“შუაღამის მოდერნი” ავსტრალიელი ფოტოგრაფის, ტომ ბლეჩფორდის ხუთწლიანი პროექტია. ამ სერიის ფოტოებზე აღბეჭდილია ამერიკის ყველაზე ცნობილი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული საკულტო შენობები, რომლებსაც მხოლოდ სავსე მთვარის შუქი ანათებთ. ფოტოების უმეტესობა ბლეჩფორდმა საკურორტო ქალაქ პალმ სფრინგსში გადაიღო.



პალმ სფრინგსის საზოგადოებაში ბლეჩფორდმა მოიპოვა უფლება გადაეღო არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის – კაუფმანის Desert House, Edris House, Frey House II, ფრენკ სინატრას Twin Palms Estate და ალექსანდერ ტრაქტის ათამდე რესტავრირებული სახლი.



ბლეჩფორდი აღნიშნავს, რომ ასეთ ადგილებში მუშაობა დროში მოგზაურობის შეგრძნებას იწვევს – “დროში ორიენტაციის უნარი დამეკარგა – მეოცე საუკუნის შუამდელი ვიზუალური არქიტექტურის ასე ახლოდან, ფერებში განცდამ ჩემზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა”.



პალმ სფრინგსის პეიზაჟები და გეოგრაფია მკვეთრად განსხვავდება ვიქტორიისგან, სადაც ავსტრალიელი ფოტოგრაფი გაიზარდა. ბლეჩფორდი აღნიშნავს, რომ შენობები, რომლებიც მის ფოტოებზეა აღბეჭდილი, არაფერს არ ჰგავს, რისი ნახვაც ავსტრალიაში შეგიძლიათ.



“პალმ სფრინგსზე პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა – ლანდშაფტი და არქიტექტურაც ძალიან განსხვავდება იმ გარემოსგან, სადაც გავიზარდე”.სწორედ ამ შეგრძნებით საზრდოობენ ბლეჩფორდის სურათები, რომლებიც თითქოს სამყაროს მიღმიერიდან შემოდიან ჩვენი მხედველობის არეალში.



ბლეჩფორდი მელბურნელი ფოტოგრაფის – ქეით ბოლისის პარტნიორია. ბოლისის სურათებშიც ხშირად ვხვდებით პალმ სფრინგსის პეიზაჟებს. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, მათი ხედვა ხანდახან ემთხვევა, თუმცა ერთმანეთს კარგ ასისტენტობას ვერ უწევენ – “ქეითს გვიანი საღამო უფრო უყვარს, ამიტომ შუაღამის მოდერნის გადაღების დრო ასისტენტობისთვის კარგი არჩევანი არ აღმოჩნდა”.(ყველა სურათი გვიან ღამითაა გადაღებული – როდესაც მთვარე ზენიტშია და შესაბამისად – ყველაზე ნათელია).თავიდან რამდენჯერმე წავიყვანე, თუმცა დახმარების ნაცვლად წრუწუნასავით ეძინა მანქანის წინა სკამზე”.



ფოტოგრაფები ესთეტიკის თვალსაზრისით და პრაქტიკულადაც ცდილობენ, ერთმანეთს სივრცე დაუტოვონ თავ-თავიანთ იდეებზე დამოუკიდებლად სამუშაოდ. “ორივე აღფრთოვანებული ვართ კამერებით – მათ შეუძლიათ ჩვენი შეზღუდული შეგრძნებების გაშლა და გაფართოება”.



შუაღამის მოდერნის ფოკუსია პალმ სფრინგსის განთქმული მოდერნისტული არქიტექტურა, რომელიც ამ სერიის სურათებზე სრულიად ახლებურადაა აღბეჭდილი – მხოლოდ სავსე მთვარის შუქზე. სურეალისტური ფოტოები გვევლინება, როგორც დროში პორტირების საშუალება – მათზე აღბეჭდილი სახლები, მანქანები და ლანდშაფტები თითქმის ზუსტად ისეთივეა, როგორიც 60 წლის წინ.



მთვარის მკვეთრი შუქი მათ ახალ განზომილებას მატებს და უდაბნოს მოდერნიზმის მექას, რომელიც განთქმულია მზით, კოქტეილებით და წვეულებებით, ახალ ნათელში ხვევს.ბლეჩფორდის ნამუშევრები ეფუძნება სლიმ აარონსის და ჯულიუს შულმანის დოკუმენტურ სტილს, თუმცა მათ უფრო მისტიკური აურა დაჰკრავთ.მისი კინემატოგრაფიული ესთეტიკა დაუსრულებელ ნარატივებს სცენად ემსახურება, რომლის დასრულებაც მნახველებს საკუთარი სცენარებით შეუძლიათ. ეს ორიგინალური სერია მიგნებაა მეოცე საუკუნის შუამდელი არქიტექტურის და პალმ სფრინგსის ფანებისთვის.



ტომ ბლეჩფორდის ფოტოგრაფია რეალისტურსა და სურეალისტურს ერთმანეთთან აკავშირებს და ადამიანების მიერ შექმნილ ფუნქციურ სტრუქტურებს ლამაზ სიზმრებად აქცევს.მელბურნელი ფოტოგრაფი გატაცებულია ტექსტურებით და ფორმებით, რომლებიც არქიტექტურას და გარემოს ბუნებრივად აკავშირებენ. ბლანშფორდის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: Domus, Wired, Curbed, Dwell, Vogue და Wallpaper.