თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სკულპტორი ანიშ კაპური, რომლის შემოქმედებაც კონცეპტუალურ არტსა და ინსტალაციებს მოიცავს, მისი გეომეტრიული და ბიომორფული ნამუშევრებით არის გამორჩეული. ალბათ ყველაზე მეტი საჯარო ქანდაკების ავტორი, რომელიც მრავალეროვან ფორმებსა და მედიუმში მანევრირებს, ერთ-ერთი პრესტიჟული ბრიტანული ჯილდოს - Turner Prize-ის მფლობელია. ლირიკული და მეტაფორული მიდგომით კაპურმა, შეიძლება ითქვას, გარდაქმნა ქანდაკების ცივი და განყენებული ხასიათი. მისი ობიექტები გარკვეულ ემოციურ ნაკადს ასხივებს, თუმცა, ამავდროულად, ჰარმონიულობის განცდასა და მედიტაციური რიტუალებისთვის მზაობასაც ქმნის.
კაპურის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი არ არის ერთი ინსტრუქციით იდეის წარმოჩენა, არამედ იგი ისეთ გარემოს ქმნის, რომელშიც მნახველი თავად განიხილავს სკულპტურის შინაარსსა და მის საზრისს. მაშინ როდესაც დამთვალიერებელი სკულპტურის ნაწილი ხდება, თითოეული ნამუშევარი ერთი სხეულის ჩაკეტილ ინდივიდუალურობაზე საუბრობს, თუმცა, ამავდროულად, საზიარო სივრცის ინკლუზიურობა ფართოვდება. 1000 Names მისი ადრეული პერიოდის ნამუშევრებია, რომლითაც მან დამთვალიერებლების ფორმისა და სივრცის აღქმის “მანიპულაცია” წამოიწყო.
ანიშ კაპურის შემოქმედების ფოკუსში, გარდა სივრცესა და ადამიანს შორის დამოკიდებულებისა, ყველაფრის საწყისისა და მარადიულობის ფენომენიც ექცევა. “When I Am Pregnant” მისი 1992 წელს შექმნილი სკულპტურაა, რომელიც, მიუხედავად მისი მინიმალისტური ხასიათისა, ყურადღებას უფრო ღრმა ნარატივსა და კითხვებზე ამახვილებს.
მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საჯარო სკულპტურის ავტორისა და 2018 წლის Brit Awards-ის ჯილდოს, Trophy-ის დიზაინერის ნამუშევრების კოლექციები ისეთ გალერეებსა და მუზეუმებში შეგიძლიათ იხილოთ, როგორებიცაა Tate Modern, Guggenheim, MoMa. თუმცა, ამასთან, ანიშ კაპური ერთადერთი არტისტია, რომელიც მატერია Vantablack-ზე ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს. მატერია Vantablack, რომელიც ბრიტანულმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა Surrey NanoSystems-მა გამოიგონა, სინათლის 99.96%-ს ისრუტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ Vantablack-ით დაფერილ ნებისმიერ ზედაპირზე ნებისმიერი სინათლის სხივი მინიმალურად, შეიძლება ითქვას, არც ირეკლება. 2016 წელს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ანიშ კაპურს შეეძლო ამ მატერიის გამოყენება, არტისტმა სტუარტ სემფლმა შექმნა პიგმენტი “pinkest pink”, რომლითაც კაპურს დაუპირისპირდა და მხოლოდ მას ჩამოართვა ამ პიგმენტის გამოყენების უფლება, თუმცა “pinkest pink” კაპურის ხელში მაინც აღმოჩნდა.
1989 წელს შექმნილი ნამუშევრის - “Void Field”-ის შემდეგ ანიშ კაპური უკვე მეორედ, 2021 წელს ვენეციის ბიენალეზე დიდი ბრიტანეთის სახელით წარდგება, სადაც მისი Vantablack-ით შექმნილი სერიის - “Blackest Black”-ის დებიუტი გაიმართება. მატერია იმდენად შავია, რომ პორტუგალიის ხელოვნების მუზეუმში ერთ-ერთი დამთვალიერებელმა მას გვერდი ვერ აუარა და დაეცა. ამჯერად არტისტიც და ვენეციის ბიენალეს ორგანიზატორებიც იმედოვნებენ, რომ იგივე არ განმეორდება.
“კვალის დატოვების პროცესი ძალადობრივია და სწორედ ამიტომაც არის ის პოეტური”.
დაწერე კომენტარი