ლევან აკინის მიერ გადაღებულმა შვედურ-ქართულმა ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ", რომელშიც უამრავი კულტურული და სოციალური პრობლემის ფონზე პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამა ვითარდება, მსოფლიო ბევრი ქვეყნის მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. თითქმის არ დარჩენილა ფესტივალი, სადაც ფილმმა რაიმე ფორმით აღიარება და უამრავი აპლოდისმენტი არ მიიღო. ამგვარი წარმატების ფონზე წარმოუდგენელია And Then We Danced-ის ყველა ჯილდოს შესავალ ტექსტში ჩამოთვლა, მით უფრო, როცა მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება. ამიტომაც, მხოლოდ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს შეგახსენებთ: ლევან გელბახიანის კანის 15 საუკეთესო ვარსკვლავს შორის მოხვედრას და ფილმის ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში შვედეთის სახელით წარდგენას.  

ფილმს რომ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან  ვიხილავთ, ამის შეხსენება, მგონი, არავის სჭირდება, მაყურებელი ისედაც დიდი ინტერესით ელოდება And Then We Danced-ის ჩვენებას. მერე რა, რომ მხოლოდ სამი დღით და ისიც შემოქმედებითი გუნდის გარეშე, ახლა მთავარი უკეთესობისკენ ცვლილების მოლოდინი და ეს იმედისმომცემი ფრაზაა - "და ჩვენ ვიცეკვეთ".

სანამ ფილმს იხილავთ, წაიკითხეთ Hammock-ის ინტერვიუ ლევან გელბახიანთან და ბაჩი ვალიშვილთან და კიდევ უფრო ახლოს გაიცანით ისინი.


ლევან, რამ განაპირობა პროფესიის არჩევა, როგორც ვიცი, ბავშვობიდან თეატრალურ სტუდიებში დადიოდი და სპექტაკლებში თამაშობდი, როგორ გაჩნდა შენს ცხოვრებაში მსახიობობაზე ოცნება…

პროფესიის არჩევაში  ყველაზე დიდი გავლენა დედაჩემმა იქონია, ბავშვობიდან სტუდიებში დავყავდი. თვითონაც თეატრში მუშაობდა. შემდეგ მეც თეატრალურში გადავწყვიტე ჩაბარება, თუმცა არ მიმიღეს...

შეგიძლია დაგვისახელო შენთვის აქამდე შესრულებული ყველაზე ძვირფასი თეატრალური როლი?

ყველაზე ძვირფასი ალბათ  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებელში ქორეოგრაფიულ სპექტაკლებში შესრულებული როლებია,  ძალიან საინტერესო პერიოდი იყო და ამ ყველაფრისგან დიდი გამოცდილება მივიღე.


კინოს სპეციფიკა ალბათ განსხვავებულია იმისგან, რაც თეატრის მსახიობს სცენაზე ევალება, შენთვის რა არის ეს განსხვავება და სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?

თეატრში დიდად არ მაქვს გამოცდილება, ამიტომ ვერ შევადარებ. კინოზე ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და პროცესიც ძალიან მომწონს.

ბაჩი, შენთვისაც პირველი კინოროლია...

ამ სფეროთი ადრეული ბავშვობიდან დავინტერესდი. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მსახიობობა მინდოდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერესებიც გამჩენია, თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერს მსახიობობასთან ვაკავშირებდი. ალბათ, ძალიან გამიმართლა, რომ თავიდანვე ვიცოდი, რა მინდოდა მთელი ცხოვრება მეკეთებინა.


მომიყევი, ვინ იყავი და რას აკეთებდი მანამდე, სანამ პირველ კინოროლს დათანხმდებოდი?

ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საქმიანობას ვარ მოდებული - ანიმატორიც ვყოფილვარ, მზარეულიც, მოცეკვავეც, ბენდიც მყავდა ბავშვობაში და დრამერი ვიყავი,  ერთი პერიოდი ფსიქოლოგიასაც ვსწავლობდი და პარალელურად იმასაც  ვცდილობდი, რომ სამსახიობო სფეროში მოვხვედრილიყავი. უშუალოდ ამ ფილმამდე ილიაუნის თეატრის რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობდი და პარალელურად, ფული რომ მქონოდა, პიცერიაში მზარეულად ვმუშაობდი. პირველი სპექტაკლი ჯგუფელებმა ჩვენი ფინანსებით და გამძლეობით დავდგით, ბათუმშიც კი წავიღეთ, სანამ ილიაუნის თეატრი მიგვიღებდა. სხვათა შორის, ჩვენი ერთ-ერთი სპექტაკლი - საბა ასლამაზიშვილის "მარატ-სადი" წელს "დურუჯზეა" წარდგენილი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენით, მზიურში დადგმული სპექტაკლიდან აქამდე მოვედით. მიუხედავად იმისა, რომ  თეატრიდან წამოვედი, ჩემი ჯგუფი, ვისთან ერთადაც გავიზარდე,  მაინც საკუთარი ოჯახივითაა და უბედნიერესი ვარ, როცა ასეთი კარგი ამბები მესმის ხოლმე.


როგორ აღმოგაჩინათ ლევან აკინმა?

ლევანი: პირველად ინსტაგრამის საშუალებით  დაინტერესდა. შემდეგ უკვე ქასთინგიდან, როგორც ხდება... გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ რამდენიმე უარის შემდეგ, საბოლოოდ ფილმში აღმოვჩნდი, რაც ძალიან მიხარია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი გავხდი.

ბაჩი:  ლევანმა როგორ მიპოვა, არ ვიცი, მაგრამ ფილმში მეც ქასთინგით მოვხვდი და პირდაპირ ვიტყვი, მეც ძალიან დიდი ხანი ვითრევდი ფეხს, სანამ  საერთოდ ქასთინგზე გასვლას დავთანხმდებოდი. თემა რომ ამიხსნეს, რომელიღაც სცენის ვიდეო უნდა ჩამეწერა, რაც ორი კვირა ვერ გადავიღე. სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე ვორჭოფობდი, ვნერვიულობდი საზოგადოების რეაქციაზე და იმაზეც, საერთოდ კიდევ ვინმე თუ მომცემდა როლს ამის შემდეგ. საბოლოოდ, ნინუცა გაბისონიას შეგულიანებით მიხვდი, რომ, თუ რამედ მინდა ვღირდე, როგორც ადამიანი და მსახიობი, ასეთი მიზეზების გამო უკან არასდროს არ უნდა დავიხიო. თუნდაც ის ფაქტი, რომ ვფიქრობდი, როლს დავთანხმებოდი თუ არა, თავისთავად უკვე ნიშნავდა, რომ საზოგადოებაში დიდი პრობლემაა.  შანსი მომეცა, რომ ამ ყველაფრის შეცვლაში ჩემი წვლილი შემეტანა,  ამიტომ ავიღე პასუხისმგებლობა და უკან აღარ დამიხევია. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, ძალიან მადლიერი ვარ უკლებლივ ყველა იმ ადამიანის, ვისი წყალობითაც ახლა აქ ვარ და კითხვებზე გპასუხობ.


რა იყო მთელ ამ პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა და სირთულე?

ლევანი: ჩემთვის ეს პირველი ფილმი იყო, შესაბამისად, გადაღების რეჟიმის და პროცესის დაძლევა ნამდვილად იყო გამოწვევა. თუმცა, როცა შედეგს ვხედავდი, დაღლაც და სხვა სირთულეებიც მარტივად ნეიტრალდებოდა და საბოლოო ჯამში გადაღება ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება.

ბაჩი: პირადად ჩემთვის სირთულე ზოგადად ფილმის სპეციფიკის ათვისება  და ირაკლის პერსონაჟის რაც შეიძლება გულწრფელი სახის შექმნა იყო. როგორ გავართვი თავი,  ბოლომდე მაინც არ ვიცი, მაგრამ  ლევან გელბახიანის პარტნიორობამ  და ლევან აკინის მუშაობის სპეციფიკამ ეს პროცესი ნამდვილად გამიადვილა. ზოგადად, ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ფილმიდან და ეს ყველაზე მეტად მახარებს.

ლევან, შენთვის როგორი იყო მერაბის შექმნის პროცესი, მაყურებლის  ერთი ნაწილის მხრიდან მოსალოდნელი რეაქციის ფონზე ალბათ რთული აღმოჩნდა შენი გმირის ზუსტად ისე შექმნა, როგორც ეს რეჟისორს ან თუნდაც შენ გქონდა წარმოდგენილი, როგორ მოახერხე...  საიდან მიიღე ამ ყველაფრისთვის შთაგონება?

შთაგონება გარემო იყო. ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.


ანუ, როგორია მერაბი?

მერაბი ძალიან მიზანდასახული ბიჭია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გულწრფელია საკუთარ თავთან. მას არ სჭირდება საკუთარ თავში გამორკვევა, ის უბრალოდ ცდილობს თავისი მიზნები და სურვილები აისრულოს.

მთავარი ამბავი,  რომელიც ფილმში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...

ლევანი: ფილმში ბევრი მნიშვნელოვანი ხაზია და თითოეულ მათგანზე ბევრი მიფიქრია და ბევრიც მისაუბრია სხვებთან. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი  გეი წყვილის ურთიერთობის სტერეოტიპების ნგრევას შეეხება.  რეალურად პრობლემა ის არის, რომ ამ ადამიანებს სიყვარულის გამოხატვის უფლება არ აქვთ. ჩვენ არ ვიცით, მათ როგორ უყვართ, ვერ ვხედავთ, რადგან  საზოგადოება სიყვარულის გამოხატვის უფლებას არ აძლევს. ხალხს ჰგონია, ისინი განსხვავებულები არიან, რომ მათ ერთმანეთთან ემოცია ან გრძნობა არ აკავშირებთ  და მათი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ „გარყვნილებაზეა“ დაფუძნებული. მათი სიყვარულის, ემოციების და  გრძნობების ჩვენება ვფიქრობ, რომ LGBTQ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას შეცვლის და ეს ჩვენება კინოდან ნელ-ნელა ჩვენს რეალობაშიც გადმოინაცლებს.

ბაჩი: ჩემთვის ეს ფილმი საკუთარი თავის მიღებაზეა. როცა ადამიანს თავისი თავი ისეთი უყვარს, როგორიც არის.  საზოგადოების აზრი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი მაინც ისაა, შენ თვითონ რას ფიქრობ საკუთარ თავზე, რასაც  გარკვეულწილად  გარემოც აყალიბებს.  მაგრამ შეგიძლია ამის შეცვლა, ისევე როგორც ეს მერაბმა გააკეთა.  არის მეორე არჩევანიც -  სხვისი ცხოვრებით იცხოვრო, რითაც ბედნიერი ვერასდროს იქნები.


საერთაშორისო აუდიტორიის მხრიდან And Then We Danced-ს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რას დატოვებს და რას შეცვლის ფილმი ქართველ მაყურებელში?

ლევანი: მგონია, რომ ქართველი მაყურებლის აღქმა გაცილებით მძაფრი იქნება. მაყურებელიც ხომ ყველა სცენის მონაწილეა. ფაქტობრივად, არ არსებობს ზღვარი რეალობასა და კინოს შორის, კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ ფილმში ნაჩვენებ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას - ზოგი ოჯახის წევრს ამოიცნობს, ზოგი მეგობარს, ზოგი მეზობელს, ზოგიც საკუთარ თავს. შესაბამისად, აუცილებლად დაფიქრდება, და თუ დაფიქრდება, რაღაც აუცილებლად შეიცვლება, და  ეს ცვლილება რომ კარგისკენ მოხდება, ამაში რატომღაც დარწმუნებული ვარ.

ბაჩი: მეც იმედი მაქვს, რომ რამეს შეცვლის, თუნდაც ერთ ადამიანში მაინც. ამ ფილმს ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი, მაგრამ თუ ამას ვერ მოვახერხებთ, იმედია, ერთ ადამიანს მაინც მივცემთ  იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და იმის ძალასაც, რომ  ის იყოს, ვინც არის და  აუცილებლად უყვარდეს თავის თავი უბოდიშოდ და უკან მოუხედავად...

ბოლო პერიოდში ცეკვა ძალიან მნიშვნელოვანი აქტი გახდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ფაქტობრივად, პროტესტის გამოხატვის ახალი და ძალიან საინტერესო ფორმაა. ალბათ ამის გამოც არც ფილმის სახელი და არც ის, რომ ფილმში ყველაფერი ქართული ცეკვით იწყება, შემთხვევითი არ იყო. მაგრამ მაინც   პირადად თქვენთვის რა არის  ცეკვა, და რას ნიშნავს ფილმის მთავარი სიტყვები -  And Then We Danced? 

ბაჩი: ცეკვა საკუთარი თავის და თავისუფლების გამოხატვის საუკეთესო ფორმაა, ამიტომ გადაიქცა ის, ჩემი აზრით, პროტესტის სახედ . ფილმშიც ზუსტად ამ თავისუფლებას გამოხატავს. ფილმის მთავარი სიტყვები - “და ჩვენ ვიცეკვეთ“, ჩემთვის ძალიან ოპტიმისტური და იმედის მომცემია.

ლევანი:  ცეკვა ჩემთვის საკუთარი სათქმელის, პროტესტის და თუნდაც ემოციის საინტერესო ფორმით - მოძრაობით გამოხატვაა.  And Then We Danced - ეს სიტყვები კი მიზნის მიღწევასთან და იმედთან ასოცირდება.


ლევან, ჟურნალმა W-მ კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის დაგასახელა, რას ნიშნავს მსახიობისთვის ამ სიაში მოხვედრა და როგორ აისახება ეს სამომავლო პერსპექტივაზე?

პროფესიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ვერნერ ჰერცოგი, ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ, პედრო ალმოდოვარი, ანტონიო ბანდერასი, ბილ მიურეი, უილიამ დეფო და სხვა - ამ კოლექტივში მოხვედრა ნამდვილად დიდი პატივია. ისე, კარგი იქნება,  ჟურნალის გარდა, სამომავლოდ საერთო პროექტებიც თუ გაგვაერთიანებს.

ბაჩი, შენთვის როგორი იყო And then we danced-ის გამოცდილება, დღევანდელი გადმოსახედიდან რა დაგიტოვა ამ ფილმმა?

დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რამ მივიღე, ყველაფერს ვერც ჩამოვთვლი. მთავარი მაინც გამოცდილებაა, რაც მთელი ამ პროცესიდან დამრჩა.  უშუალოდ გადაღებებიდან ყველაზე კარგად ის ოჯახური გარემო მახსენდება, რაც გადასაღებ მოედანზე იყო. მთელი გადამღები ჯგუფი ისეთი მონდომებით და სიყვარულით მუშაობდა, რომ ყოველი  დღე სიამოვნებით მახსენდება. უმაგრესი გადამღები ჯგუფი გვყავდა. გამნათებელი და ოპერატორი ქალები იყვნენ სამანტა და ლისაბი, ამ ადამიანებთან მეგობრობა კიდევ ცალკე ძალიან დიდი მონაპოვარია.  რაც უნდა მოხდეს, ეს ფილმი ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს ცხოვრებაში და როგორც ლევან აკინს ყოველდღე ვეუბნებოდი: You Never Forget Your First.


უკვე ხომ არ გაქვს მეორე შემოთავაზება, ამ მხრივ არის რაიმე ცვლილება შენს ცხოვრებაში?

ფილმის მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა: პირველ რიგში, ფესტივალებზე სიარულით და ამდენი მოგზაურობით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, მეორე ის, რომ ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე ფილმამდე და ვიცი, რომ მთელი ცხოვრება მინდა კინოში ვიყო. კი, იყო შემოთავაზებები, მაგრამ ამ ეტაპზე წინასაოსკარე კამპანიის და ფესტივალებზე მოგზაურობის გამო, უახლოესი თვეები დაგეგმილი მაქვს. ამიტომ ჯერ ვერ ვერთვები ახალ პროექტებში.

ლევან, დაგვიტოვე რეკომენდაცია, გვირჩიე, რა ფილმი ვნახოთ?

პირველ რიგში And Then We Danced უნდა ნახოთ. შთაბეჭდილების მხრივ, ბოლოს ნანახი ფილმებიდან ტარანტინოსერთხელ ჰოლივუდშიმახსენდება.

სამომავლო გეგმები...

ლევანი: ამ ეტაპზე გეგმაში წინასაოსკარე კამპანია და ფესტივალებზე მოგზაურობაა...

ბაჩი: ცხადია, იქნება ახალი ფილმებიც.