პოლოს მაისურების ადრეული ნიმუშები მეცხრამეტე საუკუნეში ინდოეთს და პოპულარულ თამაშს, პოლოს უკავშირდება. ბრიტანელმა სამხედროებმა, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში მსახურობდნენ, მაისურების იდეა ადგილობრივი ინდოელებისგან გადმოიღეს და შემდეგ უკვე გაერთიანებულ სამეფოშიც ჩაიტანეს, სადაც იგი უკვე მდიდარი, არისტოკრატ, მაღალი კლასის საზოგადოებასთან ასოცირდებოდა. ცხენით ჯირითისას გალიფე შარვლებთან და მაღალ, საჯირითო ჩექმასთან ერთად პოლოს ჩაცმულობა მოიცავდა ბამბის გრძელსახელოებიან მაისურსაც, რომელიც პერანგს წააგავდა. მინდორში რბოლისას საყელოს ქარში რომ არ ეფრიალა, პოლოს მოთამაშეები მას ღილებით ან ქინძისთავებით იმაგრებდნენ. თუმცა, პოლოს მაისურებს, რომლებიც დღეს თითქმის ყველამ ვიცით, განსხვავებული წარმომავლობა აქვს და მათ პოპულარიზაციას სპორტის სულ სხვა სახეობამ - ჩოგბურთმა დაუდო სათავე. პოლოს მსგავსად, 1900-იან წლებში ჩოგბურთელებსაც გრძელსახელოებიანი, ჩაღილული მაისურები ეცვათ. ამ მაისურების მოდერნიზება და შეცვლა კი ფრანგი ჩოგბურთელის, ჟან რენე ლაკოსტის სახელს უკავშირდება.  



 

დღეს Lacoste-ის ლოზუნგია: „ცხოვრება ლამაზი სპორტია“. ის,  რაც ბრენდს სხვებისგან გამოარჩევს,  სპორტის სიყვარული, სიახლისადმი სწრაფვა, ინოვაცია და, რა თქმა, უნდა ფრანგული ელეგანტურობაა. ბრენდის განვითარების ისტორია თავად მისი შემქმნელის, ფრანგი ჩოგბურთელის, რენე ლაკოსტის ხასიათსა და გემოვნებას ირეკლავდა, რომელმაც ფაქტობრივად თანამედროვე გარდერობის რევოლუცია მოაწყო.





ახალგაზრდა და ნიჭიერ ჩოგბურთელს, რენე ლაკოსტის საზოგადოების გული უკვე დაპყრობილი ჰქონდა შთამბეჭდავი, განსაკუთრებული თამაშის სტილითა და ორიგინალურობით. რენე ლაკოსტი 1926 და 1927 წლებში მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, ხოლო მთელი თავისი კარიერის მანძილზე  გრანდ სლემის შეჯიბრი 7-ჯერ მოიგო. მიუხედავად კორტებზე წარმატებებისა, ცოტა არ იყოს ირონიულია, რომ რენე ლაკოსტმა თავი მსოფლიოს ნიანგისგამოსახულებიანი სპორტული ტანსაცმლით უფრო დაამახსოვრა. მას არ მოსწონდა ჩოგბურთელების იმდროინდელი სპორტული სამოსი, რომელიც სპორტსმენებს ზღუდავდა. ლაკოსტი ტრადიციული ჩოგბურთელის ჩაცმულობის წინააღმდეგ წავიდა და მოკლესახელოებიანი მაისურის ტარება დაიწყო, რომელსაც მხოლოდ სამი ღილი ჰქონდა, ქსოვილიც უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი ბამბის პიკე იყო, რომელიც უფრო მეტად იძლეოდა თავისუფლად მოძრაობის საშუალებას.




„ერთ დღეს, შევამჩნიე, რომ ჩემს მეგობარს, მარკიზ ჩამლის კორტზე პოლოს მაისური ეცვა“, - იხსენებდა რენე, - „პრაქტიკული იდეაა - მაშინ ჩემთვის გავიფიქრე“. ეს აზრი ისე მოეწონა ლაკოსტის, რომ ინგლისელ მკერავს რამდენიმე მაისური დაუკვეთა როგორც ბამბის, ისე შალის ქსოვილით. ეს იყო მოკლესახელოებიანი მაისური, თავისუფალი საყელოთი, ღილებით კი ყელთან იკვრებოდა, გვერდებზე ოდნავ შეჭრილი და ზურგის მხარეს ოდნავ გრძელი, ისე რომ მისი ჩატანება შარვალში უფრო მოხერხებული ყოფილიყო. 1926 წელს, ნიუ-იორკში თამაშის დროს, ლაკოსტი ამ მაისურით პირველად გამოჩნდა. ამავე პერიოდში ლაკოსტის მეტსახელად „ალიგატორი“ შეარქვეს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა. ამბობენ, რომ ლაკოსტმა ბრენდის ლოგო თავისი მეტსახელიდან აირჩია, თუმცა ლეგენდარული ლოგოს შექმნის მეორე ვერსიაც არსებობს. 1923 წელს დეივისის თასის ჩემპიონატზე ბოსტონში მიმავალმა რენე ლაკოსტმა ნიანგის ტყავისგან შეკერილი ჩემოდანი შეამჩნია. მას მწვრთნელი, ალან მური გაეხუმრა, რომ თუ ამ მნიშვნელოვან მატჩს მოიგებდა, ჩემოდანს უყიდდა. ამ დიალოგს ყური მოჰკრა იქვე ახლოს მყოფმა ჟურნალისტმა. მართალია, ლაკოსტის ჩემოდანი აღარ რგებია, მაგრამ სამაგიეროდ ეს ამბავი პრესამ აიტაცა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ალიგატორი ნიანგად შეიცვალა და იგი ლაკოსტის მთავარ ბრენდულ ნიშნადაც იქცა. ლაკოსტიმ ისე გაითავისა ეს მეტსახელი, რომ მეგობარს სთხოვა ნიანგის ლოგო დაეხატა, შემდეგ კი იმ პიჯაკზე ამოაქარგვინა, რომლითაც კორტებზე ჩნდებოდა ხოლმე.

 



რენე ლაკოსტმა ბრენდი 1933 წელს ანდრე გილიესთან ერთად დააარსა, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მოზრდილი ფაბრიკის მფლობელი და პრეზიდენტი იყო. ლაკოსტმა ნამდვილი მაისურების რევოლუცია მოაწყო, რომელმაც ცოტა ხანში მთელი მსოფლიო დაიპყრო, სპორტის საზღვრებს გასცდა და მოდის ინდუსტრიაშიც შეაღწია. გარდა ჩოგბურთისთვის განკუთვნილი მაისურებისა, ლაკოსტი ასევე აწარმოებდა გოლფისა და მეზღვაურებისთვის განკუთვნილ მაისურებს. 1951 წლიდან კომპანიამ გაფართოება დაიწყო და მომხმარებელს სხვადასხვა ფერის ტანსაცმელიც შესთავაზა.

 


ლაკოსტის სპორტული კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა და მან 26 წლის ასაკში პროფესიულ ჩოგბურთს თავი დაანება. 1930 წელს, მას შემდეგ, რაც იგი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თავის ბიზნესს უფრო სერიოზულად მოჰკიდა ხელი. 1951 წელს ლაკოსტიმ ლიცენზია მისცა ერთ-ერთ გავლენიან პირს, ვინსენტ დე პოლ დრედის, რომელმაც ლაკოსტი ამერიკული კომპანია Izod-ის ქოლგის ქვეშ გააერთიანა. მას გენიალური იდეა დაებადა: თავის ცნობილ მეგობრებს, მათ შორის, ჯონ კენედის და პრეზიდენტ ეიზენჰაუერს, მაისურები აჩუქა. მაისურებს იმხელა მოწონება ხვდათ წილად, რომ რამდენიმე თვეში მაღაზიებში თითქმის აღარ დარჩა. განსაკუთრებით ბევრი მყიდველი ცნობილი და გავლენიანი ადამიანების წრეებში გამოუჩნდა. ასე გადაინაცვლა ლაკოსტის მაისურებმა აშშ-ში, რომელიც მალე ამერიკელების საყვარელი სამოსი გახდა. ლაკოსტის მაისური  ფორმალურ და თავისუფალ სტილს შორის საშუალო იყო, რომლის ჩაცმაც შეიძლებოდა როგორც გოლფის კლუბებში, ასევე წვეულებებზე.





1951 წლიდან მაისურები უკვე ყველა სეზონის შესაბამისი დიზაინით იკერებოდა, ხოლო 1958 წელს ბავშვების ტანსაცმლის ხაზიც წარმოებაში ჩაეშვა. ამავე წლებიდან ლაკოსტი უკვე იწყებს საერთაშორისო სარეკლამო კამპანიას. 1960-იანი წლებიდან ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა და სუნამოების ხაზი და ტყავის აქსესუარებიც მოიცვა, მოგვიანებით დაემატა მზის სათვალეები და ჩოგბურთის სპორტული ფეხსაცმელი. ლაკოსტის საქმიანობა ოჯახური ბიზნესი გახდა, რომელიც სულ უფრო და უფრო მზარდი იყო.




ქსოვილების დახვეწასა და მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, მოდის ინდუსტრიაში ბამბის პოპულარობამ იკლო, ბოლოს კი იგი წარმატებით ჩაანაცვლა პოლიესტერმა. ეს ახალი წარმოების ქსოვილი უფრო ნაკლებად ხუნდებოდა, ყოველდღიური ტარებისთვის უფრო გამძლე და სპორტული მიზნებისთვის ზედგამოჭრილი იყო. ერთადერთი, ვინც პოლიესტერის მაისურებს დაუპირისპირდა და ბამბის ერთგული დარჩა, რალფ ლორენი იყო. იმ დროს ახალგაზრდა დიზაინერი თავის ბრენდს - „პოლოს“ აარსებდა. დიზაინერმა ლაკოსტის მსგავსი მაისურების გაყიდვა 1972 წლიდან დაიწყო. მიუხედავად პოლიესტერის პოპულარობისა, პოლოს მაისურებმა საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწია თავის წინამორბედს და გაყიდვებშიც გაუსწრო. ლაკოსტის მსგავსად, რალფ ლორენის მაისურებსაც მკერდთან ნაქარგი ცხენზე ამხედრებული პოლოს მოთამაშის ფიგურა ამშვენებდა.