სხვადასხვა დროს დიზაინერი, მოდის კრიტიკოსი, ბლოგერი, ჟურნალის რედაქტორი და მოდის ფილმების ფესტივალის დამაარსებელი დაიანა პერნე თბილისს მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში ეწვია.  A Shaded View on Fashion - ასე ჰქვია დაიანას ფილმების ფესტივალსა და ბლოგსაც,  რომელიც  დღეს უკვე მსოფლიო მოდის მთავარმა Icon-მა 2005 წელს, ანუ  მაშინ  დაიწყო, როცა სიტყვა მოდის ბლოგერი ჯერ კიდევ არ არსებობდა.

Hammock Borjom-თან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუს მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან კრიტიკოსთან, დაიანა პერნესთან, რომელიც თბილისს მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე ეწვია.



დაიანა, პირველად როდის და რატომ დაინტერესდით მოდის სფეროთი?

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ყოველთვის მაინტერესებდა მოდა და კინო, მინდოდა დიზაინერი გავმხდარიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხატვა კარგად არ გამომდიოდა, ამიტომ ეს ოცნება გვერდზე გადავდე და კინოფაკულტეტზე გადავწყვიტე სწავლა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც მოდაში დავბრუნდი და ჩემი საკუთარი ბრენდი დავაარსე, რომელთან ერთადაც, შეიძლება ითქვას, რომ გავიზარდე.



მოგვიყევი თქვენი ბრენდის შესახებ...

მაშინ როცა საკუთარი ბრენდის დაარსება გადავწყვიტე, გვერდით არავინ მყავდა, პირველი კოლექციების შთაგონება ბაუჰაუსის სტილი იყო, თუმცა იმის გამო, რომ გამოცდილება არ მქონდა, პირველი გაზაფხულის კოლექცია მარტში გავაკეთე. როგორც წესი, ასე არავინ იქცევა და ახლა ცოტა სახალისოდ მახსენდება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ვერც შესაბამის  ფასს ვადებდი ტანსაცმელს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ჩემმა ბრენდმა 13 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში მაინც იარსება, შემდეგ კი უკვე პარიზში გადავედი საცხოვრებლად.



რთული იყო ახალ და სრულიად განსხვავებულ კულტურასთან შეგუება?

1997-99 წლებში ნიუ-იორკში ცხოვრება  გაუსაძლისი გახდა, ძალიან ხშირი იყო კრიმინალური შემთხვევები, ქუჩები სავსე იყო უსახლკარო ადამიანებით და ფეხით უსაფრთხოდ სიარული თითქმის წარმოუდგენელი გახდა. დამეთანხმები, რომ მსგავსი გარემო საერთოდ არ არის შთამაგონებელი, თუმცა ასეთი იყო ჩემი ცხოვრება და ბრენდის გამო ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემზე დამოკიდებული. რთული გადაწყვეტილება მივიღე, არანაირი გეგმა არ მქონია, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იქედან უნდა წავსულიყავი. არც ბევრი ფული არ მქონდა, როგორც ვვარაუდობდი, მხოლოდ ერთი წელი თუ მეყოფოდა, თუმცა, რადგანაც პარიზში მოვლენები იმაზე ბევრად ნელა ვითარდება, ვიდრე  ნიუ-იორკში, საბოლოოდ, ერთი წლის სამყოფი ფული  სამზე გაიწელა. 

ცხადია, ძალიან რთული იყო. ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საქმით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყველაზე საინტერესოდ ალბათ ჩემი პირველი სამსახური მახსენდება. რეჟისორ ამოს გიტაისთან ვმუშაობდი. ძალიან რთული იყო მასთან მუშაობა, ფრანგულ ენაზე წარმოუდგენელ დავალებებს მაძლევდა, ერთი ფილმისთვის ექვსი კოსტიუმის დიზაინი უნდა შემექმნა, თანაც ძალიან ზოგადი ბრიფით. ზოგადად არ უყვარდა და მგონი, ეშინოდა კიდეც მოდის დიზაინერების. ეგონა, ტანსაცმელზე იმდენად დიდ აქცენტს გავაკეთებდით, რომ მთელ ყურადღებას მსახიობების ჩაცმულობა მიიქცევდა, რასაც კარგი დიზაინერი არასდროს არ აკეთებს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები არ უყვარდა, თვითონ ყოველთვის იამამოტოს სამოსს ატარებდა. რთული იყო მასთან მუშაობა, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ გადმოსახედიდან, მადლიერი ვარ მისიც და ამ "საშინელი" გამოცდილებისაც, რამაც შემდეგ საკუთარი მოდის ფილმების ფესტივალის დაარსებისკენ მიბიძგა. თუმცა, რადგანაც პარიზში დრო ძალიან ნელა გადის, ამ ყველაფერს დაახლოებით შვიდი წელი მოვუნდი.



შემდეგ მოდის შესახებ ბლოგების კეთება დაიწყეთ, მაშინ როცა ამის შესახებ ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა...

მილანში ერთი მოდელი გავიცანი, სახელად ანინა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებთან ძალიან დაახლოებული ადამიანი იყო. მან მკითხა, ხომ არ ვცდიდი ბლოგის  გაკეთებას. 2005 წელს უკვე არსებობდა ბლოგები კულინარიის, პოლიტიკის და ეკონომიკის, თუმცა არა მოდის შესახებ. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ ანინას "ნოკიას" ტელეფონი ჰქონდა, რომლითაც პირველად გადავიღე ჩვენი მანქანით მოგზაურობა ლონდონიდან მონტე კარლომდე. 6 დღის განმავლობაში 3000 მილი გავიარეთ, გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ბლოგის სახით მეჩვენებინა.  მადლობელი ვარ ანინასი, ის ფაქტობრივად  პირველი იყო, ვინც მოდის ბლოგი დაიწყო და ეს ნამდვილად ახალი იყო მაშინ, იმდენად ახალი, რომ მახსოვს ჟურნალ I-D-ის რედაქტორის, ტერი ჯონსის სიტყვები: "გამაგებინე, რას აკეთებ..."



გარდა ბლოგისა და მოდის ფილმების ფესტივალისა, გაქვთ საკუთარი სუნამოების ხაზი, აქამდე როგორ მიხვედით?

დიზაინერი როცა ვიყავი, ყოველთვის მინდოდა საკუთარი პარფიუმის წარმოება, თუმცა ამის შესაძლებლობა არასდროს მქონია. ერთხელ, ფლორენციაში სტუმრობისას, იტალიური მოდის სფეროში ცნობილმა კრისტიანო სეგანფრედომ მითხრა: მგონი, უკვე დროა საკუთარი სუნამოს წარმოება დაიწყოო, დავუჯერე და რადგანაც ხის სუნი მიყვარს, ამ სურნელის ორი პარფიუმი გამოვუშვი. ეს დაახლოებით ხუთი წლის წინ მოხდა, დღეს უკვე  ჩემი სახელობის ხუთი სხვადასხვა სუნამო მაქვს და ამ მიმართულებით კიდევ ვაგრძელებ მუშაობას. არ ვიცი, თქვენს ქვეყანაში იყიდება თუ არა ჩემი სუნამოები, თუმცა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - ჩინეთშიც, ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს.



თქვენი სუნამო  ჩვენთან არ იყიდება, მაგრამ, რადგან საქართველო ახსენეთ, რას ფიქრობთ ჩვენი ქვეყნის მოდის სფეროს შესახებ, რომელიც ჩვენთვის დემნა გვასალიას სახელით იწყება...

დემნა პირველად 2006 წელს, თავისი სადიპლომო კოლექციის ჩვენებაზე გავიცანი. ვერ გეტყვი, რომ ახლო მეგობრები ვართ, თუმცა კარგად ვიცნობ მასაც და გურამსაც და ორივე ძალიან მომწონს. მახსოვს, ის კოლექცია მეზღვაურების ცხოვრებისა და ჩაცმის სტილის შთაგონებით შექმნა და ძალიან ლამაზი ტანსაცმელი გამოუვიდა. ჩემს ბლოგზე დღესაც შეგიძლიათ ამ ჩვენების ფოტოები ნახოთ. რაც შეეხება მოდის სფეროს თქვენს ქვეყანაში, ვხედავ, როგორ ვითარდება ყველაფერი და ამაში ძალიან დიდი წვლილი სოფია ჭყონიას მიუძღვის. პირველად საქართველოში სწორედ მისი მოწვევით, პროექტ Art Georgia-ს ფარგლებში ჩამოვედი და მას შემდეგ ვხედავ, რამდენს აკეთებს ამ სფეროს კიდევ უფრო განსავითარებლად.



ვინ არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო დიზაინერი, ვისთანაც ურთიერთობა გქონიათ?

ძალიან რთული შეკითხვაა. პიროვნულად ალბათ რიკ ოუენსი - ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი ადამიანია და რაც მთავარია, თავისი საქმე უყვარს. როგორც დიზაინერი ყველაზე მეტად დრის ვან ნოტენი მიყვარს - ელეგანტური, პოეტური და ძალიან დიდი კულტურის მქონე ადამიანია.



ის, ვინც ყველაზე დიდ შედევრებს ქმნის და ვისი ნამუშევრებიც წლების შემდეგ პოდიუმიდან მუზეუმში ან გალერეაში გადაინაცვლებს...

მარტინ მარჯიელა, სკაპარელი, იასე მიაკი და  რეი კავაკუბო - ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვისი ტანსაცმელიც მხოლოდ პროდუქტი არ არის.



არის რაიმე, რაც თქვენზე არ ვიცით და საინტერესო იქნებოდა, რომ ვიცოდეთ?

კი, თინეიჯერობის ასაკში საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერი,  ე.წ. Pom Pom გოგო ვიყავი. ეს ალბათ ძალიან გაგაოცებთ.



ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მით უფრო თქვენი დღევანდელი იმიჯის ფონზე. როგორ აღმოაჩინეთ ეს სტილი და რატომ შავი ფერი?

ეს სტილი მაშინ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა დიზაინერი ვიყავი. უბრალოდ, შავ ფერში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ  თავს.  თუმცა, სანამ ასე იქნებოდა, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი სტილი მქონდა. როცა დიზაინერის კარიერა შევწყვიტე, გარეგნობაში აღარაფერი შემიცვლია, ვფიქრობ, საბოლოოდ აღმოვაჩინე ის, რაც ჩემია და ძალიან მომწონს.



რას იტყვით საქართველოში თქვენი ვიზიტის შესახებ, მოხვდება რაიმე თქვენს ბლოგზე ჩვენ შესახებ?

რა თქმა უნდა, მოხვდება და პირველ რიგში, ალბათ სასტუმრო "სტამბა", სადაც ამჟამად ვცხოვრობ. ძალიან მომწონს აქაურობა - ინტერიერით დაწყებული, შოკოლადით დამთავრებული - ყველაფრით ძალიან მოხიბლული ვარ



დაგვიტოვეთ რეკომენდაცია ახალგაზრდა დიზაინერებისთვის. როგორ ფიქრობთ რა სჭირდებათ მათ?

ამ კითხვაზე ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მაქვს:  როცა რაიმე გაქვს სათქმელი, მაშინ შექმენი კოლექცია, გააკეთე ის, რაც პერსონალურად შენია, რაც გაღელვებს და გავლენას ახდენს შენზე.



როგორია უახლოესი სამომავლო გეგმები...

ამჟამად ახალ პარფიუმზე ვმუშაობ, რომელსაც, სავარაუდოდ, ნოემბერში ვნახავთ.  გარდა ამისა, ერთი ახალგაზრდა ბერძენი რეჟისორი იღებს ჩემზე დოკუმენტურ ფილმს... და, რა თქმა უნდა, უახლოესი სამომავლო გეგმები ჩემს ფესტივალს და ბლოგსაც უკავშირდება.