ქართული თანამედროვე ხელოვნება და მოდის ინდუსტრია ის სფეროებია, რომლებიც ბოლო დროს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ და ვითარდება. თუმცა საზღვრების გაფართოებამ და წინსვლამ განათლებისა და ცოდნის ამაღლების აუცილებლობაც შექმნა. მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ ცოტა ხნის წინ ახალი პროექტის - მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის პირველი რენდერები გააზიარა და მისი გახსნა დააანონსა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად დიდი პროგრესის მომტანი გახდება. ახალი მასშტაბური პროექტი, რომელიც “კოკა-კოლას” ყოფილი ქარხნის სივრცეში განთავსდება, საერთაშორისო დონეზე დაიწყებს ფუნქციონირებას და მასში მოდისა და დიზაინის წამყვანი სკოლები და პროფესიონალები იქნებიან ჩართულები. პროექტის დიზაინში კი, რომელზეც არქიტექტორმა დავით ქოიავამ იმუშავა, ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცეს სჭირდება. Factory-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია ინტერვიუში მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის შესახებ კიდევ უფრო მეტ საინტერესო დეტალს გვიზიარებს.


სოფო,  მოგვიყევით, როგორ გაჩნდა მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის შექმნის იდეა? 

მსგავსი სკოლის შექმნის იდეა ალბათ 7-8 წელია უკვე მაქვს. მას შემდეგ, რაც პროექტი Be Next გავაკეთეთ, სულ მინდოდა ისეთი დაწესებულების გახსნა, სადაც მოდით, დიზაინითა და ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდები შეძლებდნენ ამ სფეროებში საფუძვლიანი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას. თუმცა, არსებობდა გარკვეული ტექნიკური წინააღმდეგობები, რამაც ეს პროცესი შეაფერხა. როგორც კი პირველი შესაძლებლობა გაჩნდა და უკვე ტერიტორიაც ხელს გვიწყობდა, მაშინვე დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა. 


რას გულისხმობს მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის კონცეფცია? 

თავიდანვე გააზრებული გვქონდა ის საკითხი, რომ ეს სკოლა უნდა ყოფილიყო საერთაშორისო, სადაც მოწვეული იქნებოდა ბევრი უცხოელი, გამოცდილი პროფესორი. პირველ ეტაპზე ვფიქრობდით, რომელიმე ერთ წამყვან სკოლასთან გვეთანამშრომლა, ისეთებთან, როგორებიცაა მარანგონის, პარსონსის დიზაინის სკოლები, ასევე ნიუ-იორკის, პარიზის, მილანის, ფლორენციის დიზაინისა და ხელოვნების სკოლები. თუმცა შემდეგ თავადაც გვირჩიეს, რომ არ შეგვეზღუდა თავი და უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები შეგვექმნა მომავალი სტუდენტებისთვის. ამ ეტაპზე სწორედ ამ წამყვან სკოლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვგეგმავთ ასევე ადგილობრივი ექსპერტების გადამზადებასაც, რომლებიც შემდეგ ჩვენს სკოლასთან გააგრძელებენ თანამშრომლობას. 


როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა და რა შესაძლებლობებს შესთავაზებს ის მომავალ სტუდენტებს? 

სასწავლო პროგრამების დაწერას განსაზღვრული დრო სჭირდება. გარდა სასწავლო პროცესში ჩართულობისა, მოწვეული პროფესორები პროგრამების გამართვაზეც იმუშავებენ. სკოლას ექნება ძირითადად საბაკალავრო პროგრამები, თუმცა ვფიქრობთ, ასევე შეიქმნას მოკლე, ინტენსიური კურსები, რომელიც მსურველს საშუალებას მისცემს მცირე დროში სხვადასხვა ტექნიკას დაეუფლოს და გამოცდილება მიიღოს. ამასთან, ვგეგმავთ საზაფხულო სკოლის გაკეთებასაც. ჩვენი მიზანია, რომ მომავალ სტუდენტებს მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამები შევთავაზოთ. 


როგორ აისახა თქვენი სურვილები სკოლის დიზაინზე, რომელზეც არქიტექტორმა დავით ქოიავამ იმუშავა?

მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ სკოლა მულტიფუნქციურია და მორგებული უნდა ყოფილიყო სტუდენტებისა და პროფესორების საჭიროებებზე. ჩვენ დავითთან ერთად შეთანხმებულად ვმუშაობდით და ერთად ვწყვეტდით სხვადასხვა დეტალს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შესრულებაში დავითის ხედვა დაგვეხმარა, რის შედეგადაც შეიქმნა თანამედროვე და კლასიკური სტილის ნაზავის მქონე ინტერიერი, შავი ფასადით, სარკისებური დეტალებითა და ბუნებრივი გამწვანებით 


როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს დღეს მსგავსი სკოლის არსებობას საქართველოში? 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია განათლება და ცოდნის ამაღლება განსაკუთრებით ამ სფეროებში. იმ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ურთიერთობა, რომლებიც მსოფლიოში ახალ ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს ნერგავენ და რომელთან შეხებაც ქართველ სტუდენტებსა და დიზაინერებს ნაკლებად აქვთ. ჩვენთან დიზაინერების უმეტესობა თვითნასწავლია და სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ისეთი ინსტიტუციები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ხელოვანებს ეხმარებიან ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. სწორედ ამიტომ, ეს სკოლა ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. 


როგორია თქვენი მოლოდინი, რას შეცვლის მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა დღევანდელ რეალობაში? 

პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი ტიპის სკოლა არ არსებობს, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ თბილისის საგანმანათლებლო ცენტრი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე წამყვანი იქნება მოდის, დიზაინისა და ხელოვნების მიმართულებით. ეს იქნება დიდი ნაბიჯი წინ, რათა მოვამზადოთ ისეთი ხელოვანები და დიზაინერები, რომლებიც შემდეგ შექმნიან თავიანთ ბრენდს და მოდის ინდუსტრიას საქართველოში. დიდი მოლოდინი გვაქვს, უკვე გვეხმიანებიან როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან მსურველები და ინტერესიც საკმაოდ დიდია სკოლის მიმართ. ამ ეტაპზე სრულად საგანმანათლებლო მიმართულებით ვმუშაობთ, რადგან მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის არსებობამაც გვაჩვენა, რომ ეს პრობლემა დგას საქართველოში. 


და ბოლოს, როდის დაიწყებს მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის პირველი სკოლა საქართველოში სრულად ფუნქციონირებას? 

ვფიქრობთ, რომ 2022 წლის შემოდგომაზე უკვე შევძლებთ სტუდენტების მიღებას.