Hammock Magazine კომპანია Meama-სთან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუების სერიას იმ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ სფეროში ქმნიან მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეს, ხელს უწყობენ პროგრესის განვითარებას და ცვლიან ყოველდღიურობას. ამჯერად ინტერვიუერი საქართველოში პირველი საერთო სამუშაო სივრცის, “ტერმინალის” დირექტორი ჯინო დოლინია, რომელიც მენეჯერული საქმიანობის გარდა კიდევ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროს ემსახურება.
ჯინო, ვიცით, რომ პირველად იყო ჩოგბურთი... მოგვიყევით, როდის და როგორ გაჩნდა სპორტის ეს სახეობა თქვენს ცხოვრებაში?
ზოგადად, ფიზიკურად სპორტული ბავშვი ვიყავი, თუმცა მაშინ ჩოგბურთით ჩემზე მეტად დედაჩემი იყო დაინტერესებული, ძალიან მოსწონდა სპორტის ეს სახეობა და შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად კორტებზე მიმიყვანა. ერთ წელიწადში უკვე ძალიან კარგი შედეგები მქონდა. ამან გაუჩინა დედაჩემს ოცნება, რომ ერთ დღესაც უიმბლდონის ლოჟიდან ედევნებინა თვალ-ყური ჩემი ფინალური მატჩისთვის, რის გამოც შემდეგი რვა წელი და ფაქტობრივად მთელი ჩემი ცხოვრება ჩოგბურთმა მოიცვა. საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი ვარ. თავის დანებება რთული 90-იანი წლების გამო მომიწია, რაც ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. იმ პერიოდში ეს სპორტი ვერ ვითარდებოდა და სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ასეა. ვისაც უნდოდა, რომ პროფესიული წარმატებისთვის მიეღწია, ყველას ქვეყნიდან წასვლა და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება უწევდა.
თქვენთვისაც ეს იყო 18 წლის ასაკში ამერიკაში წასვლის მიზეზი?
სხვათა შორის, არა. ამერიკაში, მინესოტას შტატში, სამთვიან ბანაკში მოვხვდი, მაშინ არც ინტერნეტი გვქონდა და არც ამდენი ინფორმაცია, აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ჩავფრინდი და სრულიად სხვა სამყაროში, უღრან ტყეში მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში გავიზარდეთ, ტყეში, კარავში ცხოვრება ფიზიკურად ადვილი გადასალახი არ იყო. თუმცა იქ გატარებულ სამ თვეში ალბათ ცხოვრების ოცწლიანი გამოცდილება და ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. შემდეგ ნიუ-იორკში დედაჩემთან ჩავედი. როგორც კი ამ მიწაზე დავაბიჯე ფეხი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც უნდა მეცხოვრა. აბსოლუტურად არანაირი გაუცხოების შეგრძნება არ მქონია და დღემდე ასეა, პირიქით, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ხანდახან აქაურობის მიმართ უფრო მეტ სიუცხოვეს ვგრძნობ, ვიდრე ნიუ-იორკში ყოფნისას.
გიფიქრიათ, რამ განაპირობა ასეთი სიახლოვე ამ კულტურისადმი?
თავისუფლებამ. ეს ის ქვეყანაა, სადაც მართლა თავისუფალი ხარ, სადაც უამრავი შესაძლებლობა გეძლევა იყო ის, ვინც ხარ და ასი პროცენტით წარმოაჩინო საკუთარი თავი. ეს მიზეზებია ალბათ ყველაზე მთავარი, რის გამოც იქაურობა ყოველთვის მეძახის.
ჩემთვის ჩოგბურთი ყველაზე ესთეტიკური სპორტია, თქვენ რა მოგწონთ მასში ყველაზე მეტად?
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში გუნდური მოთამაშე ვარ, ჩოგბურთში მომწონს ის, რომ სრულიად მარტო ხარ და მთელი პასუხისმგებლობა შენ გეკისრება, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გამოწვევაა - ბურთის ყოველი დარტყმა მორიგი სირთულის გადალახვას და ახალი სტრატეგიის დასახვას გულისხმობს. გეთანხმებით იმაშიც, რომ ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი სპორტია.
ოდესმე გინანიათ ან გიგრძვნიათ გულისწყვეტა, რომ პერსონალური საჩოგბურთო კარიერის ნაცვლად მწვრთნელობა გადაწყვიტეთ?
ერთი წელი მოსკოვშიც ვცხოვრობდი და ანა კურნიკოვასთან ერთად ვვარჯიშობდი. ხანდახან, როცა მას ან დემენდიევას ფინალში ტაშს ვუკრავდი, სადღაც მაინც მწყდებოდა გული, რომ ამერიკაში ცოტა უფრო ადრე ვერ მოვხვდი. ასე რომ მომხდარიყო, მგონია, რომ მეც ვიქნებოდი მათ შორის, ამის მონაცემები ნამდვილად მქონდა. მაგ დროს დამწყვეტია გული და მერე ხშირად ქალების თამაშს აღარ ვუყურებდი ხოლმე. თუმცა იმდენად მომწონდა მწვრთნელობა და იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს ამ როლში, რომ წარმატებული სამწვრთნელო კარიერის შემდეგ ამაზე გული უკვე აღარ მწყდებოდა.
დღეს რა დოზითაა ჩოგბურთი თქვენს ყოველდღიურობაში?
ყოველდღე დილის ექვსი საათიდან ვვარჯიშობ, ვეტერანების ტურნირშიც ვმონაწილეობ, თუმცა სულ სხვა შეგრძნებით ვთამაშობ, ახლა უკვე მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ ამ სპორტისგან. სამომავლოდ ვფიქრობ, საპენსიო ასაკს რომ მივაღწევ, აუცილებლად ავიყვან ვინმეს, ვისაც ამის მატერიალური საშუალება არ ექნება და კარგ ჩოგბურთელად გამოვზრდი, ამის ნიჭი და პოტენციალი ვფიქრობ, რომ ნამდვილად გვაქვს.
ამერიკიდან რატომ დაბრუნდით?
ამერიკაში ორწლინახევრის ბავშვებიდან დაწყებული, მელანია ტრამპით დამთავრებული უამრავ ადამიანს ვასწავლიდი ჩოგბურთს. აღმოსავლეთ ამერიკის მთავარი სერტიფიცირებული მწვრთნელი ვიყავი და ვავარჯიშებდი ბავშვებს, რომლებიც ან პროფესიულად გააგრძელებდნენ კარიერას ან პირველი ლიგის კოლეჯში ითამაშებდნენ. ცხრა წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩოგბურთის გარდა ჩემი თავი სხვა სფეროშიც მეცადა და ამით ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გამეხადა. გავიცანი ადამიანი, რომელიც ტანსაცმლის მაღაზიების ქსელს ფლობდა. ძალიან მომწონდა ბიზნესისადმი მისი მიდგომა, რაც მთლიანად არა წინასწარ ნასწავლ წესებზე, არამედ ბუნებრივ ინტუიციურ შეგრძნებებზე იყო აშენებული. საბოლოოდ, მისი მარჯვენა ხელი გავხდი, თუმცა 2012 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო საქართველოში ერთი თვით დაბრუნება მომიწია, ამ დროს შემთხვევით სასტუმრო "ამბასადორის" მფლობელი გავიცანი, რომელმაც შემომთავაზა მაშინ ჯერ კიდევ ახლად გახსნილი გოლფის მოედნისთვის მეხელმძღვანელა. საბოლოოდ, გოლფის მოედანს მთლიანად სასტუმროს მენეჯმენტი მოჰყვა, ეს კი სრულიად განსხვავებული გამოცდილება და ახალი კულტურული შოკი იყო, რადგან ნიუ-იორკიდან თბილისში კი არა, პირდაპირ კაჭრეთში აღმოვჩნდი.
მოგვიყევით ტერმინალში მოხვედრის ისტორიაც, რა ეტაპია ეს თქვენს ცხოვრებაში?
"ამბასადორში" მუშაობის ოთხი წლის შემდეგ “ტერმინალის” დამფუძნებლები გავიცანი. მათ შემომთავაზეს ამ კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც შორიდან გაგონილი მქონდა, თუმცა კარგად არ ვიყავი გაცნობიერებული. მათ საქართველოში პირველი საერთო სამუშაო სივრცე "ვერე ლოფტი" უკვე გახსნილი ჰქონდათ, აპირებდნენ ახლის გახნასაც და სჭირდებოდათ მენეჯერი, ვინც ამ ყველაფერს მართავდა. "ტერმინალი" ჩემთვის კიდევ ერთი ახალი და საინტერესო გამოწვევა იყო, რომელსაც, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი.
თქვენ თავად რა მოგწონთ საერთო სამუშაო სივრცის კონცეფციაში ყველაზე მეტად?
ის, რომ "ტერმინალში" ნიუ-იორკი “გადმოვიტანე”... ვცდილობ, აქ შემოსულმა ადამიანმა ის თავისუფლება იგრძნოს, რომელსაც მე ნიუ-იორკში ვგრძნობ. მინდა დასავლური ღირებულებების მქონე კომპანია შევქმნათ და ამას ნებისმიერი ჩვენთან მოსული სტუმარი გრძნობდეს. სამ წელიწადში უკვე ხუთი ფილიალი გავხსენით, თანაც იმ პირობებში, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ალბათ რაღაცას სწორად ვაკეთებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული აქ მოსული ადამიანი კმაყოფილი იყოს, მე კი ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თავისი საქმის წარმატებულად განხორციელებისთვის ყველა პირობა შევუქმნა.
რას აკეთებთ პიროვნული განვითარებისთვის, იმისთვის, რომ თქვენი ფართო ხედვა განავითაროთ, ხშირად გიწევთ კომფორტის ზონიდან გასვლა?
ჩემი თანამშრომლები ძირითადად 20-27 წლის ახალგაზრდები არიან, მათთან მუშაობა და მათთვის ამ დასავლური ღირებულებების გაზიარება, ვფიქრობ, რომ ჩემი პიროვნული განვითარებაცაა, თუმცა რაღაც ეტაპზე ალბათ ესეც დასრულდება და ჩემს თავს კიდევ ახალ უჩვეულო გარემოშიც არ გამოვრიცხავ. ჩოგბურთიდან სრულიად განსხვავებულ სფეროში გადასვლა მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო. იყო პერიოდი, როცა საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ ყველაზე ცუდ კოშმარულ სიზმარში თუ წარმოვიდგენდი, ამიტომ აქ ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო, ამას ხშირად არ ვაკეთებ, თუმცა, როცა ვაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვნად ვცვლი ყველაფერს. მგონი. დიდიხანია კომფორტის ზონიდან აღარ გამოვსულვარ.
ყოველდღიურ ცხოვრებაში სად პოულობთ შთაგონებას ან მუხტს, რომელიც მუდმივი სიახლეებისკენ გიბიძგებთ?
სიმართლე გითხრათ, იმდენად მომწონს ის ადგილი, სადაც ვმუშაობ, რომ დიდი ძალისხმევა არც მჭირდება მოტივაციის საპოვნელად. "ტერმინალი" ჩემთვის ის ადგილია, რომელიც შემიძლია საკუთარ სახლთან გავაიგივო. ფაქტობრივად აქ ვცხოვრობ, აქ ვქმნი საკუთარ თავსაც და იმ სერვისსაც, რომელიც ძალიან მომწონს. ამიტომ მოტივაციისთვის ბევრის გაკეთება არ მჭირდება. თუმცა დილის 6 საათზე რომ ვიღვიძებ და მზეს ვხედავ, ჩემთვის უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დღე წარმატებული და მოტივირებული იყოს. ძალიან მეხმარება დროებით ქვეყნიდან გასვლაც, ტრაპზე ასვლა-ჩამოსვლაც და ცოტა ხნით გარემოს შეცვლაც კი საკმარისია, რომ ძალები აღვიდგინო.
პიროვნული ღირებულება, რომელიც საქმეშიც გეხმარებათ...
თანასწორობა. ეს არის მოტო, რომელიც სახლშიც, სამსახურშიც და მეგობრებთანაც ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.
მენეჯერის საქმეშიც მთავარიც ეს არის, თუ არსებობს რაიმე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი?
კი მთავარი არის, ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმეს კეთება, მაგრამ გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სამართლიანობის და პოზიტიური ურთიერთობის უნარი. მგონია, რომ დადებითი ენერგია თუ არ გაეცი, არანაირი საქმე არ გამოვა. თუმცა სინამდვილეში ძალიან მკაცრი, უფრო სწორად, მომთხოვნი და დისციპლინური ვარ, რაც ალბათ სპორტულმა ცხოვრებამ განაპირობა. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, იმდენად უშუალო და მხიარული ვარ თანამშრომლების მიმართ, ეს დისციპლინა რომ არა, ალბათ ყველაფერი ჩამოიშლებოდა.
შეცდომა, რომელმაც ყველაზე მეტი გასწავლათ...
მახსოვს, თავიდან, ამერიკაში ყოფნის დროს, უფასო გაკვეთილების ჩატარებაც დავიწყე, ეს ალბათ ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარეობდა - მოვდიოდი საზოგადოებიდან, სადაც ხელფასზე ლაპარაკიც კი სირცხვილი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ კიდევ ცოტახნით მაინც თუ გაგრძელდებოდა ასე, პატივსაცემი მწვრთნელი ვერასდროს გავხდებოდი. რა თქმა უნდა, მას შემდეგ სხვებისთვის არაერთხელ ჩამიტარებია უფასო გაკვეთილები, თუმცა ეს უკვე მაშინ როდესაც თავი დამკვიდრებული მქონდა. იყო კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ახლაც ძალიან ვნანობ. მწვრთნელობის დროს ამერიკაში ვეტერანების ტურნირში ვმონაწილეობდი. ჩვენმა გუნდმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიპოვა გამარჯვება და ფინალში საერთაშორისო ტურნირზე გავიდა, სადაც სამწუხაროდ, დავმარცხდით. თუმცა ამის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი დამიკავშირდა და მათ გუნდში თამაშის სანაცვლოდ, სასურველ ფაკულტეტზე სწავლა შემომთავაზა. მე კი, რადგან ცხრამეტი წლის ვიყავი, თან ვმუშაობდი და თან ღამეებს ბარებშიც ვათენებდი, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და მომავლისთვის გადავდე, რომელიც შემდეგ აღარ დადგა. ეს, მგონი, ყველაზე უპატიებელი შეცდომაა, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში დამიშვია.
დღეს რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
პიროვნულ განვითარებას ცოტა მეტ დრო დავუთმობდი. ვატყობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასაკობრივი კომფორტი თუ სტაბილურობა გაჩნდა, ახლა 38 წლის ვარ და მგონია, რომ კიდევ ათი ან თხუთმეტი წელი მაქვს იმისთვის, რომ ბევრი სხვადასხვა საქმე ვცადო, ამისთვის კი საჭიროა დრო გამოვნახო და ამ კომფორტული, სტაბილური მდგომარეობიდან გამოვიდე.
ვიცი, რომ ამ ყველაფრის პარალელურად DJ-ც ხართ, მუსიკა რა ეტაპზე გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
მუსიკა და ცეკვა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ამერიკაში ხშირად დავდიოდი საცეკვაოდ და ყოველთვის ძალიან მომწონდა ის ადამიანი, რომელიც მუსიკას გიკრავს და გაცეკვებს. ერთ დღეს ვიფიქრე, რატომაც არა, მოდი, მეც ვცდი-მეთქი, ვიქირავე აპარატურა, ჩავრთე იუთუბი და დავიწყე ექსპერიმენტების კეთება. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ შემდეგ 4GB-ზე და ქვეყნის გარეთ რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალზეც დავუკარი, თუმცა ეს მხოლოდ ჰობია, არც ტრენდს მივყვები, არც პროფესიულად ვარ დაინტერესებული, უბრალოდ ვუკრავ იმას, რაც მსიამოვნებს და მაცეკვებს.
პოულობთ რაიმე საერთოს ამ სამ განსხვავებულ საქმიანობაში?
საერთო ალბათ არ აქვს, მაგრამ თითოეულ მათგანში ვპოულობ რაღაცას, რაც საბოლოოდ ჩემში ერთიანდება: მუსიკაში ჰარმონიას, ჩოგბურთში დისციპლინას, მენეჯმენტში კი ურთიერთობებს.
გაქვთ წარმოდგენა მეოთხე რა შეიძლება იყოს?
ეს არსად არ მითქვამს, მაგრამ ყოველთვის ძალიან მინდოდა მსახიობობა. ჩემი მეგობარი, ახლა უკვე მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროს თავის ეტიუდებში მათამაშებდა. კორტების შემდეგ ეს ის ადგილი იყო, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მართლა ძალიან მიყვარს ის ბუნებრივი ემოციები, რომლის მოცემაც მხოლოდ თეატრს შეუძლია, ამიტომ სულ ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ამ სივრცეში ისევ დაბრუნდები.
ზოგადად, რა მოგწონთ ბოლო დროის ქართულ კულტურაში?
სამეფო უბნის თეატრმა რა გარდატეხაც მოახდინა თეატრალურ სივრცეში, მსგავსი ალბათ პაზოლინიმ ქნა თავის დროზე კინოში. ძალიან მომწონს ეს თეატრი, ყოველ ჯერზე მოხიბლული გამოვდივარ და ვცდილობ, ახალი არაფერი გამომრჩეს, თუმცა არის სპექტაკლები, რომლებიც რამდენჯერმეც კი მინახავს.
და ბოლოს, რას ისურვებდით საკუთარ თავისთვის?
დრო იმდენად სწრაფად გადის, რომ ხანდახან შიში მეპარება ერთ ადგილას არ გავჩერდე. იმდენად სწრაფად გავიდა საქართველოში ყოფნის ეს ცხრა წელი, რომ შეიძლება მომდევნო ცხრის გააზრებაც ვერ მოვასწრო. მინდა უფრო გაბედული ვიყო, თუნდაც სხვა, ახალი ქვეყანა ვცადო, ხანდახან ძალიან მშურს იმ ადამიანების, რომლებიც სპონტანურად ზურგზე ჩანთას მოიკიდებენ და მიდიან. მინდა იმის კომფორტი და არამატერიალური ფუფუნება მქონდეს, რომ განსხვავებული ნაბიჯი გადავდგა და ჩემში ახალი ჯინო აღმოვაჩინო. პანდემიამ დამანახა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და რეალურად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყოველი წუთი ჩვენთვის მხოლოდ სიამოვნების მომტანი გახდეს, მინდა ჩემი მთავარი მამოძრავებელი იდეაც სწორედ ის იყოს, რომ ყოველი წუთი საკუთარი ბედნიერებისთვის დავხარჯო.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტოსესიის იდეის ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე
ფოტოგრაფი: ლაშა ბაკურაძე
დიზაინერი: ინგოროყვა
MUA: Make up institute Georgia (ტატა ასაბაშვილი)
დაწერე კომენტარი