1993 წელია, დეპრესიული პერიოდი, გამოფენა 24 დეკემბერს გავხსენით, ორი დღით ადრე პარლამენტთან სროლა დაიწყო... წარმოიდგინეთ, როგორი გარემოა და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ჩვენთვის. ძალიან მძიმე წლებია, ძალიან დეპრესიული, გაურკვეველი, ყველაფერი ინგრევა, პლუს შეცდომები, შეცდომები, შეცდომები და დაუსრულებელი დეპრესია. 


მახსოვს, ჩემი თაობის არტისტები ხშირად ვიკრიბებოდით, საერთო სივრცე გვჭირდებოდა და სულ ვბჭობდით - მოდი, რამე დავიწყოთ, რამე  ახალი ვქნათ. ნამუშევარს ჩემთვის პერსონალური ისტორიაც აქვს: იმ პერიოდში კითხვებს ვუსვამდი საკუთარ თავს - რა იყო ხელოვნება? ხელოვნება თავისთავად იყო თუ ჩვენ ვაკეთებთ მოქმედების სუბლიმაციას და ამას ვეძახით ხელოვნებას? ამ თემაზე ბევრი ნამუშევრის გაკეთება მომიწია. იყო პერფორმანსებიც, სადაც ზოგჯერ შიშველი სხეულებით ვმონაწილეობდით, რაც ბევრმა უჩვეულო მოქმედებად აღიქვა, საბჭოთა კავშირში ხელოვნება უფრო მეტად ბაზართან იყო მიბმული და ვერ წარმოედგინათ, რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მხატვარს გარდა იმისა, რომ ნახატი გაეყიდა. 


ერთ დღესაც ჩემი ძველი მეგობარი მოვიდა, რომელიც მეუბნებოდა, რად გინდა ეს ყველაფერი, უბრალოდ დახატე, ჩარჩოებში ჩავსვათ და მოგეხმარები, რომ გაყიდოო. მეუბნებოდა, ოქროს ჩარჩოები მაქვსო. თავიდან გამეცინა, მეთქი, რა ოქროს ჩარჩოები…. შემდეგ მაჩვენა, რომ მართლა ჰქონდა ავტოფარეხში, თანაც  ძალიან ბევრი.  ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიფიქრე,  რადგან ადამიანები ხელოვნებას ჩარჩოებს უკავშირებენ, ესე იგი ამაში მართლა არის რაღაც ხელოვნების... ისიც საინტერესო იყო, რომ საზოგადოება თითქოს რაღაცას თხოულობდა ჩემგან, თუნდაც იმას, რომ ისეთი ხელოვნება მეკეთებინა, როგორიც თავად წარმოედგინათ. ალბათ იმიტომ, რომ ხელოვნების, რომანტიზმის და მშვენიერების დეფიციტი არსებობდა, რაღაცის - რაც იყო და აღარ არის.  ამ ნოტალგიაზე დავიწყე ფიქრი და  მომეჩვენა, რომ თუ ამაზე ვიმუშავებდი, მოულოდნელად ჩემთვის რაღაც შეიცვლებოდა. 


სახელოსნო მქონდა, ძალიან მინიმალისტური თეთრი ოთახი, საერთოდ არაფერი არ შემქონდა და წარმოიდგინეთ, უცებ ასეთ გარემოში რამდენიმე ათეული ოქროს ჩარჩო აწყვია, კინაღამ დავიხუთე, ალერგია დამემართა. ტილო მჭირდებოდა, ფული არ მქონდა, რომ ახალი მეყიდა და გამახსენდა ეზოში  სცენის ძველი უკანა ფონი მეგდო, გავშალე და დავინახე, რომ უკვე ლპობა დაეწყო, მთელი მიკროფლორა გაჩენილიყო, არ დავარღვიე, უბრალოდ დავჭერი და ჩავსვი ამ ოქროს ჩარჩოში. ისეთი შთამბეჭდავი იყო, თითქოს სინამდვილეს ვუყურებდი. ვიფიქრე, რომ რაღაც ჩემი მეც უნდა მეთქვა მასთან დიალოგში.  ღამით მესიზმრებოდა, ვითომ ლექსი დავწერე, რომელიც ყველაფერს ზუსტად ამბობდა, მაგრამ რომ გავიღვიძე, დამავიწყდა. ვიხსენებ, თან ყავას ვსვამ და ვიმეორებ:  მე რომ ლექსი დავწერე, მე რომ ლექსი დავწერე, მე რომ ლექსი დავწერე... შემდეგ ამაზე ავაწყვე ყველაფერი. მომეჩვენა, რომ ეს ფრაზა დავიწყებულ ხელოვნებას ჰგავდა, რომელიც სულ გვინდა, რომ გავიხსენოთ, მაგრამ დაგვავიწყდა. სამაგიეროდ დაგვრჩა საათი Rolex, მექანიკა, მოძრაობა, განსაკუთრებულობა, პრესტიჟულობა. გამოვიტანე Rolex-ის ლოგო და დავადე ტილოს, თან მეცინება ამაზე, თან მივყვები სიტუაციას და კიდევ ბევრჯერ გადავუარე ტილოს ქართულად : მე რომ ლექსი დავწერე, მე რომ ლექსი დავწერე... და უცებ მივხვდი, რომ თავდაპირველი შთამბეჭდავი სურათი დაიკარგა, მივხვდი, რომ ის, რაც უფრო კარგი იყო, გავაფუჭე, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა გამეგრძელებინა და გადავწყვიტე გადამეწერა, რამდენადაც შევძლებდი. მეთქი, მე გადავწერე, მე გადავწერე... და გავიაზრე, რომ ეს გადაწერაც ძალიან ბევრი იყო და გავაგრძელე: ო, მე გადავწერე, ო, მე გადავწერე, ომეგა... 


აი აქ უკვე მივხვდი, რომ უნდა დამემთავრებინა ეს ნამუშევარი. ძალიან საინტერესო გააზრება მქონდა მაშინდელი მდგომარეობის, თან სამი თვე ეკიდა ქარვასლაში და ვინც მოდიოდა სულ დროსა და სივრცეზე ვექაქანებოდი. ჩვენ გვგონია, რომ დრო სწორი ხაზივითაა, ისე, თითქოს რაღაც დაიწყო და დამთავრდა. სინამდვილეში - დრო ჰორიზონტალური კი არა, ვერტიკალურია. ყველაზე კარგად ეს არქეოლოგებმა იციან. იციან, რომ დრო სინამდვილეში ფენა-ფენაა ერთმანეთზე დადებული, ჩვენ ვერ ვხვდებით ამას, ვერ ვხვდებით, რომ დროს სინამდვილეში სხვადასხვა პირობითობა, სხვადასხვანაირი განცდა და სიჩქარე აქვს - ასეთი კითხვები მიტრიალებდა მაშინ თავში და სწორედ ამან მიმიყვანა პოეტურ-ალქიმიურ მდგომარეობასთან, სადაც პატარ-პატარა მოძრაობები ახალ-ახალ კომბინაციებს ქმნიდნენ. - მამუკა ჯაფარიძე