ზაფხულის ყველაზე ოქროსფერი თვე ჯერ კიდევ წინაა. თუკი დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროებისკენ მიგიწევთ გული, ამისთვის ჟურნალი Hammock-ისა და თიბისი კონცეპტის ეს გზამკვლევი გამოგადგებათ. წელს შავი ზღვის სანაპიროზე ბევრი ახალი საინტერესო სივრცე და გემრიელი სამზარეულო დაგხვდებათ, რომელთაც დროის სასიამოვნოდ გასატარებლად აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ზაფხულის მრავალფეროვანი თავგადასავლები ხომ საყვარელ ადამიანებთან ერთად საინტერესო გარემოში დაუვიწყარი გამოცდილების მიღების შედეგად იქმნება.
Blue Elephant - ლურჯი სპილო
ბათუმში, ნოდარ დუმბაძის 8 ნომერში, საინტერესო ინტერიერისა და კონცეფციის მქონე ახალ კაფეს - “ლურჯ სპილოსაც” აღმოაჩენთ, სადაც ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ კერძები და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. “ლურჯი სპილო” გამორჩეულია თავისი მენიუთი, რომელიც ყველაფერთან ერთად დილის საუზმეს, შაბათ-კვირის ბრანჩსა და საზიარო დაფებსაც ითვალისწინებს. თავგადასავლებით დატვირთული დღეების შემდეგ მშვიდ გარემოში, ჯანსაღი და გემრიელი კერძების თანხლებით განსატვირთად და ახალი ენერგიის მოსაკრებად “ლურჯ სპილოში” სტუმრობას გირჩევთ.
მისამართი: ნოდარ დუმბაძის ქუჩა 8
ზღვაზე
ბათუმის ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის პირდაპირ კიდევ ერთი ახალი მულტიფუნქციური სივრცე გაიხსნა, რომელიც სოციალურ კლუბს, სამზარეულოს, ბარსა და Dancefloor-ს აერთიანებს. ზღვის პროდუქტების მოყვარულებისთვის “ზღვაზე” იდეალური ადგილია, რადგან აქ საგულდაგულოდ მომზადებული თევზეული, მიდიები და სხვა საინტერესო კერძები დაგხვდებათ. კაფეს მენიუზე შეფმზარეულებმა - ელენე კაკაბაძემ და გიორგი სიხარულიძემ იზრუნეს, რომელიც სმუზებითა და ფრეშებით დაწყებული, კოქტეილებითა და გრილზე მომზადებული კერძებით დამთავრებული დღის ნებისმიერ პერიოდზეა გათვლილი. ღამით Dancefloor-ის სივრცეში გადანაცვლებულები თუ ელექტრონული მუსიკის ღონიძიებებს შეუერთდებით, დროის კიდევ უფრო სასიამოვნოდ გაატარებას შეძლებთ.
მისამართი: საზაფხულო თეატრი
A KIDO - ა კიდო
“ა კიდო” მხატვარ გელა წულაძის მიერ შექმნილი ბათუმის ახალი საცხობია, სადაც მისულებს ახლად გამომცხვარი პურის, ფუნთუშეულისა თუ კრუასანების მადისაღმძვრელი სურნელი დაგხვდებათ. სხვადასხვა ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული თეთრი და შავი პური უგემრიელეს ყველთან და ჭიქა ღვინოსთან ერთად ზაფხულზე მსუბუქად წასახემსებლად იდეალური კომბინაციაა. თუმცა აქ საუზმეზეც მრავალნაირი, ტკბილი ფუნთუშეულითა და გემრიელი ყავით გაგიმასპინძლდებიან, რაც დღის ენერგიულად დაწყებაში დაგეხმარებათ.
მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქუჩა 11
თუკი შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს საყვარელ ადამიანებთან ერთად გემრიელ ვახშამს გეგმავთ და ამისთვის დახვეწილ, ფერად და თანამედროვე გარემოს ეძებთ, მაშინ რესტორან “ამბასადორს” უნდა ესტუმროთ. აქ ქართულ-ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებიან, რომელზეც შეფმზარეულმა ალექსანდრ ტაშიროვმა იზრუნა და თითოეულს მისი ინდივიდუალური ხელწერა გამორჩევს. მაღალი პროფესიონალიზმით მომზადებული მრავალფეროვანი კერძებისა და ჰაეროვანი დესერტების გარდა, რესტორან “ამბასადორში” იტალიური, ფრანგული, ესპანური და ქართული ღვინოების დაგემოვნებასაც შეძლებთ, რაც ვახშამს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს და განსაკუთრებულს გახდის.
მისამართი: ძველი ბულვარი, ანბანის კოშკთან
Meama Collect
ამ ზაფხულს ზღვის სანაპიროზე მზის ჩასვლისა თუ ამოსვლის მშვენიერი პეიზაჟით ტკბობა კიდევ უფრო განსაკუთრებული “მეამა ქოლექთის” სხვადასხვაგვარი არომატის მქონე გემრიელი ყავის თანხლებით შეგიძლიათ. “მეამა ქოლექთი ზღვაზე” - ასე ჰქვია ახალ საზაფხულო თავგადასავალს, რომელიც ყავისა და ჩაის გამორჩეულ არომატთან ერთად, მშვიდ და ჰაეროვან ატმოსფეროში განტვირთვის განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერ შექმნილ სივრცეში, რომელიც იდეალურად ერწყმის ზღვის ესთეტიკას, კოქტეილებთან ერთად თავი სხვადასხვა გასართობი საშუალებით შეგიძლიათ შეიქციოთ, ეს განსაკუთრებული მომენტები კი “მეამა ქოლექთის” საზაფხულო კამპანიის ვებპლატფორმის მეშვეობით გააზიაროთ. თუკი სანაპიროზე მცხუნვარე მზის ქვეშ გემრიელი ცივი ყავისა და ჩაის კოქტეილები გინატრიათ, მაშინ “მეამა ქოლექთის” ახალ სივრცეს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
მისამართი: 26 მაისის ქუჩა, შ.ხიმშიაშვილის 18
Stregabar
ბათუმში სულ ცოტახნის წინ ახალი ბარი Strega გაიხსნა, რომელიც მიქსოლოგიური ბარის თანამედროვე ვარიანტს წარმოადგენს. შეფმზარეულის, ირკა ქელეხსაშვილის, სარესტორნო ჯგუფის, “ვერიკოს” დამფუძნებლის, გიორგი დარცმელიასა და კოქტეილ ბარის, “ქიქოძის” მენეჯერის, ირმა დარცმელიას წამოწყება უნიკალური და საავტორო პროდუქტით შექმნილ კოქტეილებს გულისხმობს, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში განსატვირთად და საყვარელ ადამიანებთან დროის კიდევ უფრო სასიამოვნოდ გასატარებლად იდეალურია. Stregabar-ში მისულ ნებისმიერ სტუმარს თრობის საინტერესო გამოცდილება, გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე კოქტეილები და განსაკუთრებული გარემო ელოდება.
მისამართი: რუსთაველის ქუჩა 13
დაწერე კომენტარი