1. თავდაპირველად მოდელის ამპლუაში სხვის სამოსს ირგებდით, წარმოიდგენდით ოდესმე, რომ თავად გახდებოდით დიზაინერი? პროფესია დიზაინერი როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
მოდელობის პერიოდში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა დიზაინერი გავმხდარიყავი და შემექმნა სხვა მოდელებისთვის. როდესაც მილანში გადავედი საცხოვრებლად და შვილი გავაჩინე, იმ წელსვე, ძალიან სპონტანურად, შევიტანე საბუთები მოდისა და დიზაინის სკოლაში – მარაგონიში და სწავლის პერიოდში, პირველი სემესტრი რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ ჩემში გარდატეხა ხდებოდა. გარემოც თითქოს შესაფერისი იყო, იმ პერიოდს მოდის კვირეული დაემთხვა, იქაც მომიწია წასვლა და სხვანაირად შევიგრძენი ეს სფერო. მაშინ მომინდა დიზაინერობა, ჩემთვის ვხატავდი ხოლმე სახლში და ბოლოს გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა საცდელი კოლექცია და მომესინჯა ჩემი შესაძლებლობები – როგორც დიზაინერს.
2. ვინ იყო ის ადამიანი, ვისაც თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეჰპარვია, ვინც ირწმუნა თქვენი ნიჭის თუ სიმარჯვის მოდის სფეროში?
მახსენდება ბიჭოლა, რომელიც მილანში იყო ჩამოსული, მაშინ ვმეგობრობდით და მისგან რჩევა მინდოდა მიმეღო. ჩემი იდეები რომ გავუზიარე, მახსოვს, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი მისგან. ასე ვთქვათ, პირველი ადამიანი იყო, ვინც დამარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა დამეწყო ამ სფეროში საქმიანობა.
3. რა შექმენით პირველად, რაზეც თქვით, რომ გამოგივიდათ?
ძალიან მომწონს ჩვენი (Anouki Bichola) პირველი ერთობლივი კოლექცია – კიევის მოდის კვირეულის ფარგლებში, 2010-11 წლის შემოდგომა-ზამთარის ჩვენება, რაზეც ვიგრძენი კოლექციის ხარისხი. მართლა ძლიერი კოლექცია გამოვიდა თავისი კონსტრუქციით, იდეით, არსით და ისტორიით. მაშინ ძალიან მძაფრად გამიჩნდა სურვილი, რომ კიდევ მეტი და მეტი მეკეთებინა.
4. პირველი მაღაზია თბილისში 2013 წელს გახსენით, მომდევნო წელს ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ტანსაცმლის ხაზი – MISS ANOUKI – გამოუშვით, თქვენი სამოსი ცნობილ ონლაინ თუ კონცეპტუალურ მაღაზიებში იყიდება საზღვარგარეთ, აგრეთვე წარადგენთ კოლექციებს მილანის მოდის კვირეულზე, როგორ ხედავთ თქვენს ბრენდს მომავალში, კარიერული ოცნება თუ გაქვთ?
კარიერული ოცნება, რა თქმა უნდა, ყველა დიზაინერს აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ყოველთვის იყო – Net-a-Porter, ნელ-ნელა მივდივართ მისკენ. არ ვიცი როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ANOUKI იქ გაიყიდება და უნდა გაიყიდოს, ძალიან მინდა… ალბათ ბრენდის ყველაზე დიდი წარმატება ის იქნება, როდესაც პარიზის მოდის კვირეულზე გამოვა, არა როგორც შოურუმით ან პრეზენტაციით, არამედ ჩვენებით, სადაც მნიშვნელოვანი სტუმრები იქნებიან.
5. კოლექციებში ხშირად იყენებთ მბზინავ, ბრჭყვიალა ქსოვილებს, გაფორმებებს თვლებით, მაქმანებს, ნათელ პალიტრას, როგორ დაახასიათებდით ბრენდ ANOUKI-ის ხელწერას, რა არის დღეს მოდაში?
ჩემთვის ყოველთვის ქალურობა არის მოდაში. წელზე აქცენტს ან დაშვებულ, 50-ანი წლების სტილის კაბებს მოდა არ ეხება. ვცდილობ, ასე ვთქვათ, რაც აქტუალურია და რაზეც იმ მომენტში კეთდება აქცენტი, ANOUKI-ის ხელწერით მივაწოდო მომხმარებელს.
მბზინავი და ბრჭყვიალა 2013 წლიდან არის ბრენდის დნმ. თავიდან ძალიან ბრჭყვიალა იყო ყველაფერი, მერე უკვე ნელა-ნელა დავმშვიდდი – როგორც პიროვნება, როგორც ქალი და ეს ბრენდსაც ძალიან დაეტყო. ახალი კოლექცია, რომელიც წარმოდგენილი იქნება 5 მაისს, კიდევ უფრო დამშვიდებულია და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან. ანუკის აქვს თავისი ხელწერა და ძალიან მიხარია, როდესაც მხვდებიან თუნდაც ისეთი ადამიანები, რომლებიც მოდით ნაკლებად ინტერესდებიან, თუმცა ხვდებიან, რომ ეს არის ANOUKI-ისი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.
6. ამბობთ, რომ შთაგონებას მოგზაურობისას იღებთ, თუმცა ANOUK-ის კოლექციებში ხშირად ვხვდებით ეროვნულ მოტივებზე დაფუძნებულ დეტალებს, ქართული დამწერლობის ნაქარგებს, ბოლო ჩვენებაზე ლაღიძის წყლებითაც გაუმასპინძლდით მაყურებელს. რა დატვირთვა აქვს ეროვნულ ელემენტებს თქვენს დიზაინში.
საგანგებოდ არ ვფიქრობ, რომ რაიმე ქართული მოტივებით შევქმნა. ბუნებრივად ჩნდება ამის სურვილი და შემოქმედების პროცესში გამოიხატება, თითქოს გენეტიკური მეხსიერებაა.
ქართული ანბანის თემა, რაც კოლექციებში გამოჩნდა, ვაჟა-ფშაველას ხელწერით იყო გაკეთებული. მისი კალიგრაფია ავიღეთ და ყვავილების სახელები დავაწერეთ, რომლებიც არც ისეთი ცნობილია, მაგალითად, ბაია და სხვა. ბოლო კოლექცია, სადაც სტუმრებს ლაღიძის წყლებით გავუმასპინძლდით, ძველ თბილისს მივუძღვენი. 50-ანი წლების თბილისში ქალბატონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოდა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ იმის საშუალება, განსხვავებული ტანსაცმელი შეეძინათ, მაინც ახერხებდნენ ფორმაში ყოფნას და თან ყველას ფერადი ეცვა.
7. ხშირად ატარებთ აქსესუარებს და თავადაც ქმნით მათ. ახალ კოლექციაში კრისტალებისგან შექმნილი გრძელი მონო საყურეები ვიხილეთ, აგრეთვე გამოუშვით თმის სამაგრები, გეგმავთ ამ მიმართულებით განვითარებას? რომელია თქვენი საყვარელი ბაფთა?
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში თმის აქსესუარების ბუმია. რაღაც პერიოდი მოდაში იყო სათვალე, საყურე, ახლა თმის მოვლის თემა არის ძალიან აქტუალური. ისედაც მიყვარს აქსესუარები და ყოველთვის მიკეთია სხვადასხვანაირი. ვფიქრობ, რომ ქალისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ამ მიმართულებით განვითარებას ვაპირებ, რადგან ბაიერებისგანაც დადებითი გამოხმაურება მივიღე.
ჩემი საყვარელია ტყავის ბაფთა, რომელსაც გარშემო წვრილად აქვს დაყოლებული სვაროვსკისთვლებიანი კანტი.
8. გამოირჩევით ჩაცმის სტილით, გიყვართ ექსპერიმენტები, ANOUKI-ის კოლექციების შექმნისას რამდენად თამამი და რისკიანი ხართ?
საკუთარ თავზე უფრო მეტად შემიძლია გავრისკო, მხოლოდ და მხოლოდ მოდის კვირეულის ფარგლებში, რადგან გარემო იმის საშუალებას გაძლევს, რომ შენს ფანტაზიებს მისცე გასაქანი, ფოტოგრაფებსაც ძალიან უყვართ და სიტუაციასაც ძალიან უხდება ექსპერიმენტები. კოლექციის შექმნისას ნაკლებად ვაძლევ ჩემს თავს ამის უფლებას, დიდ ყურადღებას ვუთმობ მომხმარებელს, მინდა მაქსიმალურად კომპორტულად იგრძნოს თავი და კარგად შეიმოსოს.
უკვე ვიცი როგორია ANOUKI-ის ქალი და ისიც, თუ რა უნდა მივაწოდო მას. აქედან გამომდინარე, ექსპერიმენტებს მხოლოდ საკუთარ თავზე ვატარებ.
9. რა უნდა ჰქონდეს ANOUKI-ისგან ყველა ქალს გარდერობში?
აუცილებლად უნდა ჰქონდეს ANOUKI-ის ფეხსაცმელი, “აბადოკი” – რომელიც ძალიან პოპულარული იყო ოთხი წლის წინ და ალბათ ახლა უკვე ბაფთაც.
10. საკუთარი თავის მრჩეველი თქვენ ხართ?
ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. ალბათ რჩევაში ისიც იგულისხმება, როდესაც საკუთარ მინუსებზე შეგიძლია ხმამაღლა ისაუბრო და ეცადო მათ გამოსწორებას. როდესაც გამოუვალი სიტუაციაა, მაშინაც ვაძლევ რჩევებს საკუთარ თავს და ვცდილობ სტრატეგია შევიმუშაო სიტუაციიდან გამოსასვლელად. კი, ვარ საკუთარი თავის მრჩეველი… მიყვარს საკუთარი თავის ფლობა, ძალიან მაგარია, როდესაც შენს თავს აკონტროლებ ნებისმიერ სიტუაციაში, არ მოქმედებს არანაირი გარემოება და დგახარ მყარად.
11. შეიძლება ითქვას, რომ დღეს თქვენი მუზა ნატალია ვოდიონოვაა?
დიდი ხანია მის საქველმოქმედო საქმიანობას ვადევნებ თვალს. მასაც ბევრი შვილები ჰყავს, თუ არ ვცდები, ხუთი და მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიურია, ყოველთვის კარგ ფორმაშია და ბევრ ადამიანს უჭერს მხარს. ფინანსურად უზრუნველყოფილია, თუმცა მის ადგილას სხვას შეიძლება სხვანაირად გამოეყენებინა ეს მდგომარეობა. ნატალია, როგორც ჩანს, თავმდაბალია და ეს ნამდვილად მისაბაძია.
12. ცოტა ხნის წინ საკუთარი ფონდი დააარსეთ, გვესაუბრეთ ამის შესახებ.
ფონდის იდეა ძალიან დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ ადამიანი სულიერად და გონებრივად უნდა იყოს მზად, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს და ბოლომდე მიჰყვეს. ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, საჭიროა დიდი ფინანსები და ბევრი კეთილი ადამიანის გვერდში დგომა.
ძირითადი მიმართულება, რაც ფონდის საქმიანობას ეხება, ეს ბავშვების დახმარებაა, რომელთა განვითარებასაც საფრთხე ექმნება უსახსრობის გამო. ასევე ჩემი მიზანია ობოლი, მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება. ვცდილობ, ფინანსური რესურსები მოვიძიო იმისთვის, რომ ამ ბავშვებს მომავალი შევუქმნათ, შევასწავლოთ მეორადი პროფესიები, მივცეთ განათლება, რომ შეძლონ საკუთარი თავის შენახვა, გამოადგნენ ქვეყანასაც და დამოუკიდებლად განვითარება შეძლონ.
13. ხშირად ვხვდები ვაკანსიებს ANOUKI-ისგან, რა თვისებები უნდა ჰქონდეს თქვენი გუნდის წევრს, რას ეძებთ ახალ თანამშრომელში?
პირველ რიგში, უნდა იყოს ძალიან კომუნიკაბელური. შეიძლება არ იცოდეს ბევრი რამ, მაგრამ კარგი უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს და ადვილად აითვისოს ყველაფერი. აუცილებლად უნდა უყვარდეს მოდა, ვერ იმუშავებ იქ, სადაც ხარ, თუ არ გიყვარს ის სფერო და გარემო.
14. როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენს ცხოვრებაში?
ჩემთვის ჩვეულებრივი დღე არ არსებობს. მეოთხე ბავშვის დედა გავხდი და ჩემთვის ამ ასაკში სხვანაირად გაფერადდა ყველაფერი. უფროსები უკვე დიდები არიან და მათთან სხვანაირი ურთიერთობა მაქვს, პატარასთან კი განსაკუთრებული – მეც და ჩვენი ოჯახის ყველა წევრს.
ჩემი დილა 8 საათზე იწყება, ბავშვებს ვაცილებ სკოლაში, მერე პატარას ვაჭმევ, ვუტოვებ დამხმარე ქალს, მოვდივარ სამსახურში, სადღაც 4 საათამდე ვმუშაობ ძალიან აქტიურად. მომხმარებლებს ვხვდები, შეკვეთებს ვიღებ, ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, მერე ვვარჯიშობ, შემდეგ ბავშვები გამომყავს სკოლიდან. სანამ გამოვიყვანდე, ბაზარში მივდივარ და ხილს და სახლისთვის საჭირო რაღაცებს ვყიდულობ, მერე ბავშვებთან ერთად ვბრუნდები სახლში. გვაქვს ძალიან მხიარული ოჯახი, ცოტა საგიჟეთიც, იმიტომ რომ ყველა ოთახიდან ბავშვი გამოდის (იცინის), წივილ-კივილია, მაგრამ ესეც ძალიან მომწონს. ჩემთვის ჩვეულებრივი დღე არ არსებობს…
15. თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ? ვიცი, რომ ფოტოებს იღებთ…
ფოტოების გადაღება მიყვარს ძალიან, ფოტოების და ვიდეოებისაც. ვფიქრობ, ბოლოს ფოტოები გრჩება ადამიანს. ძალიან მიყვარს დაბეჭდილი სურათები, დღეს აღარ არის მოდაში, მაგრამ მიყვარს ალბომების გაკეთება ქრონოლოგიურად. თავისუფალ დროს ძირითადად ბავშვებთან ერთად ვატარებ და თუ მაქვს იმის საშუალება, რომ მარტო ვიყო, ვიძინებ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ძილი მაკლია.
16. მილანში რომ მივემგზავრებოდე, რის მონახულებას, ან სად გართობას მირჩევდით?
მილანში რომ ჩახვალთ, აუცილებლად უნდა ნახოთ დუომო და ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა”. უნდა გასინჯოთ მილანის ნაყინი, პიცა და ძალიან ბევრი უნდა იაროთ ფეხით. ყველა კუთხეში რაღაცას აღმოაჩენთ. ფეხით როცა ვსეირნობ, მე ყოველთვის მაღლა ვიყურები, მეტი ნაფიქრია ზედა სართულებზე და სულ ბოლოშიც. მიყვარს შენობების თვალიერება და ღამე სეირნობის დროს ბინების თვალიერება, თუ შუქი უნთიათ.
17. დღეს თქვენთვის რა არის Cool?
ჩემთვის cool არის ძლიერი ქალი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. სახლში კაციც თვითონ არის, ქალიც, დედაც, მამაც, ყველაფერი გამოსდის, თავის თავსაც უვლის და სხვებსაც აძლევს იმის მოტივაციას, რომ ყოველთვის ფორმაში იყოს და არასოდეს მოდუნდეს. როცა ცუდად ხარ, მაშინ კიდევ უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდე. როცა ყოველთვის ყველასთვის გაქვს დრო, ეს არის მართლა cool!
18. ამბობენ – less is more, „ნაკლები მეტია“, თქვენ რას იტყოდით?
ალბათ ჩემი პასუხიც იგივე იქნება, გარკვეულწილად ვეთანხმები – არაფერი შეიძლება იყოს ყველაფერი, გააჩნია შენ “არაფერს” როგორ მიაწოდებ გარშემო მყოფ ადამიანებს.
19. დიზაინერები, რომელთა ჩვენებასაც მუდამ თვალს ადევნებთ…
ქართველებიდან დავასახელებ: ლადო ბოკუჩავას, ალექსანდრე ახალკაციშვილს, გიორგი ქებურიას… უცხოელებიდან – JW Anderson-ს, Off White-ს. უფრო ახალგაზრდა ბრენდების მოყვარული ვარ, რომლებიც არ არიან ძალიან ცნობილები, მაგრამ საინტერესო რაღაცებს ქმნიან. სხვათა შორის, წამოვიდა ეს ტენდენცია, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ვიხმარო. მოდაშია ახალგაზრდა, შედარებით უცნობი დიზაინერების ნამუშევრები, ვიდრე Luxury ბრენდებისა.
20. როგორ შეიცვალა მოდის სფერო ციფრულ სამყაროში?
21-ე საუკუნემ იმის საშუალება მოგვცა, რომ ვიღაცას არ დაელოდო, რომ ქუჩაში აღმოგაჩინოს. შეიძლება კინორეჟისორმა, დიზაინერმა, მხატვარმა თუ ფოტოგრაფმა ინსტაგრამით გიპოვოს და ასე გახდე ცნობილი თუ წარმატებული. თუ იცი, როგორ წარმართო სწორად შენი გვერდი, ეს შესაძლებელია. ძალიან სწრაფად ვითარდება მოდა, დღეს რაც არის მოდაში, შეიძლება ერთ კვირაში აღარ იყოს აქტუალური.
21. რამდენად საშიშია ეს ტენდენცია?
ამიტომ არ მიყვარს ტენდენციების აყოლა, ყველა ერთნაირად რომ არის ჩაცმული. რაღაცები, რაც უკვდავია მოდაში, იმაზე უნდა გააკეთო აქცენტი და შეიტანო ცოტა აჩქარებული დეტალები. სულ რომ ბოლო ტენდენციების მიხედვით არიან შემოსილები, არ მიყვარს. მაგალითად, მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ და ძალიან უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ Zara მაცვია ან რაიმე რომელიმე დიზაინერის ძველი კოლექციიდან. ისინი ძველს ყრიან და ეს სულ მიკვირდა – ადამიანებს აფასებენ ტრენდებით, ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში შენს ინდივიდუალიზმს კარგავ, მაშინ როცა ადამიანებს მთელი ცხოვრება ერთი სტილის სამოსი აცვიათ, მაგრამ ძალიან გემოვნებიანები არიან.
22. თქვენ მალევე გაიარეთ ადაპტაცია ამ სფეროში და რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა დიზაინერებს, რომლებსაც საკუთარი ბრენდის დაარსება სურთ?
შორიდან ასე ჩანს, რომ მალე გავიარე ადაპტაცია, მაგრამ ეს დიდი შრომის ფასად მოხდა. მოდა გარედან ძალიან ლამაზი და ბრჭყვიალა ჩანს, თითქოს დიზაინერებს არაფერი ადარდებთ. მოდას უდიდესი ხარჯი აქვს, ძალიან ბევრი თანხა სჭირდება, და შეიძლება დიდხანს ვერ დაინახო შედეგი, და ამისთვისაც მზად უნდა იყო. თუ უნდათ, რომ ბრენდი განავითარონ, დიდი შრომა უნდა ჩადონ, თუ თავიდანვე მოგებაზე მუშაობენ, მაშინ მალევე დაიკარგებიან.
იდეა თუ აქვთ, უნდა ეცადონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ და სწორად მიაწოდონ მომხმარებელს.
ბევრი ქართველი დიზაინერია, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის მათ შესახებ. დღევანდელ დღეს ინსტაგრამის მართვაც უნდა იცოდე და აქტიური უნდა იყო სოციალურ მედიაში. თუ ადამიანებთან ყოველდღიური კომუნიკაცია არ გაქვს, იკარგები. ერთი მხრივ, ეს შეიძლება არ არის კარგი, მაგრამ ასეთი დრო მოვიდა, ჰიპერაქტიური პერიოდია და მხოლოდ ერთ სფეროში არ უნდა ვიყოთ წარმატებულები, ბევრი მიმართულებით უნდა გამოვცადოთ თავი.
23. რას გამოარჩევდით თქვენი ახალი კოლექციიდან, რომელსაც სულ მალე “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილავთ, რას დავაკვირდეთ ახლოდან?
ახლოდან არა, უფრო შორიდან დააკვირდით. შორიდან იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ANOUKI არის სრულიად ახალი ქალი. ძალიან შემცვალა ბავშვმა, ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა როგორც აზროვნებაში, ასევე გემოვნების კუთხითაც. ვფიქრობ, მეტად დავმშვიდდი, დავბრძენდი და ANOUKI-ის 5 მაისს უნდა შეხედოთ უფრო შორიდან, რომ გამოჩნდეს, როგორ შეიცვალა.
ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი
ფოტო: ლევან მაისურაძე
ასისტენტები: ირინა მასხულია, გვანცა ჯგუშია
დაწერე კომენტარი