კოვიდპანდემიამ, როგორც სხვა ყველაფერს, კინოინდუსტრიასაც შეუშალა ხელი, თუმცა მიუხედავად ამისა, ბაკურიანში კინოცენტრის ინიციატივით ჩატარებულ კინოფორუმზე, არაერთი ძალიან საინტერესო ნამუშევარი ვნახეთ, მათ შორის რამდენიმე დოკუმენტური ფილმი.

ყველაზე დიდი მოწონება ორმა - სალომე ჯაშის “მოთვინიერებამ” და კეკო ჭელიძის “მკვდარი სულების არდადეგებმა” დაიმსახურა.





სალომე ჯაში დოკუმენტური კინოს მოყვარულებს ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო ნამუშევრებს სთავაზობს, ამიტომ ძალიან დიდი იყო მოლოდინი, რომელიც რეჟისორმა სრულად გაამართლა. “მოთვინიერება” ქართველი მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობ, სრულიად სიურეალისტურ ამბავს გვიყვება ასწლოვანი ხეების გადარგვასა და დენდროლოგიური პარკის გაშენებაზე. მიუხედავად იმ აბსურდულობისა, რასაც ფილმი აღწერს, რეჟისორი ახერხებს, რომ ისტორია საოცარი სიმშვიდით გადმოსცეს, ვხედავთ საათივით აწყობილ მექანიზმს, რომელიც გადარგვის პროცესს უზრუნველყოფს, ადგილობრივი მოსახლეობის განსხვავებულ აზრებს, საუკუნოვან ხეებს შეწირულ სხვა, ახალგაზრდა მცენარეებს და ბუნებას, რომელსაც ორგანოსავით ამოჭრიან ნაწილს და სხვაგან მიაქვთ. “მოთვინიერების” მთავარი პერსონაჟები არ არიან ადამიანები, კინო ხეებზეა, ხეებზე როგორც ცოცხალ არსებებზე. თითქოს რთულია მცენარისადმი ისეთივე ემპათია იგრძნო, როგორსაც ადამიანისა და ცხოველისადმი გრძნობ, თუმცა ფილმი ძალიან ემოციურია, განსაკუთრებით ემოციურია სცენები, სადაც სოფლის მოსახლეობა გარდაცვლილი მეზობელივით უკანასკნელ გზაზე მიაცილებს ხეებს, იხსენებს მათ ჩრდილში მომხდარ თავგადასავლებსა და ერთგვარი თანაცხოვრების დეტალებს. 




მიუხედავად იმისა, რომ “მოთვინიერება” კონკრეტულ, რეალურ ისტორიას გვიყვება, ამბავი მაინც ზოგადია და გვიჩვენებს, თუ როგორი უძლურია რიგითი ადამიანი და ბუნებაც კი უზომო ძალაუფლებასთან, ზოგჯერ როგორი უმნიშვნელოა ათასობით ადამიანის ყოველდღიურობა, თუ ის ერთეულების სურვილებსა და ახირებებთან იკვეთება და როგორი ტრაგიკომიკულია ადამიანის სურვილი, რომ ბუნება მთლიანად დაიმორჩილოს. 





კეკო ჭელიძის და კოტე კალანდაძის “მკვდარი სულების არდადეგები” ფესტივალის ბოლო დღეს ვნახეთ, ფილმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ფორუმზე შეკრებილი კინომცოდნეების ფავორიტად დასახელდა. 

მთავარი გმირი 90-იან წლებში პოპულარული მუსიკოსი ლევან სვანიძეა, რომელსაც მიუხედავად დიდი ნიჭისა, წარუმატებლობა ხვდა წილად. 72 წუთის განმავლობაში ლევან სვანიძე პრაქტიკულად შიშვლდება ჩვენ წინაშე, ბოლომდე გვიშლის გულს, გვაცნობს ფიქრებს, ოცნებებს, მავნე ჩვევებსა და ურთიერთობებს. ის იმდენად ნაცნობი და ახლობელი ხდება, რომ რაღაც დროის შემდეგ სრულიად იკარგება შეგრძნება, რომ ფილმს ვუყურებთ, რომ ჩვენსა და ლევანს შორის კამერაა და ის პირდაპირ არ გვესაუბრება.
ლევან სვანიძის ამბავი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდეს და პოლიტიკურმა მდგომარეობამ, ოჯახურმა ურთიერთობებმა და რაც მთავარია საკუთარმა ხასიათმა ერთდროულად შეუშალოს ხელი მის წარმატებას. 





“მკვდარი სულების არდადეგები” ფილმია ცხოვრებაში და სცენაზე დაბრუნების მცდელობებსა და მარცხზე, თუმცა მთავარი სიუჟეტი ალბათ მაინც დედა-შვილის უდიდესი სიყვარულითა და ტოქსიკურობით აღსავსე, ძალიან კლაუსტროფობიული ურთიერთობაა, რომელიც რამდენიმე კვადრატულ მეტრ ოთახში მაყურებლის თვალწინ თამაშდება. რეჟისორი შესანიშნავად ახერხებს, რომ ეს ურთიერთობაც ძალიან ახლოდან დაგვანახვოს და ისე, რომ თავი ზედმეტად არ ვიგრძნოთ, ნელ-ნელა ამ ორი ადამიანის თანაცხოვრების ყველა სირთულესა თუ პატარა ბედნიერებაში გავერკვეთ. ასეთ ისტორიებში, განსაკუთრებით კი  როცა კინო დოკუმენტურია, ძალიან რთულია იმ უმცირესი ზღვრის დაცვა, რომელიც ემპათიასა და შეცოდებას შორის გადის, თუმცა ფილმი ერთხელაც კი არ გადადის ამ ზღვარს. “მკვდარი სულების არდადეგები” აუხდენელი ოცნებების, უსასრულო წინაღობების, იმედების მსხვრევისა და გამოუყენებელი ნიჭის ისტორიაა, რომელიც მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი და მტკივნეულია.

ფოტო: berlinale.de