რომელ ფრიდა კალოს თაყვანისმცემელს არ უოცნებია მხატვრის „ლურჯ სახლში“ სტუმრობაზე? უკვე მუზეუმად ქცეული სახლი მექსიკაში აუცილებლად სანახავი ადგილია.





იზოლაციის განმავლობაში Google Arts & Culture-მა La Casa Azul-ის, ფრიდა კალოს მუზეუმის ვირტუალური ვიზიტის შესაძლებლობა მოგვცა, რომელიც მეხიკოს გარეუბანში მდებარეობს.





კოიოკანის ცენტრში, La Casa Azul-ის, იგივე „ლურჯი სახლის“ წინ ვიზიტორების რიგი ყოველთვისაა. ლამაზი ვილა, მექსიკური ტრადიციის მიხედვით შეღებილი ფასადით,  ფრიდა კალოს სახლი იყო, რომელშიც არტისტმა თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა. სახლი 1904 წელს ფრიდას მამამ შეიძინა, თავად მხატვარი კი 1907 წლის 6 აგვისტოს დაიბადა.  ეს ის სახლია, სადაც 47 წლის შემდეგ ფრიდა გარდაიცვალა.




სახლის ყოველი კუთხე ფრიდას მოგაგონებთ. თავის სახელოსნოში, კალოს მოლბერტზე ფაქიზად შერჩეული საღებავები ჯერ კიდევ აწყვია. სამზარეულოში კი, იქ, სადაც ერთ დროს მეგობრებს მასპინძლობდა,  კერამიკული სკულპტურები დგას. ბაღები კაქტუსებით, ტროპიკული მცენარეებითა და ბევრი სკულპტურებითაა სავსე. საწოლის გვერდით კი დგას სარკე, რომელშიც ფრიდა ავადმყოფობისას საკუთარ თავს აკვირდებოდა და შემდეგ ხატავდა თავის ისეთ ცნობილ ავტოპორტრეტებს, როგორებიცაა “The Two Fridas” და “Frida y la cesarean”. ისინი ახლა „ლურჯი სახლის“ ვილაშია გამოფენილი. ფრიდას ყოველდღიური ცხოვრება წარმოდგენილია მისივე კაბებით, კორსეტებით, სამკაულებით, მაკიაჟითა და პირადი ნივთებით.