ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მხატვარ გუგა კოტეტიშვილთან, რომელიც ინტერესის სფეროების, მუშაობის პროცესის, ძველი ნივთების მიმართ სიყვარულისა და მისი ახალი მრავალფუნქციური სივრცის - გუგა კოტ. სტუდიის შესახებ გვესაუბრა. სტუდია გალერეას, მაღაზიას, სამკერვალოსა და სახელოსნოს აერთიანებს და სტუმრებს როგორც მრავალი საინტერესო ნივთის შეძენის, ხელოვანის ნამუშევრების დათვალიერებისა და მისი მუშაობის პროცესზე დაკვირვების, ასევე ხატვის შესწავლის შესაძლებლობასაც აძლევს.
გუგა, გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილი მრავალფეროვანი შემოქმედებითი გზის შესახებ - რა გახდა იმის მიზეზი, რომ ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირეთ?
ის, რომ ამ სფეროში ვარ, თითქოს ბავშვობიდან იყო გადაწყვეტილი - ბავშვობიდანვე ვამბობდი, რომ მხატვარი ვიქნებოდი. სულ ვხატავდი, სკოლაშიც ხუთიანი ხატვაში მყავდა და თითქოს სხვა პროფესიები არც განიხილებოდა, იმდენად ვიყავი მოცული ამ საქმიანობით. მერვე კლასის მერე იყო ნიკოლაძის ოთხწლიანი სასწავლებელი, შემდეგ სამხატვრო აკადემია, თუმცა თბილისის სამოქალაქო ომის შემდეგ, როცა ჩვენი სახლი თავის სახელოსნოსთან ერთად დაიწვა და მთელი ქალაქი დაინგრა, ხატვას მოვწყდი და მხოლოდ ახლა, 30 წლის შემდეგ, დავუბრუნდი. იმ პერიოდში დავიწყე ჩანთების კერვა, ჩანთებს ავეჯის დიზაინზე მუშაობა მოჰყვა და შემდეგ უკვე ინტერიერის დიზაინიც, რაც აქამდე გრძელდებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ხატვას დავუბრუნდი, მგონია, რომ მხოლოდ ამას გავაგრძელებ.
ადამიანები გიცნობენ როგორც მხატვარს, დიზაინერს, 2010 წელს მხატვრულ ფილმ „ქუჩის დღეებშიც“ მიიღეთ მონაწილეობა - როგორ ფიქრობთ, თქვენთვის, როგორც მულტიმედია არტისტისათვის, ხელოვნების რომელი დარგია მეტად საინტერესო?
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ბევრ დარგში მიმუშავია და მიყვარს ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებ, მხატვრობა ჩემთვის უფრო მეტად ახლობელი და საინტერესოა ა - ეს არის დარგი, რომელში მუშაობის დროსაც მუდმივად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს და არ ვიცი, რა იქნება ხოლმე შედეგი. ხატვა ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი საქმიანობა იმიტომაა, რომ გავიაზრე, თუნდაც ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას, ინტერიერს ისე ვაკეთებდი, როგორც ნახატს. ინტერიერზე მუშაობის პროცესი ისეთივეა ჩემთვის, როგორც ხატვის - იმავე მიდგომას ვიყენებ. ხატვის პროცესი ჩემთვის ყოველთვის სპონტანურია, ასევეა ხოლმე დიზაინის შექმნის დროსაც. ნივთებს მონასმებად ვიყენებ ხოლმე, ისე როგორც ეს ხატვისას ხდება. ვცდილობ, ჩემ მიერ შექმნილი დიზაინი ისეთივე ჰარმონიული იყოს, როგორიც უნდა იყოს ნახატი. ასევე ვიქცეოდი ავეჯის დიზაინზე მუშაობის დროსაც, ავეჯს აღვიქვამდი, როგორც გრაფიკულ ნამუშევარს, რომელიც უბრალოდ სხვა მასალაში კეთდება. ყველა ჟანრში ასე ვმუშაობ და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვარ მხატვარი, ფერმწერი. ხატვის პროცესს ექსტაზს ვეძახი ხოლმე - არასდროს ვიცი, რას ვხატავ, მაგალითად, მუშაობის პროცესში თუ ოხრა მითავდება და ვიცი, რომ მჭირდება და უნდა ავიღო, ტილოს ვერ ვწყდები, იმდენად საოცარია ხატვის პროცესი ჩემთვის.
ახლა, როცა ხატვას წლების შემდეგ დაუბრუნდით, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა თქვენი როგორც მხატვრის ხელწერა და ის სიუჟეტები, რომლებსაც ასახავთ ხოლმე?
ადრეც ასე იყო, რომ მე არ მქონდა ჩემი ძალიან ინდივიდუალური ხელწერა. ჩემი ნახატები ყოველთვის ერთმანეთისაგან განსხვავებული ტიპისა და ჟანრის იყო, შეიძლება ამას ძიების პროცესიც დავარქვათ. ხატვა ისევ ექსტაზია ჩემთვის, სხვა საქმიანობებისაგან გამორჩეული. ყველაფერი სხვა, რასაც ვაკეთებ, სასიამოვნოა, მაგრამ არ არის ისეთი განცდა - , როგორიც ხატვაა. ახლაც, წლების შემდეგაც, არ ვარ ჩამოყალიბებული იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებ, ისევ ძიების პროცესში ვარ, ისევ სპონტანურად ვმუშაობ. მაშინ როცა პანდემიის პერიოდში სახლში ვიყავი და შეკვეთებიც არ მქონდა, მივხვდი, რომ ხატვა ძალიან მომნატრებია და უნდა დავბრუნებოდი - ეროტიკული შინაარსის ნამუშევრების შექმნა დავიწყე. ჩემი, როგორც მხატვრის, მსოფლმხედველობა არ შეცვლილა, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მეტად თამამი გავხდი.
რა არის ის ინტერესის სფეროები თუ ამბები, რომლებსაც თქვენი გამომსახველობით ენის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის და რა შეიძლება ყოველდღიურობიდან თქვენი შთაგონების წყარო გახდეს?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყალბის გარეშე მუშაობაა - სიმართლის გამოსახვა. გამახსენდა კინო - როცა “ქუჩის დღეებში” მიღებდნენ, რეჟისორს ვთხოვე, რომ ზოგჯერ მეთქვა არა წინასწარ დაწერილი, არამედ ჩემით მოფიქრებული ტექსტები. იმის გამო, რომ არ ვარ პროფესიონალი მსახიობი და მთლიანად ვერ შევდიოდი როლში, როგორც ამას გამოცდილი მსახიობი მოახერხებდა, ზოგიერთი დიალოგი ყალბად მეჩვენებოდა, ეს აღვნიშნე კიდეც და მომცეს იმის უფლება, რომ ზოგჯერ სათქმელი ჩემი სიტყვებით მეთქვა და ყველაფერი გამოვიდა ძალიან ბუნებრივი. ეს ყველა სხვა სფეროზე ვრცელდება - ინტუიციით უნდა მოქმედებდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არასდროს ვცდილობ ხოლმე მუშაობის პროცესის გართულებას - მარტივად ვაკეთებ რაღაცებს - ჩემი არცერთი ინტერიერი არ ჯდება ძვირი, რადგან ვქმნი იმისგან, რაც ხელთ მაქვს. მჯერა, რომ რაც ხელმისაწვდომია, იმითაც შეიძლება სიმყუდროვის შექმნა. მაგალითად, ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას მავთულებსა თუ გათბობის მილებს არ ვფარავ ხოლმე, ისინი ჩანს და სწორედ ეს ბუნებრიობა მოსწონთ ხოლმე ადამიანებს.
შთაგონების წყაროს რაც შეეხება, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვაკეთებ, თუმცა ალბათ მაინც ფერებს აქვთ ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და მაგალითად, ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას გააჩნია როგორ სივრცეს აკეთებ და ვისთვის აკეთებ, შთაგონების პირველწყარო ჩემთვის მაინც ფერებია ხოლმე.
დიზაინზე მუშაობისას ხშირად იყენებთ ძველ ნივთებს, მათ ახალ სიცოცხლეს სძენთ ხოლმე - როგორ ფიქრობთ, რა გახდა თქვენი ძველებური ესთეტიკითა და ამგვარი ნივთების ენერგეტიკით მოხიბვლის მიზეზი?
პირველ რიგში, ამის მიზეზი გახდა ხარისხი - ხშირად ძველი ნივთები არის ძალიან ხარისხიანი, იქნება ეს ფაიფურის ჭურჭელი თუ ავეჯი. მეორე მიზეზი ისაა, რომ ისინი ღირს ძალიან იაფი და ასეთი ხარისხის თანამედროვე ნივთის შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. მომწონს ხოლმე, რომ ძველ ჩარჩოებსა თუ მაგალითად, საოცარი ხარისხის მუხის ან კაკლის მაგიდას, რომელსაც შეიძლება რესტავრაცია სჭირდებოდეს, დაბალ ფასად ვყიდულობ. ამ ძველი ულამაზესი ნივთებით შეიძლება ძალიან ესთეტიკურად მოაწყო ინტერიერი, ისინი მეტად ხელმისაწვდომია. იმდენად მიყვარს ასეთი ნივთები, მაგალითად, ფაიფურის ჭურჭელი, რომ როცა მათ ვყიდულობ, შემდეგ არამარტო ინტერიერის დიზაინის შექმნისას ვიყენებ, არამედ საჭმელსაც ამ თეფშებზე ვჭამ. ძალიან მომწონს გამოყენების შემდეგ მათი რეცხვა - როცა თეფშებს ვრეცხავ, რომლებზეც შემდეგ ყვავილები ან ორნამენტები ჩნდება ხოლმე, მსიამოვნებს, რომ მათთან შეხების დონეზე მაქვს ურთიერთობა. სიძველეს მართლაც აქვს თავისი ენერგეტიკა - იაპონურში არსებობს რამდენიმე ტერმინი, რომელიც შესანიშნავად აღწერს სიძველის მნიშვნელობას, მაგალითად, ერთ-ერთი ითარგმნება, როგორც სიძველის ფერი და არსებობს ძალიან საინტერესო განმარტებები, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, თუ რა არის სიძველის ფერი, რომელსაც ხელოვნურად ვერ მიიღებ. ძველი ნივთების ეს ხიბლია მიზეზი იმისა, რომ მე არ მომწონს იმიტაცია, ახალი ფიჭვის ფიცრის დაძველების მცდელობები და ასე შემდეგ. ამას არასდროს ვაკეთებ და მირჩევნია ნამდვილი ძველი ხე გამოვიყენო, ვიდრე ახალი, რომელიც უნდა დავაძველო და მაინც არ გამოდის ის, რაც მინდა. დროისმიერ დადებულ ფერს ვაფასებ ნივთებში.
ცოტა ხნის წინ თქვენ მიერ შექმნილი მრავალფუნქციური ახალი სივრცე/გალერეა Design Bazaar გაიხსნა - მოგვიყევით მისი დაარსების მიზეზის, კონცეფციის, გარემოსა და იმის შესახებ, თუ რას შესთავაზებთ სივრცის სტუმრებს.
გადავწყვიტე, რომ ამ სივრცეს აღარ ერქმევა დიზაინ ბაზარი და ახალი სახელწოდება იქნება გუგა კოტ. სტუდია/გალერეა. დიზაინ ბაზარი იყო სივრცე, სადაც გაერთიანდა ის უამრავი ნივთი, რომლებსაც ვყიდულობდი და შემდეგ ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას ვიყენებდი ხოლმე: ძველი კარები, დარაბები, გისოსები, ხალიჩები, ქოთნები და სხვადასხვა დეტალები. მაშინ, როცა დიზაინ ბაზარი იყო რაღაც საწყობივით, რომელიც შესაძლებლობას მაძლევდა, რომ ერთ კვირაში მომეწყო ინტერიერი, იმიტომ რომ ბევრი ნივთი უკვე ნაყიდი მქონდა, ახლა ის გადაკეთდა სამხატვრო სივრცედ, სადაც არის ჩემი სახელოსნო, ორი საკმაოდ დიდი ოთახი, რომლებსაც გალერეა იკავებს და ჩემი ნამუშევრებია გამოფენილი, ასევე შემოსასვლელში არის მაღაზია, სადაც გაიყიდება სხვადასხვა ნივთი, ლამაზი ნაჭრები, ხალიჩები, კიმონოები, კიმონოების ქამრები... და მინდა, რომ სივრცეში იყოს სამკერვალოც, სადაც იქნება მკერავი, რომელიც გარკვეული ტიპის, მაგალითად, ნახატების ნაჭრის, ნამუშევრების შექმნაში დამეხმარება. მინდა ისიც, რომ ჩემი ეროტიკული ნახატები აბაზანის ფარდებზე გადავიტანო - მასზე შიშველი ფიგურები ლოგიკურიცაა და ამავდროულად, სასაჩუქრე ფუნქციაც ექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავიყვანე მოსწავლეები - უფროსი ხალხი, ვისაც უნდა ხატვა, ოცნებობს ამაზე და ამბობს, რომ სწორ ხაზს ვერ ავლებს. ამ ადამიანებისათვის კვირაში ერთხელ ვატარებ ხატვის გაკვეთილებს, ეს ერთგვარი არტთერაპიაა, მერე ბედნიერები მიდიან ხოლმე სახლში. ვცდილობ მათ კომპლექსები მოვუხსნა და ავუხსნა, რომ აუცილებელი არაა აკადემიურად მუშაობა - ვაძლევ მაქსიმალურ თავისუფლებას და ვინც რა მიმართულებით მიდის, იმ მიმართულებით ვაძლევ ხოლმე რჩევებს, ხელოვნების ისტორიის შესახებაც მოვითხრობ. ხშირად ვმუშაობ ხოლმე აქ და დამთვალიერებელი რომ შემოვა, შეუძლია ნახოს, როგორ ვმუშაობ და ამითაც განსხვავებული იქნება ეს გალერეა სხვებისაგან.
რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მუშაობის პროცესი ჰარმონიული იყოს - როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო?
სამუშაო პროცესი ჰარმონიულია, როცა შენი სიამოვნებისათვის მუშაობ. ამასთანავე საჭიროა სიმშვიდეც, სიჩუმე. იმ სივრცეში, სადაც მე ვარ, თავად ვქმნი ესთეტიკას, რომელიც სამუშაოდ იდეალურია - მინდა, რომ როდესაც ჩემს სოფელში - გუდალეთში სახლის შეკეთებას დავასრულებ, იქ წავიდე, ახლოსაა თბილისთან და აი სწორედ იქაა ხატვისათვის შესაფერისი გარემო. ალბათ იქ ვიქნები ხოლმე და იქ ვიმუშავებ, შეიძლება ხატვის გაკვეთილებიც სოფელში ჩავატარო. გუდალეთში ხატვაც უფრო ადვილია, კერამიკის კეთებაც და ბაღში ფუსფუსიც ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მიტაცებს მებაღეობა, მცენარეების მოვლა მამშვიდებს და მგონია, რომ ასე მეტი საშუალება მექნება ბუნებასთან ურთიერთობისთვის, რაც შემოქმედებითი მუხტის წყაროც გახდება.
და ბოლოს, გვიამბეთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები.
გარდა იმისა, რომ მინდა ბევრი ვხატო და რა იქნება, არ ვიცი, რას დავხატავ, არ ვიცი, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი ნახატების დაპრინტვა მინდა ფარდებსა და მაისურებზე. მინდა კერამიკის კეთებასა და კერამიკაზე ხატვასაც დავუბრუნდე, რასაც ასევე აუცილებლად გავაკეთებ. მოდის ჩვენების მოწყობასაც ვგეგმავ, ოღონდ მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის, მასალაც მაქვს ამისთვის - ვგულისხმობ ქსოვილებს, რომლებიც გარედან ძალიან სადა იქნება და შიგნიდან აბრეშუმის, ჭრელი და ლამაზი - რამდენიმე მოდელი გაკეთებული მაქვს, თუმცა მჭირდება პროფესიონალი ადამიანები ამ დარგში, ვისთან ერთადაც ვიმუშავებ. კიდევ მინდა კინოს გადაღება, ოღონდ ეს ჯერ ჩამოუყალიბებელი გეგმაა და მხოლოდ იდეის სახით არსებობს. მოკლედ, ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა მაქვს.
დაწერე კომენტარი