იმის რწმენით, რომდღევანდელი ოცნება ხვალინდელი რეალობაა“, რენო მარიონმა ბავშვობის ფანტაზია რეალობად აქცია და 2012 წელს ჟენევაში მან პირველად გადაიღო ავტომობილის ფოტოსურათი, რომელიც მოგვიანებით ფოტო მანიპულაციით საჰაერო მანქანად აქცია.



ბავშვობაში ახალი ათასწლეული მფრინავი მანქანებით, კოსმოსური ხომალდებით, უცხოპლანეტელებითა და დროში მოგზაურობის შესაძლებლობით წარმომედგინა, ყველას კოსმოსური სამოსი გვეცმეოდა და ლაზერული პისტოლეტებით ვიქნებოდით აღჭურვილი. ეს ყველა ბავშვის ოცნებაა…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი.



რენო მარიონის შთაგონების წყარო ბავშვობაში ნანახი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებია. აგრეთვე ფოტოგრაფის ხედვაზე გავლენა იქონია ფრანგი კომიქსების მხატვრის, ჟან ჟიროს, იგივე მოებიუსის შემოქმედებამ.



ფრანგმა ფოტოგრაფმა, უკვე 41 წლის ასაკში, მომავლის ტრანსპორტი საკუთარ ფოტოსერიაში – Air Dive – განსხვავებული ხელწერით წარმოადგინა. რენოს ფუტურისტული, ჰაერში მოტივტივე ავტომობილები კლასიკური ვინტაჟ-მოდელებია ისეთი საავტომობილო ბრენდების, როგორებიცაა: Chevrolet, Mercedes, Jaguar, Aston Martin და Porsche.



ფოტოგრაფმა რეალური ზომის მანქანები ცარიელ ქუჩებში, 70-იანი წლების შენობების ფონზე აღბეჭდა. რენოს სურდა ფოტოსურათებზე მანქანებს ცენტრალური ადგილი დაეკავებინათ და ამასთან, ფონი წარმოსადეგი, მასიური და გრაფიკული ყოფილიყო.



ფოტოსურათებზე წარმოდგენილი რეტროს სტილის საკულტო ავტომობილები საჰაერო მანქანებად არის ქცეული. წარსულის და მომავლის ელემენტების ამგვარი სინთეზი კი ფოტოებს მეტად სურეალისტურს ხდის.



ფოტოსურათებზე შექმნილმა ანაქრონიზმმა კლასიკური ავტომობილების მოყვარულებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ფანების დიდი ყურადღება მიიქცია. ისინი დღეს რენოს თაყვანისმცემელთა რიგებში არიან.

ფოტო: renaudmarion.com