საბავშვო ილუსტრაციების ესთეტიკა, ფიგურალური სტილი მხატვარ თამარ ნადირაძის ხელწერაა, რომლის შემოქმედებასაც ტილოზე ვერ ნახავთ. აკვარელის საღებავები და ცარიელი ფურცელი მისი მთავარი მედიუმია, რომელზეც მხატვრის დაკვირვების ობიექტები, თანამედროვე სოციალური ცხოვრება, ხელოვნების ახალი ფორმები და მათი კავშირები აისახება. თამარის შემოქმედებითი კვლევის არეალში ხშირად ექცევა დიალოგები სოციალურ ცხოვრების, ანთროპოლოგიის, გენდერისა და მითოლოგიის სფეროების შესახებ. მთავარი პერსონაჟი მაინც ქალია, რომელიც მუდამ მოვლენების ეპიცენტრშია და თავის პირად გამოცდილებებს სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური სიღრმეებითა და შრეებით აზიარებს.
როდის და როგორ აღმოაჩინე საკუთარი თავი მხატვრობაში?
ბავშვობიდან ვხატავდი. ვფიქრობ, პროფესიულად გავყევი იმას, რაც ბუნებრივად გამომდიოდა და მაინტერესებდა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება. სამხატვრო აკადემიაში წიგნის ილუსტრაცია ვისწავლე და ამ სფეროში სულ მცირე 3 წელი ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება იყო, ბევრი კუთხით განვვითარდი - საბავშვო წიგნები, არტ წიგნები და არ ვთვლი, რომ ეს დაკარგული ცოდნაა. პირიქით, ვფიქრობ, ამ წლების შეგროვებული ცოდნა ჩავდე სწორედ იმაში, რასაც დღეს ვაკეთებ. თუმცა ყოველთვის მქონდა ის განცდა, რომ ეს ის არ არის, რასაც უნდა ვაკეთებდე, უკმაყოფილო ვიყავი და შეიძლება ითქვას, ცოტა დაკარგულიც. ერთხელაც ვიფიქრე, ან ახლა ან არასდროს, ავდექი და დავიწყე ხატვა და მერე ვიგრძენი შვება.
ბავშვობის ნამუშევრებზე რომ მოგვიყვე…
მამაჩემი თვითნასწავლი მხატვარია და ბავშვობაში ხშირად ვთხოვდი, რომ რაიმე დაეხატა ჩემთვის, თუმცა სულ მიმეორებდა, რომ ჩემით უნდა დამეხატა. 90-იანებში, როცა გასართობი დიდად არ იყო, ვიჯექი და ვხატავდი, ძირითადად - საკუთარ თავს. ვხატავდი ყოველთვის ფანქრით და ფურცელზე და ყოველთვის ქალი იყო მოვლენების ეპიცენტრში.
რა არის შენი შთაგონების ძირითადი წყარო, რომლითაც საბავშვო ესთეტიკის პერსონაჟებს ქმნი?
ბავშვობიდან მახსოვს, ყველაფერს ვკითხულობდი, რაც კი ხელში ჩამივარდებოდა, თუმცა ძალიან მომწონდა ზღაპრები და მითები. ეს ერთგვარი მეტაფორების და სიმბოლოების ენაა, რომლითაც საინტერესოდ შემიძლია სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ სფეროებზე დაკვირვება. ალბათ ეს ჩემი საბავშვო ესთეტიკაც სწორედ აქედან მოდის, თუმცა წიგნის ილუსტრაციებზე მუშაობის გავლენასაც ვუკავშირებ.
რაღაცნაირად სულ ისე ხდება, რომ გარემოში არსებული მოვლენები ჩემში ილექება, გროვდება და შემდეგ ვხატავ.
არსებობს თუ არა რაიმე სიმბოლური ხატები, რაც ხშირად მეორდება შენს ნამუშევრებში, როგორც შენი მუდმივი კვლევის არეალი?
ეს ბავშვობაში გავაცნობიერე, რომ მოვლენების ეპიცენტრში ვარ მე. ხშირად ვეხები თვითგამორკვევის თემებს. ვთვლი, რომ ბუნების ნაწილი ვართ და ვცდილობ ფსიქოლოგიურად გავშალო ხოლმე ნამუშევარში ცხოველური და ადამიანური, ირაციონალური და რაციონალური, ცნობიერი და ქვეცნობიერი მხარეები. ამიტომ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ხშირად ვუბრუნდები, რომელშიც ბევრი საინტერესო მომენტის დაჭერა შეიძლება.
გაქვს თუ არა რაიმე რიტუალი, სანამ ხატვას შეუდგები?
რთულია რამდენიმე დღიანი ან კვირიანი პაუზის მერე უცებ დაიწყო ხატვა, ამიტომ თავიდან ვალაგებ ჩემს სახელოსნოს და ვეძებ მუსიკას, რომელიც მეხმარება კონცენტრირებაში. სხვა რიტუალი არ მაქვს, უბრალოდ ველოდები, გროვდება ეს ემოციები, შთაბეჭდილებები, ვივსები, რის შემდეგაც ვიწყებ ხატვას, რადგან სხვა შემთხვევაში მაქვს დანაკლისი.
როგორ დაუხასიათებდი შენს შემოქმედებას მას, ვისაც შენი ნამუშევრები არასდროს უნახავს?
ეს არის ფიგურალური ნახატები, რომლის საშუალებით ვყვები ამბებს. ვფიქრობ, ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანსაც დააფიქრებს, უბიძგებს დაკვირვებისკენ. ჩემს ნამუშევრებს რამდენიმე შრეს ვუკეთებ - ფსიქოლოგიურის, რეალური ცხოვრების, პირადი გამოცდილების. მგონია, რომ ადამიანები ჯერ გრძნობენ მათ და მერე “კითხულობენ” და ამ პროცესში ერთდროულად ჩართულია ემოციური და რაციონალური მხარე. ზოგჯერ მხოლოდ გრძნობენ, ზოგჯერ მხოლოდ “კითხულობენ”.
როგორ დაახასიათებდი ადამიანს, ვინც შენს ნამუშევარს ოთახში კედელზე ჰკიდებს?
მე თვითონ ჩემს ნამუშევრებს არასდროს არ ვკიდებ, მერე სულ იმაზე მეფიქრება. მგონია, რომ ალბათ ეს ადამიანები, ვის კედლებზეც ჩემი ნამუშევრები კიდია, რაღაც თავისას ხედავენ მათში - ახსენებენ კონკრეტულ გამოცდილებას, შთაბეჭდილებას, ალბათ საკუთარ თავსაც პოულობენ.
რას ნიშნავს შენთვის ხატვა?
თვითმკურნალობას... თვითგანვითარებას…
რა მნიშვნელობა აქვს შენი გამოცდილებით არტწიგნებს ხელოვანისთვის?
ნახატისგან, ინსტალაციისგან განსხვავებით მგონია, რომ არტწიგნი უფრო მეტ ადამიანთან მივა. შემოქმედებითი კუთხით კი აღქმის, გადმოცემის სულ სხვა მედიუმია ტექსტიც, დიზაინიც, ილუსტრაციაც, ფურცლის ფაქტურაც, რომელსაც არტწიგნისთვის არჩევ, ცალკე განსაკუთრებული პროცესია, რომელიც შენი შემოქმედების ნაწილია. ჩემთვის არტწიგნი ერთგვარი ორგანიზმია, რომელშიც ინდივიდუალური, პირადი ხედვა ადვილად ხდება საზოგადოებრივი. ცალკეული ნახატებისგან განსხვავებით, ეს არის უფრო კომპლექსური რამ და უფრო მარტივი საშუალება, რომ გავრცელდეს ხელოვანის გზავნილები საზოგადოებაში.
როგორ ფიქრობ, ციფრულ საუკუნეში გაუწევს არტწიგნი სოციალურ ქსელებს კონკურენციას?
აშკარაა, რომ ინტერნეტმა ბევრი გამოცემა ჩაყლაპა და მათი ბეჭდური მასალა აღარ არის ხელმისაწვდომი. თუმცა, მგონია, რომ ინტერნეტ სივრცემ გაცხრილა ინფორმაციის სახეები და ის, რაც უფრო გაინტერესებს და შენთვის ღირებულია, გინდა, რომ სახლში გქონდეს, სადღაც თაროზე გედოს და როცა მოგინდება, აიღო, გადაფურცლო, წაიკითხო.
“ამბები სათამაშო მოედნიდან” - ასე ერქვა შენს გამოფენას “პატარა გალერეაში”. რის თქმა გსურდა ამ გამოფენით, მოგვიყევი უფრო ვრცლად.
ამ ნამუშევრებზე მაშინ დავიწყე მუშაობა, როდესაც სლოვაკეთში წავედი და დაემთხვა ის პერიოდი, როცა ყოველდღე მესმოდა ამბები მუშებზე, მაღაროელებზე… საკმაოდ მძაფრად აღვიქვამდი ამ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს, თანაც სანახევროდ თბილისში ვარ, სანახევროდ გორში და ცენტრალიზაციის უხეში და თვალსაჩინო პრობლემები მუდამ მხვდება თვალში. ბავშვობაში, სადაც გორში ვთამაშობდი, დღეს იქ ან მშენებლობაა, ან სანაგვეა ან დაუმუშავებელი მიწებია, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა და ამ ნამუშევრებით მინდოდა მეთქვა, რომ მნიშვნელოვანია ეს პრობლემები გავაცნობიეროთ, პირველ რიგში საკუთარ თავში, და დავფიქრდეთ, რისი შეცვლა გვინდა. აქ ფოკუსი აღარ იყო მხოლოდ საქართველო, არამედ ერთგვარი ნეიტრალური სივრცე, რადგან მსგავს ამბებს ბევრგან მოისმენთ.
რომელ მხატვართან ერთად იმუშავებდი დიდი სიამოვნებით ან უბრალოდ გააბამდი დიალოგს?
ბოლოს მაღაზიაში რაღაც წიგნებს ვათვალიერებდი და დავინახე ედვარდ ჰოპერი, თითქოს თავიდან ვიპოვე. მის ნამუშევრებში ის თემებია, რომელიც ამჟამად მაინტერესებს. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი და ბევრ რამესაც შევეკითხებოდი. თუმცა, ენდი უორჰოლთან ჭიქა ყავაზე საუბარზეც არ ვიტყოდი უარს… რომ შეიძლებოდეს. ბოლოს მისი დღიურების კითხვისას უამრავი კითხვა გამიჩნდა.
როგორ შეიცვალა ქართული თანამედროვე ხელოვნება ბოლო წლებში?
ვფიქრობ, ჩემი თაობა ძალიან კარგად ვითარდება, რისი განმაპირობებელიც მეტი ინფორმაცია და საზღვარგარეთ გამოცდილების მიღების შესაძლებლობებია. მიხარია, რომ ხელოვნების სფეროში ნელ-ნელა დაინტერესებაც იზრდება, გაჩნდა არტბაზარიც. ვფიქრობ, ეს გამოღვიძების ფაზა პოზიტიურად მოქმედებს ხელოვანებზე. უბრალოდ ხშირად გავლენები იმდენად დიდია, რომ ნაკლებად ჩანს ხოლმე არტისტების ნამუშევრებში მათი საკუთარი გზავნილები და იდეები. ასევე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არ არსებობა მაინც ვაკუუმში აქცევს ამ სფეროს, მაგრამ, იმედია, ესეც მალე გაჩნდება, რადგან საჭიროება ნამდვილად არის.
რას აკეთებ თავისუფალ დროს?
სეირნობა მიყვარს, მუსიკის მოსმენა. ხშირად მითქვამს მეგობრებისთვის, რომ არა მხატვრობა, აუცილებლად ვიქნებოდი მუსიკოსი, თუმცა გამომივიდოდა თუ არა, ეს მეორე საკითხია.
ყველაზე მეტად რა გხიბლავს საკუთარ პროფესიაში?
ვიზუალური ენა, როგორც გამოხატვის ფორმა, ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა საკუთარი აზრები, იდეები გადმოვცე და გავაზიარო.
სამომავლო გეგმები…
გამოფენა some questions about being alien, მედეას თემაზე შექმნილი დიდი სერია, რომელშიც სექტემბერში მიუნხენში ვმონაწილეობდი, მარტში თბილისში ჩამოდის და მაუდის სივრცეში ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან ერთად იმართება. მეც ამ გამოფენის ნაწილი ვიქნები, რომელიც კითხვას სვამს თემაზე: რას ნიშნავს იყო უცხო.
დაწერე კომენტარი