გრაფიკული ბეჭდვის სხვადასხვა ტექნოლოგიის სინთეზი, მხატვრობისა და ფოტოგრაფიის შერწყმა, ისტორიული მოვლენების მისეული ინტერპრეტაციები და ხშირი ექსპერიმენტები ის მახასიათებლებია, რომლებიც გერმანელი ხელოვანის - ზიგმარ პოლკეს შემოქმედებას ამდენად გამორჩეულსა და ორიგინალურს ხდის. უჩვეულო მასალით შესრულებული მრავალფეროვანი ნამუშევრების შექმნის გარდა, ზიგმარ პოლკე ცნობილია კაპიტალისტური რეალიზმის მოძრაობის ჩამოყალიბების გამოც. აღსანიშნავია, რომ მათ, ვისაც სურთ, ხელოვანის ნამუშევრებს გაეცნონ, 5 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გალერეა Window Project-ში გაიმართება ზიგმარ პოლკეს ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით - “მუსიკა უცნობი წყაროდან”.
ცხოვრების ადრეულმა წლებმა პოლკეს შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია - პოლონეთში, მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულ ხელოვანს ჯერ მეორე მსოფლიო ომის, ხოლო შემდეგ კომუნისტური რეჟიმისაგან თავის დასაღწევად ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მშობლიურ ქალაქ ოელსიდან გერმანიის სხვადასხვა მხარეში, რის გამოც მის ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ სიუჟეტებს - პოლიტიკურ დაპირისპირებებს, მომხმარებლურ საზოგადოებას, ნაციზმს და ასე შემდეგ. ხელოვანს ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, რის გამოც 1961 წელს, ოცი წლის ასაკში, დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და მალევე, 1963 წელს, მხატვარ გერჰარდ რიხტერთან ერთად მხატვრული მიმდინარეობა - კაპიტალისტური რეალიზმი დააფუძნა, რომელიც ერთგვარად უპირისპირდებოდა ენდი უორჰოლისეულ პოპ-არტს - მაშინ, როცა უორჰოლის ნამუშევრებზე კემპბელის ქილას ვხედავთ, პოლკემ გადაწყვიტა თავისი ნამუშევრებიდან ბრენდის სახელები ამოეღო, რითაც ადამიანებში პროდუქციის მასობრივი მოხმარების ხარჯზე ინდივიდუალიზმის შემცირების იდეა წარმოაჩინა.
სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში ხელოვანი ხატვის გარდა ფოტოგრაფიის მედიუმითაც დაინტერესდა. ის თავის სახლსა და სტუდიაში ხშირად იღებდა საინტერესო ობიექტების - ღილაკების, ბუშტებისა და ხელთათმანებისაგან დამზადებული მცირე ზომის ქანდაკებების ფოტოებს, რომლებიც 1968 წელს - სწავლის დასრულების შემდეგ - გამოაქვეყნა. 70-იანი წლების დასაწყისში პოლკემ ბრაზილიაში, პაკისტანში, ავღანეთში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებში იმოგზაურა. ამ ქვეყნების ურთიერთგანსხვავებული ესთეტიკა და გარემო ხელოვანის ფოტოგრაფიულ ნამუშევრებში საინტერესოდ აისახა - მაგალითად, 1973 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრობისას შექმნა ფოტოების სერია, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ უსახლკარო ალკოჰოლიკებს ასახავს. საინტერესოა, რომ ექსპერიმენტების მოყვარული ხელოვანი ფოტოებისათვის უცნაური ელფერის მინიჭების მიზნით ამობეჭდვისას მათი ქიმიურად შეღებვის მეთოდებს იყენებდა - LSD-ის ნასვამი არტისტი ცდილობდა მისი ფოტოგრაფიული ნამუშევრები ალტერნატიული რეალობის ასახვის შესაძლებლობა ყოფილიყო, მათი შეღებვის შემდეგ ფოტოებს როგორც ჰოტიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად ათავსებდა ერთმანეთზე და ამგვარად ქმნიდა ენიგმატური შინაარსის კოლაჟებს.
ზიგმარ პოლკე, რომელსაც ელიტურ მხატვრად იცნობდნენ, კინოს გადაღებითაც იყო დაინტერესებული, მისი ფილმები კი ფოტოების მსგავსად, ექსპერიმენტული იყო - ხელოვანმა გადაწყვიტა, კონრად ფისჩერის გალერეაში 1969 წელს გამართულ გამოფენაზე, „კონცეფციაზე“ წარედგინა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „მთელი სხეული მსუბუქად გრძნობს თავს და უნდა ფრენა“. ფილმის სიუჟეტი საკმაოდ უჩვეულო იყო მაყურებლებისათვის, ვინაიდან ხელოვანი თავს იკაწრავდა, რის ფონზეც არამკაფიო ტონალობითა და ხითხითით კითხულობდა ეზოთერული შინაარსის ტექსტებს.
ზიგმარ პოლკეს მხატვრობას რაც შეეხება, მასაც, ისევე როგორც კინოსა და ფოტოგრაფიას, ექსპერიმენტულობა და როგორც ბანალური, ასევე საინტერესო შინაარსის უცნაური საშუალებებით გამოსახვა ახასიათებს - მხატვარი ბეჭდვის წერტილოვან ტექნიკას იყენებდა, რითაც იმდროინდელი კომერციული გაზეთების წერტილოვან ეფექტს აშარჟებდა. ხშირად ხელოვანი ნამუშევრებისათვის ტილოებად ავეჯისათვის განკუთვნილი ქსოვილსაც ხმარობდა. 80-იან წლებში პოლკე ალქიმიით დაინტერესდა - ავსტრალიასა და აზიაში დარიშხანის, სინგურის, ლოკოკინების ლორწოს, ფერფლის, ლავანდისა და სხვა ნივთიერებების, მცენარეებისა თუ პიგმენტების გრძელი ჩამონათვალის სინთეზის შემდეგ, მან დიდი ზომის ნამუშევრების შექმნა დაიწყო, რომლებშიც აბსტრაქტული გამოსახულებები და რეალური ფიგურები ერწყმოდა ერთმანეთს. მხატვარი სხვადასხვა ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებული ნივთიერებებს იყენებდა ნახატების უცხო ფერებით გასამდიდრებლად - ზოგჯერ ის ქსოვილი, რომელზეც ნამუშევარი უნდა შეექმნა, ხის ფისით იყო გაჟღენთილი, რათა გამჭირვალეს შთაბეჭდილება დაეტოვებინა, ზოგჯერ კი ნახატის უკანა მხარეს ხატავდა ფორმებსა და ფიგურებს, რათა წინა ზედაპირზე მათი ჩრდილები ყოფილიყო ხილული. მაშინ როცა მოღვაწეობის ადრეულ წლებში მხატვარი უცხო ვიზუალური ეფექტების მისაღებად ყოველთვის ხელით მუშაობას არჩევდა ხოლმე, 2010 წლამდე - გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე - პოლკემ ახალი ტექნიკის - მექანიზირებული მხატვრობის განვითარება დაიწყო - ნამუშევრებს კომპიუტერის საშუალებით ქმნიდა, ხოლო შემდეგ ფოტოგრაფიულად გადაჰქონდა გამოსახულებები ფართო ქსოვილებზე.
ხელოვანის მაგიური შემოქმედების რეპრეზენტაციად საკმარისია მის მიერ 1986 წელს ვენეციის ბიენალეზე წარდგენილი აბსტრაქტული კომპოზიციაც, სახელწოდებით „ალქიმიკოსის საქვაბე“ - ნამუშევარი, რომელიც განათების, ამინდისა და საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელთა რიცხვის მიხედვით იცვლიდა ფერს. ხელოვანის ნამუშევრები ადამიანებისათვის ახლობელი და საინტერესო მის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იუმორის აქტიური გამოყენებითა და სხვადასხვა პოლიტიკური სცენებისა თუ საზოგადოების კრიტიკის ორიგინალური გადმოცემით გახდა. ყოველი ის ფანტასტიკური თუ ყოფითი სიუჟეტი, რომელსაც პოლკე ნამუშევრებზე გამოსახავს ხოლმე - დამკვირვებელთა მიერ აღქმულია, როგორც ჰალუცინაცია ან სიზმრისეული სიუჟეტი. არ აქვს მნიშვნელობა ხელოვანი ღრუბლებს გამოსახავს, ლაკმუსს, შეყვარებულებსა თუ საგუშაგო კოშკს - მის მხატვრულ ნაწარმოებებში ზღვარი რეალურსა და მოჩვენებითს შორის ყოველთვისაა წაშლილი.
დაწერე კომენტარი