ფრანგი დიზაინერი, რომლის კარიერამაც 80-იან წლებში პიკს მიაღწია, ყოველთვის სასცენო კოსტიუმებთან და ექსტრაორდინარულ აქსესუარებთან ასოცირდებოდა, თუმცა მისი, როგორც დიზაინერის, შემოქმედებითი კარიერა, ცხადია, მხოლოდ კოსტიუმებსა და აქსესუარებს არ მოიცავს და გარდა ტანსაცმლისა, საზოგადოებას თავისი ბრენდის სუნამოებსაც სთავაზობს. როგორც თავად ამბობს, მოდის სფეროსა და ზოგადად, ხელოვნებისადმი ინტერესი მასში ბავშვობიდანვე არსებობდა, ამიტომაც დრო, რომელიც სკოლაში სწავლისთვის უნდა დაეთმო, ხშირ შემთხვევაში ტანსაცმლის ესკიზების ხატვაში გადიოდა. ცხრა წლის ასაკში მისი ყურადღება სრულიად განსხვავებულმა სფერომ, ქორეოგრაფიამაც მიიპყრო. მიუგლერმა კლასიკური ცეკვის სწავლა გადაწყვიტა, რამდენიმე წლის შემდეგ Rhin opera-ში ბალეტის ცეკვაც დაიწყო, ამ ყველაფრის პარალელურად კი სტრასბურგის დეკორატიული ხელოვნების სკოლაში ინტერიერის დიზაინსაც ეუფლებოდა.
მიუგლერის არა როგორც ინტერიერის, არამედ მოდის დიზაინერის კარიერა 24 წლის ასაკში პარიზის მაღაზია Gudule-ში დაიწყო. ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, როგორც ფრილანსერი, დიზაინერი ის მილანში, ლონდონსა და ბარსელონაში მდებარე მაღაზიებისთვისაც მუშაობდა. საკუთარი სადებიუტო კოლექცია კი 1973 წელს სახელწოდებით - Cafe De Paris წარადგინა, რომლის სტილიც ერთდროულად დახვეწილი შტრიხებითა და ურბანული დეტალებით ხასიათდებოდა.
პირველი მაღაზია მიუგლერმა პარიზში 1978 წელს გახსნა. ამავე პერიოდში დაიწყო მამაკაცის ხაზის სამოსის წარმოებაც. 80-იან წლებში მისმა პოპულარობამ საერთაშორისო მასშტაბით პიკს მიაღწია. ამავე დროს მან თავისი პირველი ფოტოგრაფიული წიგნიც გამოსცა, ის ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რეკლამებსა და ვიდეოკლიპებსაც იღებდა და ისეთ არტისტებთან მუშაობდა, როგორებიც ჯორჯ მაიკლი და რობერტ ალტმანი არიან. პარალელურად მუშაობდა მიუზიკლების, კონცერტებისა და სპექტაკლების კოსტიუმების დიზაინზეც. 80-იანი წლების ბოლოს კი, მაშინ როცა მიუგლერმა საკუთარი მოდის უზარმაზარი იმპერია შექმნა და სახელდებოდა, როგორც მომავლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი, ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობდა, როგორებიც სინდი კროუფორდი და ნაომი კემპბელი არიან.
ამ პერიოდში მისი სამოსი უკვე მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაში იყიდებოდა და ცნობილი იყო როგორც სამეცნიერო ფანტასტიკისა და იმ პერიოდის პოპულარული ფორმების არაჩვეულებრივი სინთეზი, თუმცა ძნელი იყო იმის წარმოდგენა, მიუგლერის კოსტიუმებში სად გადიოდა ზღვარი რეალობასა და დიზაინერის უშრეტ ფანტაზიას შორის. მაგალითად, 1992 წელს ტერი მიუგლერმა ვესტერნის შთაგონებით წარმოადგინა კოლექცია, რომელიც სავსე იყო თეატრალიზებული კოსტიუმებით, იმავე წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მან ჰარლი დევიდსონის კორსეტი შექმნა, რომლითაც ქალი მანქანად გადააქცია. მასვე ეკუთვნის ძალიან ცნობილი ქალი-რობოტის კოსტიუმი, რომელიც 1995 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში იყო წარმოდგენილი. ამ კოლექციამ მას, როგორც დიზაინერს, ერთ-ერთი ყველაზე იკონკლასტიკური დიზაინერის სახელი მოუტანა. კიდევ ერთი დასამახსოვრებელი კოსტიუმი, რომელიც მიუგლერს ეკუთვნის, ე.წ. ვენერას კაბაა, რომელიც მან სანდრო ბოტიჩელის ცნობილი ნახატის შთაგონებით შექმნა. ნიჭი, რომელიც თეატრალიზებული კოსტიუმებისა და სანახაობის შექმნაში ეხმარებოდა, მას შემდეგაც დაეხმარა, რაც 2002 წელს მოდის სფერო დატოვა.
2009 წელს ის ცნობილი მომღერლის, ბიონსეს არტ მრჩეველი გახდა და მისი მუსიკალური ტურნეებისთვის კოსტიუმებს ქმნიდა, თუმცა მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა, მიუგლერი სილამაზის ინდუსტრიითაც დაინტერესდა და 2008 წელს კოსმეტიკური ხაზი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მიუგლერი ტანსაცმლის დიზაინს ჩამოშორდა, მისი ბრენდი - Mugler - მაინც აგრძელებდა არსებობას, ბრენდის კრეატიული დირექტორი 2010 წელს ნიკოლა ფორმიჩეტი იყო, 2013 წლის დეკემბერში კი ქართველი დიზაინერი დევიდ კომა გახდა.
გარდა დაუვიწყარი კოსტიუმებისა, მიუგლერმა საკუთარი ბრენდის პარფიუმიც შექმნა, პირველი სუნამო რომელიც ტერი მიუგლერის სახელით გამოვიდა 1992 წელს შექმნილი Angel არის, რომელიც დიზაინერმა ვარსკვლავის ფორმის ფლაკონში წარმოადგინა. ცნობილია რომ ამ ე.წ. Gourmand ტიპის სუნამოს ხშირი მომხმარებელები ისეთი ადამაინები იყვნენ, როგორებიც ჰილარი კლინტონი, ევა მენდესი და დაიანა როსი არიან. სუნამოების ხაზის წარმოება მიუგლერისთვის Angel-ით არ დამთავრებულა, მან 1996 წელს მისი მამაკაცის ვერსიაც წარადგინა, რომელიც კარამელის, ყავის,ვანილის და თაფლის ტონებს შეიცავდა. მეორე და კიდევ ერთი წარმატებული სუნამოს შესაქმელად დიზაინერს დაახლოებით 10 წელი დასჭირდა, 2005 წელს კი Alien-ის სახელით მისი კიდევ ერთი დახვეწილი სურნელი გააცნო საზოგადოებას. მას შემდეგ რაც Angel-მა და Alien-მა მუგლერს ჯამში 280 მილიონიანი შემოსავალი მოუტანა, მოდის სახლმა 2010 წელს ჯერ Womanity შემდეგ კი მისი უახლესი Angel Muse წარმოადგინა.
დაწერე კომენტარი