახა ადამიანთა ყველაზე პირადი, ინტიმური აზრები, დამოკიდებულებები და ემოციები, რომელიც საკუთარ თავთან დარჩენისას, იზოლაციაში ჩნდება. დღევანდელი გადმოსახედიდან არტისტი, შეიძლება ი
თქვას, კარანტინის კულტურას გასაოცარი სიზუსტითა და გრძნობებით აღწერს. 

როი ლიხტენშტაინი 


როი ლიხტენშტაინი ამერიკელი პოპ-არტისტია, რომლის შემოქმედებაც კომიქსების ესთეტიკითა და პაროდიული ელემენტებით ხასიათდება.  არტისტ ენდი უორჰოლთან ერთად, იგი1960-იანი წლების არტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარ ფიგურას წარმოადგენს. ლიხტენშტაინის შემოქმედებაში გარდა ვინსენტ ვან გოგის სურათის - “Bedroom at Arles”-ის რეპროდუქციისა, აღსანიშნავია ასევე მისი 80-90-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც მოდერნისტული სახლის ინტერიერს მისთვის დამახასიათებელი კომიქსებისა და ანიმაციის მსგავსი ხელწერით ასახავს. 

 

ფლორენს ჰაჩინგსი 






ბრიტანელი არტისტის, ფლორენს ჰაჩინგსის შემოქმედება ყოველდღიური ცხოვრების პარამეტრებს, მის განმეორებით ხასიათსა და თავისებურებებს იკვლევს, რომლისთვისაც ნივთებს შორის არსებული სივრცულობაა განმსაზღვრელი. ფეხსაცმელები, ყვავილების ვაზები, ტანსაცმელი, სკამები - მის ნამუშევრებში მიმობნეული ნივთები აბსტრაქტული ფორმებში მეორდება, რისი მეშვეობითაც არტისტი ყოველდღიურ ცხოვრებას მრავალფეროვან კომპოზიციებსა და ფერებში ასახავს. არტისტი საკუთარი შემოქმედებით ყოველდღიურობის ნოსტალგიურ ბუნებასა და მის თავისებურებებს აღწერს.