“ის ნამდვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს“, - ამბობდა ინგლისელი რეჟისორი პიტერ ბრუკი ხელოვან რეზო გაბრიაძეზე - დრამატურგზე, მწერალზე, მხატვარსა და რეჟისორზე, რომლის სახელსაც როგორც 35-ზე მეტი გამორჩეული ქართული ფილმის სცენარის ავტორობა და თბილისის ყველაზე პოპულარული თოჯინების თეატრის დაარსება, ასევე მრავალი ფერწერული, კერამიკული, გრაფიკული თუ სკულპტურული  ნამუშევრის შექმნაც უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი თავის ძირითად და მთავარ პროფესიად მხატვრობას მიიჩნევდა, ალბათ სწორედ რომ მხატვრული ხედვა და ფერების, ფორმებისა თუ შინაარსების მისეული აღქმა იქცა მისი, როგორც მრავალი მიმართულებით მოღვაწე ხელოვანის ზღაპრული ელემენტებით დატვირთული და დადებითი მუხტის მატარებელი თხრობის სპეციფიკის ჩამოყალიბების წინაპირობად.



ხელოვანი 1936 წლის 23 ივნისს ქუთაისში დაიბადა - ქალაქში, რომელზეც შემდგომ ბევრს წერდა და იქ მოსმენილ ამბებს  სიუჟეტებში აცოცხლებდა ხოლმე - მის მიერ გამოგონილი ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი ჩიტოც ქუთაისელია. 1967 წელს, მას შემდეგ, რაც თბილისში ფილოლოგიის ფაკულტეტი  დაასრულა, მან სწავლა მოსკოვში, სარეჟისორო მიმართულებით განაგრძო, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ დაიწყო თანამშრომლობა - რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით საბჭოთა ეპოქაში შექმნილი მრავალი მხატვრული ფილმია გადაღებული, რომელთა შორისაა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამნი გზაზე“ , „ქვევრი“, 1977 წლის კლასიკად ქცეული ფილმი „მიმინო“ და ასე შემდეგ. ფილმებზე მუშაობისას ხშირად რეჟისორი კომპოზიტორ გია ყანჩელთან თანამშრომლობდა და გასაკვირი არაა, რომ მის ყოველი მხატვრული ნამუშევრისათვის ჯადოსნური მუსიკისა და საინტერესო დიალოგების შერწყმაა დამახასიათებელი. ამის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია 1986 წლის საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის უტოპიური სურათი “ქინ ძა ძა”,  რომელშიც  ფილმის გმირები - ვლადიმერი და გედევანი მოულოდნელად ქინ-ძა-ძას გალაქტიკაში,  დაჟანგებულ პლანეტა პლუკზე ხვდებიან,  გია ყანჩელის არაჩვეულებრივი მუსიკა გასდევს ფონად.


1981 წელს კომუნისტური ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული ცენზურით დაღლილმა ხელოვანმა გადაწყვიტა, თბილისში მარიონეტების თეატრი დაეფუძნებინა - თოჯინების თეატრი რეზო გაბრიაძისათვის შემოქმედებითი თავისუფლების წყარო უნდა გამხდარიყო და ასეც მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ სივრცე და მასშტაბი, რომელშიც წარმოდგენები იქმნებოდა, პატარა იყო და მაყურებელთა რიცხვიც  მცირე, თეატრმა, რომელშიც მისი დამაარსებელი სიღრმისეული ამბების მოსათხრობად ფერად თოჯინებს იყენებდა,  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უდიდესი წარმატება მოიპოვა. 2010 წელს თავად ხელოვანის მიერ შექმნილი პროექტით ძველ თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე გაბრიაძის თეატრის გვერდით აშენდა გადახრილი მონუმენტური საათი, რომელიც მნახველს საათში ერთხელ გაღებული სარკმლითა და მის ქვემოთ მოთავსებული ეკრანით აოცებს, ეკრანით, რომელშიც ცხოვრების მარადიული ციკლის - ახალგაზრდა წყვილის, ქორწინების, მათი შვილებისა და შემდეგ დაკრძალვის ვიზუალიზაციაა. აღსანიშნავია, რომ საათის ფასადი რეზო გაბრიაძის მიერ მოხატული კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული.


ხელოვნების რამდენიმე ჟანრში თანაბარი წარმატებით მოღვაწე შემოქმედი 90–იან წლებში შვეიცარიასა და საფრანგეთში მუშაობდა, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა:   „რა სევდაა – ხეივანი დასრულდა“ - ლოზანაში და „ქუთაისი“ - პარიზში.  აღსანიშნავია, რომ ორივე დადგმაში პიტერ ბრუკის თეატრის ცნობილი მსახიობები  მონაწილეობდნენ. სწორედ  ამავე წლებში მუშაობდა რეზო გაბრიაძე სერგეი ობრაზცოვის სახელობის  თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.



რეჟისორისა და სცენარისტის გარდა,  რეზო გაბრიაძე მოქანდაკე, მხატვარი და ილუსტრატორიც გახლდათ და ამ მიმართულებით მრავალ გამოფენაში მონაწილეობდა. მისი ნახატები, რომლებიც ხშირად პასტელური ფერებითაა შესრულებული, მსოფლიო მასშტაბით მრავალ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაშია დაცული, მის მიერ შექმნილი სკულპტურების ხილვა კი თბილისის გარდა, სანკტ-პეტერბურგსა და ოდესაშია შესაძლებელი. მაგალითად, რეზო გაბრიაძისა და ვიაჩესლავ ბუხაევის მიერ შექმნილი 11-სანტიმეტრიანი ბეღურის ქანდაკება, სახელწოდებით „ჩიჟიკ-პიჟიკი“, სანკტ-პეტერბურგის ყველაზე პატარა ქანდაკებადაა ცნობილი - ამბობენ, რომ ვინც მასზე მონეტის დაგდებას შეძლებს, სურვილი აუსრულდება.   არანაკლებ საინტერესოა რეზო გაბრიაძის, როგორც მწერლის შემოქმედებაც, რომელიც მძაფრი ემოციურობითა და ინდივიდუალური სტილითაა სახასიათო.  მაგალითად, მისი ერთ-ერთი პიესის, „ექიმისა და ავადმყოფის“ პერსონაჟები   წარმოსახვით ტრანსპორტით  რბოლას აწყობენ თოვლჭყაპიან ქალაქში, აქ მწერლის თხრობის მანერა იუმორისტულია და პოეტური რეფრენებით დამშვენებული. საინტერესოა, რომ აღნიშნული პიესა 2004 წელს ბროდვეიზე დაიდგა.


რეზო გაბრიაძის შესახებ, რომელიც როგორც საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, ასევე შოთა რუსთაველის სახელმწიფო და  მრავალი სხვა უცხოური პრემიის ლაურეატიც იყო,  2017 წელს შეიქმნა ბიოგრაფიული ანიმაცია, სახელწოდებით „დედა, იცი სად ვიყავი?“ , რომლის რეჟისორიც ხელოვანის ვაჟი ლეო გაბრიაძეა. ნამუშევრის პრემიერა  2018 წელს ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა,  რამდენიმე თვის წინ კი ის პლატფორმა ნეტფლიქსზეც განთავსდა.


რეზო გაბრიაძე, რომელსაც უნიკალური დიაპაზონის ხელოვანს, საუკეთესო მხატვარსა და უდიდეს გამომგონებელს უწოდებდნენ, 6 ივნისს გარდაიცვალა.  მის თეატრზე დატანილია ხელოვანის გვიანდელი ციტატა - “დაე ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს" და სწორედ ეს ფრაზა აიტაცეს მის ხელოვნებაზე შეყვარებულმა ადამიანებმა, ვინაიდან ის იდეალურად აღწერს  ავტორის შემოქმედებით სტილსა და სწრაფვას დადებითისაკენ. რეზო გაბრიაძის  მიერ გამოგონილი პერსონაჟები ხან სასაფლაოზე აწყობენ გამოფენას, ხან უცნაურ პლანეტაზე აღმოჩნდებიან ხოლმე, ხან კი ფრთების გარეშე იწყებენ ფრენას. ასეთია მისი შემოქმედება  - ღრმა, სიკეთის მაძიებელი და ჯადოსნური.