ცნობილი ფრანგული მოდის სახლის, Vetements-ის შემქმნელებმა ახალი ბრენდი დააანონსეს, რომელიც Gvasalia Family Foundation-ის, ახალდაფუძნებული ორგანიზაციის მენტორობით იქმნება. “Gvasalia Family Foundation საფუძველს უდებს ახალ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას, მულტიფუნქციურ პლატფორმას ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანებისთვის", - ვკითხულობთ აღწერაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდის ესთეტიკა Vetements-ისას არ ჰგავს; იგი ყველა გენდერის ადამიანებს შესთავაზებს ტანსაცმელს, თუმცა შთაგონების მთავარი წყარო მამაკაცის ტრადიციული სამოსი იქნება.


"ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ამ ინდუსტრიაში გადარჩენა ძალიან რთულია, რადგან მასზე მონოპოლია დიდ, ძალიან დიდ კორპორაციებს აქვთ", - ამბობს გურამ გვასალია Vogue-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, ახალდაფუძნებულ ბრენდს არ ექნება ლოგო, თუმცა "მის ამოცნობას შორიდანაც კი მოახერხებენ".

ბრენდთან დაკავშირებული სხვა დეტალები საზოგადოებისთვის 22 ივლისს, მისი პრეზენტაციის დღეს გახდება ცნობილი.