ნიუიორკელი ფოტოგრაფის, დინ ვესტის ფოტოგრაფიულ ნამუშევრებში სხვადასხვანაირ გარემოსა და სახასიათო ადამიანებს შეხვდებით. დინ ვესტის შემოქმედება გამორჩეულია მის ფოტოებში გადმოცემული უცნაური გარემოთი და შთამბეჭდავად დადგმული სცენებით, რომლებიც თითქოს არარეალურისა და  რეალურის ზღვარზეა. ამ ფოტოებს თავისებური ტონალობა, მაღალი ციფრული ხარისხი და ფოტოგრაფის განსაკუთრებული ხედვა ეტყობათ, რომელიც  ძალიან ფრთხილად დგამს სცენებს, არჩევს ადამიანის ტიპაჟებს და ქმნის ისეთ ატმოსფეროს, რომელიც მნახველს გაურკვეველ და იდუმალების შთაბეჭდილებას უტოვებს. ფოტოებზე გამოსახული სცენები დადგმულიც არის და ამავდროულად, დოკუმენტურიც. 




ვესტის შემოქმედება ხელოვნების სხვადასხვა სფეროებითაა შთაგონებული. მის ხედვაზე დიდი გავლენა იქონიეს ფოტოგრაფებმა: სტენ დუგლასმა და ჯეფ ვოლმა, ასევე მისი სტილისა და წარმოსახვის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის მხატვრობასაც, კერძოდ კი დევიდ ჰოკნისა და ედვარდ ჰოპერის შემოქმედებას, რომლებმაც მის ფოტოებს სულ სხვანაირი ესთეტიკური ხიბლი შესძინეს. არ შეიძლება არ აღინიშნოს კინო და სარეკლამო ინდუსტრიით შთაგონებაც, რომელთა გავლენაც დინ ვესტზე აშკარაა და მათაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს მის ნამუშევრებზე. კინოში ვესტის შთაგონების წყაროდ უეს ანდერსონი და ძმები კოენები იქცნენ.




დინ ვესტის ინტერესი ფოტოგრაფიისადმი 7 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა   ოჯახმა ფირიანი ფოტოაპარატი აჩუქა. ვესტმა სწავლაც ამ მიმართულებით გააგრძელა და თავის ჰობსაც სერიოზულად მოეკიდა. კოლეჯში სწავლის შემდეგ, ვესტი განსაკუთრებით ბერძნულმა მითოლოგიამ გაიტაცა. ხელოვანის ადრეულ ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ისტორიასა და მითოლოგიას. ფოტოგრაფი მითოლოგიურ პერსონაჟებს აქტიურად იყენებდა და ცდილობდა ფოტოებზე წარმოსახვითი სამყაროები აღებეჭდა. მითოლოგიური ამბები დაუსრულებელი შთაგონების წყარო იყო მისთვის და გამოწვევაც, რამაც აიძულა იგი სრულიად ახლებური ფოტოების შექმნის საშუალება გამოეგონებინა. თუმცა, დღეს მას უფრო მეტად აინტერესებს იდეების ხორცშესხმა, რომელიც იმ რეალურ გარემოში იბადება, რომელშიც ვცხოვრობთ. მას ფოტოებზე გადმოაქვს ამბები, რომლებსაც თვითონ იგონებს ან იხსენებს, მეგობრებისგან აქვს გაგონილი ან თავად შესწრებია. მის ფოტოებში გაცოცხლებულია ისტორიები, რომლებიც სულ იცვლება სხვადასხვა ადამიანის მონაყოლის მიხედვით. ეს არის ამბები მოგონებებიდან, რომლებიც დროთა განმავლობაში მეხსიერების გამო მახინჯდება და იცვლება, თუმცა ამბის ძირითადი არსი იგივე რჩება, მხოლოდ დეტალებია შეცვლილი.




დინ ვესტი ფოტოებზე წარმოდგენილ სცენებს უფრო ხშირად საკუთარი გამოცდილებიდან და იმ შემთხვევებიდან აგებს, რომლებიც თავს გადახდა. თავდაპირველად შთაგონება მოდის მოგონებიდან, ნანახიდან, განცდილიდან, შემდეგ ხდება მათი გადასხვაფერება და ფანტაზიის ჩართვა. დროთა განმავლობაში ეს მოგონებები რეალობას უფრო და უფრო სცილდება, რადგან ისინი ახალი ინფორმაციითა და დეტალებით იტვირთება: „ფოტოების შთაგონებას ვიღებ იქიდან, თუ როგორ ვხედავთ და ვიმახსოვრებთ მოგონებებს, დაწყებული თავდაპირველი მომენტიდან და შემდეგ დროთა განმავლობაში მოგონებების ხელახლა გადააზრებით, ხელახლა წარმოსახვით და მათი აღდგენით. დროსთან ერთად ეს მოგონებებიც სულ უფრო და უფრო სცილდება რეალობას, რადგან გონებას მათში ახალი ინფორმაცია შეაქვს.“





პირველ ეტაპზე არტისტი მუშაობას შთაგონებით ან ჩამოუყალიბებელი კონცეფციით იწყებს, შემდეგ კი მას უკვე შემოქმედებით პროცესში გარდაქმნის. შემოქმედებით პროცესში პროფესიონალი ილუსტრატორებიც  მონაწილეობენ, რომლებიც იდეის ჩანახატს ქმნიან და ფოტოგრაფს იმ ორიგინალური ხედვის განსაზღვრაში ეხმარებიან, რომელიც მან განსახორციელებლად თავის შემოქმედებით ჯგუფს უნდა გადასცეს. ნამუშევრის შექმნაში ყველაზე შრომატევადი პროცესია იდეის განვითარება,
კონცეფციის ჩამოყალიბება, შესაფერისი ადგილის მოძებნა, კასტინგი, დიზაინი და სცენის დადგმა. შემდეგ უკვე ფოტოშოპის მეშვეობით ყველა ელემენტის შეჯერება ხდება, რომელსაც ოთხი დღე მაინც სჭირდება, რომ მთლიანი, კომპლექსური გამოსახულება მიიღონ. ვესტი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება დეტალებს, რითაც სცენას აგებს; საბოლოო ჯამში იდეალური გადასაღები მოედნის, მოდელების, სტილის, დიზაინერებისა და განათების მეშვეობით ერთ მთლიან ნახატის მსგავს გამოსახულებას იღებს.





როგორც აღმოჩნდა, ამ ტიპის ფოტოების გადაღება საკმაოდ რთული საქმეა და დიდი დროც სჭირდება. ზოგჯერ ერთი ფოტოს გადაღებას და დამუშავებას შეიძლება ერთი წელიც დასჭირდეს. მაგალითად, ვესტი იხსენებს:  ერთ-ერთ ფოტოსერიაში აივანზე გადმომდგარი გოგონა რომ აღებეჭდა, 7 დღის მანძილზე დადიოდა და შესაფერის ადგილს ეძებდა, რომელიც იმ მოგონებასთან, რომლის სცენის დადგმაც განზრახული ჰქონდა, ყველაზე ახლოს იყო. ზოგადად, ვესტს ურჩევნია მოდელებად მსახიობები აიყვანოს, რომლებსაც მოდელებისგან განსხვავებით უკეთესად შეუძლიათ იმ პერსონაჟის ხასიათის შეცნობა, რომელიც კამერის წინ უნდა ითამაშონ. მსახიობებს უფრო რეალური გამომეტყველება და ემოციებიც აქვთ, რადგან მხოლოდ ფოტოზე გამოსახული ადამიანის ვიზუალური მხარე არ არის ფოტოგრაფისთვის საკმარისი. იმისთვის, რომ ჩანაფიქრი კიდევ უფრო ზუსტად განახორციელოს, ვესტი ასევე სხვადასხვა სცენიდან  იღებს ელემენტებს და გადაღებულ ფოტოში ამატებს.




დინ ვესტმა ცნობილ ლეგოს არტისტთან, ნათან სავაიასთანაც ითანამშრომლა, მასთან ერთად შექმნილ სერიას კი „ნაწილები“ დაარქვა. ლეგოების ეფექტით ფოტოების დამუშავება ვესტს მოუვიდა  აზრად. მას უნდოდა ლეგოს მსგავსი კუბებით ფოტოები „აეწყო“, რომლებსაც პიქსელების ეფექტი ექნებოდა. მან მართლაც გამოიწერა ნაცრისფერი აგურის ფორმის კუბები, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა რანაირად უნდა ჩაერთო ისინი ფოტოებში. ამიტომ, ინტერნეტში ლეგოს არტისტი მოძებნა და ნათან სავაიაც ასე აღმოაჩინა. ვესტი მისი ნამუშევრებით ისე მოიხიბლა, რომ თანამშრომლობაც თვითონ შესთავაზა. საბოლოოდ, თანამედროვე ფოტოგრაფიული ტექნიკის გამოყენებითა და სავაიას ოსტატობით შექმნილი ლეგოს სკულპტურებით ფოტოებიც შეიქმნა. ნათან სავაიასთან გაკეთებული ნამუშევრები ამერიკულ საფოსტო მარკის სურათებს ჰგავს. ფოტოებში ლეგოს ათასობით ერთმანეთზე დაშენებული კუბისგან შექმნილი სკულპტურებია ჩართული, რომელიც პიქსელის ეფექტს იძლევა და ციფრულ ეპოქას უსვამს ხაზს. ლეგოს კომბინაციით ნამუშევარს არა მხოლოდ ესთეტიკური ვიზუალი მიეცა, არამედ მნახველს შეუძლია ფოტო ცალკეულ დაშლილ კომპონენტებადაც  აღიქვას. „დაშლილი ნაწილების“ სერიაში განმარტოებული ადამიანები ცარიელ, მინიმალისტურ სცენებში დგანან, რომლებიც გეომეტრიული სიზუსტით არის შესრულებული. მათი თვალები სიცარიელეში იყურება და ფოტოზე გამოსახული ადამიანებისგან წარმოუდგენელი გულგრილობა, მარტოობა გამოსჭვივის.

ფოტო :
deanwest.com