27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით აქტუალური მუსიკის ფესტივალის - CLOSE ENCOUNTERS 2021-ის ფარგლებში თბილისსა და გორში 5 კონცერტი ჩატარდება. 2005 წელს დაფუძნებული ფესტივალი, რომელიც უკვე  თხუთმეტ წელზე მეტია შვეიცარიასა და საქართველოში უყრის თავს ორივე ქვეყნის წარმომადგენელ როგორც ახალგაზრდა, ისე უკვე გამოცდილ და წარმატებულ მუსიკოსებს, წელსაც მრავალი საინტერესო ქართველი თუ უცხოელი არტისტის მუსიკალურ შემოქმედებას გაგვაცნობს. ფესტივალის ბილეთების შეძენა მსურველებს TKT.GE-ზე შეუძლიათ. 



CLOSE ENCOUNTERS 2021 27 ივნისს ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოთი გაიხსნება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ როგორც თამრიკო კორძაიას მიერ 2021 წელს გაცოცხლებულ, წლების განმავლობაში დაკარგულ და ახლახან აღმოჩენილი “მულტიპლიკაციის“ სტუდიურ ჩანაწერს, ასევე ქრისტიან მიულერს, კეტი ვან ეკისა და რეზო კიკნაძეს. 

28 ივნისს  ფესტივალის საღამოს ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში შვეიცარიელ-ჰოლანდიელი საუნდ-არტისტი და კომპოზიტორი კეტი ვან ეკი გახსნის. ამ დღეს ფესტივალზე შედგება პიტერ კონრადინ ცუმთორის ორი ახალი ნაწარმოების პრემიერაც,  რომელიც სპეციალურად ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა. კომპოზიციებს,  რომლებიც სოლო ფორტეპიანოსთვის არის შექმნილი, თამრიკო კორძაია შეასრულებს. საღამოს ასევე შევხვდებით შვეიცარიელ ტრიო SÆITENWIND-საც, რომელიც მსმენელს ახალგაზრდა შვეიცარიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს გააცნობს.




29 ივნისს კონცერტი ორი გამორჩეული შვეიცარიელი იმპროვიზატორის -  კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი სეტით გაიხსნება, ხოლო რაც შეეხება საღამოს მეორე ნაწილს, აქ მსმენელთა წინაშე გორის ცნობილი ქალთა გუნდი წარდგება. მომღერლები ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან, სანდრო ჩინჩალაძესთან (TeTe Noise), ანუშკა ჩხეიძესთან, გიორგი კობერიძესთან და ალექსანდრე კორძაიასთან (kordz) ერთად  ოთხ ახალ კომპოზიციას შეასრულებენ.

30 ივნისს,  გაეცნობით შვეიცარელ პიანისტის და კომპოზიტორის, ჟაკ დემიერის თვითმყოფად და ფანტაზიით სავსე მუსიკას. ასევე, მოისმენეთ ნინო და თამარ ჟვანიას შეასრულებით, ნატალია ბერიძის კომპოზიციის, Letters from Risi (წერილები რიზიდან"

1 ივლისს ფესტივალი გორში გადაინაცვლებს - გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სივრცეში, სადაც მსმენელთა წინაშე კვლავ  გორის ცნობილი ქალთა გუნდი წარდგება. გორის თეატრის სცენა ასევე უმასპინძლებს კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტსაც. ფესტივალი  კეტი ვან ეკის ახალი კომპოზიციით დასრულდება, რომელიც საუნდ-არტისტმა სპეციალურად Close Encounters 2021-ისთვის შექმნა და რომელსაც ფესტივალში მონაწილე ყველა მუსიკოსი შეასრულებს. ფესტივალის ფარგლებში Creative Education Studio-ში 27-30 ივნისს, 16:00 საათზე ჩატარდება  ვორქშოფიც  - მუსიკალური ჟურნალისტიკა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ფესტივალი, როგორც ქართველი, ასევე შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, შვეიცარიაში გადაინაცვლებს.