მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფილმების მაგიას, კოსტიუმები ამ მხრივ დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, განსაკუთრებით კი დასამახსოვრებელი ხასიათისა და პერსონაჟის შექმნისას. ამ პერიოდში ნამდვილად არ უნდა მოვერიდოთ გლამურული და მოდური ფილმების ნახვას, რადგან თუკი საამისოდ არსებობს ერთი სეზონი, რომლისთვისაც სპეციალურად უნდა მოვემზადოთ, ეს შემოდგომაა.
Alfred Hitchcock – Rear Window (1954)
Costume Designer- Edith Head
ერთადერთი, რაც შეიძლება უფრო დამაინტრიგებელი იყოს, ვიდრე ალფრედ ჰიჩკოკის 50-იანი წლების თრილერის ირონიულობა, არის ის, თუ როგორ ახერხებს გრეის კელი ყოველ სცენაში უფრო და უფრო მშვენივრად და გლამურულად გამოიყურებოდეს. ჯეიმს სტიუარტის პერსონაჟი აღნიშნავს, რომ: ეს არის ლიზა ფრომონტი, “რომელიც ორჯერ ერთსა და იმავე სამოსს არ იცვამს”. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კოსტიუმი, რომელიც გრეისს აცვია, არის Y-ის სილუეტის კაბა, რომელიც კრისტიან დიორის 1955 წლის კოლექციიდან ყველაზე ცნობილმა კოსტიუმების დიზაინერმა ედით ჰედმა შეარჩია.
Breathless - Jean Luc Godard (1960)
ჟან-ლიუკ გოდარის ფილმი Breathless არა მხოლოდ იმით არის გამორჩეული, რომ მან ფრანგული კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოძრაობას - Nouvelle Vague-ს ჩაუყარა საფუძველი, არამედ დიდი გავლენა იქონია მოდაზე. ფილმის გარდერობი ამერიკულ აუდიენციას ფრანგულ უდარდელობას აცნობს.
აღსანიშნავია, რომ ფილმს არ ჰყავს კოსტიუმების დიზაინერი. ჟან სებერგი და ჟან-პოლ ბელმონდო საკუთარი გემოვნებით არჩევდნენ კოსტიუმებს და ხანდახან საერთოდაც საკუთარი სამოსი ეცვათ. ჟან სებერგის კლასიკური სტილი გამოირჩევა ბუნებრივი, მარტივი ელემენტებით. მიუხედავად კლასიკური სტილისა, სებერგის სამოსი თანამედროვე ხასიათს ატარებს და ისინი დღესაც ხშირად მეორდება მაღალ მოდაში.
Belle de jour- Luis Buñuel (1967)
Costume Designer- YSL
ლუის ბუნუელის შედევრი Belle de jour 50 წელზე მეტისაა, ისევე როგორც კატრინ დენევის სტილი სევერინის როლში. სევერინის წარმატება არა მხოლოდ მსახიობების, არამედ სრულყოფილი კოსტიუმების დამსახურებაცაა, რომელიც ივ სენ-ლორანმა შექმნა. როდესაც რეჟისორმა ის დიზაინერად მიიწვია, რათა სევერინისთვის სული შთაებერა, იგი ქალებისთვის განკუთვნილ მოდაში რევოლუციური ძვრებით იყო დაკავებული. ფილმი იკვლევს დიხოტომიას ახალგაზრდა ბურჟუა ქალის იმპულსებსა და რეპრესიას შორის და ფაქიზად მერყეობს ოცნება-სურვილ-რეალობას შორის. ამ თვალსაზრისით, კატრინ დენევის გარდერობი არ არის გაუაზრებელი, არამედ მისი კოსტიუმები და აქსესუარები მკვეთრად ასახავს პერსონაჟის ხასიათს.
სევერინის სამოსი ნეიტრალურ ტონებშია გადაწყვეტილი - თეთრი, შავი, კრემისფერი ნიუანსები. რაც შეეხება წითელ ფერს, ის გამოყენებულია მაშინ, როდესაც პერსონაჟის ყველაზე ინტიმური სურვილები უნდა გაცხადდეს.
Annie Hall – Movie of Woody Allen (1977)
Costume Designer- Ruth Morley
არსებობს გარკვეული დავა იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ვუდი ალენის ფილმის, Annie Hall-ის კოსტიუმების დიზაინი. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი დიზაინერი რუთ მორლი იყო, თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს რალფ ლორენის ნამუშევრები. რაც შეეხება ენი ჰოლის პერსონაჟს, ის დაიან კიტონმა მთლიანად საკუთარი გარდერობით შექმნა. მისმა მკვეთრად გამოხატულმა ნიშამ - ხაკის შარვალმა, თეთრმა პერანგმა და შავმა ჟილეტმა გავლენა მოახდინა ანდროგენულ სტილზე. რთულია ქალებს ეცვათ, როგორც ენი ჰოლს და არ უყურებდნენ მას ისე, თითქოს ვიღაც მოხუცი კაცის გარდერობზე მიიტანა იერიში. დაიან კიტონის ოსტატობის წყალობით ენი ჰოლის სამოსი არ ჰგავს მოძველებულს, არამედ საკმაოდ მიმზიდველადაც კი გამოიყურება. ვუდი ალენი სულელური სანახავი იქნებოდა “ჩარლის ანგელოზების” მსგავსი პერსონაჟის გვერდით, რომლის ტუჩსაცხსაც ბზინვარება არ აკლია.
The Fifth Element- Luc Besson (1997)
Costume Designer- Jean Paul Gaultier
ფრანგი რეჟისორის, ლიუკ ბესონის სამეცნიერო ფილმი “მეხუთე ელემენტი” იყო და არის ერთ-ერთი სათაყვანო სურათი. გარდა სწრაფი ტემპისა და დიალოგებისა, ფილმში განსაკუთრებულია ვიზუალიც. დიზაინერთა ბორტზე მნიშვნელოვანი ფიგურა ჟან-პოლ გოტიე იყო, რომელმაც ფილმისთვის 1000-ზე მეტი კოსტიუმი შექმნა. კოსტიუმები იყო ფერადი, ამაღელვებელი, ნათელი, რომლის შთაგონების წყაროც მისი წინა ფუტურისტული და არატრადიციული მასალებით შექმნილი კოლექცია გახდა.
Marie Antoinette - Sofia Coppola (2006)
Costume Designer- Milena Canonero
თუ ოდესმე ფილმი მხოლოდ მისი კოსტიუმების გამო გინახავთ, სავარაუდოდ, ეს სოფია კოპოლას ,,მარია ანტუანეტა” იქნებოდა. XVIII საუკუნის ესთეტიკით შექმნილი ფილმის ემოციებისა და სილამაზის გამოსახატად, კოსტიუმების იტალიელმა დიზაინერმა მილენა კანონერომ ოსკარიც მიიღო. შტეფან ცვაიგის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი მოგვითხრობს პროტაგონისტის ემოციურ ისტორიას, რომელიც მის სამოსში ირეკლება. აღსანიშნავია, რომ ფილმის კოსტიუმების მაღალი ღირებულობის გამო ისინი გამოფენილი იყო პრატოს Museo del Tessuto-ში.
Single man-Tom Ford (2009)
Costume Designer Tom Ford
მოდა და კინო იშვიათად არიან ასე ახლოს ერთმანეთთან, როგორც ტომ ფორდის სადებიუტო ფილმში, Single Man-ში. აქ სტილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა დანარჩენი, რაც გამოსახულებაში ჩანს, თუმცა კოსტიუმები ფილმის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ასპექტია. ყოველი ნამუშევარი, რომლითაც კოლინ ფირთი ფილმში ჩანს, ტომ ფორდმა სწორედ ამ შემთხვევისთვის შექმნა. ფილმში ზოგიერთი სცენა ჟურნალის გარეკანსაც კი მოგვაგონებს, ხოლო ჯულიანა მურის, ტომის დიდი ხნის მუზის, სამოსის ნახვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პოდიუმისკენ ავიღოთ გეზი.
The Great Gatsby- Baz Luhrmann (2013)
Costume Designer- Catherine Martin
ბეზ ლურმენის 1920-იანი წლების ნიუ-იორკის ხედვა აქცენტებს გამოკვეთს და ეხმიანება დეკადის სტილს, რომლის მეშვეობითაც ქმნის ჰიპერრეალურ ფანტაზიას მაღალი დონის დიზაინერების დახმარებით. ყოველ პერსონაჟს თავისი პერსონალური გარდერობი აქვს. ფილმისთვის კოსტიუმები შექმნეს მაღალი მოდის წარმომადგენელმა კომპანიებმა, როგორებიცაა - “პრადა”, “ტიფანი” და “ბრუქს ბრაზერსი”. შესაბამისად, გასაკვირი არ იყო მაყურებელთა მღელვარება, სანამ ფილმი კინოთეატრებში გამოვიდოდა. პრემიერას დიდი გამოუხმაურება მოჰყვა, რაც “დიდი გეტსბის” შთაგონებით შექმნილი კაბების დიზაინში გამოიხატა.
Hotel Grand Budapest- Wes Anderson (2014)
Costume Designer- Milena Canonero
“სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” ვეს ანდერსონის ერთ-ერთი ამაღელვებელი სურათია, რომელშიც კოსტიუმებს შთამბეჭდავი ადგილი უკავიათ. იგი ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო, ოსკარი, კოსტიუმების დიზაინის ნომინაციაში მოიპოვა. ფილმისთვის კოსტიუმები იტალიელმა დიზაინერმა მილენა კანონერომ შექმნა. “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” ხასიათდება ირონიული უტოპიით, რის გამოც კოსტიუმების ფერები ისე შეირჩა, თითქოს ისინი ზღაპრული სამყაროს ნაწილი ყოფილიყო. ფილმში გამოყენებულია ხუთი ძირითადი ფერი: წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ოქროსფერი და იისფერი. ძირითადი ქსოვილია ქეჩა, რომლითაც იქმნებოდა სამხედრო უნიფორმები. კანონეროს აზრით, ყურადღებიან მაყურებელს ამ მინიშნებით უნდა ეწინასწარმეტყველა, რომ რაღაც ცუდი ახლოვდებოდა.
Nocturnal Animals - Tom ford (2016)
Costume Designer- Arianne Philipps
თუ ტომ ფორდის ფილმისთვის კოსტიუმების დიზაინის შექმნა შენი სამსახურია, უნდა ითქვას, რომ მოლოდინი აუცილებლად დიდი იქნება. არიანე ფილიპსის თქმით, სასიამოვნოა ისეთ რეჟისორთან მუშაობა, რომელსაც ესმის ქსოვილი, ტექსტურა და დიზაინი. საინტერესოა, რომ ფილმში ტომის არც ერთი დიზაინი და ნამუშევარი არ გამოჩენილა.
ემი ადამსის პერსონაჟი საოცრად გლამურული და თითქმის სრულყოფილი ქალია, თუმცა ეს არ არის იმ დონის სრულყოფილება, რომელსაც ის ესწრაფვის. ფილმში კოსტიუმების “დახმარებით” მატულობს დაძაბულობა, ამის მაგალითია ემი ადამსის მწვანე კაბა, რომელიც ღამის სიმბოლოდ გადაიქცა. შესაბამისად, მაყურებელში ჩნდება მოლოდინი, რომ მალე რაღაც ცუდი მოხდება.
დაწერე კომენტარი