წელს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით უკვე მეოთხედ ჩატარდა ქართული კინოს ფორუმი. სადაც 5 დღის განმავლობაში კინოკრიტიკოსებს, მსახიობებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ უახლესი ქართული მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები პირველად, ქართულ პრემიერამდე ენახათ. კინოფორუმი დაიხურა ალექსანდრე კობერიძის სადიპლომო ნამუშევრით “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” 




ალექსანდრე კობერიძის კინო სრულიად განსხვავდება უკანასკნელ წლებში შექმნილი ქართული ფილმებისგან და 150 წუთის განმავლობაში ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებს.


“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ზღაპარია სიყვარულზე, რომელსაც მთხრობელი ბავშვური გულწრფელობითა და სილაღით გვიყვება. მთავარ პერსონაჟებს, ლიზას (ოლიკო ბარბაქაძე/ანი ქარსელაძე) და გიორგის (გიორგი ამბროლაძე/გიორგი ბოჭორიშვილი) ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა ავი თვალი მათ გათვალავს, ლიზა და გიორგი ახალი გარეგნობით იღვიძებენ და ახალ ცხოვრებასა და ერთმანეთის ძებნას იწყებენ. რეჟისორი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება დეტალებს და შეყვარებულების გარდა გვაცნობს ყველაფერს, რაც ფონს ქმნის -  ბუჩქს, სათვალთვალო კამერას, ნიავს, ნაყინს, ძალიან ბევრ ბავშვსა და ფეხბურთის მოყვარულ ძაღლებს. ლიზას და გიორგის გარდა ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფეხბურთსა და ქუთაისს. “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ქუთაისისადმი სიყვარულის ახსნაა, ქალაქი აქ უბრალოდ მოქმედების არეალი არ არის, ქუთაისი წარმოჩენილია მთელი თავისი დიდებულებით - უძველესი ისტორიით, ლამაზი ქუჩებით, პატარა ქალაქისთვის დამახასიათებელი ტრადიციებითა და ურთიერთობებით, მაგიურობით, მისტიკური ხვამლის მთით და მდინარე რიონით, რომელიც უდარდელად მიედინება, ცოცხალი სხეულია და უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს როგორც ქუთაისის, ასევე ფილმის ხასიათსა და არსებობაზე. იგივე შეიძლება ითქვას ფეხბურთზე, ისტორია მსოფლიო ჩემპიონატის დროს ვითარდება და ყველაფერი ამ შეჯიბრით, ფეხბურთის სიყვარულით და მის მიერ მოგვრილი ბედნიერებითაა აღსავსე. უცნაურია, მაგრამ “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ერთდროულად ძალიან სადა და თამამია, რეჟისორი ექსპერიმენტულ მიდგომებსა და თხრობის არატრადიციულ სტილს ირჩევს, თუმცა ახერხებს, რომ მაყურებლისთვის ყველაფერი ნაცნობი და ახლობელი იყოს, იგრძნობოდეს როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კინემატოგრაფიის გავლენა და ზოგადად კინოს სიყვარული. ფილმში წლების შემდეგ პირველად, ეკრანს უბრუნდება ვახტანგ ფანჩულიძე, რაც თავის მხრივ ძალიან სიმბოლურია, რადგან ქართველმა მაყურებელმა ის რეზო ესაძის ფილმ “ერთი ნახვით შეყვარებაში” გაიცნო.




 “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”, როგორც ყველა ზღაპარი, რეალობაზეც გვესაუბრება, მთხრობელი პერიოდულად გვახსენებს ისეთ შემზარავ პრობლემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტყის ხანძრები და ცხოველთა უფლებების უხეში დარღვევა.

ალექსანდრე კობერიძე საოცარი ოსტატობით ახერხებს გადმოსცეს სიყვარული, არა როგორც ორი ადამიანის გრძნობა, არამედ ზოგადად ყოვლისმომცველი განცდა, რომელსაც შეიძლება ვგრძნობდეთ ერთმანეთის, ცოცხალი თუ არაცოცხალი გარემოს, ან კონკრეტული სპორტსმენის მიმართ.



“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ერთდროულად გაჯერებულია   სიყვარულითა და სევდით, ესთეტიკური კინემატოგრაფიითა და მუსიკით, პატარა, სასაცილო თავგადასავლებით, ბავშვობის ნოსტალგიით, ზაფხულის გრძელი და ცხელი დღეებით, გრილი, უდარდელი საღამოებითა და მდინარით, რომელმაც უნდა იდინოს.



თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ალექსანდრე კობერიძის კინოს მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა და ის აუცილებლად დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს ქართული და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიასა და კინომოყვარულების გულებში.