სახლისთვის კონტექსტის შეცვლა მარტივი საქმეა - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ადამიანი ცხოვრობს მასში, რა ინტერესები აქვს, ვინ უყვარს და ვინ - არა, რა არის ის, რის გამოც დილით იღვიძებს და რაც სიცოცხლისთვის შთაგონებას აძლევს. სახლებს აქვთ ერთი მნიშვნელოვანი თვისება - მათზე უკეთ არავის გამოსდის ატმოსფეროს შესისხლხორცება, ცვლილებების არეკვლა; სახლი ინახავს განადგურებული ურთიერთობების “ნანგრევებს”, ძველი სიყვარულის არტეფაქტებს, სიზმრებსა და ოცნებებს…
ისტორიას მრავალი გამორჩეული სახლი ახსოვს, იქნება ეს ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას La Casa Azul (ესპ. ლურჯი სახლი), სადაც მათ მეტად საინტერესო და ქაოსური ქორწინების უმეტესი წლები გაატარეს, თუ გამოგონილი ისტორიები ნახევრად რეალური სახლების შესახებ - მაგალითად, ვირჯინია ვულფის „სახლი მოჩვენებებით“.
ამბებს დაკარგული სიყვარულისა და იმედგაცრუებების შესახებ გვიყვება კინოსამყაროს ორი გამორჩეული ფიგურის, იტალიელი რეჟისორის, მიქელანჯელო ანტონიონისა და დიდებული მსახიობის, მონიკა ვიტის სახლი La Cupola (იტალ. გუმბათი). კინომოყვარულებისთვის კარგად ცნობილია, რომ არტისტებს არამხოლოდ კინოს მიმართ აღტაცება აკავშირებდათ, არამედ ერთმანეთი უყვარდათ კიდეც. La Cupola 60-იანების დასასრულს ააგო იტალიელმა არქიტექტორმა დანტე ბინიმ შეყვარებულებისთვის. ამ პერიოდში მათ უკვე დასრულებული ჰქონდათ ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კოლაბორაციები: „თავგადასავალი“ (L’Avventura), „ღამე“ (La Notte), „დაბნელება“ (L’Eclisse) და „წითელი უდაბნო“ (Red Desert). სახლის ახლანდელი მდგომარეობით ინტერესდება კანადელი ჟურნალისტი ლინ შეპტონი: მისი თქმით, La Cupola ქვიან ბორცვზეა აშენებული, აქვს ნაცრისფერი ბეტონის გუმბათი და გრანიტი, რომელიც ხიდით უერთდება უკვე დაძველებულ კიბეს. „დღე მზიანი და ნათელი იყო, ინტერიერი - გაბზარული და უჰაერო. ზოგიერთ ოთახს შემორჩენილი აქვს 60-იანების იტალიური ავეჯი, ღია მწვანედ მოსარკული კრამიტი და დამტვერილი, მოყავისფრო ბალიშები“. - წერს შეპტონი.
გუმბათის იდეა არქიტექტორ დანტე ბინის მოუვიდა. მის ასაშენებლად ბინის სპეციალური ტექნიკაც ჰქონდა, რომელსაც „ბინიშელს“ ეძახდა და რომელიც სახლის ზომის პლასტმასის ბუშტსა და მეტალის ხარაჩოს მოიცავდა. ბუშტი ბეტონით დაფარეს და შემდეგ გაბერეს. როცა ბეტონი გამაგრდა, ბუშტი მოაშორეს და გუმბათში კარი და ფანჯრები გამოჭრეს.
სახლი ველური ვარდებით, ზეთისხილისა და ფიჭვის ხეებითაა გარშემორტყმული. La Cupola-ს კიბე ზღვისკენ ჩაუყვება, სადაც, როგორც ამბობენ, ვიტი შიშველი ბანაობდა ხოლმე. ანტონიონი აღტაცებული იყო მწერალ კურციო მალაპარტეთი, რომელმაც თავისი სახლი Casa Malaparte ააშენა - როცა ზღვის ტალღები ქარაფებს ეხეთქებოდა, მთელი სახლი რხევას იწყებდა. Cupola განსხვავებულ მიდგომას გამოსახავს: იგი აკვირდება ისეთ პატარა რამეებს, რაც სხვა შემთხვევაში ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.
ვიტიმ და ანტონიონიმ სახლში სამი წელი გაატარეს. 1972 წელს მათი გზები გაიყო, ანტონიონი მხატვარ ენრიკა ფიკოს შეხვდა, ხოლო 1974 წელს ვიტიმ თავისი მომავალი ქმარი, რეჟისორი რობერტო რუსო გაიცნო.
შემდეგი სახლი ირლანდიელ არქიტექტორსა და დიზაინერ ეილინ გრეის უკავშირდება. სახლს E-1027 ჰქვია და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ უამრავ ქარიშხალს გადაურჩა, თავდაპირველად ის მშვიდ ადგილად იყო ჩაფიქრებული გრეისა და მისი შეყვარებულისათვის, ჟან ბადოვიჩისთვის, რომელმაც თავადაც შეიტანა წვლილი პროექტის დიზაინის ფორმირებაში. „არქიტექტურულ ანსამბლთან შერწყმით ავეჯმაც კი უნდა დაკარგოს თავისი ინდივიდუალიზმი“, - წერდა ეილინ გრეი 1929 წელს ჟურნალ L’Architecture Vivante-ში. სახლის სახელიც - E-1027 - კოდური სიტყვაა, ოდაა მათი სიყვარულისადმი: E - ეილინი, 10 - J - ანუ ჟანი, 2 - B, ანუ ბადოვიჩი და 7, როგორც G, ანუ გრეი.
სახლი რკინიგზასა და პლაჟს შორის მდებარეობს, მთებში, ზეთისხილის ხეებით გარშემორტყმული. E-1027 მოდერნისტული ნამუშევარია; გრეის შთაგონების წყარო ფრანგი-შვეიცარიელი არქიტექტორის, ლე კორბუზიეს ხუთი კონცეფცია იყო თანამედროვე არქიტექტურის შესახებ (ბეტონის ხიმინჯები, ღია დაგეგმარების ოთახი, ბაღი სახურავზე, ჰორიზონტალური ფანჯრები და „თავისუფალი“ ფასადი). როგორც მოდერნისტულ შენობებს ახასიათებთ, სახლი გარედან მთლიანად თეთრია, თუმცა რაც მას მოდერნისტული არქიტექტურისგან გამოარჩევს, ისაა, რომ შიგნით შესვლისას, მქრქალი, მუქ ლურჯსა და შავ ფერებში გადაწყვეტილი, სუსტად განათებული ოთახები დამთვალიერებელში მოულოდნელობის ეფექტს იწვევს. ცნობილია, რომ კორბუზიე აღტაცებული იყო E-1027-ით. სახლის დაკლაკნილ კიბეს გრეი კორბუზიეს დამოკიდებულების გასაკრიტიკებლად იყენებდა, რომელიც ამბობდა, რომ „სახლი საცხოვრებელი მანქანაა“. გრეის თქმით კი, სახლი ადამიანის ნიჟარაა, გათავისუფლებისა და სულიერი გასხივოსნების წყარო. „თანამედროვე არქიტექტურის სიღარიბე სენსუალიზმის ატროფიიდან მოდის“, - წერდა ის.
ეილინ გრეი და ჟან ბადოვიჩი 1932 წელს, სახლის აშენებიდან სამი წლის შემდეგ, დაშორდნენ ერთმანეთს. გრეიმ E-1027 ბადოვიჩს დაუტოვა, მან კი კორბუზიე და მისი ცოლი მოიწვია სტუმრად. 1938-1939 წლებში კორბუზიემ სახლის კედლები ეროტიკული შინაარსის ფრესკებით დაფარა. II მსოფლიო ომის პერიოდში კი გერმანელი ნაცისტი ჯარისკაცები კედლებს მიზანში სროლაში სავარჯიშოდ იყენებდნენ. 1956 წელს კორბუზიე სახლთან ახლოს, ზღვაში დაიხრჩო. სახლმა თანდათან რღვევა დაიწყო, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ სპეციალისტები მის აღდგენაზე. 2015 წელს სახლი საბოლოოდ გაიღო დამთვალიერებლებისათვის.
ბოლო სახლს Taliesin ჰქვია. იგი 1911 წელს ააგო ცნობილმა არქიტექტორმა ფრენკ ლოიდ რაითმა Spring Green-ის მახლობლად, ვისკონსინში, სადაც დედამისის ოჯახი ცხოვრობდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. Taliesin რაითმა მარტა ბორტვიკისთვის ააგო, რომელსაც 1903 წელს შეხვდა, როცა ბორტვიკის ქმარმა არქიტექტორად მიიწვია. მალევე მათი ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა და 1909 წელს ევროპაში გაემგზავრნენ.
წყვილის ურთიერთობის შესახებ პრესაში ბევრი სხვადასხვა ცნობა იწერებოდა. ბორტვიკი თავდაჯერებული ქალი იყო, ფემინისტი, რაც ამბის სკანდალურობას კიდევ უფრო ამწვავებდა. ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთები რაითს აკრიტიკებდნენ, მისი პროფესიონალიზმი ეჭვის ქვეშ დგებოდა.
სწორედ გარესამყაროსგან თავდასაცავად დაიწყო მან პროექტის დაგეგმვა 1911 წელს, სადაც შემდგომში ის და ბორტვიკი ერთად ცხოვრობდნენ. სახლს სამი ფრთა ჰქონდა; გამოყოფილი იყო ადგილი სამუშაო სივრცისა და აგროკულტურული საქმიანობისთვისაც. რაითმა სახლი მთაზე ააგო და Taliesin უწოდა, რაც უელსურად „მნათობ შუბლს“ ნიშნავს.
1914 წლის აგვისტოში, როცა არქიტექტორი ჩიკაგოში იყო, ერთ-ერთმა მუშამ, სახელად ჯულიან კარლტონმა, შენობას ცეცხლი წაუკიდა და ბორტვიკი და მისი ორი შვილი მოკლა. დაიღუპნენ მუშები, მებაღეები და ხელოსნებიც.
რაითმა თავისი ცნობილი ნამუშევრის, გუგენჰეიმის მუზეუმისთვის ინსპირაცია სწორედ Taliesin-ისგან მიიღო, ხოლო 1940 წელს ფრანკ ლოიდ რაითის სახელობის ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. არქიტექტორი 1959 წელს გარდაიცვალა.
სიმბოლური და ამასთანავე ირონიულია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სახლებში წყვილები მხოლოდ სამი წელი ცხოვრობდნენ ერთად. დრო და მასთან დაკავშირებული სევდიანი ცვლილებები ახლა ისე ჩანს, როგორც არასდროს: დამტვერილი ავეჯი, ძველი დროის გადმონაშთები და გრძნობები, რომლებიც ოდესღაც არსებობდა, ახლა კი მხოლოდ მათი არსებობის რამდენიმე მტკიცებულებაა შემორჩენილი.
დაწერე კომენტარი