„ვფიქრობ, რომ ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობაა - როცა გულწრფელი ხარ, მაშინ ნამდვილად  გრძნობ  იმას, რაც განთებს და დიდ სიხარულს განიჭებს“, - ამბობს მარიანა ჭყონია, რომელიც ფარდაგებს ქსოვილზე მუშაობის უძველესი ტექნიკით ამზადებს. ხელოვანი ცდილობს, რომ მისი შექმნილი ნამუშევრები მაქსიმალურად ცოცხალი და ენერგიით სავსე იყოს. მარიანასათვის ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობა ის სფეროა, რომელიც  მუშაობის პროცესში მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს - ძალიან აინტერესებს, რა ადგილი აქვს ადამიანს სამყაროში, რა არის მისი როლი და მთავარი შესაძლებლობა.

ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მარიანა ჭყონიასთან, რომელიც მის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზის, ინტერესის სფეროებისა და ფარდაგებზე მუშაობის პროცესის თანამდევი სირთულეებისა თუ სასიამოვნო შეგრძნებების  შესახებ გვესაუბრა.

მარიანა, გვიამბეთ თქვენი შემოქმედებითი გზის - ხელოვნებასთან პირველი კავშირისა და ამის შემდგომი განვითარების შესახებ.

პრინციპში ყველა ის საქმე, რასაც ხელს ვკიდებდი, ჩემთვის  შემოქმედებით პროცესთან იყო გაიგივებული და საინტერესოც იმ ეტაპამდე გახლდათ, სანამ შემოქმედებითი იყო - როგორც კი ისინი კომერციულ სახეს იღებდნენ, მბეზრდებოდა და ახალი საქმის ძიებას ვიწყებდი. მიუხედავად იმისა, რომ კომერციულ სფეროსთანაც მქონდა შეხება, გავხსენი კაფე, სადაც თავად ვაცხობდი პურს და მგონია,  ეს ჩემი გამოწვევა არასდროს ყოფილა. სულ ვცდილობდი მომეძებნა ისეთი საქმიანობა, სადაც მეტად რეალიზებული ვიქნებოდი და იმ სფეროში განვვითარდებოდი, რომელიც მაინტერესებდა - ხელოვნებასთან ვიქნებოდი ახლოს.



რა არის ის ინტერესის სფეროები თუ ამბები, რომლებიც თქვენს შემოქმედებას გასდევს თან, თქვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს და მუდმივად გაინტერესებთ?

ალბათ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ, მაგრამ ჩემი შთაგონების წყაროდ მაინც სამყაროს დავასახელებდი. მაინტერესებს ადამიანის კავშირი ბუნებასთან, მაინტერესებს, ზოგადად, სამყაროში რა ადგილი, რა როლი  აქვს ადამიანს. ცოტა ფილოსოფიურია, მაგრამ ასეა - ძალიან მინდა, გავიგო,  სად ვარ მე, რა არის ჩემი  ყველაზე დიდი შესაძლებლობა. ადამიანის და მისი გარესამყაროსთან ურთიერთობაა ის სფერო, რომელიც  დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე მუშაობისას.



მოგვიყევით  თქვენ მიერ შექმნილი  სივრცის,  Mavile-ის შესახებ. რა კონცეფციის მატარებელია ის, რას სთავაზობთ დაინტერესებულ ადამიანებს და რამ გიბიძგათ ამ იდეის განხორციელებისაკენ?

ყოველთვის ვამბობ, რომ ის, რაც ახლა ჩემ მიერ შექმნილ სივრცეში ხდება და რითაც დღესდღეობით ვარ დაკავებული,  არ დაწყებულა პანდემიის დროს. მჯერა, რომ ყველაფერს რასაც მანამდე ვაკეთებდი, აქამდე მოვყავდი. როგორც უკვე ვახსენე, მქონდა კაფე, მერე ინტერიერის დიზაინის სფეროში ვმუშაობდი, მოკლედ, ყველაფერი ეს იყო ძიების პროცესი იმისაკენ, თუ რისი კეთება მინდოდა რეალურად და საბოლოოდ აქამდე მოვედი -  მატყლს ვთელავ და ვაკეთებ ნოხებს. სივრცის სახელს რაც შეეხება, თავდაპირველად მავილი დავარქვი, ქალის სახელია და ჟღერადობა მომეწონა, თუმცა ახლა შევუცვალე სახელი და ჩემი სახელითა და გვარით ვთავაზობ პროდუქციას დაინტერესებულ ადამიანებს.



საინტერესოა, რას გადმოსცემთ თქვენი დამზადებული ფარდაგების  მხატვრული გაფორმებით -  ფერებითა თუ მათზე გამოსახული ფორმებით?

ამ ეტაპზე ჩემთვის მხატვრულ გაფორმებაზე  მნიშვნელოვანი ზოგადად მუშაობის პროცესია - ფაქტი, რომ ნოხების დამზადება შევძელი. ძალიან დიდ ფარდაგებს ვაკეთებ და სხვათა შორის თავიდან არ ვიცოდი, რომ ეს ტექნიკა - მატყლის ხელით დამუშავების, თელვის პროცესი კულტურული მემკვიდრეობა იყო, ეს ქსოვილის დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეთოდია. ჯერჯერობით ვცდილობ, რომ ფარდაგები, რომლებსაც ვამზადებ, მაქსიმალურად ცოცხალი იყოს და გაფორმება უკვე ამის თანამდევი პროცესია - ძალიან იმპულსურია და იმ მომენტში რაზეც ვფიქრობ, როგორ ხასიათზეც ვარ, ქსოვილზეც ის ემოცია გადმომაქვს. თუ შეკვეთას არ ვასრულებ, ფარდაგზე გამოსახული ფერები თუ ფორმები ყოველთვის ძალიან სპონტანურია ხოლმე, ჩემს იმჟამინდელ ემოციურ მდგომარეობაზე დამოკიდებული.




გვიამბეთ, როგორია თექაზე მუშაობა - რამდენად განსხვავებული შეგრძნებების მატარებელია ეს პროცესი  და ზოგადად, რა მასალით მუშაობაა თქვენთვის ყველაზე კომფორტული და  სასიამოვნო?

ჩემთვის დღემდე წარმოუდგენელია  ის ფაქტი, რომ სამმეტრიანი ნოხის დამზადება შემიძლია - მუშაობის პროცესი ყოველთვის ძალიან ემოციურია ხოლმე, იმიტომ რომ შრომის შედეგი მოულოდნელად არის  ძალიან დიდი ფარდაგი, ძალიან მასშტაბური და ენერგიით სავსე.  ყოველ ჯერზე გაკვირვებული ვრჩები ხოლმე საკუთარი თავით. მასალას რაც შეეხება, ამ ეტაპზე მატყლით ვმუშაობ, შესაბამისად, ყველაზე სასიამოვნო და კომფორტულიც ისაა ჩემთვის. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მე კი არ ვმუშაობ რომელიმე  მედიუმში,  არამედ მე თვითონ ვარ ობიექტი, რომლის  გავლითაც რაღაც საოცარი ხდება.




როგორია თქვენ მიერ წარმოდგენილი იდეალური სივრცე, რომელიც თან თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და ამავდროულად, შთამაგონებელი იქნებოდა მუშაობისათვის?

ჩემთვის სამუშაოდ იდეალურია  სივრცე, სადაც შევძლებ ნოხების დამზადებას - ის ტექნიკურად უნდა იყოს გამართული, იმიტომ რომ მუშაობის პროცესში ბევრ წყალს ვიყენებ, ასე ვთქვათ, ჭუჭყიანი სამუშაოა და აუცილებელია, რომ სივრციდან წყალი მარტივად გადიოდეს. აუცილებელია სიმშვიდეც, სიწყნარე და ცოტა ადამიანი, ვინაიდან სხვა ადამიანების თანდასწრებით მუშაობის გამოცდილება მქონია და მიჭირს. სოფელშია კარგი მუშაობა, დილა უნდა თენდებოდეს და ბუნებასთან ვიყო ახლოს, ასე მუშაობა ბევრად ორგანულია ჩემთვის.



როგორ ფიქრობთ, რა უფრო საინტერესოა ხელოვანისათვის - მუდმივად ახლის ძიება და ცვლილებები თუ მისეული და მკაფიო ხელწერის  ჩამოყალიბება, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე მედიუმში გამოცდის?

ვფიქრობ, რომ ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობაა - როცა გულწრფელი ხარ, მაშინ ნამდვილად გრძნობ  იმას, რაც განთებს, რაც სიხარულს განიჭებს და რაშიც დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ  ეგ უნდა აკეთო. კონკრეტული სფერო, რომელშიც საქმიანობ, შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება მუდმივად ეძებდე ცვლილებებს და მერე ჩამოგიყალიბდეს ხელწერა ან პირიქით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ მთავარია ხელოვანი იყოს იქ, სადაც ნამდვილად რაღაცას განიცდის და ემოციურად უნდა უკავშირდებოდეს იმას,  რასაც აკეთებს.  




და ბოლოს, ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამჟამად ვისვენებ - ავიღე სამკვირიანი დასვენება, თებერვლიდან აქამდე დღეგამოშვებით ვთელავდი და ვინაიდან ეს საკმაოდ მძიმე სამუშაოა, ფიზიკურადაც დამღლელია და ემოციურადაც, გადავწყვიტე დამესვენა. მოგვიანებით ვაპირებ კვლავ ეს საქმიანობა განვაგრძო და ნამუშევრები დავხვეწო... ამასობაში ახალი იდეებიც მოდის.