სვანეთში, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ამჟამად
ორი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის - თამო ჯუღელის და ნინა კინწურაშვილის გამოფენა "ლიმენი" მიმდინარეობს, რომელსაც გალერეა Artbeat წარმოგვიდგენს. რა არის ლიმენი? როგორც თამო გვეუბნება, "ლიმენი ტრანზიტული მდგომარეობაა, როცა უკვე ნაცნობი სამყარო უკან მოიტოვე, მაგრამ ჯერჯერობით არც ახალი ჩანს. სიცარიელე, მოსაცდელი ოთახი, სადაც არც იცი რას ელოდები, მხოლოდ ის იცი, რა აღარ არის, მიწაგამოცლილობის შეგრძნება, როდესაც აღარაფერს ეკუთვნი და აღარც შენ გეკუთვნის არაფერი" გირჩევთ, თუკი სვანეთში მოხვდებით, აუცილებლად შეიაროთ მესტიის მუზეუმში და ამ მდგომარეობის კონცეფციის ირგვლივ გაერთიანებული ნამუშევრები თავად იხილოთ. იქამდე კი თიბისი კონცეპტთან ერთად წარმოდგენილი ამ ინტერვიუთი კიდევ უფრო ახლოს გაიცანით თამო ჯუღელი, რომელიც საკუთარი შემოქმედების პროცესის შესახებ ვრცლად და საინტერესოდ გვესაუბრა.
თამო, მოგვიყევი, როგორ დაუკავშირდი ფერწერას, როგორც ვიცი, ამ სფეროში სრულიად განსხვავებული პროფესიიდან აღმოჩნდი, რამ გიბიძგა ამ ერთი შეხედვით არარაციონალური გადაწყვეტილებისაკენ?
მთავარი ბიძგი მუდმივი უკმაყოფილების განცდა იყო იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებდი, ეს ყველაფერი ჩემში, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში გროვდებოდა, მუდმივი პროტესტის გრძნობა დამყვებოდა ყველას და ყველაფრის მიმართ, რაც რაღაც ეტაპზე უკვე აუტანელი გახდა და საბოლოოდ ერთიანად იფეთქა ჩემს მხატვრობაში. თავიდან მხოლოდ გრაფიკულ ნამუშევრებს ვქმნიდი, შემდეგ შევხვდი ჩემს მენტორს, გია ეძგვერაძეს და მისი დახმარებით თანამედროვე ხელოვნებას გავეცანი, დავიწყე ფერწერაზე მუშაობა და მთლიანად მივატოვე საკუთარ ემოციებსა და სენტიმენტებზე დაფუძნებული ხელოვნება. როცა ხელოვნებას საფუძვლიანად ეცნობი, თვითონვე იწყებ გარჩევას, ვინ მუშაობს აბსოლუტზე და ვინ შემოსაზღვრულ სივრცეზე, ანუ სუბიექტურ, სენტიმენტებზე აწყობილ შემოქმედებაზე, რომელსაც არანაირი ღირებულება არ აქვს ჩემთვის. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც სუბიექტურია, მაგრამ დიდი განსხვავებაა შემოქმედებითი პროცესისას რასთან მართავ დიალოგს, ისევ საკუთარ თავთან თუ უცნობ სივრცესთან, სადაც ყველაზე მთავარი ის დიდი და მოუხელთებელი სუნთქვაა, რომელსაც დიდი შემოქმედები იჭერენ. შემოქმედების პროცესში თუ საკუთარ თავს არ ივიწყებ, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ საკუთარი დღიურის სტრიპტიზს აწარმოებ, რომელიც 13 წლის ასაკში რელევანტური იყო. სწორედ ამ მოსაწყენი, ცუდი ხარისხის აბსურდისგან თავის დაღწევის მცდელობა და შესაძლებლობაა შემოქმედება.
ის, რომ ამ სფეროში აკადემიური განათლება არ მიგიღია, ოდესმე რაიმე სახის წინააღმდეგობა ან დაბრკოლება ხომ არ გამხდარა შენთვის, მოგვიყევი ამ წლების განმავლობაში როგორ განვითარდი, როგორც მხატვარი?
ფაქტობრივად პრივატული აკადემია გავიარე გია ეძგვერაძესთან, სამი წლის განმავლობაში ყოველდღიურად მამარაგებდა საკითხავი ლიტერატურით, ფილმებით, მხატვრების ბიოგრაფიებით, მთელ თეორიას დეტალურად გავდიოდით. როდესაც ნამუშევარს ვასრულებდი, შემდეგ ერთად განვიხილავდით სუსტ და ძლიერ მხარეებს, რაც შემდეგი ნამუშევრისთვის მამზადებდა. გიას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში როგორც მენტალურად, ასევე შემოქმედებითად. არ ვფიქრობ, რომ რამე დამაკლდა იმით, რომ ოფიციალური აკადემიური განათლება არ მიმიღია, პირიქით.
ამ დროის განმავლობაში შეიცვალა შენი დამოკიდებულება მხატვრობისადმი? ხომ არ განიცადა ცვლილება შენმა სტილმა და ხელწერამ?
დამოკიდებულება არ შეცვლილა, თავიდანვე დიდ დეტერმინაციას ვგრძნობდი ამ გზის მიმართ. ახლაც ასეა. სტილი არც არასდროს მქონია და ვფიქრობ, არც არასდროს მექნება, ძალიან მალე მბეზრდება ყველაფერი, მალე მთავრდება და იწურება ჩემში. რაც დრო გადის, ხელწერა, რა თქმა უნდა, იცვლება. ეს რომ არ ხდებოდეს, ალბათ აღარც დავხატავდი და სხვა მედიუმს მოვსინჯავდი. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ფერწერა ამ ეტაპზე პირველ ადგილას, ერთ-ერთი ის მედიუმია, რომელსაც ვერასდროს ამოწურავ, დიდი გამოწვევაა ჩემთვის, ამიტომ მიზიდავს ასე ძალიან. ყველაზე ცხადად ხელწერის შეცვლას სრული ერთი წლის შემდეგ ვხედავ ხოლმე, როდესაც თავად ცვლილებების პროცესში ხარ, რთულია შეამჩნიო.
რა გაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს, რომელიც გიბიძგებს, რომ კვლავ მხატვრობაში დარჩე?
სისტემა... კლაუსტროფობიული ისტერია სამსახურში სიარულის წარმოდგენაზე. რაღაც მხრივ, შემოქმედება ჩემთვის coping მექანიზმია, იმ პროტესტთან დაკავშირებული, რაზეც პირველ კითხვაში ვისაუბრე. ეს ყველაფერი არსად წასულა, უბრალოდ, სხვაგან სუბლიმირებს და მოძრაობს, მე აღარ მხუთავს.
როგორც წესი, ნამუშევრებს სახელებს არ არქმევ ხოლმე, შენს ერთ-ერთ სოლო გამოფენასაც ასე ერქვა - Unnamed. რა მნიშვნელობას ატარებს ეს მიდგომა, რთულია შენთვის ნამუშევარს ერთი კონკრეტული სახელი შეურჩიო?
თუ მოვა ის დრო, როდესაც ვერბალურ ენაშიც ვიპოვი იმ ხარისხის კონვერტაციის უნარს, რაც მხატვრობაში ვიპოვე, მაშინ ტექსტიც შეიძლება შემოვიტანო, ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი შემიძლია ვერბალურ ენაშიც მოვიხელთო, აქედან გამომდინარე ნამუშევრებს ზედმეტ “ჭუჭყს” ვარიდებ. ვერბალური ენა მის უკან ვერბალური ენის კიდევ რამდენ ფენას გულისხმობს, რომელიც თავისი ბუნებით ისეთივე გააზრებული და ავთენტური უნდა იყოს, როგორც ფერწერაში ყოველი მონასმი. არც მოთხოვნილება მაქვს დასათაურების, ჩემთვის ნამუშევარი შტამპის გარეშე უფრო თავისუფალია. ამას რომ თავი დავანებოთ, არ ვფიქრობ, რომ ფერწერას, რომელსაც აბსტრაქტული ენით ვკითხულობ და ვრეფლექსირებ, დამატებითად ვერბალური ანალიზი მჭირდებოდეს, იმიჯებით ვფიქრობ და აბსტრაქტულად ვაზროვნებ, როდესაც ხელოვნებას ეხება, რაციონალურზე მეტად, რა თქმა უნდა, ირაციონალური მუშაობს, ჩემი შემოქმედებაც სრულიად ირაციონალურია. რაციო ყოველდღიურობაშიც მყოფნის. გამოფენების დასათვალიერებლად რომ მივდივარ, თავდაპირველად არაფერს ვკითხულობ, ჯერ მინდა ჩემებურად გადავიაზრო სივრცე, შემდეგ უკვე კონცეფციას ვეცნობი, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ რთული სიტყვების კრებულია, იშვიათად წამიკითხავს კონცეფცია, რომელიც წარმოდგენილი ნამუშევრის გააზრებაში დამხმარებია ან მნიშვნელობა ჰქონია ჩემთვის. ძალიან მცირეა იმ შემოქმედების თუ კურატორების რიცხვი, რომლებიც ენას საფუძვლიანად, ღრმად გრძნობენ და ამ ორ სხვადასხვა პოლუსს, ნამუშევარს და ტექსტს ერთმანეთთან ისე აერთიანებენ, რომ მთლიანობა შეიქმნას.
როგორ დაახასიათებდი საკუთარ შემოქმედებას, რა არის შენი მხატვრობის კონცეპტი?
იგივეა, რაც შემოქმედებითი პროცესი, დროის გაუქმების მცდელობა, დროებითი აორთქლება ეგზისტენციიდან, ჰეგელიანური განწყობის შექმნა, “Mood that "assails us" in our unreflecting devotion to the world. A mood comes neither from the "outside" nor from the "inside," but arises from being-in-the-world.” being-in-the-world-ს მხოლოდ მაშინ განვიცდი, როდესაც ვმუშაობ ან როდესაც სხვის შექმნილ მუდს ვესწრები, როდესაც სუბიექტი ჭურჭელს რეცხავს და მთლიანად ამ პროცესშია ჩართული, როდესაც ავტომატურად ატარებ მანქანას და თვალებით არარაში ხარ, როდესაც მღებავი კედელს ღებავს… ყველაზე ბანალური მდგომარეობები, სადაც მთლიანად იშლება სუბიექტივიზმი, იკარგება საკუთარი არსებობის შეგრძნება და სხვისიც. სიმსუბუქე და სიხარული თუ არსებობს, მხოლოდ ამ ფორმაზე დაკვირვებით.
მოგვიყევი სვანეთში, მესტიის მუზეუმში მიმდინარე გამოფენის შესახებ, რა კონცეფციის გარშემო გააერთიანეთ ნამუშევრები და როგორ მოხდა მათი შერჩევა?
გამოფენის მთავარი ამოცანა ამ ნამუშევრების ახალი ფორმით წარმოდგენა იყო. შეზღუდულები ვიყავით, რადგან სამუზეუმო სივრცეებში კედლის გახვრეტა არ შეიძლება, ფერწერა ტრადიციულად კედელზე უნდა ჩამოკიდო, ამიტომ თავიდან, სანამ კედლის ამბავს გავიგებდი, ასეც გვქონდა დაგეგმილი. როცა გავიგე, რომ კედელს ვერ გამოვიყენებდი, თავში მომენტალურად ხის ყუთების იდეა ამომიტივტივდა, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო დაიხვეწა და საბოლოოდ ის ფორმა მიეცა, რასაც ახლა ხედავთ. ნინა მრავალფეროვანია მედიუმებში, მუშაობს როგორც ფერწერის, ასევე პერფორმანსის, ვიდეოს, ინსტალაციის და გრაფიკის მიმართულებით, ამიტომ ჩვენი ტანდემი ძალიან კონტრასტული გამოვიდა. ბევრჯერ ვახსენე უკვე “კონტრასტი” სხვადასხვა კონტექსტში, მგონია, რომ მარტო კონტრასტის ფონზე მუშაობს ერთი მეორესთან, კონტრასტის ფონზე ცოცხლდება ერთი მეორესთან. ფერწერაშიც ასეა, რაც უფრო მეტი კონტრასტია მიდგომის ხერხებთან, ლაქასთან, კომპოზიციასთან, მით უფრო მეტი სივრცე და ვერსიაა წასაკითხად, ასეა გამოფენებიც. ეს გამოფენა ალბათ ცალ-ცალკე ნამუშევრებად არ უნდა წაიკითხოს მნახველმა, მთლიანად ერთი იდეაა, რომელსაც სოციალური მასალა, ხე აერთიანებს. ჩემთვის, საბოლოოდ, ეს ინსტალაცია შეკრულ სკულპტურად იკითხება, რომლის გარშემოც მოძრაობ და ყველა კუთხეში სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ სხვადასხვა ნამუშევარს აწყდები.
შენთვის რა არის ლიმენი?
ლიმენი ჩემთვის ისაა, რაც ისედაც არის საკუთარ არსში, ტრანზიტული მდგომარეობა, როდესაც უკვე ნაცნობი სამყარო უკან მოიტოვე, მაგრამ ჯერჯერობით არც ახალი ჩანს. სიცარიელე, მოსაცდელი ოთახი, სადაც არც იცი რას ელოდები, მხოლოდ ის იცი, რა აღარ არის, მიწაგამოცლილობის შეგრძნება, როდესაც აღარაფერს ეკუთვნი და აღარც შენ გეკუთვნის არაფერი. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მდგომარეობაა, რაც ადამიანს პერიოდულად უნდა დაემართოს იმისთვის, რომ დაიცალოს ძველისგან, შეძლოს გაჩერება სიცარიელეში და შემდეგ გადავიდეს ახალში.
წარმოდგენილი ნამუშევრებიდან არის ერთი რომელიმე ისეთი, რომელზეც ფიქრობ, რომ ამ იდეას ყველაზე მეტად უკავშირდება ან რომელიც განსაკუთრებულ ისტორიას ატარებს?
კონკრეტულად არცერთი, ყველა ნამუშევარი, რაც სვანეთის გამოფენაზე მაქვს წარმოდგენილი, ზუსტად ჩემს პირად ლიმენალურ მდგომარეობებშია შექმნილი. როდესაც მე და ნინა ამ გამოფენაზე ვმუშაობდით, სახელი ყველაზე ბოლოს მოვიტოვეთ. კონცეფცია მხოლოდ იდეურ დონეზე იყო განხილული მრავალჯერ, რომელსაც ღერძი ჯერ არ ჰქონდა, ერთ დღესაც ნინამ დამირეკა ძალიან ბედნიერმა და მითხრა, რომ კონცეფციაც დაწერა და სათაურიც გვაქვს. რომ შევხვდით, სწორედ მაშინ გავიგე პირველად ტერმინი ლიმენალურობა, რომ წავიკითხე, რასაც ნიშნავდა, იმ მდგომარეობის სახელიც ვიპოვე, რაშიც მენტალურად ბოლო ერთი წელი ვიყავი გაჭედილი, ამიტომ ამაზე ზუსტი ვერაფერი იქნებოდა, ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის, სუბიექტურად, სუპერ დამთხვევა იყო, გამოფენის კონცეფცია ამ სახელით კიდევ სხვა კუთხით არის განვრცობილი.
ფერწერის და გრაფიკის გარდა, ოდესმე სხვა მედიუმში მუშაობაზე გიფიქრია?
სკულპტურის პროექტები, რომლებიც ჯერ მხოლოდ 3D პროგრამაშია აწყობილი. განხორციელება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯერჯერობით it’s on hold. ზოგადად, სკულპტურა ძალიან მიზიდავს, უფრო ინდუსტრიული. ხელით არასდროს მიმუშავია, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ჩემი სკულპტურიდან
ადამიანის კვალი წაშლილი იყოს. ფერწერა იმდენად ორგანულია, იმდენად ადამიანური… ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც მაინტერესებს მაინცდამაინც ამ ტიპის სკულპტურები, კვლავ კონტრასტის მოთხოვნილებაა. თან, რაღაც დონის პერფექციის ილუზია იქმნება გაპრიალებული ვერცხლით, შუშებით, ბეტონით, იდეალურად დამუშავებული რკინით და შემდეგ ეს ყველაფერი მანქანებით ერთმანეთში სიმეტრიულად და სტერილურად გადამდნარი. სვანეთის გამოფენისთვისაც ვმუშაობდი სკულპტურაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამიკეთეს ისეთი, როგორც მინდოდა, ამიტომ ესეც სამომავლოდ გადაიდო. თვითონ პროცესი ძალიან საინტერესოა ჩემთვის, როდესაც მასალების ასარჩევად დადიხარ, არქიტექტურულ ნახაზს აკეთებ, უამრავ ხალხთან გიწევს კომუნიკაცია, 5-10 ადამიანი ვმუშაობთ ერთად, შენს შემოქმედებით იდეას სხვა ადამიანები და მანქანები აძლევენ ფორმას. ეს ფერმწერისთვის ძალიან უცხო გარემოებებია, რომელიც სულ მარტოა სტუდიაში ტილოსთან, სადაც ყველაფერს თავად წყვეტს. ვერავინ შემოვა ამ სივრცეში და ვერავისთან გააზიარებ ამ პროცესს. მიუხედავად წარუმატებელი მცდელობისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბოლო სკულპტურის შექმნის პროცესი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს მედიუმი თავისი განვითარების ეტაპებით ძალიან მაინტერესებს.
გაქვს კონკრეტული სამომავლო გეგმები, რომელზეც უკვე შეგიძლია გვესაუბრო?
ახალ სახელოსნოში გადავდივარ და ჯგუფური გამოფენისთვის ვემზადები საქართველოს ფარგლებს გარეთ. უცნაური ფაქტია ის, რომ ჩემს პირველ სტუდიაში 3 წლის წინ, სექტემბერში შევედი და მომდევნო სექტემბერს ახალში გადავედი, იქიდანაც ისევ სექტემბერს გადავედი ახალში და ახლაც იგივე მიწევს, სექტემბერი და ისევ ახალი სტუდია. სრულ ერთ წელს ვატარებ სტუდიაში და შემდეგ ვიცვლი, დაუგეგმავად.
დაწერე კომენტარი