„ლა სამარიტენის“ ისტორიული სავაჭრო ცენტრი პარიზში ხელახლა გაიხსნა. ახალი შენობა გრანდიოზულობით გამოირჩევა და უჩვეულო, ტალღისებური მინის ფასადით არის დამშვენებული. მისი დიზაინი სტუდია „სანაას“ ეკუთვნის და სწორედ მათი დამსახურებით, „ლა სამარიტენმა“ ძველებური ხიბლი და დიდებულება დაიბრუნა. იაპონელი დიზაინერების მიერ დაფუძნებულ სტუდია „სანაას“ არტ-ნუვოს სტილის შენობებზე მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონია და მათი ძალისხმევით არაერთ კულტურულ ძეგლსა და შენობის დეკორაციებს დაჰბრუნებია პირვანდელი სახე. მდინარე სენას ნაპირთან მდებარე სავაჭრო ცენტრი, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის, სარემონტო სამუშაოებისა და უსაფრთხოების მიზნით 2005 წელს დაიხურა, მისი გარდაქმნა და მოდელირება კი ფრანგული კომანია, LVMH-ის დაკვეთით სრულდება.



„ლა სამარიტენი“ 1870 წელს ცოლ-ქმარმა - ერნესტ კონიაკმა და მარი-ლუიზ ჟეიმ დააარსეს. მათ მაღაზიაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მოგვიანებით კი დანაზოგით საკუთარი მაღაზიაც გახსნეს. წლების განმავლობაში სავაჭრო ცენტრმა რამდენიმე მსხვილი მაღაზიის ქსელიც მოიცვა. „ლა სამარიტენი“ ინოვაციური მიდგომებით და კლიენტებისადმი ლოიალურობით გამოირჩეოდა. სწორედ აქ დაინერგა ტანსაცმლის ყიდვამდე გასახდელში სამოსის მოსინჯვის კულტურა.

 


პირვანდელი შენობის პროექტი არქიტექტორ ფრანც ჟორდანს ეკუთვნოდა, რომელსაც მიზნად ჰქონდა შენობის, როგორც ხელოვნების ნიმუშის ქუჩაში წარდგენა. „ლა სამარიტენის“ მფლობელებთან საბოლოო შეთანხმების შემდეგ, მან ნათელი, რკინის კონსტრუქციებით შემოვლებული არტ-ნუვოს სტილის შენობა 1910 წელს ააშენა. 1970-იან წლებში „ლა სამარიტენის“ გაყიდვებმა იკლო და 2001 წელს სავაჭრო ცენტრის ოთხი უძველესი შენობა ბრენდმა - LVMH-მა შეიძინა (მათ შორის - შენობების მოსაზღვრე საცხოვრებელი მაღალსართულიანი სახლი, რომელიც პირობის თანახმად, რესტავრაციის შემდეგ, დედაქალაქის მერიისთვის უნდა მიეყიდათ, როგორც სოციალური საცხოვრებელი).   


 

ამჟამად პარიზის შუაგულში მდებარე ამ შენობის სრულ რესტავრაციას ედუარდ ფრანსუა ხელმძღვანელობს. დიზაინერების ერთ-ერთი დიდი გამოწვევა უკვე არსებული არტ-ნუვოს სტილის აღდგენა და იმ დეკორატიული იერის შენარჩუნება იყო, რომელიც ყველაზე ახლოს იქნებოდა თავდაპირველ ვარიანტთან, რადგან იგი ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული. ეს გულისხმობდა რკინის ნაკეთობებს, კერამიკულ დეკორაციებს, დეკორატიულ საყრდენებს, თაღებს და სხვადასხვა ფერის მომინანქრებულ ფილებსა და ორნამენტებს, რომლითაც მოპირკეთებული იყო ფასადი და რომელიც დიდი ხნის მანძილზე მტვერს დაეფარა.


 

მაღაზია, წესით, 2013 წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ კაპიტალური რემონტის პროცესში მას მთელი რიგი წინაღობები შეხვდა, მათ შორის - სასამართლო დავა მინის ფასადზე, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებდნენ და საშხაპე მინას ადარებდნენ. განახლებულ სავაჭრო სივრცეში სწორედ მინის ფასადიდან არის შესასვლელი. ფასადის დატალღული ფორმა, როგორც ჩანს, დიზაინერებმა იმიტომ ჩაიფიქრეს, რომ მინის ფასადი შეერბილებინათ, რათა ოსმანის სტილის ფანჯრებთან შესაბამისობაში ყოფილიყო, რითაც პარიზის სახლები და შენობებია ცნობილი და რომლებიც „ლა სამარიტენის“ გარშემოცაა. ასევე ორ შენობას შორის მოქცეული შიდა ეზოს გამჭვირვალე გუმბათოვანი ჭერიც შემინულია, რათა კომპლექსის სიღრმეშიც სინათლე განაწილდეს. შენობის შიგნით ცენტრალური კიბეა, რომლითაც შენობის სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს უკავშირდება, მთავარ ჰოლს კი მართკუთხა მინის ჭერი დაჰყურებს, რომელიც 1905 წელს გაკეთდა და სარემონტო სამუშაოების შემდეგ პირვანდელი სახე შეუნარჩუნეს.


 

შენობის შიგნით ინტერიერი ერთი შეხედვით ქაოსურია, თუმცა ამავე დროს სიცოცხლით სავსე, მსუბუქი, ევოლუციური. კომპლექსში განთავსებული მაღაზიების ინტერიერის იერსახეზე ბევრმა გამოჩენილმა დიზაინერმა იზრუნა, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის, პიტერ მარინოს დიზაინით შექმნილი ახალი სასტუმროა, რომელიც შენობაშივეა, სენის მხარეს. სასტუმროს 30 მეტრის სიგრძის აუზი და ისტორიული მინის სახურავის გარშემო მწვანე ტერასა აქვს, რომელიც პარიზს, სენას, პომპიდუს ცენტრს და ეიფელის კოშკს გადაჰყურებს.



„ლა სამარიტენში“ LVMH-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული დაახლოებით 600 ბრენდი იქნება წარმოდგენილი და მას კომპლექსის თითქმის ნახევარი ექნება დათმობილი. განახლებულ შენობაში გარდა სავაჭრო ობიექტებისა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს 72 ნომერი, 96 სოციალური საცხოვრებელი ფართი, ოფისები და საბავშვო ბაღიც არის განთავსებული. შენობის თითოეულ სართულზე სხვადასხვა კატეგორიის მაღაზიები გარკვეული წესის მიხედვითაა განლაგებული, თუმცა აქა-იქ არტ-გალერეებს და ხელოვნების ინსტალაციებსაც შეხვდებით. უხვად არის კვების ობიექტებიც, ბოლო სართული კი მთლიანად რესტორნებს, ლაუნჯებს და ბარებს უკავიათ.


 

განახლებულ „ლა სამარიტენს“ კლასიკური გაგებით პარიზის არსი უნდა გამოეხატა; ასევე, ხაზი ძალიან ფრთხილად უნდა გავლებულიყო კულტურულ მემკვიდრეობას და „სანაას“ ორიგინალურ დიზაინს შორის, ამავდროულად, თანამედროვე სტანდარტებთანაც უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში. შენობის რესტავრაციისას, სხვადასხვა მოწვეული დიზაინერებისა და არქიტექტორების მთავარი თავსატეხი არტ-ნუვოს სტილი იყო, რომლის შენარჩუნებასაც მაქსიმალურად შეეცადნენ, თუმცა ისეთი ფუნდამენტური ელემენტებიც შეცვალეს, რომელიც „ლა სამარიტენის“ სავიზიტო ნიშანი იყო: მაგალითად, მუქი ყვითელი ფერი, რომელიც ფასადზე და ორნამენტებზე ჭარბობდა. მათ ყვითელი ფერი უფრო შეარბილეს და სასიამოვნო ოქროსფერი ტონალობა მისცეს, რითაც ბრინჯაოსფერ მეტალს და ღია ფერის ხის მასალებს უკეთ მიუსადაგეს. რკინის კონსტრუქცია კი პირვანდელ მონაცრისფრო-ლურჯ ფერში დატოვეს.



„ლა სამარიტენი“ განსაკუთრებული პოპულარობით პარიზელებში სარგებლობდა, თუმცა ახალი პროექტით თუ ვიმსჯელებთ, იგი უკვე ტურისტებისთვისაც საინტერესო და სანახაობრივად მიმზიდველი იქნება.