ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში რამდენიმე დღეა, რაც ვენაში მცხოვრები ხელოვანის, ივ ტოშაინის გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა სახელწოდებით Nullity is the Only Revolt დამთვალიერებელს ხელოვანის მიერ სპეციალურად მუზეუმის სივრცის გათვალისწინებით შექმნილ ახალ 4x6x15-მეტრიან ინსტალაციას წარუდგენს, რომელიც ავსტრიაში, ბულგარეთსა და ევროკავშირში პანდემიის პერიოდში განცდილ მის პირად ისტორიას ეფუძნება. სკულპტურა დღევანდელ დღეს აქტუალური თავისუფლების, პანდემიის, დემოკრატიის, სიკვდილის, სიცოცხლის, ჩაგვრისა და თანასწორობის თემებს მიმოიხილავს.
ივ, მოგვიყევით, პირველად როდის გადაწყვიტეთ ხელოვნებას გაჰყოლოდით და როგორ დაახასიათებთ საკუთარ შემოქმედებას დღეს?
ბავშვობიდანვე ყოველთვის ვიცოდი, რომ ხელოვანი გავხდებოდი, თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა სახელოვნებო კოლეჯში დავიწყე სწავლა და მას შემდეგ ამ სფეროში ვარ. ჩემი შემოქმედება ერთდროულად კომპლექსური, ავთენტური, რადიკალური და თანამედროვეა...
თქვენი ნამუშევრები ბევრ სხვადასხვა მედიუმშია შესრულებული - ვიდეო, ინსტალაცია, სკულპტურა, პერფორმანსი... რომელ მათგანში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
სტაგნაციას რომ გავექცე, ხშირად ვცვლი მედიუმებს, მომწონს საკუთარი თავის გამოწვევაც, თუმცა მასალა ყოველთვის კონცეფციაზეა დამოკიდებული. ამასთან მჯერა, რომ თუ ნამუშევარში ცეცხლის ასახვა გინდა, მისი პირდაპირ დახატვა ყოველთვის ყალბი იქნება, ვამჯობინებდი, ბუნებრივი ცეცხლი გამომეყენებინა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში რა გაძლევთ ყველაზე დიდ შთაგონებას?
ცხოვრება თავისთავად შთაგონებაა, სხვათა შორის სწორედ ამ თემაზე მაქვს დაწერილი ესე, სახელწოდებით Life is the Drug...
მოგვიყევით მიმდინარე გამოფენის შესახებ, რა კონცეფციის გარშემო გააერთიანეთ თვენი ნამუშევრები MOMA Tbilis-ში?
ჩემი სოლო გამოფენა 4x6x15 მეტრ ამ კონკრეტული ადგილისთვის შერჩეულ ინსტალაციას მოიცავს. ეს სკულპტურა სამი კილომეტრი სიგრძის ალუმინის ჯაჭვებისგან შედგება, რომლებიც გილიოტინებით ბოლოვდება და ერთგვარად კედელს, რკინის ფარდას და დროშის გამოსახულებას აერთიანებს. დროშის ინსტალაცია არამხოლოდ აკრიტიკებს დემოკრატიული ღირებულებების რღვევას, არამედ გულისხმობს ფემინისტურ კომენტარს წარსულში და აწმყოში ქალის ტიპური როლების შესახებ.
თქვენი ნამუშევრები ხშირად სოციალურ და პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს, რას ნიშნავს ეს? როგორც ჩანს, ეთანხმებით აი ვეივეის, რომელიც ამბობს, რომ ხელოვანი ამავე დროს აქტივისტი უნდა იყოს?
ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, ვფიქრობ, რომ თანამედროვე ხელოვნება მხოლოდ პოლიტიკური შეიძლება იყოს, და პირიქით - პოლიტიკური იქნება იმ შემთხვევაში, თუ თანამედროვეა. მჯერა, რომ აი ვეივეი ამის თქმას ცდილობდა და ვეთანხმები, დიახ, მეც აქტივისტი ვარ.
როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობას იძენს თავისუფლება, როცა ის ხელოვნებას უკავშირდება?
ამ კითხვაზე ჩემივე ნამუშევრის სლოგანით გიპასუხებთ, რომელსაც მიმდინარე გამოფენაზეც შეხვდებით: I am taking out my own freedom for the art to live it like it‘s own“.
გამოფენაზე წარმოდგენილი თქვენი ერთ-ერთი ნამუშევარი Covid19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ერთგვარი რეაქციაა, გვესაუბრეთ ამ ნამუშევრის შესახებ...
პირველი “ლოქდაუნის” დროს ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, ბულგარეთში ვიყავი, გამოფენაზე ჯაჭვებით ბულგარეთის, ავსტრიის და ევროკავშირის დროშებია ნაჩვენები, თითოეული მათგანი კი უჟანგავი ფოლადისგან გაკეთებული ძალიან პრიალა, ბასრი გილიოტინით ბოლოვდება. ნამუშევარი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაწესებული შეზღუდვებსა და Covid-19-ის პანდემიის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე გავლენასთან დაკავშირებით ღრმა კითხვებს ბადებს.
რას გვეტყვით გამოფენის სახელწოდების, Nullity is the Only Revolt-ის შესახებ?
სიტყვები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩემს ნამუშევრებში, ეს ჩემი ახალი სლოგანია. მნიშვნელობა კი ერთდროულად რევოლუციური და ნიჰილისტურია. MOMA Tbilisi-ს დიდ პოსტერზე გამოსახული ეს სიტყვები არა გამოფენის სარეკლამო აბრა, არამედ ჩემ მიერ შექმნილი ნამუშევარია. ამგვარი კომერციული მედიუმი იმისთვის ავირჩიე, რომ ჩემი მოსაზრება მუზეუმის გარეთაც გამომეტანა. ყველა, ვინც რუსთაველის 27 ნომერთან ჩაივლის, ჩემი სათქმელის გაგებას ისე შეძლებს, შეიძლება გამოფენაზე სულაც არ შემოვიდეს.
როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე წინააღმდეგობა, რომელსაც ქალი სახელოვნებო სფეროში აწყდება?
ხელოვანი ქალისთვის ამ სფეროში ყოფნა ადვილი არ არის, მუდმივი განვითარება, განსხვავებული სტრატეგიები და კონცეფციები გჭირდება იმისთვის, რომ გადარჩე და არასდროს გაჩერდე. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელოვან Anna Ceeh-თან ერთად 2012 წელს ჩვენ სახელოვნებო ორგანიზაცია FEMINismTC დავაფუძნეთ, რომლის მანიფესტი მიმდინარე გამოფენაზეც შეგიძლიათ იხილოთ.
რას ნიშნავს იყო კარგი ხელოვანი დღევანდელ სამყაროში?
ალბათ იმას, რომ კარგი ხელოვანი კომპრომისებზე არასდროს უნდა მიდიოდეს.
გაქვთ რაიმე რჩევა, რომელსაც ხელოვან ქალებს მისცემდით?
ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა Unisex იქნება - ის, რომ თითოეული ადამიანისთვის პირველ რიგში საჭიროა გავარკვიოთ, სად ვართ და რა გვინდა, მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, როგორ უნდა მივაღწიოთ რაიმეს.
დაწერე კომენტარი