კარლოს რეიგადასი მექსიკელი კინორეჟისორი თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დედაქალაქს სტუმრობდა, რომელსაც კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცა. ეგზისტენციალური ხელოვნებისა და ფილოსოფიის გავლენით შექმნილ მის ფილმებში ასახულია სულიერი მოგზაურობა პროტაგონისტთა შინაგან სამყაროში, რისი მეშვეობითაც იგი ცხოვრებისეულ თემებზე საუბრობს.
რეიგადასი აღიარებულია, როგორც მექსიკური კინოს მესამე ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის შემოქმედებაც არტფილმებად განიხილება. რეჟისორი ცნობილია მისი ექსპრესიული ხელწერით, გრძელი კადრებითა და ემოციურად დატვირთული ისტორიებით. მისი სადებიუტო ფილმია Japón, რომელსაც 2002 წელს კანის კინოფესტივალზე პრიზი „ოქროს კამერა - სპეციალური აღნიშვნა“ გადაეცა. რეიგადასი ფილმისთვის Silent Light 2007 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის გრან-პრით დაჯილდოვდა, რის შემდეგაც მას ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის ტიტული მიენიჭა.
რეჟისორის ხედვების, ისტორიისა და მისი კინოს მიმართ დამოკიდებულების უკეთ გასაცნობად გთავაზობთ ინტერვიუს.
რა იყო თქვენი შთაგონების წყარო, მაშინ როდესაც ფილმების გადაღება დაიწყეთ?
ბავშვობაში მშობლების დახმარებით ვეცნობოდი ლიტერატურას, მუსიკას, იშვიათად კინოს. მახსოვს, მამამ რამდენიმეჯერ წაგვიყვანა კინოთეატრში, თუმცა მივხვდი, რომ ასეთი ჰოლივუდური ფილმები არ მომწონდა. კინომ მას შემდეგ მომხიბლა, რაც კარლოს საურას და მიზოგუჩის ფილმები ვნახე. მას შემდეგ ვეცნობოდი კინოს ისტორიას და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ფილმი მენახა. ჩემი შთაგონება ხშირად უკავშირდება ემოციებს, იმ ადამიანებს, ადგილებსა და გარემოს, რომელიც ჩემ გარშემოა.
როგორია შემოქმედებითი პროცესი - საიდან იწყებთ?
თვითონაც არ ვიცი. ეს ყოველთვის ეჭვებით და ფიქრით სავსე პროცესია. საერთოდ, ხშირად სხვა საქმიანობით ვარ დაკავებული. როდესაც ფილმს ვამთავრებ, ყოველთვის ვნერვიულობ, რადგან არ ვიცი რა იქნება შემდეგი. თუმცა არის ერთი დღე, როდესაც უკვე იცი, რაზე უნდა უნდა გადაიღო შემდეგი ფილმი. ცხადი ხდება ძირითადი იდეა, რომელიც არ არის აუცილებელი შეიცავდეს რაიმე მორალურ კონფლიქტს, იგი უბრალოდ შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტულ დროსა და ადგილთან. დასაწყისში ეს იდეა შეიძლება არც მომწონდეს, მაგრამ ვცდილობ შევიყვარო. გარკვეულწილად მისტიკასთან მაქვს საქმე.
თქვენს ფილმებში ხშირად ფოკუსში ექცევა ყოველდღიური ცხოვრების რიტუალები, შთაბეჭდილებები. რა არის იმის მიზეზი, რომ თქვენი კამერა ჩვეულებრივი ცხოვრებისადმი ინტიმურ დამოკიდებულებას იკვლევს?
ვიტყოდი, რომ ყოველდღიურობა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ვფიქრობ, კინოში საქმე ეხება ცხოვრების აღწერას, მის გადმოცემას. ჩემთვის კამერა მომართულია იმ საგნებისა თუ მოვლენებისკენ, რომლებიც რეალური და ნამდვილია. მე ვქმნი ფილმებს იმის დასადასტურებლად, რომ ცოცხალი ვარ. მინდა ვიცოდე, ვინ ვარ და რატომ ვარ აქ. მთელი ჩემი აზრები და გრძნობები ჩემი ყოველდღიური ცხოვრებისგან გამომდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ სურნელს, შეხებას, ურთიერთობა გვაქვს სხვა ადამიანებთან და ჩვენ გარშემო არსებულ ნივთებთან, რაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რომლითაც ერთმანეთთან ღრმად ვართ დაკავშირებულნი.
ადამიანის სხეული საკმაოდ დიდ როლს თამაშობს თქვენს ფილმებში. ხშირად ვხვდებით არაპროფესიონალ მსახიობებსაც. თქვენს ნამუშევრებში თითქოს არა ადამიანთა სხეულის რეპრეზენტაცია, არამედ მათი პრეზენტაცია მიმდინარეობს…
როდესაც საკუთარ ფილმებზე ვსაუბრობ, ხშირად მეკითხებიან ადამიანთა სხეულის რეპრეზენტაციის ხერხებზე, თუმცა ვფიქრობ, აქ საქმე უფრო პრეზენტაციასთან და წარმოდგენასთან გვაქვს. ჩემი მიზანია დავაკვირდე ცხოვრებას და არ ვეცადო მის მისტიფიკაციას. ყოველდღიური ცხოვრებისგან მიღებული გამოცდილების შედეგად ვცდილობ წარმოვაჩინო ადამიანთა სხეულები, ისე როგორც ისინი რეალურად, ნიღბების გარეშე არიან. კამერა ჩემთვის არ არის მექანიკური, რომელიც ყველაფრის კონსტრუირებას ცდილობს. მისი მომხიბლაობა მის ბადის ეფექტში მდგომარეობს, რომლითაც შესაძლებელია თითოეული ადამიანის ან ობიექტის ინდივიდუალურობისა და არსის წარმოჩენა.
როგორ მოხდა, რომ საკუთარ ფილმში თავად გახდით მსახიობი?
რთული იყო მეპოვა ადამიანი, ვისაც შეეძლო 2 წლით ემუშავა ჩემთან ერთად. გარდა ამისა, მთელ ფილმში სიუჟეტი მიმდინარეობს ჩემს სახლში, ჩემს ოჯახთან, ჩემს ძაღლთან ერთად.
გადაღების პროცესში არასდროს ვიყურებოდი სარკეში, არასდროს მიფიქრია საკუთარი თავი უკეთესად ან განსაკუთრებულად წარმომეჩინა. ძირითადად, რაც მაინტერესებდა, ეს იყო სცენის რიტმულობის ზემოქმედება, მაშინ როდესაც გიწევს ჩარჩოებსა და გავლენებში მოქმედება.
თქვენს ფილმებში სექსის ასახვა ხშირად გულწრფელია. ეს არ არის იდეალიზებული ან რომანტიზებული. პირიქით, სექსი წარმოდგენილია, როგორც ცხოვრების კიდევ ერთი ნაწილი, იგრძნობა მჭიდრო კავშირი სულიერებასა და სექსუალობას შორის…
ჩემთვის არ არსებობს სიყვარულის გამოხატვის უფრო სულიერი და ბუნებრივი საშუალება, ვიდრე სექსუალური აქტია. ჩვენ ვჭამთ, დავდივართ, ვატარებთ მანქანას, ვიხეხავთ კბილებს, გვაქვს სექსი. ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ჩემს ფილმში მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით. მათი მისია არ არის სამყაროს გადარჩენა ან რაიმე გმირობის ჩადენა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფილმში არსებულ დროს მაყურებელი აღიქვამდეს, როგორც რეალურ დროს, რომელიც ცხოვრებაში გადის. მსგავს შემთხვევაში მათთვის ღიაა კინოს კარი, ჩნდება ცნობისმოყვარეობა, მოლოდინი. ვფიქრობ, რომ კინოს ეს შესაძლებლობა - კი არ ასახოს, არამედ აჩვენოს ცხოვრების რეალური, მატერიალური მსვლელობა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ამიტომაც სექსის სცენებიც ჩემს კინოში არ არის იდეალიზებული და რომანტიზებული.
რა არის ის ძირითადი ემოცია, რომელიც გინდათ, რომ მაყურებელმა თქვენი ფილმის ყურებისას იგრძნოს?
არაფერი სპეციფიკური. საუკეთესო შემთხვევაში, რასაც შემიძლია ჩემი ფილმებით მივაღწიო, არის ის, რომ დავთესო პატარა მარცვალი, შევქმნა რაიმე ისეთი მომენტი ან ემოცია, რასაც ისინი ვერასდროს დაივიწყებენ.
რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
ვსეირნობ მინდორში.
ყველაზე მეტად რა გხიბლავთ საკუთარ პროფესიაში?
შემიძლია გავაზიარო ადამიანების ემოციები, ცხოვრების ელემენტები, საინტერესო, სპეციფიკური დეტალები, რომელთა ახსნაც სიტყვიერად რთულია.
როგორ დაახასიათებდით საკუთარ ხელწერას?
არანაირად, ეს ჩემი საქმე არაა. ვფიქრობ, ეს იმათი საქმეა, ვინც ჩემს ფილმებს უყურებს.
თუ გაიხსენებდით თქვენი კარიერული ცხოვრების ყველაზე დიდ გამოწვევას?
კონკრეტული ფილმის გადაღების შემდეგ მოვიფიქრო ახალი იდეა, რომელზეც გადავიღებ.
რას იტყოდი ქართული კინემატოგრაფიის შესახებ?
ბევრი ფილმი არ მინახავს, თუმცა ვიცნობ ფარაჯანოვის და იოსელიანის შემოქმედებას, რომლებიც ძალიან მომწონს.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს მომავალში?
მივყვები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას და ვეცდები შევქმნა ახალი ფილმები.
დაწერე კომენტარი